დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5840-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 470010000.05.001.016625 |
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 100. უმცროსი ექიმის მიერ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ
1. უმცროს ექიმს 2015 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:
ა) მას ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა;
ბ) იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. უმცროსი ექიმის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
3. უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესს შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები), სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის მოპოვების შემდეგ, ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას ამ პირის მიერ 2005 წლის 1 სექტემბრამდე შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა ჩაითვალოს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელ ნაწილად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 13 მარტი.
№5840-Iს
დოკუმენტის კომენტარები