წიაღის შესახებ

  • Word
წიაღის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 16, 17/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 380.000.000.05.001.000.140
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
242
17/05/1996
პარლამენტის უწყებანი, 16, 17/05/1996
380.000.000.05.001.000.140
წიაღის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/11/2009 - 07/12/2010)

საქართველოს კანონი

წიაღის შესახებ

1. საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

2. წიაღი არის დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც გაშიშვლებულია მიწის ზედაპირზე ან მდებარეობს ნიადაგის ფენებსა და წყალსატევში, აგრეთვე ნიადაგის ფენისა და წყალსატევის ფსკერის ქვეშ და ხელმისაწვდომია შესწავლისა და ათვისებისათვის.

3. წიაღისეული არის წიაღში არსებული ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმონაქმნები ან/და მათი ერთობლიობა.

4. წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ -ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე, ეკონომიკურად მიზანშეწონილია და ეკოლოგიურად მისაღებია, წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, რომელშიც მისი დანიშნულებისა და გამოყენების სფეროების მიხედვით გამოიყოფა სათბობ-ენერგეტიკული, მადნეულის (შავი და ფერადი ლითონების მადნები), სამშენებლო მასალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, მიწისქვეშა წყლებისა და არასაწვავი აირების და სხვა არამადნეული წიაღისეულის სახეობანი. მადნეულ სასარგებლო წიაღისეულში შეიძლება გამოიყოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეული. ასეთ შემთხვევაში მადნეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობა განისაზღვრება მასში არსებული ძირითადი სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით. ძირითადი სასარგებლო წიაღისეული წარმოადგენს მადნეულ წიაღისეულში არსებულ იმ ძირითად სასარგებლო კომპონენტს, რომლის მოპოვების მიზნითაც ხდება საბადოს დამუშავება. მადანში არსებული ის კომპონენტები, რომელთა მოპოვება და გამოყენება ხდება ძირითად სასარგებლო წიაღისეულთან ერთად, წარმოადგენს თანმდევ სასარგებლო წიაღისეულს. ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეული განისაზღვრება ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.

5. სასარგებლო წიაღისეულის საბადო არის წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად ან ტექნოგენურად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული.

ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს წიაღისა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენება ბუნებრივი კანონზომიერებისა და გარემოს პოტენციური შესაძლებლობების, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.

6. ბუნებრივი საბადო არის წიაღის უბანი მასში ბუნებრივად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეულით, რომლის დამუშავებაც ხელსაყრელია მისი მარაგების, სამთო-ტექნიკური პირობების, ოდენობის, ხარისხისა და სხვა პარამეტრების გამო.

7. ტექნოგენური საბადო არის სანაყაროთი, ტერიკონით, სალექარით, კუდსაცავით, სპეციალური საწყობებით, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევებით ან სხვა აკუმულაციური ფორმებით შექმნილი წიაღის უბანი, სადაც დაგროვილია სამთომომპოვებელი ან/და მეტალურგიული საწარმოების შედეგად წარმოქმნილი ტექნოლოგიური ან სხვა სახის, მათ შორის, ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსაცავებში დალექილი ნარჩენები, აგრეთვე წყალსაცავებში აკუმულირებული ჩამონატანი, სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას დანაკარგის სახით დარჩენილი მინერალური რესურსები, რომელთა ოდენობა, შემადგენლობა, თვისებები და სხვა პარამეტრები ხელსაყრელია მათი უშუალოდ მოპოვების ან/და გადამუშავების შემდეგ გამოყენებისათვის.

8. წიაღის უბანი არის წიაღის გეომეტრიზებული, სივრცობრივად როგორც მის სიღრმეში, ასევე ზედაპირზე, მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსაზღვრული ბლოკი, რომელიც მასში არსებული ბუნებრივი და ტექნოგენური წარმონაქმნებით სამთო ურთიერთობებში წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების ობიექტს.

9. საბადოს დამუშავება არის სამთომოპოვებით და მასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ერთობლიობა, რომლითაც ხორციელდება სასარგებლო წიაღისეულის წიაღიდან ამოღების ტექნოლოგიური ციკლი.

10. წიაღის მოპოვება არის უშუალოდ ლიცენზიის მფლობელის ან დაქირავებული სუბიექტის მიერ ლიცენზიის მფლობელის სახსრებით განხორციელებული საბადოს დამუშავების შედეგად წიაღისეულის გარკვეული ოდენობის მოხმარება, მისი პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის მიზნით, საბადოს დამუშავების ხარჯების გაღებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წიაღით სარგებლობის გადასახადის გადახდით.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა წიაღის შესახებ

1. საქართველოს კანონმდებლობა წიაღის შესახებ მოიცავს ამ კანონს და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც არეგულირებენ წიაღის, ნებისმიერი სახის სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების შესწავლასა და გამოყენებას, მომპოვებელ და გადამამუშავებელ წარმოებათა ნარჩენების (მათ შორის გადასახსნელი ქანების) გამოყენების, შენახვისა და დაცვის, აგრეთვე, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს.

2. საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ.“, ხოლო მე-2-3 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3-4 პუნქტებად.

3. წიაღით სარგებლობის დროს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლის და ცხოველთა სამყაროს გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ხოლო მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის, ტყით და სხვა მცენარეული საფარით დაფარული ფართობების წიაღით სარგებლობისათვის გამოყენების საკითხებს, არეგულირებს ეს კანონი და საქართველოს ტყის კოდექსი. წიაღით სარგებლობის პროცესში ტყისა და სხვა მცენარეული საფარის რესურსის გამოყენების პირობები დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 2. საქართველოს წიაღის სტატუსი

1. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას.

2. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს.

3. საქართველოში წიაღით სარგებლობა ფასიანია.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 3. წიაღის სახელმწიფო ფონდი

1. წიაღის სახელმწიფო ფონდს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფსა, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი, მიუხედავად იმისა, ხდებოდა, ხდება, თუ მოხდება წიაღით სარგებლობა.

2. წიაღის სახელმწიფო ფონდის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 4. წიაღისეულის ჯგუფები

ეკონომიკური მნიშვნელობისა და კონიუნქტურის გათვალისწინებით წიაღისეული იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად. სახელმწიფო მნიშვნელობის წიაღისეულის ჯგუფში ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება გამოიყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღისეული და წიაღით სარგებლობის ობიექტები (საბადოები), რომელთა დამუშავებას სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და პირდაპირ უკავშირდება გარკვეული სოციალური ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას და განვითარებას. სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის ჯგუფების, აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღისეულისა და წიაღით სარგებლობის ობიექტების (საბადოების) ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარდგინებით.

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 5. წიაღით სარგებლობის ობიექტების პირველაღმომჩენის წოდება

1. პირს, რომელიც აღმოაჩენს სამრეწველო მნიშვნელობის მქონე სასარგებლო წიაღისეულის უცნობ საბადოს, აგრეთვე, წიაღის ისეთ უბნებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით, მიენიჭება პირველაღმომჩენის წოდება.

2. პირველაღმომჩენად მიჩნეული პირის საავტორო უფლებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პირველაღმომჩენის წოდების მინიჭების წესსა და წახალისების ფორმას ადგენს საქართველოს პრეზიდენტი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი მეორე

წიაღით სარგებლობა

    მუხლი 6. წიაღით სარგებლობა

1. წიაღით სარგებლობა მოიცავს:

ა) წიაღის შესწავლას;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;

1) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას;

გ) სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას;

დ) მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის, წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან;

ე) გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებას.

2. წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა.

3. ლიცენზიას არ საჭიროებს რეგიონალური გეოლოგიური და გეოფიზიკური, გეოლოგიური აგეგმვის, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც გამიზნულია წიაღის საერთო შესწავლის, მიწისძვრის პროგნოზირებისა და ვულკანური პროცესების კვლევის, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის შექმნისა და გაძღოლის, მიწისქვეშა წყლების რეჟიმის კონტროლის, აგრეთვე, ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც არ იწვევს წიაღის მთლიანობის არსებით დარღვევას.

ასეთი სახის წიაღით სარგებლობა, ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო რეგისტრაციას.

4. ლიცენზია საჭირო არ არის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოსარგებლის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის მოპოვებისათვის, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

    მუხლი 7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნი

1. წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით.

2. სამთო მინაკუთვნი არის წიაღით სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი წარმოადგენს ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და ავტომატურად გაიცემა ლიცენზიასთან ერთად.

3. გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს.

4. წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის უფლებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებასთან, აგრეთვე წიაღის იმ ობიექტების შექმნის უფლებას, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით.

5. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ. მისი საზღვრები შეიცვლება ახალი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის გამოყოფის საფუძველზე.

6. სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლუატაციო სამთო გვირაბები, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში). თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედა­პირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედა­პირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.

7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

    მუხლი 8. მიწის მინაკუთვნი

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. მიწის მინაკუთვნს აწესებს და მის ზომებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთოტექნიკური პირობების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით. სამინისტროს მიერ დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. მიწის მართვის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიწის მინაკუთვნის წიაღის სახელმწიფო ფონდში შეტანა და მისი საჯარო რეესტრში აღრიცხვა (რეგისტრაცია) ხორციელდება სამინისტროს მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად წიაღის ფონდის მიწებზე დასაშვებია დროებითი განაშენიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. ასეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, სასოფლო-სამეურნეო მიზნით შესაძლებელია მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა ერთ წლამდე ვადით ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა სამინისტროსთან, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. მიწის მინაკუთვნის განკარგვა და გამოყენება ხორციელდება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებისა და წესების შესაბამისად.

2. მიწის მინაკუთვნის ზომებსა და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთოტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო.

3. ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის არსებობის ან აღმოჩენის შემთხვევაში, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას პრეტენდენტებს შორის თანაბარი პირობების არსებობისას მიწის მესაკუთრე სარგებლობს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების უპირატესი უფლებით.

4. (ამოღებულია).

5. წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან სხვა მიზეზით წიაღით სარგებლობის შეწყვეტისას, თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მიწის მინაკუთვნის გაუქმებისა და მიწის მესაკუთრისათვის რეკულტივირებული სახით დაბრუნების შესახებ. სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

    მუხლი 9. წიაღით სარგებლობის ლიცენზირება

1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია არის ამ ლიცენზიით განსაზღვრული სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნების ფარგლებში წიაღით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი. ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს ამ ლიცენზიით გაცემულ სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე წიაღით მოსარგებლის უფლებების გაუქმებას.

2. წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა პირადად წიაღით მოსარგებლეზე, რომელსაც ეკრძალება ლიცენზიის გასხვისება. ლიცენზიის გადაფორმება უფლებამონაცვლე პირზე ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის არსებობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ლიცენზიის ახალ მფლობელს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ენიჭება სრული უფლებები და ეკისრება ვალდებულებები წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც განისაზღვრა ამ ლიცენზიით.

3. წიაღის გამოყენების სახეების შესაბამისად ლიცენზია გაიცემა:

ა) წიაღის შესასწავლად;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დასამუშავებლად;

გ) სასარგებლო წიაღისეულის ბუნებრივი ან/და ტექნოგენური საბადოს დასამუშავებლად, ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოების წინასწარი ან ერთდროული შესწავლით;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად;

ე) სამთომომპოვებელი და მასთან დაკავშირებული მრეწველობის ნარჩენების გადასამუშავებლად და გამოსაყენებლად;

ვ) ბუნებრივი სიცარიელეების, იმ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან და წიაღის იმ ობიექტების შექმნასთან, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.

4. წიაღის შესწავლის ლიცენზია უფლებას იძლევა შეისწავლონ წიაღი შესაბამისი გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებში მხოლოდ მასში მითითებული მიმართულებით და მის მფლობელს ანიჭებს თანაბარ პირობებში წიაღით შემდგომი სარგებლობისათვის ლიცენზიის მიღების პრიორიტეტულ უფლებას.

5. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების ლიცენზია გამოყოფილი სამთო მინა­კუთვნის ფარგლებში იძლევა განსაზღვრული საბადოს დამუშავებისა და წიაღის დამატებითი შესწავლის უფლებას.

6. სამთომომპოვებელი საწარმოებისა და მასთან დაკავშირებულ საწარმოთა ნარჩენების გამოყენების ლიცენზია იძლევა ამ ნარჩენების გამოყენების უფლებას. სამთო­მომპოვებელ და მასთან დაკავშირებულ სხვა გადამამუშავებელ საწარმოთა ნარჩენებით სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს წიაღით სარგებლობის ცალკე ლიცენზიით.

7. წიაღით იმ მიზნით სარგებლობის ლიცენზია, რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან (ნავთობისა და გაზის მიწისქვეშა შენახვის, მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვის, დაბინძურებული წყლების ჩადინების, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და სხვა საჭიროებისათვის), იძლევა წიაღის უბნებით სარგებლობის უფლებას ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის ფარგლებში.

წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა მავნე ნივთიერებათა და წარმოების ნარჩენების ჩასამარხად, აგრეთვე ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად, დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური მოთხოვნებისა და პირობების დაცვით.

8. ნებადართულია ერთდროულად წიაღით სხვადასხვა სახის სარგებლობის კომპლექსური ლიცენზიის (შესწავლა, დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, სამთამადნო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება და ა. შ.) გაცემა.

9. ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, აგრეთვე ბუნებრივი სიცარიელეებისა და იმ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც დაკავშირებული არ არის მოპოვებასთან, გაიცემა მხოლოდ წიაღის იმ უბნებზე, რომელთა შესახებაც გეოლოგიურმა ინფორმაციამ გაიარა წიაღის შესახებ სახელმწიფო ექსპერტიზა, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-6 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევისა.

10. წიაღის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მიღებისას მცირე მასშტაბის (ფართობი ტოპოგრაფიულ რუკაზე 10 ჰა-მდე, წიაღისეულის მოცულობით 1 მლნ მ3-მდე ან  500 000 ტ-მდე, მიწისქვეშა წყლები დღე-ღამეში 20 მ3-მდე, აირები დღე-ღამეში 2 ტ-მდე) და მარტივ სამთო-ტექნიკურ პირობებში წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს ლიცენზიის შესაბამისად განახორციელოს წიაღისეულის მოპოვება წიაღის წინასწარი შესწავლისა და ინფორმაციის სახელმწიფო ექსპერტიზაზე გატარების გარეშე, მოპოვებითი სამუშაოების განვითარების გეგმის შესაბამისად წიაღის შესწავლის, სამარკშეიდერო-გეოლოგიური დოკუმენტაციისა და სათანადო ინფორმაციის სამინისტროში ყოველწლიურად წარდგენის პირობით. სხვა შემთხვევებში წიაღის წინასწარი გეოლოგიური შესწავლისა და შესაბამისი ინფორმაციის სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება ლიცენზიით.

11. სასარგებლო წიაღისეულის ერთი საბადო წიაღით რამდენიმე მოსარგებლემ უნდა დაამუშაოს შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემით, რომელიც გამორიცხავს მის არარაციონალურ გამოყენებას.

ასეთ შემთხვევაში წიაღით მოსარგებლეთა კოორდინაცია მათი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთ საწარმოს. აღნიშნული პირობები ფიქსირდება ლიცენზიაში.

12. ერთი და იგივე გეოლოგიური მინაკუთვნის საზღვრებში შეიძლება ჩატარდეს წიაღის შესწავლის სამუშაოები შესწავლის სხვადასხვა მიმართულების ლიცენზიებით გეოლოგიური მინაკუთვნის მფლობელთან შეთანხმებით. გეოლოგიურ მინაკუთვნში არ ჩაირთვება მის გაცემამდე დაძიებული საბადოები და მათი დამუშავებისათვის ცალკე ლიცენზიით გაიცემა სამთო მინაკუთვნები შესაბამისი უფლებებით სხვადასხვა ლიცენზიით.

13. სამთო მინაკუთვნის ფარგლებში წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა სხვა პირებმა შეიძლება განახორციელონ მხოლოდ ლიცენზიის მფლობელის თანხმობით მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

14. წიაღით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს წიაღით სარგებლობის პირობებსა და ფორმას, მათ შორის კონცესიის პირობებს. იგი შეიძლება შეივსოს სხვა პირობებითაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ამ კანონს.

15. ლიცენზია ძალაში შედის მისი სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან.

16. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია იძლევა საბადოს დამუშავების შედეგად წიაღიდან ამოღებული განსაზღვრული ოდენობის წიაღისეულის პირდაპირი ან გადამუშავების შემდეგ რეალიზაციის უფლებას. ასეთი ლიცენზიებით სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნები არ განისაზღვრება და ლიცენზიასთან ერთად არ გაიცემა.

17. აკრძალულია მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება ან მათ მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ზღვის სანაპირო დაცვის ზოლის საზღვრებში და იმ შემთხვევაში, როდესაც ინერტული მასალის მოპოვება დაარღვევს მდინარის კალაპოტისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების (კაშხალი, ხიდი, საყრდენი კედელი და ა.შ.) მდგრადობას, აგრეთვე კაშხლებიდან იმ მონაკვეთამდე, სადაც მდინარეს არ გააჩნია სათანადო რაოდენობის მყარი ნატანით მკვებავი დამატებითი შენაკადი. აკრძალულია აგრეთვე წიაღით სარგებლობა ამ მონაკვეთების მიმდებარე ჭალისზედა ტერასებზე მდინარის კალაპოტიდან 50 მეტრის ფარგლებში. მდინარის სხვა მონაკვეთებზე და მდინარეზე მოწყობილი წყალსაცავებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება არ იკრძალება.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

    მუხლი 10. წიაღით სარგებლობის ვადები

1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია ვადიანია, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა.

2. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადები წიაღით სარგებლობის სახეების მიხედვით განისაზღვრება:

ა) ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულისათვის – 45 წლამდე;

ბ) შავი და ფერადი ლითონების მადნებისათვის – 40 წლამდე;

გ) სამშენებლო მასალებისათვის – 30 წლამდე;

დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – 30 წლამდე;

ე) მიწისქვეშა წყლებისათვის და ბუნებრივი არასაწვავი აირებისათვის – 25 წლამდე;

ვ) წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი ნაგებობების მშენებლობისათვის – 45 წლამდე;

ზ) წიაღის შესწავლისათვის – 5 წლამდე.

3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადა აითვლება ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. ცალკეულ შემთხვევებში წიაღით სარგებლობა შეიძლება იყოს უვადოც მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების სამარხთა მოსაწყობად, აგრეთვე სხვადასხვა სახის მიწისქვეშა ნაგებობების ექსპლუატაციისათვის, თუ იგი დაკავშირებულია სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და აქვს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ამ მუხლში აღნიშნული ობიექტების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რის შემდეგაც შესაბამის ლიცენზიას გასცემს სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2148 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.338

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.112009 წ., მუხ.274

    მუხლი 11. წიაღით მოსარგებლე

1. წიაღით მოსარგებლე შეიძლება იყოს მხოლოდ მეწარმე საკუთრების ფორმის განურჩევლად, მათ შორის სხვა სახელმწიფოს იურიდიული და ფიზიკური პირი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. წიაღით მოსარგებლენი სარგებლობენ ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა უფლებით და პასუხს აგებენ მისი პირობების დაცვაზე.

