დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1409 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 18/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380.000.000.05.001.001.815 |
საქართველოს კანონი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პრეამბულის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წიაღისეული არის წიაღში არსებული ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმონაქმნები ან/და მათი ერთობლიობა.
4. წიაღისეული, რომლის მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე, ეკონომიკურად მიზანშეწონილია და ეკოლოგიურად მისაღებია, წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, რომელშიც მისი დანიშნულებისა და გამოყენების სფეროების მიხედვით გამოიყოფა სათბობ-ენერგეტიკული, მადნეულის (შავი და ფერადი ლითონების მადნები), სამშენებლო მასალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, მიწისქვეშა წყლებისა და არასაწვავი აირების და სხვა არამადნეული წიაღისეულის სახეობანი. მადნეულ სასარგებლო წიაღისეულში შეიძლება გამოიყოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეული. ასეთ შემთხვევაში მადნეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობა განისაზღვრება მასში არსებული ძირითადი სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით. ძირითადი სასარგებლო წიაღისეული წარმოადგენს მადნეულ წიაღისეულში არსებულ იმ ძირითად სასარგებლო კომპონენტს, რომლის მოპოვების მიზნითაც ხდება საბადოს დამუშავება. მადანში არსებული ის კომპონენტები, რომელთა მოპოვება და გამოყენება ხდება ძირითად სასარგებლო წიაღისეულთან ერთად, წარმოადგენს თანმდევ სასარგებლო წიაღისეულს. ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეული განისაზღვრება ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.“.
2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წიაღით სარგებლობის დროს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლის და ცხოველთა სამყაროს გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ხოლო მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის, ტყით და სხვა მცენარეული საფარით დაფარული ფართობების წიაღით სარგებლობისათვის გამოყენების საკითხებს, არეგულირებს ეს კანონი და საქართველოს ტყის კოდექსი. წიაღით სარგებლობის პროცესში ტყისა და სხვა მცენარეული საფარის რესურსის გამოყენების პირობები დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.
3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას.“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. წიაღისეულის ჯგუფები
ეკონომიკური მნიშვნელობისა და კონიუნქტურის გათვალისწინებით წიაღისეული იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად. სახელმწიფო მნიშვნელობის წიაღისეულის ჯგუფში ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება გამოიყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღისეული და წიაღით სარგებლობის ობიექტები (საბადოები), რომელთა დამუშავებას სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და პირდაპირ უკავშირდება გარკვეული სოციალური ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას და განვითარებას. სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის ჯგუფების, აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღისეულისა და წიაღით სარგებლობის ობიექტების (საბადოების) ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარდგინებით.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. მიწის მინაკუთვნს აწესებს და მის ზომებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთოტექნიკური პირობების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით. სამინისტროს მიერ დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. მიწის მართვის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიწის მინაკუთვნის წიაღის სახელმწიფო ფონდში შეტანა და მისი საჯარო რეესტრში აღრიცხვა (რეგისტრაცია) ხორციელდება სამინისტროს მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად წიაღის ფონდის მიწებზე დასაშვებია დროებითი განაშენიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. ასეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, სასოფლო-სამეურნეო მიზნით შესაძლებელია მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა ერთ წლამდე ვადით ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა სამინისტროსთან, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. მიწის მინაკუთვნის განკარგვა და გამოყენება ხორციელდება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებისა და წესების შესაბამისად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღით სარგებლობის ობიექტებისა) არსებობის ან აღმოჩენის შემთხვევაში მესაკუთრე სარგებლობს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების უპირატესი უფლებით. განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღით სარგებლობის ობიექტების აღმოჩენისას მიწის მესაკუთრეს არ გააჩნია უპირატესობა ლიცენზიის მისაღებად და ასეთ შემთხვევაში ცხადდება კონკურსი ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. წიაღით სარგებლობის ვადები
1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია ვადიანია, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა.
2. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადები წიაღით სარგებლობის სახეების მიხედვით განისაზღვრება:
ა) ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულისათვის – 45 წლამდე;
ბ) შავი და ფერადი ლითონების მადნებისათვის – 40 წლამდე;
გ) სამშენებლო მასალებისათვის – 20 წლამდე;
დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – 25 წლამდე;
ე) მიწისქვეშა წყლებისათვის და ბუნებრივი არასაწვავი აირებისათვის – 25 წლამდე;
ვ) წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი ნაგებობების მშენებლობისათვის – 45 წლამდე;
ზ) წიაღის შესწავლისათვის – 5 წლამდე.
3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადა აითვლება ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან.
4. წიაღით მოსარგებლეს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, აქვს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების უპირატესი უფლება, რის თაობაზეც მან სამინისტროს უნდა აცნობოს ლიცენზიით განსაზღვრული ვადის გასვლამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, მაგრამ არა უადრეს 18 თვისა ლიცენზიის ვადის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევებში სამინისტრომ სათანადო მიმართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში უნდა განიხილოს საკითხი და თავისი გადაწყვეტილება შეატყობინოს განმცხადებელს.
