"წიაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"წიაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3890-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.016087
  • Word
3890-IIს
07/12/2010
სსმ, 72, 22/12/2010
380000000.05.001.016087
"წიაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს სამინისტრო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. მიწის მინაკუთვნის წიაღის სახელმწიფო ფონდში შეტანა და მისი საჯარო რეესტრში აღრიცხვა (რეგისტრაცია) ხორციელდება სამინისტროს მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობების განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების დროებითი განაშენიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. ასეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, სასოფლო-სამეურნეო მიზნით შესაძლებელია მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა  ერთ წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა სამინისტროსთან, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. მიწის მინაკუთვნის განკარგვა და გამოყენება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი ნორმებისა და წესების შესაბამისად.“.

2. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, კომუნიკაციების, სამეურნეო და სხვა ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, სანამ არ დადასტურდება, რომ მომავალი განაშენიანების ფართობზე არ არსებობს სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) ან გამოვლინება. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის საფასურს  (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი განაშენიანებით. თუ განაშენიანება ხორციელდება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია ლიცენზიის მფლობელის თანხმობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასაშვებია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, სხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა მხოლოდ იმ ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ არსებობს, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3890–IIს