    მუხლი 12. წიაღით მოსარგებლის უფლებები

1. წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;

ბ) გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

გ) გამოიყენოს თავისი შრომის შედეგები (მათ შორის მოპოვებული წიაღისეული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ისარგებლოს წიაღით ისეთი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, რომელიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან;

დ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით;

ე) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე;

ვ) მიმართოს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუკი წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა.

2. თუ წიაღით მოსარგებლე არ ეთანხმება წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის, შეჩერების ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, მას შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2148 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.338

    მუხლი 13. წიაღით მოსარგებლის მოვალეობები

წიაღით მოსარგებლე ვალდებულია:

ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის;

უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა;

განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები;

უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისას წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით;

შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;

წარუდგინოს ბუნებრივი რესურსების შესახებ და წიაღის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ფონდებს ნებისმიერი დოკუმენტაცია დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე, წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ;

უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი გახდეს მომავალში მათი გამოყენება, გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით;

შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენისას და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და გამოსადეგ მდგომარეობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მიწისქვეშა წყლების (მათ შორის სადრენაჟო წყლები) მოპოვებისას წარუდგინოს მონაცემები სამინისტროს და დეპარტამენტს დადგენილი წესით;

შეასრულოს სამინისტროსა და ინსპექციის ინსტრუქციები წიაღის დაცვისა და სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების შესახებ;

წიაღით მოსარგებლე პასუხს აგებს ამ კანონით საწარმოს ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დასრულებამდე.

    მუხლი 14. წიაღით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა

წიაღით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად მიიჩნევა:

ა) კონკურსის ან აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას;

ბ) პრეტენდენტის მიერ ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ გადასახადებზე უარის თქმისას;

გ) საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;

დ) წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახადის შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას;

ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას;

ვ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

    მუხლი 15. უარი წიაღით სარგებლობის უფლების გაცემაზე

წიაღით სარგებლობის უფლება არ გაიცემა:

ა) თუ მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;

ბ) თუ განმცხადებელმა თავისი თავის შესახებ წარადგინა არასწორი მონაცემები;

გ) თუ განმცხადებელს არ წარუდგენია ან არ შეუძლია წარადგინოს საბუთი, რომ მას აქვს ან ექნება აუცილებელი ფინანსური ან ტექნიკური შესაძლებლობა სამუშაოს უსაფრთხო და ეფექტური წარმოებისათვის;

დ) თუ განმცხადებელს არ წარუდგენია საქმიანობაზე გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) ნებართვა.

    მუხლი 16. წიაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა ან შეჩერება

1. წიაღით სარგებლობის უფლება წყდება:

ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლისას;

ლიცენზიის მფლობელის მიერ წიაღით სარგებლობაზე უარის თქმისას.

2. სამთომომპოვებელი საწარმოს ხანგრძლივი დროით კონსერვაციისას ან კონსერვაციის პირობების დარღვევისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დაზიანება, სამინისტროს შეუძლია გააუქმოს გაცემული ლიცენზია.

3. წიაღით სარგებლობა ვადაზე ადრე უნდა შეიზღუდოს, შეჩერდეს ან შეწყდეს:

ა) თუ წიაღით მოსარგებლემ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა ან ლიცენზიით განსაზღვრული პირობები;

ბ) თუ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მოქმედების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნა უშუალო საფრთხე;

გ) თუ წიაღით მოსარგებლემ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წიაღით სარგებლობისა და დაცვის, სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების, აგრეთვე, გარემოს დაცვის წესები;

დ) საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება და სხვა) შექმნის პირობებში;

ე) თუ მოსარგებლე არ შეუდგა წიაღით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) იმ საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომელზეც გაცემული იყო ლიცენზია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს წიაღით სარგებლობა და წიაღით მოსარგებლეს გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა)“, „გ)“, „ე)“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება სამი თვის გასვლიდან მას შემდეგ, რაც წიაღით მოსარგებლეს წერილობით შეატყობინებენ მის მიერ დაშვებული დარღვევებისა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა გაუტარებლობის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წიაღით სარგებლობა უნდა შეწყდეს ამ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობების წარმოშობისთანავე.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა)“, „ბ)“, „გ)“, „დ)“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში წიაღით სარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო ან ინსპექცია სამინისტროსთან შეთანხმებით, დანარჩენ შემთხვევებში კი („ე)“ და „ვ)“ ქვეპუნქტები) სამინისტრო.

8. წიაღით სარგებლობის უფლება შეიძლება ვადამდე ადრე შეწყდეს წიაღით მოსარგებლის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს სულ მცირე ექვსი თვით ადრე.

9. წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას ან დროებით შეჩერებისას უნდა მოხდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია.

10. სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს სამთო გვირაბები, მიწისქვეშა ნაგებობანი და ჭაბურღილები მოყვანილ უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომ საფრთხე არ შეექმნას მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივ გარემოს, აგრეთვე, არსებულ შენობებსა და ნაგებობებს. სრული ლიკვიდაციის დროს უნდა განხორციელდეს სარეკულტივაციო ღონისძიებები.

11. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს გეოლოგიური, სამარკშეიდერო ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სამუშაოთა დასრულების მომენტში არსებულ სიტუაციას, გადაეცემა წიაღის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო ფონდს.

12. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დასრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ინსპექცია ხელს მოაწერს სათანადო აქტს.

13. წიაღით სარგებლობის უფლების ვადამდე ადრე შეწყვეტის დროს, საწარმოს ლიკვიდაცია ან კონსერვაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწარმოს ლიკვიდაციის ან კონსერვაციის ხარჯები ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, თუ წიაღით სარგებლობა შეწყვეტილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის "ა)", "ბ)", "გ") და "ვ)" ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზებით ან წიაღით მოსარგებლის ინიციატივით. ასეთ შემთხვევებში წიაღით მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები.

14. საწარმოს კონსერვაციისა და ლიკვიდაციის ხარჯებს კისრულობს სახელმწიფო, თუ წიაღით სარგებლობა შეწყდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის "ბ)" ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზებით საწარმოს უდანაშაულობის გამო, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის "დ)" ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზით.

15. იმ შემთხვევაში, თუ აღმოიფხვრა წიაღით სარგებლობის უფლების შეჩერების ან შეზღუდვის გამომწვევი ვითარება და პირობები, ეს უფლება შეიძლება აღდგენილ იქნეს სრული მოცულობით. ამასთან ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წიაღით სარგებლობა შეჩერებული იყო, არ შევა ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში, თუ შეჩერება ან შეზღუდვა წიაღით მოსარგებლის მიზეზით არ იყო გამოწვეული.

16. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულის და მისი თანმხლები ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობანი ან სხვაობა დამტკიცებულსა და რეალურად არსებულ სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს შორის ან შეიცვალა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, უნდა ჩატარდეს გეოლოგიური მასალის სახელმწიფო ექსპერტიზა და გადაისინჯოს ლიცენზიის, მათ შორის გადასახადების, პირობები.

17. სასარგებლო წიაღისეულის რეალიზებასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს შეუძლია დროებით შეაჩეროს სამუშაო და დადგენილი დროით დააკონსერვოს სამთომომპოვებელი საწარმო ან მოახდინოს მისი ლიკვიდაცია სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში.

კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.

18. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებული იყოს წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტის, შეჩერების ან შეზღუდვის სხვა საფუძვლებიც.

19. წიაღით სარგებლობა შეიძლება შეზღუდოს ან აკრძალოს საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნული უშიშროების, ბუნებრივი გარემოს ან ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის მიზნით.

20. ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს მისი მფლობელის უფლებათა გაუქ­მებას სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს უფლება აქვს სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე განთავსებული ის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები, რომელთა მოშლა საფრთხეს არ უქმნის წიაღის დაცვას, დადგენილ ვადებში გაასხვისოს წიაღით ახალ მოსარგებლეზე ან განახორციელოს დემონტაჟი; თუ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების დემონტაჟი საფრთხეს უქმნის წიაღის დაცვას, განახორციელოს მათი ფინანსური და ფიზიკური ლიკვიდაცია არსებული წესებისა და ნორმების შესაბამისად სამინისტროსათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენით. ნებისმიერი სხვა ქმედება ჩაითვლება წიაღზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების ხელყოფად და გამოიწვევს წიაღით ყოფილი მოსარ­გებ­ლის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა არ დგება, თუ წიაღით ყოფილი მოსარ­გებლე ფინანსურად ლიკვიდირებულ ნაგებობას ფიზიკური ლიკვიდაციის გარეშე სახელმწიფოს თანხმობით უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ამ წესით სახელმ­წიფო საკუთრებაში გადასული ობიექტებით სარგებლობის უფლება წიაღით ახალ მოსარგებლეზე გაიცემა ლიცენზიით, სამთო და მიწის მინაკუთვნების გამოყოფასთან ერთად.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

    მუხლი 17. ლიცენზიის გაცემის წესი

1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსით და აუქციონით.

2. წიაღით სარგებლობის კონკრეტულ ობიექტებზე კონკურსის და აუქციონის ჩატარების ვადას, წესსა და პირობებს განსაზღვრავს სამინისტრო.

3. წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. ამასთან, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულმა სუბიექტმა სამინისტროს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც დამატებით აღინიშნება:

ა) განმცხადებელი საწარმოს მისამართი, მისი სამეურნეო ურთიერთობები საწარმოო და საფინანსო პარტნიორებთან;

ბ) მონაცემები განმცხადებელი საწარმოს ხელმძღვანელის ან მფლობელის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ამ საწარმოს ლიცენზიის მიღებისას;

გ) განმცხადებელი საწარმოს ფინანსური შესაძლებლობანი;

დ) განმცხადებელი საწარმოს ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი, აგრეთვე იმ საწარმოთა შესაძლებლობანი, რომლებიც მიზიდული არიან როგორც მენარდეები; ინფორმაცია განმცხადებელი საწარმოს განვლილი საქმიანობების შესახებ, იმ სახელმწიფოთა სიის ჩათვლით, სადაც იგი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე საქმიანობდა;

ე) განმცხადებელი საწარმოს წინადადებანი წიაღით სარგებლობის პირობების შესახებ;

ვ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი ასპექტები.

4. საკონკურსო სისტემის დროს გამარჯვებულად ითვლება ის განმცხადებელი, რომელიც პასუხობს კონკურსის პირობებს და წარმოადგენს წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამის, ეკონომიკურად მისაღებ და ყველაზე მეტად გამართლებულ ტექნიკურ გადაწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსზე შემოვიდა მხოლოდ ერთი განცხადება, წიაღით სარგებლობის უფლების ლიცენზია შეიძლება მიეცეს მას გამოცხადებული კონკურსის პირობების საფუძველზე.

კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ არც ერთი პრეტენდენტი არ პასუხობს წამოყენებულ პირობებს. კონკურსის მონაწილეებს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ.

5. ლიცენზიის მიღების სააუქციონო სისტემის დროს გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც პასუხობს აუქციონის პირობებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს წიაღით სარგებლობის უფლების (ლიცენზიის) მისაღებად.

6. აუქციონი იმართება იმ შემთხვევაში, თუ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

    მუხლი 18. სალიცენზიო მოსაკრებელი

1. სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი. იგი შედგება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსისა და აუქციონის მომზადებისათვის საჭირო საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებისაგან (საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელი) და წიაღით სარგებლობის უფლების მოსაკრებლისაგან. კონკურსისა და აუქციონის თითოეული მონაწილე საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელს იხდის ცალ-ცალკე. ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სამინისტროს წარედგინება კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე ათი დღით ადრე. წიაღით სარგებლობის უფლების მოსაკრებელს იხდის მხოლოდ კონკურსში ან აუქციონზე გამარჯვებული მონაწილე. სალიცენზიო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სალიცენზიო მოსაკრებელი განკუთვნილია ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად და დაბეგვრას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №859 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.30

    მუხლი 19. ლიცენზიის გაფორმების წესი

1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1/4 ფორმატის, შუაზე გაკეცილ სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო“, „წიაღით სარგებლობის ლიცენზია“, ლიცენზიის სერია _____ , №_____ , ტიპი ____ , ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი ____ წლის „____“ „_______“

გაცემულია ______________________________________________________________________________

                                                                      წიაღით სარგებლობის სახის და ძირითადი მიზნების

___________________________________________________________________________________________

                            სამთო სამუშაოთა წარმოების წესის (ღია, მიწისქვეშა და სხვა) აღნიშვნა

___________________________________________________________________________________მიზნით

___________________________________________________________________________________________

                             წიღის უბნის ადგილმდებარეობის დასახელება: ქალაქის, რაიონის, სოფლის

 

_________________________________________________________________________________________

 

ტერიტორიაზე და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ №№ __________________ წერტილებზე გამავალი სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის შიგნით. ჩამოთვლილი წერტილების X, Y, H ზედა და H ქვედა კოორდინატების ცხრილი წარმოდგენილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის ჰორიზონტალური პროექციის

ფართობია ____________ ჰექტარი, სამთო მინაკუთვნის

                          (სიტყვიერად)

მოცულობა ____________ კუბური მეტრი.

                          (სიტყვიერად)

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის მინაკუთვნი დატანილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე. მისი ფართობია ___________ ჰა.

                                                                                                                         (სიტყვიერად)

 

მიწის მინაკუთვნი გამოყოფილია ან მიწათსარგებლობა ხდება

_________________________________________________________________________________________

 

საქართველოს ნორმატიული აქტის დასახელება და ნომერი

_________________________________________________________________________________________

 

საფუძველზე.

ლიცენზიის მოქმედების და წიაღით სარგებლობის ვადაა _____ წელი და წყდება __________ წლის „_____“ „_____________“.

2. ლიცენზიის მეორე გვერდზე და მესამე გვერდის ნაწილზე ჩამოწერილია წიაღით სარგებლობის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები: წიაღის გეოლოგიური და სხვა სახის შესწავლისას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავებისას, სამთამადნო საწარმოთა ნარჩენების ექსპლუატაციისას, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების და სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან.

3. მესამე გვერდის თავისუფალი ნაწილი და მეოთხე გვერდი მთლიანად ხელმოწერის ადგილამდე განკუთვნილია წიაღით სარგებლობის კერძო შემთხვევებისათვის წიაღით სარგებლობის დამატებითი, სალიცენზიო პირობების ჩასაწერად.

4. ლიცენზიის მეოთხე გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში კეთდება სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა ლიცენზიის გაცემის შესახებ, ქვედა მარჯვენა კუთხეში კი წიაღით მოსარგებლე სუბიექტის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ გაცნობი-ლია ლიცენზიის პირობებს და კისრულობს მათ შესრულებას. ორივე ხელმოწერა დასტურდება სათა-ნადო ბეჭდის დასმით.

5. ლიცენზიის ფორმა იბეჭდება სტამბაში, მასში ჩანაწერები კეთდება ტუშით.

6. ლიცენზიას ერთვის საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმის ამონაწერი ამ ლიცენზიის გაცემის საკითხის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, აგრეთვე სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტი.

7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტი უნდა შეიცავდეს განმარტებით ბარათს და გრაფიკულ მასალას.

8. განმარტებით ბარათში ნაჩვენები უნდა იყოს საერთო ცნობები მოთხოვნილი წიაღით სარგებლობის ობიექტების შესახებ (გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა, ფართობი, მოცულობა, განაშენიანება, სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგულების დახასიათება და სხვა). მოკლე გეოლოგიური დახასიათება (სამთო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, გეოლოგიური შესწავლის ხარისხი, მონაცემები სასარგებლო წიაღი-სეულის მარაგების შესახებ (თუ ლიცენზია მოითხოვება მოპოვების მიზნით); სამთო ნაკვეთის საზღვრების დადგენის საფუძველი; ცნობები მიმდებარე (მოსაზღვრე) სამთო ნაკვეთების შესახებ და სხვა.

9. გრაფიკული მასალა უნდა შეიცავდეს მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად შედგენილ ზედაპირის ტოპოგრაფიულ გეგმას, გეოლოგიური (სტრუქტურული) რუკებისა და ჭრილების ასლებს.

10. ტოპოგრაფიული გეგმის ასლზე ნაჩვენები უნდა იყოს ზედაპირის რელიეფი, გეოდეზიური საყრდენი ქსელის წერტილები, სასარგებლო წიაღისეულის ბუდობების ზედაპირზე ან ნაყარის ქვეშ გამოსავალი, არსებული სამთო გვირაბების (ჭაურების, შტოლნების, შურფების, ჭაბურღილებისა და სხვა) პირები; სასოფლო-სამეურნეო და ტყის სავარგუ-ლების კონტურები, მიწათსარგებლობისა და მიწათსაკუთრების, მიწის მინაკუთვნის საზღვრები ლიცენზიის შესაბამისი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის კუთხეთა წერტილების კოორდინატებისა და სამთო სამუშაოთა მავნე ზეგავლენის საზღვრების აღნიშვნით.

11. ტოპოგრაფიული გეგმის თავისუფალ ნაწილში აღინიშნება ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექციის ფართობი, სამთო მინაკუთვნის მოცულობა, გეგმიდან და ჭრილებიდან განსაზღვრული საკონტურო წერტილების X,Y,H ზედა და H ქვედა კოორდინატთა მნიშვნელობები, გეგმის შევსების თარიღი.

12. ტოპოგრაფიული გეგმის ზედა მარჯვენა ნაწილში დატოვებული უნდა იყოს თავისუფალი ადგილი წარწერის „წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია...... № .... ტიპი ....) დანართი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი“ გასაკეთებლად და სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერისათვის. ანალოგიური წარწერა კეთდება სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტის განმარტებით ბარათზე და საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმის ამონაწერზე.

13. ტოპოგრაფიული გეგმის მასშტაბი მიიღება გამოსასახი უბნის ზომებიდან გამომდინარე, წიაღით სარგებლობის სახეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

14. ნახშირის საბადოთა სამთო მინაკუთვნის პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს ნახშირის ყველა დაძიებული ფენის ჰიფსომეტრიული გეგმები 1:5000 მასშტაბით და მათზე დატანილი უნდა იყოს სამთო მინაკუთვნის საპროექტო კონტურები.

15. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად და ეძლევა წიაღით მოსარგებლე სუბიექტს. ლიცენზიის ფორმა ტარდება სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სამინისტრო. რეესტრში ტუშით შეიტანება ლიცენზიის ფორმაში ჩაწერილი ყველა მონაცემი.

16. სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის პროექტი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ლიცენზიასთან და საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმის ამონაწერთან ერთად ეძლევა წიაღით მოსარგებლეს. მეორე ეგზემპლარი საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ოქმთან ერთად ინახება წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში.

17. ტოპოგრაფიული გეგმის ერთი ეგზემპლარი, რომელიც შემდგომ ხანგრძლივად ინახება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო საინფორმაციო ფონდში, შესრულებული უნდა იყოს ლავსანზე ან სხვა ანალოგიურ გამჭვირვალე მასალაზე, რომელზედაც შესაძლებელია შტამპისა და ბეჭდის დამაგრება.

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

    მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა

წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

თავი მესამე

სახელმწიფო მართვა

    მუხლი 21. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა

1. წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა.

ამ სისტემის მიზანია:

წიაღით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა ;

ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება წიაღით სარგებლობის სფეროში ;

წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის უცხოელების, აუცილებელი გარანტიების უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა ;

2. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, როგორც წიაღით სარგებლობის (სამთო ურთიერთობათა) მარეგულირებელი და მაკოორდინირებელი დარგობრივი ორგანო, ხოლო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – დეპარტამენტი და ინსპექცია ;

3. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება წიაღით სარგებლობის სახელმწიფო პროგრამით აღრიცხვის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

    მუხლი 22. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები

1. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანას წარმოადგენს წიაღის კომპლექსური და რაციონალური გამოყენება, წიაღისა და გარემოს დაცვა, აგრეთვე, წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობების სახელმწიფო რეგულირება, სასარგებლო წიაღისეულის ბაზის შექმნა.

2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესრულების მიზნით ხდება:

სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მოპოვების დასაშვები ოდენობის დადგენა;

სასარგებლო წიაღისეულის ნედლეულის ბაზის განვითარება;

ისეთი უბნების განსაზღვრა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის ;

წიაღით სარგებლობის ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა ;

წიაღის შესწავლისა და დაცვის, მისი რესურსების კომპლექსურად და რაციონალურად გამოყენების, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების სფეროში სტანდარტებისა და ნორმების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა .

    მუხლი 23. აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა

1. წიაღის შესწავლის სამუშაოები, წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე, ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღის უბნები, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, წიაღით სარგებლობის ყველა სხვა სახე, ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციასა და აღრიცხვას წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში, რომელიც დეპარტამენტთან ფუნქციონირებს.

2. წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდი აწარმოებს წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს.

3. ყველა წიაღით მოსარგებლე ვალდებულია წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს დეპარტამენტს. ამავდროულად დეპარტამენტი და წიაღით მოსარგებლე ყველა სხვა სუბიექტი ვალდებულია წიაღის შესახებ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცენ სამინისტროს ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიან საინფორმაციო სახელმწიფო ფონდს, სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

4. დებულებას წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის (ანგარიშის) და წიაღით სარგებლობის, მათ შორის, სამთო სამუშაოთა, განვითარების გეგმების შედგენის, ლიცენზიაში ლიცენზიის მოქმედების, წარდგენისა და განხილვის წესის აღნიშვნის შესახებ ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო დებულებას წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესახებ – დეპარტამენტი.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

    მუხლი 24. წიაღის სახელმწიფო კადასტრი

წიაღის სახელმწიფო კადასტრი უნდა შეიცავდეს სამთო-ტექნიკურ, ჰიდროგეოლოგიურ, ეკოლოგიურ, გეოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა სახის მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა თუ ყველა ცალკეული გამოვლინების შესახებ, აგრეთვე, წიაღის იმ უბნების შესახებ, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის და აგრეთვე წიაღით სარგებლობის ყველა სხვა ობიექტის შესახებ.

    მუხლი 25. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსი

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსი უნდა შეიცავდეს მონაცემებს საბადოებზე ყველა სახის წიაღისეულის მარაგების ოდენობის, ხარისხისა და შესწავლის, სამრეწველო ათვისების დონის, მისი განლაგების, მოპოვების, დანაკარგებისა და დადგენილი მარაგების, აგრეთვე გამოკვლეული მარაგით მრეწველობის უზრუნველყოფის შესახებ.

    მუხლი 26. სასარგებლო წიაღისეულის კონდიციები

სასარგებლო წიაღისეულის კონდიციები წარმოადგენს წიაღის დამუშავებისათვის აუცილებელ ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებულ მოთხოვნათა ერთობლიობას.

კონდიციებში გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ძირითადი, ისე მისი თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსური გამოყენება.

    მუხლი 27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება

შესწავლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე, მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს ამტკიცებს დეპარტამენტთან არსებული მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისო კომისია. მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისო კომისიის დებულებას და ამ კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მარაგების დამტკიცებისათვის კომისიას წარედგინება საბადოს განლაგების პირობები, შესწავლის შედეგები, სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი სარწმუნო მონაცემები, საბადოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, მისი კონდიციები, ცნობები სამრეწველო ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისო კომისიის დასკვნა წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოძიებული მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთ საფუძველს.

    მუხლი 28. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ბალანსიდან ჩამოწერა

სასარგებლო წიაღისეულის საბადოზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობა, აგრეთვე, სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომელმაც დაკარგა სამრეწველო მნიშვნელობა ან არ დადასტურდა შემდგომი გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოების ან საბადოს დამუშავების დროს, უნდა ჩამოიწეროს წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსიდან. მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერის შესახებ დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი სამინისტროსთან და ინსპექციასთან შეთანხმებით.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

    მუხლი 29. საკუთრება წიაღის შესახებ ინფორმაციაზე

ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია.

შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა.

საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე.

დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

    მუხლი 30. წიაღით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. წიაღით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორცილებს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.

2. სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა წიაღით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტების, კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების მიღება, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.

3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება იყვნენ წიაღით მოსარგებლე სუბიექტების წარმომადგენლები.

5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო. ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების უფლება სამინისტრომ შეიძლება გადასცეს რეგიონალურ საექსპერტო კომისიებს.

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

    მუხლი 31. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი წიაღით სარგებლობაზე

1. წიაღზე, მის მდგომარეობასა და სარგებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითადი მიზანია დაადგინონ, როგორ ასრულებენ წიაღით მოსარგებლენი წიაღის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება:

ა) ნებისმიერი წიაღით მოსარგებლის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობასთან;

ბ) წიაღის შესწავლის ნებისმიერი სტადია, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, გეოეკოლოგიური და სხვა სამუშაოები, წიაღის შესწავლის სამუშაოთა მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური წარმოშობის საბადოებიდან;

დ) წიაღის გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით;

ე) წიაღის დაცვა და მისი რესურსების რაციონალური და კომპლექსური დამუშავება, ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი, აგრეთვე წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების ოდენობა და მათი შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან;

ვ) წიაღის და წიაღით სარგებლობის სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ზ) წიაღით სარგებლობის ობიექტების კონსერვაცია და ლიკვიდაცია;

თ) წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

ი) წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება;

კ) წიაღის შესწავლის მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;

ლ) წიაღით სარგებლობის დროს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების წესებისა და ნორმების დაცვა;

მ) იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან;

ნ) სამთო გვირაბებში, მიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში ნავთობის, გაზისა და მიწისქვეშ დასაცავად შენახული სხვა ნივთიერებისა და მასალების, წიაღში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების, წიაღში ჩამარხული მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების გაჟონვის თავიდან აცილება;

ო) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაციის დროს გეოლოგიურ და სამარკშეიდერო სამუშაოთა წარმოების წესების დაცვა.

3. წიაღით სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.

4. წიაღით სარგებლობის სამუშაოთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს ინსპექცია.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 32. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ორგანოების უფლებები და მოვალეობები

1. სამინისტრო ვალდებულია:

დადგენილი წესით გასცეს წიაღით სარგებლობის ლიცენზია;

ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიან საინფორმაციო ფონდში აწარმოოს წიაღით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა და რეგისტრაცია ;

უზრუნველყოს წიაღის შესახებ ინფორმაციის მესაკუთრეთა უფლებების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ;

უზრუნველყოს ინსპექციასთან ერთად წიაღის სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.

2. დეპარტამენტი ვალდებულია:

შეიმუშაოს გეოლოგიური სამუშაოების მართვის პროგრამები საქართველოს მინერალური ნედლეულის ბაზის განსამტკიცებლად ;

უზრუნველყოს გეოლოგიური საძიებო სამუშაოების დაგეგმვა, წარმოება, მინერალური ნედლეულის ბაზის განმტკიცება, სპეციალური გეოლოგიური კვლევების ჩატარება სახელმწიფო საჭიროებისათვის ;

უზრუნველყოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის ანგარიშის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება და დამტკიცებული მარაგების სახელმწიფო აღრიცხვაზე აყვანა;

უზრუნველყოს სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის მესაკუთრის უფლებების დაცვა ;

უზრუნველყოს სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობაზე ;

უზრუნველყოს მინერალური ნედლეულის ბაზის აღწარმოება და წიაღის ისეთი უბნების რეზერვის შექმნა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის.

3. ინსპექცია ვალდებულია:

დადგენილი წესით გასცეს წიაღით სარგებლობის სპეციფიკურ სამუშაოთა წარმოების და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე დანადგარების, აგრეგატების, მანქანების, მექანიზმების, სამარჯვების, სხვა მოწყობილობათა და მასალების გამოყენების ლიცენზია ;

დადგენილი წესით ჩაატაროს წიაღით მოსარგებლე საწარმოებში და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მომხდარი უბედური შემთხვევების, ავარიის, კატასტროფის, ფეთქებადი მასალების დატაცების, დაკარგვის და გაბნევის შემთხვევის ტექნიკური მხარის გამოკვლევა, მიიღოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შესაბამისი სანქციების გამოყენების ჩათვლით.

