საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4133-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.016160
  • Word
4133-რს
17/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
470000000.05.001.016160
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას;“;

ბ) „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

2) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა – გვამის გაკვეთა სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის ან/და დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით;“;

დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ქ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;;

ე) „ჩ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ1) სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;“;

ვ) „ც1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალიექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტები, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;“;

ზ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ტვინის სიკვდილითავის ტვინისა და ზურგის ტვინის ზედა სეგმენტების ფუნქციების სრული და შეუქცევადი შეწყვეტა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სპეციალური საშუალებებით შენარჩუნების ფონზე;“.

2. მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ექიმთა სერტიფიცირების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემისათვის;“.

3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია:

ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა;

ბ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცება;

დ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი, ფარმაციისა და ფარმწარმოების მოწესრიგება;

ე) ახალი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;

ვ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის ხელის შეწყობა;

თ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ი) სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი;

ლ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა სათანადო ინსტიტუციური მოწყობისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით.“.

4. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.“.

5. 29-ე და 30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29

1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც განათლება ან დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება საზღვარგარეთ მიიღო, საქართველოში საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების ან/და დამოუკიდებელი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ.

2. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 30

1. სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის შემდეგი ნორმებით:

ა) იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად;

ბ) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ;

გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით;

დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებს.

2. სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებული არიან დაიცვან ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:

ა) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედონ ანგარებით, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ;

ბ) არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან/და ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებენ პაციენტებს და ამით რაიმე მატერიალურ სარგებელს ნახავენ;

გ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ფარმაცევტული პროდუქტის განმასხვავებელი ნიშნის მქონე სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმების გამოყენება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აკრძალულია პირმა, თავისი თანამდებობრივი ან სხვაგვარი უპირატესობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.“.

6. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 43

1. ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან:

ა) დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში;

ბ) არასამუშაო ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახონ და დანიშნულებისამებრ გადასცენ ინფორმაცია გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ.

2. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

7. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 49

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს უფლება აქვს, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ პროფესიულ შეკრებაში ან სხვა სახის ღონისძიებაში, მისი ჩატარების ადგილისა და დაფინანსების წყაროს მიუხედავად.“.

8. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი“.

10. 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

11. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 74

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის, ენდემური დაავადებების, ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს.“.

12. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 77

განსაკუთრებით საშიში პათოგენების ექსპორტ-იმპორტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

13. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 92

სამედიცინო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისი იქნება.“.

14. 102-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა“.

16. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 103

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის ან სიკვდილისათვის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

17. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116

ცოცხალი დონორის ორგანოს გამოყენება სხვა ადამიანის სამკურნალოდ ან/და გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არის:

ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;

ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;

გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.“.

 18. 117-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაადასტურებს სათანადო სერტიფიკატის მქონე ორი ექიმი;“;

19. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 127

სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადებას, დამუშავებასა და შენახვას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება.“.

20. 139-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:

ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;

ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი ქალის პრეროგატივაა.“.

21. 145-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მხოლოდ სათანადო ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ;“.

22. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 153

პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთას ახორციელებს სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ფლობს სათანადო საქმიანობის ლიცენზიას. გაკვეთა აუცილებელია, თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევაში პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა ხორციელდება რელიგიური ან სხვა მოტივების, აგრეთვე გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით, ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.“.

23. 1532 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება შეუძლია მხოლოდ სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებაში.“.

 მუხლი 2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ეთიკური პრინციპები და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:

ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს;

ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს;

გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს;

დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას –თავისუფალი და დამოუკიდებელი;

ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეთიკური და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“.

2. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით.“.

 მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4410 მუხლი:

     „მუხლი 4410. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა

1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“.

 მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4133-რს

 

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.