„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1676-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.018631
1676-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
380000000.05.001.018631
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობებს, ფუჭი ქანის სანაყაროებს, აგრეთვე კუდებისა თუ სხვა ნარჩენების განთავსების ადგილებს და იგი განეკუთვნება სარეკულტივაციო მიწებს. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესების და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად, როგორც წიაღის ფონდის მიწები, რის შემდგომაც ხდება მათი აღრიცხვა საჯარო რეესტრში. წიაღის ფონდის მიწებზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობების განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი არ გამოიყენება წიაღით სარგებლობისათვის. ისეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე ჯერ არ დაწყებულა წიაღით სარგებლობა, შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიზნით მიწის შესაბამისი ფართობით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.“.

2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა

სასარგებლო   წიაღისეულის   მოპოვების   ლიცენზიის   ფორმას   ამტკიცებს   საქართველოს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   მინისტრი (შემდგომ  –  მინისტრი).“.

3. 31-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წიაღის ეროვნული სააგენტო.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

4. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, სხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ არსებობს, რაც დასტურდება სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დასკვნით.“.

მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1676-რს