4. სამინისტროს უფლება აქვს:

დაადგინოს ერთი მოსარგებლისათვის გაცემული წიაღის უბნების ზღვრული ოდენობა ;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს საქართველოს წიაღით სარგებლობის ნებისმიერი ობიექტი და ნებისმიერი წიაღით მოსარგებლის საქმიანობა მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს ;

განაზოგადოს ინსპექციასთან ერთად წიაღის სარგებლობის და უსაფრთხოების კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკა. დაამუშავოს კანონმდებლობის დახვეწა-გაუმჯობესების წინადადებები და აუცილებლობის შემთხვევაში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს;

აკრძალოს ინსპექციასთან ერთად გეოლოგიური, საძიებო, სამთომომპოვებელი და სხვა სამუშაოების დროს სასარგებლო წიაღისეულის, მავნე ნივთიერებათა და მასალების მიწისქვეშა შენახვისას წიაღის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების გაჭუჭყიანების და წიაღში არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხარისხის გაუარესების გამომწვევი ქმედებანი ;

აკრძალოს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვება წყალსატევების, წყალშემკვრელ და მიწისქვეშა წყლების განლაგების ფართობებზე ;

არ დაუშვას ინსპექციასთან ერთად სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოების, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციის და კონსერვაციის ნორმების დარღვევა ;

შეზღუდოს, შეწყვიტოს ან შეაჩეროს წიაღით სარგებლობის უფლება დადგენილი წესით და შემთხვევებში ან უარი თქვას ამ უფლების გაცემაზე ;

შეაჩეროს ინსპექციასთან ერთად ან მის გარეშე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები და წიაღით მოსარგებლეებს დააკისროს შესაბამისი ჯარიმის გადახდა იმ შემთხვევებში, თუ დარღვეულია წიაღით სარგებლობის, წიაღის დაცვისა და წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნები ;

ინსპექციასთან ერთად წიაღით მოსარგებლეებს მისცეს სავალდებულო მითითებანი და დააწესოს შესაბამისი ვადა სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებისა და წიაღის დაცვის წესებისა და ნორმების დარღვევების აღმოსაფხვრელად ;

ინსპექციასთან ერთად აუცილებელ შემთხვევებში დანიშნოს წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების გამოცდა, სამუშაო და ბუნებრივი გარემოს საკონტროლო ანალიზები.

5. ინსპექციას უფლება აქვს:

აკრძალოს წიაღით სარგებლობის ობიექტებზე უნებართვო განაშენიანება ;

შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება საპროექტო და საკონსტრუქტორო ორგანიზაციების, აგრეთვე, მოწყობილობათა დამამზადებელი ქარხნების გამოშვებული პროდუქცია და ტექნიკური დოკუმენტაცია წიაღით სარგებლობისა და უსაფრთხოების ნორმებს და შეაჩეროს მათი გამოყენება და გამოშვება დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით წარმოების შემთხვევაში ;

მოსთხოვოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და უფლებრივი მოწმობები წიაღით სარგებლობის ობიექტებზე დასაქმებულ პერსონალს ;

შეამოწმოს ინჟინერ-ტექნიკური მუშაკების შესაბამისი ტექნოლოგიური რეგლამენტების, ნორმებისა და წესების ცოდნის დონე და მუშაკების მიერ შრომის დაცვის სათანადო ინსტრუქციების ცოდნა ;

მიიღოს გამოცდა და მისცეს სათანადო მოწმობა პირებს, რომლებსაც შეუძლიათ ფეთქებადი სამუშაოების წარმოება, აგრეთვე, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გამოყენებულ მანქანებზე, აგრეგატებზე და სხვა მოწყობილობებზე მუშაობა .

6. დეპარტამენტს უფლება აქვს:

შეაჩეროს გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები, თუ ისინი არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს (წესებს, სტანდარტებს, მოთხოვნებს).

    მუხლი 321. საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს ან/და უარყოფით გავლენას მოახდენს ლიცენზიის მფლობელი პირის ლიცენზიით განსაზღვრულ უფლებებსა და ინტერესებზე, არ შეეხება საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზედაც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ლიცენზიის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ, ლიცენზიის მფლობელს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ლიცენზიის პირობებს.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე.

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.112009 წ., მუხ.274

    მუხლი 33. ანტიმონოპოლიური მოთხოვნები

1. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების, მისდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო ან სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მონოპოლიას წიაღით სარგებლობის სფეროში.

2. აკრძალულია წიაღით მოსარგებლეთა ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვა.

3. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს სახელმწიფო მონოპოლია გარკვეული ტიპის წიაღისეულის ან ცალკეული საბადოს დამუშავებაზე.

4. სხვა ანტიმონოპოლიურ მოთხოვნებს არეგულირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.

თავი მეოთხე

წიაღით სარგებლობის ეკონომიკური საფუძვლები

    მუხლი 34. წიაღით სარგებლობის გადასახადი

1. საქართველოში წიაღით სარგებლობა ფასიანია. წიაღით სარგებლობის გადასახადის ნორმატივები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წიაღით სარგებლობის გადასახადის გადახდის ფორმა, ოდენობა და ვადები მოცემულია ლიცენზიაში.

2. წიაღით სარგებლობის გადასახადი განისაზღვრება, როგორც წიაღით სარგებლობის თვითღირებულების ნაწილი.

3. წიაღით სარგებლობის გადასახადი გადაიხდევინება წიაღით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის დღიდან და გრძელდება ლიცენზიის მოქმედების მთელი ვადით.

    მუხლი 35. წიაღით სარგებლობის გადასახადის გადამხდელები

წიაღით სარგებლობის გადასახადის გადამხდელები არიან წიაღით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირები (მათ შორის უცხოელები).

    მუხლი 36. დაბეგვრის ობიექტი

წიაღით სარგებლობისათვის იბეგრება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, სამთამადნო საწარმოთა ნარჩენებისა და გამდიდრების კუდების ექსპლუატაცია.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

    მუხლი 37. წიაღით სარგებლობის გადასახადის შეღავათები

საქართველოს პარლამენტს შეუძლია ეროვნული მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისას, წიაღით მოსარგებლე მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავიუფლოს წიაღით სარგებლობის გადასახადისაგან.

თავი მეხუთე

წიაღის დაცვა და წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები

    მუხლი 38. წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი მოთხოვნები

წიაღის დაცვის ძირითადი მოთხოვნებია:

ა) არ დაუშვან წიაღით თვითნებური სარგებლობა;

ბ) დაიცვან განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის წიაღის ობიექტები ან უბნები;

გ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები მათი განლაგების ფართობების განაშენიანებისაგან, წყალსაცავებით დატბორვისაგან და სხვა;

დ) რაციონალურად ისარგებლონ სასარგებლო წიაღისეულით და გამოიყენონ სამთომომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები;

ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების, მავნე ნივთიერებების და წარმოების ნარჩენების სამარხების მოსაწყობად;

ვ) დაიცვან სარგებლობისათვის წიაღის გადაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და არ დაუშვან წიაღით თვითნებურად (ულიცენზიოდ ან ლიცენზიით გამოყოფილი სამთო ნაკვეთის ფარგლებს გარეთ) სარგებლობა;

ზ) უზრუნველყონ წიაღის სრული და კომპლექსური შესწავლა და წიაღის დაცვისა და მისი რესურსების რაციონალური, კომპლექსური გამოყენება;

თ) წინასწარ შეისწავლონ წიაღი იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს სარწმუნო მონაცემები სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შეფასებისა და წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების მახასიათებლების დასადგენად;

ი) მოახდინონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გაცემული წიაღის უბნების სახელმწიფო ექსპერტიზა და სახელმწიფო აღრიცხვა;

კ) შესაძლებელი სისრულით ამოიღონ წიაღიდან როგორც ძირითადი, ასევე თანმდევი სასარგებლო წიაღისეული და უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, აგრეთვე უზრუნველყონ დანაკარგების შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან და განახორციელონ ღონისძიებები მათ შესამცირებლად;

ლ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები დატბორვისაგან, გაწყლიანებისაგან, დაბინძურებისაგან, ხანძრის, დაშრეტისა და სხვა ფაქტორებისაგან, რომლებიც აუარესებენ წიაღისეულის ხარისხს, ამცირებენ საბადოს სამრეწველო ღირებულებას ან ართულებენ მის ათვისებას;

მ) თავიდან აიცილონ წიაღზე მავნე ზემოქმედება გაზისა და სხვა ნივთიერებების წიაღში შენახვის, მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვის, ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროს;

ნ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ წარმოებათა და იმ მიწისქვეშა ნაგებობების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის დადგენილი წესები, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წიაღისეულის მოპოვებასთან;

ო) აღკვეთონ წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობზე თვითნებური განაშენიანება;

პ) არ დაუშვან სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავო ნაგებობების სიახლოვესა და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვება;

ჟ) უზრუნველყონ გარემოს მდგომარეობაზე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების გავლენის სარწმუნო პროგნოზირება და შეფასება, განახორციელონ აუცილებელი ზომები გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 39. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი

1. აკრძალულია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, კომუნიკაციებისა და სახალხო მეურნეობის სხვა ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, სანამ არ დადასტურდება, რომ მომავალი განაშენიანების ფართზე არ არსებობს სასარგებლო წიაღისეულის საბადო ან გამოვლინება.

სასარგებლო წიაღისეულის განლაგების ფართობების განაშენიანება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მფლობელს გადაუხდის განაშენიანების შედეგად ბალანსიდან ჩამოსაწერი წიაღისეულის რაოდენობის საფასურს.

2. წიაღით უნებართვოდ სარგებლობისა და წიაღისეულის საბადოთა ფართობების (წიაღის ფონდის მიწების) თვითნებური განაშენიანება წყდება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად. თუ წიაღისეულის საბადოთა ფართობებზე (წიაღის ფონდის მიწებზე) არსებული განაშენიანება არსებითად ზღუდავს ან აფერხებს წიაღით სარგებლობის შესაძლებლობას, მაშინ გამოიყენება ამ კანონითა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები და პროცედურები.