5. წიაღით სარგებლობის იმ ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან განსაკუთრებული მნიშვნელობის საბადოების სიახლოვეს და პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან მას და ახდენენ მასზე გავლენას, დაუშვებელია ლიცენზიის ვადის გაგრძელება ახალი კონკურსის გამოუცხადებლად. ასეთ შემთხვევებში წიაღით ყოფილ მოსარგებლეს არ გააჩნია რაიმე უპირატესობა ახალი კონკურსის ჩატარებისას.
6. ცალკეულ შემთხვევებში წიაღით სარგებლობა შეიძლება იყოს უვადოც მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების სამარხთა მოსაწყობად, აგრეთვე სხვადასხვა სახის მიწისქვეშა ნაგებობების ექსპლუატაციისათვის, თუ იგი დაკავშირებულია სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და აქვს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ამ მუხლში აღნიშნული ობიექტების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რის შემდეგაც შესაბამის ლიცენზიას გასცემს სამინისტრო.“.
7. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება:
ა) ნებისმიერი წიაღით მოსარგებლის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობასთან;
ბ) წიაღის შესწავლის ნებისმიერი სტადია, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, გეოეკოლოგიური და სხვა სამუშაოები, წიაღის შესწავლის სამუშაოთა მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური წარმოშობის საბადოებიდან;
დ) წიაღის გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით;
ე) წიაღის დაცვა და მისი რესურსების რაციონალური და კომპლექსური დამუშავება, ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი, აგრეთვე წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების ოდენობა და მათი შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან;
ვ) წიაღის და წიაღით სარგებლობის სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) წიაღით სარგებლობის ობიექტების კონსერვაცია და ლიკვიდაცია;
თ) წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა;
ი) წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება;
კ) წიაღის შესწავლის მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი;
ლ) წიაღით სარგებლობის დროს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების წესებისა და ნორმების დაცვა;
მ) იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან;
ნ) სამთო გვირაბებში, მიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში ნავთობის, გაზისა და მიწისქვეშ დასაცავად შენახული სხვა ნივთიერებისა და მასალების, წიაღში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების, წიაღში ჩამარხული მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების გაჟონვის თავიდან აცილება;
ო) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაციის დროს გეოლოგიურ და სამარკშეიდერო სამუშაოთა წარმოების წესების დაცვა.“.
8. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი მოთხოვნები
წიაღის დაცვის ძირითადი მოთხოვნებია:
ა) არ დაუშვან წიაღით თვითნებური სარგებლობა;
ბ) დაიცვან განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის წიაღის ობიექტები ან უბნები;
გ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები მათი განლაგების ფართობების განაშენიანებისაგან, წყალსაცავებით დატბორვისაგან და სხვა;
დ) რაციონალურად ისარგებლონ სასარგებლო წიაღისეულით და გამოიყენონ სამთომომპოვებელი მრეწველობის ნარჩენები;
ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების, მავნე ნივთიერებების და წარმოების ნარჩენების სამარხების მოსაწყობად;
ვ) დაიცვან სარგებლობისათვის წიაღის გადაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და არ დაუშვან წიაღით თვითნებურად (ულიცენზიოდ ან ლიცენზიით გამოყოფილი სამთო ნაკვეთის ფარგლებს გარეთ) სარგებლობა;
ზ) უზრუნველყონ წიაღის სრული და კომპლექსური შესწავლა და წიაღის დაცვისა და მისი რესურსების რაციონალური, კომპლექსური გამოყენება;
თ) წინასწარ შეისწავლონ წიაღი იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს სარწმუნო მონაცემები სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შეფასებისა და წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების მახასიათებლების დასადგენად;
ი) მოახდინონ სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გაცემული წიაღის უბნების სახელმწიფო ექსპერტიზა და სახელმწიფო აღრიცხვა;
კ) შესაძლებელი სისრულით ამოიღონ წიაღიდან როგორც ძირითადი, ასევე თანმდევი სასარგებლო წიაღისეული და უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, აგრეთვე უზრუნველყონ დანაკარგების შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან და განახორციელონ ღონისძიებები მათ შესამცირებლად;
ლ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის საბადოები დატბორვისაგან, გაწყლიანებისაგან, დაბინძურებისაგან, ხანძრის, დაშრეტისა და სხვა ფაქტორებისაგან, რომლებიც აუარესებენ წიაღისეულის ხარისხს, ამცირებენ საბადოს სამრეწველო ღირებულებას ან ართულებენ მის ათვისებას;
მ) თავიდან აიცილონ წიაღზე მავნე ზემოქმედება გაზისა და სხვა ნივთიერებების წიაღში შენახვის, მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვის, ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროს;
ნ) დაიცვან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ წარმოებათა და იმ მიწისქვეშა ნაგებობების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის დადგენილი წესები, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წიაღისეულის მოპოვებასთან;
ო) აღკვეთონ წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობზე თვითნებური განაშენიანება;
პ) არ დაუშვან სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავო ნაგებობების სიახლოვესა და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვება;
ჟ) უზრუნველყონ გარემოს მდგომარეობაზე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების გავლენის სარწმუნო პროგნოზირება და შეფასება, განახორციელონ აუცილებელი ზომები გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.“.
9. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წიაღით უნებართვოდ სარგებლობისა და წიაღისეულის საბადოთა ფართობების (წიაღის ფონდის მიწების) თვითნებური განაშენიანება წყდება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად. თუ წიაღისეულის საბადოთა ფართობებზე (წიაღის ფონდის მიწებზე) არსებული განაშენიანება არსებითად ზღუდავს ან აფერხებს წიაღით სარგებლობის შესაძლებლობას, მაშინ გამოიყენება ამ კანონითა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები და პროცედურები.“.
10. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები
1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ზუსტად აღირიცხოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა, მათი დინამიკა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები და დანაკარგები;
ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბადოს დამუშავება შესაბამისი დონის გეოლოგიურ-სამარკშეიდერო სამუშაოების ჩატარებითა და საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის წარმოებით;
გ) საბადოს დამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა საბადოების დაზიანება;
დ) შენარჩუნებულ იქნეს საბადოს დამუშავებისას წიაღში დარჩენილი მარაგი და მოხდეს გზადაგზა მოპოვებული, მაგრამ დროებით გამოუყენებელი წიაღისეულის შენახვა და აღრიცხვა;
ე) რაციონალურად იქნეს ათვისებული ქანები და ოპტიმალურად განთავსდეს ისინი მომავალში გამოსაყენებლად;
ვ) სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება;
ზ) დაიცვან წიაღი და გარემოს სხვადასხვა ობიექტები, შენობები და ნაგებობები;
თ) გაითვალისწინონ შესაძლო ავარიები და შეიმუშაონ მათი ლიკვიდაციის გეგმები;
ი) შეინარჩუნონ ეკოლოგიური წონასწორობა;
კ) აწარმოონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობის, გაზის, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავება მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.
2. წიაღით სარგებლობის პროექტებს, სამთო სამუშაოთა გეგმებსა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიურ სქემებს სამინისტროსთან არსებული სათანადო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ამტკიცებს წიაღით მოსარგებლე. დებულებას მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ, აგრეთვე დებულებას წიაღით სარგებლობის პროექტების, სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემების შედგენისა და განსახილველად წარდგენის წესის შესახებ ინსპექციასთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო.“.
11. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები
სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ისეთი ტექნოლოგიური სქემის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსურ და რაციონალურ გამოყენებას, წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებას;
ბ) გადამუშავების სხვადასხვა სტადიაზე წიაღისეულიდან მიღებული სასარგებლო კომპონენტების რაოდენობის, ხარისხისა და დანაკარგების აღრიცხვა და კონტროლი;
გ) გადამუშავების ტექნოლოგიის შემდგომი სრულყოფის მიზნით წიაღისეულის სამთო-ქიმიური თვისებებისა და შემადგენლობის რეგულარული შესწავლა და საცდელი ტექნოლოგიური შემოწმების ჩატარება;
დ) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების (ლამი, კუდები, მტვერი, ჩამდინარე წყლები და სხვა) მაქსიმალური სისრულით გამოყენება;
ე) ჩამდინარე წყლების გაწმენდა მათი მეორადი გამოყენების მიზნით;
ვ) სასარგებლო კომპონენტების შემცველი, მაგრამ დროებით გამოუყენებელი ნარჩენების დასაწყობება, აღრიცხვა და შენახვა;
ზ) პროდუქციის ისეთი სახით გამოშვება, რომ მისი ტრანსპორტირებისას, შენახვისა და მოხმარებისას დაცული იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობები.“.
12. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი მე-7– მე-9 პუნქტები:
„7. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინონ ადგილობრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის წიაღისეულის ჯგუფების, აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღით სარგებლობის ობიექტების ნუსხა.
8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნები, როგორც წიაღის ფონდის მიწები. აღნიშნული ფონდის მიწების განკარგვა მოხდეს მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.
9. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცებისთანავე აიკრძალოს მათთან სიახლოვეს განლაგებულ იმ საბადოებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან განსაკუთრებული მნიშვნელობის საბადოებს, გაცემული ლიცენზიების ვადის გაგრძელება ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის (აუქციონის) ჩატარების გარეშე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 22 აპრილი.
№1409-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები