დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5868 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 25/03/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.003.143 |
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. XIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სოციალური და სამართლებრივი უფლებები“.
2. 93-ე და 94-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 93. ადეკვატური სამუშაო პირობები და ანაზღაურება
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნა.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურებით უზრუნველყოფა.
მუხლი 94. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სამართლებრივი დაცვა
1. საექიმო საქმიანობის განხორციელებისას ექიმისათვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებულ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი.
2. ექიმს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
3. ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5868–Iს
დოკუმენტის კომენტარები