3. ნებადართულია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, სხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა მხოლოდ იმ ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულის საბადოები არ არსებობს, რაც დასტურდება დეპარტამენტის დასკვნით.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 40. წიაღის მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობის მქონე უბნების დაცვა

იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული ღირებულება გააჩნიათ, შეიძლება მიეკუთვნოთ დაცული ტერიტორიების შესაბამისი კატეგორია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აკრძალულია დაცული ტერიტორიის ფარგლებში ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დაცვის რეჟიმით.

წიაღით სარგებლობისას ასეთი ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში, წიაღით მოსარგებლე ვალდებულია შეაჩეროს სამუშაოები შესაბამის უბანზე და ამის შესახებ აცნობოს სამინისტროს.

    მუხლი 41. წიაღის შესწავლის ძირითადი მოთხოვნები

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც სწავლობენ წიაღს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

წიაღის ეფექტური შესწავლა;

სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გეოლოგიური, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა პირობების დადგენა ;

წიაღით სარგებლობა ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში ;

ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღის შესასწავლი სამუშაოების სრულფასოვანი ჩატარება და შესწავლის შედეგების უტყუარობა ;

ძირითადი და მისი თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, გარემომცველი ქანების შემადგენელი კომპონენტების მარაგების ხარისხისა და რაოდენობის განსაზღვრის ობიექტურობა, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნათა შესრულება ;

წიაღის შესწავლისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და გარემოსათვის უვნებელი ისეთი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება, რომლებიც არ გამოიწვევენ წიაღისეულის გაუმართლებელ დანაკარგებსა და ხარისხის გაუარესებას ;

წიაღიდან ამოღებული ქანების ისეთი განთავსება, რომელიც გამორიცხავს ან შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას ;

საბადოს დამუშავებისა და ეროვნული მეურნეობის მიზნებისათვის საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების შენარჩუნება, ხოლო შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისის ლიკვიდაცია ;

გეოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტაცის, ქანების, მადნების ნიმუშების, კერნისა და სინჯების დუბლიკატების შენახვა წიაღის შემდგომი შესწავლის, საბადოს დაზვერვისა და დამუშავების, აგრეთვე წიაღით სხვა სახით სარგებლობისას მათი შესაძლო გამოყენებისათვის.

     მუხლი 42. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები

1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ზუსტად აღირიცხოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა, მათი დინამიკა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები და დანაკარგები;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბადოს დამუშავება შესაბამისი დონის გეოლოგიურ-სამარკშეიდერო სამუშაოების ჩატარებითა და საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის წარმოებით;

გ) საბადოს დამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა საბადოების დაზიანება;

დ) შენარჩუნებულ იქნეს საბადოს დამუშავებისას წიაღში დარჩენილი მარაგი და მოხდეს გზადაგზა მოპოვებული, მაგრამ დროებით გამოუყენებელი წიაღისეულის შენახვა და აღრიცხვა;

ე) რაციონალურად იქნეს ათვისებული ქანები და ოპტიმალურად განთავსდეს ისინი მომავალში გამოსაყენებლად;

ვ) სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება;

ზ) დაიცვან წიაღი და გარემოს სხვადასხვა ობიექტები, შენობები და ნაგებობები;

თ) გაითვალისწინონ შესაძლო ავარიები და შეიმუშაონ მათი ლიკვიდაციის გეგმები;

ი) შეინარჩუნონ ეკოლოგიური წონასწორობა;

კ) აწარმოონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობის, გაზის, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავება მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.

2. წიაღით სარგებლობის პროექტებს, სამთო სამუშაოთა გეგმებსა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიურ სქემებს სამინისტროსთან არსებული სათანადო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ამტკიცებს წიაღით მოსარგებლე. დებულებას მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ, აგრეთვე დებულებას წიაღით სარგებლობის პროექტების, სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემების შედგენისა და განსახილველად წარდგენის წესის შესახებ ინსპექციასთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 43. ძირითადი მოთხოვნები წიაღით იმ მიზნით სარგებლობისას, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან

1. წიაღის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან, წარმოებს დადგენილი წესით დამტკიცებული სპეციალური პროექტის შესაბამისად.

2. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მავნე ნივთიერებებისა და მასალების გაუვნებლება (ან ზუსტად დადგენილ საზღვრებში მათი ლოკალიზაცია), სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში მათი მოხვედრის თავიდან აცილება ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

ამ მუხლის დარღვევა იწვევს წიაღით სარგებლობის სამუშაოთა აკრძალვას სამინისტროსა ან ინსპექციის მიერ.

    მუხლი 44. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები

სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) ისეთი ტექნოლოგიური სქემის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსურ და რაციონალურ გამოყენებას, წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებას;

ბ) გადამუშავების სხვადასხვა სტადიაზე წიაღისეულიდან მიღებული სასარგებლო კომპონენტების რაოდენობის, ხარისხისა და დანაკარგების აღრიცხვა და კონტროლი;

გ) გადამუშავების ტექნოლოგიის შემდგომი სრულყოფის მიზნით წიაღისეულის სამთო-ქიმიური თვისებებისა და შემადგენლობის რეგულარული შესწავლა და საცდელი ტექნოლოგიური შემოწმების ჩატარება;

დ) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების (ლამი, კუდები, მტვერი, ჩამდინარე წყლები და სხვა) მაქსიმალური სისრულით გამოყენება;

ე) ჩამდინარე წყლების გაწმენდა მათი მეორადი გამოყენების მიზნით;

ვ) სასარგებლო კომპონენტების შემცველი, მაგრამ დროებით გამოუყენებელი ნარჩენების დასაწყობება, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) პროდუქციის ისეთი სახით გამოშვება, რომ მისი ტრანსპორტირებისას, შენახვისა და მოხმარებისას დაცული იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობები.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

    მუხლი 45. წიაღში მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების განლაგების (ჩამარხვის) და ჩამდინარე წყლების ჩაშვების მოთხოვნები

1. ნებადართულია წიაღში მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების განლაგება (ჩამარხვა), ჩამდინარე წყლების ჩაშვება იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია შემდეგი მოთხოვნები ;

ჩასამარხი პროდუქტების ლიკვიდაცია ან იზოლაცია მოხდება მკაცრად დადგენილ საზღვრებში და იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის წარმოშობისას თავიდან იქნება აცილებული სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში მათი მოხვედრის შესაძლებლობა ;

ეკოლოგიურად უსაფრთხო ისეთი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ წიაღისა და გარემოს სხვა კომპონენტების დაცვას მავნე ზემოქმედებისაგან ;

ჩამარხვის ობიექტებისა და გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის მუდმივი სისტემის უზრუნველყოფა, აგრეთვე ავარიის წარმოშობისას მოსახლეობის დაცვის და დროული შეტყობინების ეფექტური ზომების მიღება .

2. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ჩამდინარე წყლების ჩაშვება, მავნე ნივთიერებების და ნარჩენების ჩამარხვა უნდა შეზღუდოს, შეაჩეროს ან აკრძალოს სამინისტრომ ან ინსპექციამ.

    მუხლი 46. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის მოთხოვნები

1. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტება წარმოებს სავარაუდო მშენებლობის უბანზე წიაღის გეოლოგიური აგებულების და სხვა პირობების გათვალისწინებით.

წიაღის შესწავლა და გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ობიექტების განლაგების, საწარმოო ნარჩენების, მავნე ნივთიერებათა ჩამარხვისა და სხვა მიზნებისათვის ხორციელდება დამუშავებული და დამტკიცებული პროექტების (ტექნოლოგიური სქემების) საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მოთხოვნები.

2. იმ მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან (მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების ჩამარხვა, ჩამდინარე წყლის ჩაშვება, მიწისქვეშა გაზსაცავების მოწყობა და სხვა), უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ობიექტების გარემომცველი ქანების, პირველ რიგში კი წყალშემცველი ჰორიზონტების საიმედო იზოლაცია.

3. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ საწარმოთა, აგრეთვე იმ მიწისქვეშა ნაგებობების განლაგების ადგილები, რომლებიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან, საპროექტო სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივი და საქართველოს სახელმწიფო მმართველობის შესაბამის ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 47. წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები

1. ნებადართულია წიაღით სარგებლობა მხოლოდ მოსახლეობის, განსაკუთრებით დასაქმებულ მუშაკთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით.

2. სამინისტრო და ინსპექცია, აგრეთვე, წიაღით მოსარგებლენი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან უზრუნველყონ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების შესახებ კანონმდებლობისა და დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების (ნომრების, წესების) მოთხოვნათა შესრულება.

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრებათ წიაღის ათვისებაზე მომუშავე საწარმოებს იმის განურჩევლად, ლიცენზიას ფლობენ თუ სახელშეკრულებო საწყისებზე მუშაობენ.

3. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მოთხოვნებია:

სამუშაოზე მხოლოდ შესაბამისი სპეციალური მომზადებისა და კვალიფიკაციის მუშაკების დაშვება ;

სამთო და ბურღვით სამუშაოებზე დასაქმებულთა უზრუნველყოფა სპეციალური ტანსაცმლით, დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებებით ;

ისეთი მეთოდების, მასალების, ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს ;

სამუშაოთა ნორმალური ტექნოლოგიური ციკლისა და საშიში სიტუაციების პროგნოზირებისათვის აუცილებელი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა სახის დაკვირვებათა ჩატარება ;

სისტემატური კონტროლი სამთო გვირაბებში მტვრის, ფეთქებადსაშიში აირებისა და ჟანგბადის შემცველობაზე ;

წიაღით სარგებლობისას გარემოზე ყველა სახის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი და დასაშვებ ნორმამდე შემამცირებელი ღონისძიებების დამუშავება და გატარება ;

საშიში და ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გეგმების შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ;

მუშაკთა მიერ სამუშაოთა უსაფრთხოების წესების შესწავლა და შესრულება, აგრეთვე, ავარიების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება ;

სამუშაოთა შეჩერება მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ადამიანების გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე და საფრთხის ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება ;

სამუშაოთა ჩატარებისას მხოლოდ ისეთი მანქანების, მოწყობილობებისა და მასალების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების წესების ნორმების მოთხოვნებს ;

ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ საშუალებათა აღრიცხვა, სათანადო შენახვა და ხარჯვა, აგრეთვე მათი უსაფრთხო, სწორი გამოყენება ;

უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის სამთო სამუშაოთა გეგმების დროულად შევსება მონაცემებით, რომლებიც ასახავენ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების საზღვრებსა და ავარიის ლიკვიდაციის ზომებს.

4. წიაღით მოსარგებლეთა მიერ უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სათანადო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს. ისინი განსაზღვრავენ იმ პირთა წრეს, რომლებიც კონტროლს გაუწევენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების აღნიშნული წესების დაცვას.

5. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ხელმძღვანელები, სხვა ამისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირები, მუშაკთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უშუალო საფრთხის შექმნისას, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამუშაოები და უზრუნველყონ წარმოებაში დასაქმებულთა უსაფრთხო ევაკუაცია.

თუ საფრთხე ემუქრებათ მცხოვრებლებს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა გავლენის ზონაში, შესაბამისი წიაღით მოსარგებლე სუბიექტები ვალდებულნი არიან შეატყობინონ შექმნილი საფრთხის შესახებ სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს და ერთობლივად გამოყონ სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები, მასალები, მოწყობილობები, მედიკამენტები და შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ავარიის ლიკვიდაციაში.

    მუხლი 48. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოების ან ისეთი მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაცია და კონსერვაცია, რომლებიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან

პროექტით გათვალისწინებული სისრულით საბადოს დამუშავების შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა ან სხვა დასაბუთებათა საფუძველზე საბადოს (მისი ნაწილის) შემდგომი დამუშავება შეუძლებლად არის მიჩნეული, უნდა მოხდეს მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაცია ან კონსერვაცია. იგივე ვრცელდება იმ მიწისქვეშა ნაგებობებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, მათი შემდგომი ექსპლუატაციის შეუძლებლობისას, აგრეთვე, ლიცენზიის ვადის გასვლისა ან წიაღით სარგებლობის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

საწარმოს ლიკვიდაციისას უნდა გადაწყდეს სახალხო მეურნეობის სხვა მიზნებისათვის სამთო გვირაბების და ჭაბურღილების შემდგომი გამოყენების საკითხი. მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გვირაბები და ჭაბურღილები მოყვანილი უნდა იქნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკოლოგიური პირობების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა, კონსერვაციისას კი მათი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნება კონსერვაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს, აგრეთვე, იმ მიწისქვეშა ნაგებობათა ლიკვიდაციისა ან კონსერვაციის შემთხვევაში, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოებდეს სამუშაოთა დამთავრების მომენტამდე და ინახებოდეს ინსპექციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო ობიექტების მოსაზღვრე რაიონებში უნდა განხორციელდეს ღონისძიებები მომავალში სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების უზრუნველსაყოფად.

ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დამთავრებამდე წიაღით მოსარგებლეს ეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული სრული პასუხისმგებლობა.

ამ მუხლში დასახელებული ობიექტების ლიკვიდაცია ან კონსერვაცია ხდება და დამთავრებულად ითვლება სამინისტროს მიერ შესაბამისი აქტის გაფორმების შემდეგ.

    მუხლი 49. სამთო-სამაშველო სამსახური, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების და წიაღით მოსარგებლეთა ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს

1. წიაღით მოსარგებლე ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად, შექმნას სამთო-სამაშველო სამსახური ან სახელშეკრულებო საწყისებზე ისარგებლოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო ნაწილების მომსახურებით, სამთო გვირაბებზე ავარიების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ღია შადრევნების გაჩენის თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის. ამ სამსახურების და ნაწილების დისლოკაციას განსაზღვრავს ინსპექცია.

2. სამთო-სამაშველო ნაწილების, გაზისა და ნავთობის ღია შადრევნების გაჩენის თავიდან აცილების, მათი ლიკვიდაციის სამსახურების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი დადგენილი წესით.

3. მმართველობის ადგილობრივი ორგანოები და წიაღით მოსარგებლენი მოვალენი არიან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ საწარმოში ან სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობებში ავარიის დროს გამოყონ ტრანსპორტი, მასალები, მოწყობილობები, კავშირგაბმულობის საშუალებანი, მედიკამენტები და აღმოუჩინონ სხვა დახმარება ავარიის ლიკვიდაციისათვის.

თავი მეექვსე

პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 50. პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვის

1. გარიგება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს ამ კანონს, ბათილია.

2. პირებს, რომელთაც დადეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, აგრეთვე მათ, ვინც წიაღით თვითნებურად ისარგებლეს ;

დაარღვიეს წიაღით სარგებლობის ნორმები, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები ;

თვითნებურად გაანაშენიანეს წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობები ;

დაარღვიეს წიაღის დაცვის, აგრეთვე, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნები ;

ხელყვეს ისტორიისა და კულტურის ძეგლები, მათი ტერიტორიები და დაცვითი ზონები ;

დაარღვიეს გეოლოგიურ ინფორმაციის საკუთრების უფლება ;

მოსპეს ან დააზიანეს მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილები, აგრეთვე, სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნები ;

დაარღვიეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის წესები და ნორმები ;

დაარღვიეს მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესები და ნორმები ;

შეგნებულად მიაწოდეს სამინისტროსა და დეპარტამენტს დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაცია წიაღის შესახებ ;

დაეკისრებათ პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული ან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 51. სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 52. ზარალის ანაზღაურება

1. წიაღით მოსარგებლენი ვალდებული არიან აანაზღაურონ წიაღის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოწვეული ზარალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით.

2. წიაღით თვითნებური სარგებლობა და წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება აღიკვეთება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად.

თავი მეშვიდე

საერთაშორისო ხელშეკრულებები

    მუხლი 53. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესი და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების და შეთანხმების წესი.

 

თავი მერვე

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 54. გარდამავალი დებულებანი

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლიცენზირების შემოღებამდე წიაღით სარგებ­ლო­ბის მიზნით გაცემუ­ლი ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მი­წის გამოყოფის, სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნებით სარგებლობის უფლებას, თუ იგი საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად არ არის დამაგრებული წიაღით სარგებლო­ბის ლიცენზიით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა მიწის მინაკუთვნის პრივატიზება და ასეთი მინაკუთვნის მფლობელს, ამ მინაკუთვნის სარეგისტრაციოდ უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია), ხოლო ამ მინაკუთვნების ფარგლებში განთავსებული მიწისქვეშა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა ნაგებობები (ჭაურის, გვირაბებისა და ჭაბურღილების პირები, საკაპტაჟე და ზედა საკაპტაჟე ნაგებობები), აგრეთვე ლიკვიდირებული და დაკონსერვებული ასეთი ნაგებობები მიიჩნევა წიაღის უბნის განუყოფელ ნაწილად და მათ განკარგავს სამინისტრო.

2. სამინისტრომ საქართველოს მიწის მართვის და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმებით დაუწესოს წიაღით სარგებლობის თითოეულ ობიექტს მიწის მინაკუთვნი.

3. სამინისტრომ უზრუნველყოს ადრე გაცემული ლიცენზიების შეცვლა ამ კანონით დადგენილი ფორმით.

4. წიაღით სარგებლობის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნა ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის აღმასრულებელ სტრუქტურებს შორის განისაზღვროს წიაღის შესახებ საქართველოს კოდექსით.

5. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.

6. 2002 წლის 1 ოქტომბრიდან გაუქმდეს წიაღით სარგებლობის ყველა ის ლიცენზია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნას.

7. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინონ ადგილობრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის წიაღისეულის ჯგუფების, აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღით სარგებლობის ობიექტების ნუსხა.

8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნები, როგორც წიაღის ფონდის მიწები. აღნიშნული ფონდის მიწების განკარგვა მოხდეს მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.

9. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცებისთანავე აიკრძალოს მათთან სიახლოვეს განლაგებულ იმ საბადოებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან განსაკუთრებული მნიშვნელობის საბადოებს, გაცემული ლიცენზიების ვადის გაგრძელება ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის (აუქციონის) ჩატარების გარეშე.

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 17 მაისი.

№242 IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50

2. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33

3. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132

4. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №859 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.30

5. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი  №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153

6. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237

7. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2148 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.338

8. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.11.2009 წ., მუხ.274

19. 16/12/2021 - საქართველოს კანონი - 1146-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6899-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 17. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4096-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 16. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2613-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 15. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1676-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3006-რს - ვებგვერდი, 12/01/2015 13. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2162-IIს - ვებგვერდი, 27/03/2014 12. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1032-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 495-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 10. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6154-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 9. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3890-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 8. 20/11/2009 - საქართველოს კანონი - 2114 - სსმ, 36, 20/11/2009 7. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2148 - სსმ, 51, 06/12/2005 6. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1765 - სსმ, 36, 11/07/2005 5. 22/04/2005 - საქართველოს კანონი - 1409 - სსმ, 22, 18/05/2005 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 859 - სსმ, 6, 19/01/2005 3. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 447 - სსმ, 28, 07/10/2004 2. 01/03/2002 - საქართველოს კანონი - 1319 - სსმ, 5, 21/03/2002 1. 16/04/1999 - საქართველოს კანონი - 1894 - სსმ, 13(20), 01/05/1999