დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 193 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/03/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.110.000.04.001.000.063 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/03/1993 - 24/06/1993)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას.
ეს კანონი საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეობა
საქართველოს რესპუბლიკაში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა.
საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.
მუხლი 2. მოქალაქეობის უფლება
საქართველოს რესპუბლიკაში ამ კანონით დადგენილი წესით ყოველ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობის უფლება. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვებებისა. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა.
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქე
საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება:
ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ სამი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და 4 თვის ვადაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ბ) პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა
საქართველოს მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსის, საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.
მუხლი 5. საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა
საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები.
საქართველოს მოქალაქენი მოვალენი არიან დაიცვან საქართველოს ძირითადი კანონი და სხვა კანონები, გაუფრთხილდნენ ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობას, ხელი შეუწყონ მის ძლიერებას, იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგულნი.
მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა
საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, იცავს საქართველოს რესპუბლიკა.
მუხლი 7. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება საზღვარგარეთ მცხოვრები პირისათვის
რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
მუხლი 8. სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი და მოქალაქეობის არმქონე პირნი მოვალენი არიან პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონები, მათ გარანტირებული აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის იმის უფლება, რომ მიმართონ სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ორგანოებს მათი პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებათა დასაცავად.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ დახმარებისა და დაცვისათვის მიმართონ თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს.
მუხლი 9. სხვა სახელმწიფოსათვის საქართველოს მოქალაქის გადაცემის დაუშვებლობა
საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება გადაეცეს სხვა სახელმწიფოს.
თავი II
საქართველოს მოქალაქეობის შეძენა
მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის შეძენის საფუძვლები
საქართველოს მოქალაქეობის შეძენა ხდება:
ა) დაბადებით;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით);
გ) საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
მუხლი 11. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან
ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება დაბადების ადგილის მიუხედავად.
მუხლი 12. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა
მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ:
ა) დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) ერთ-ერთი მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის (დაბადების ადგილის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე - მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცნობია.
მშობელთა სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ორივე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი წყდება მშობელთა შეთანხმებით, მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში - იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი დაიბადა. იმ ბავშვის მამობის დადგენის შემთხვევაში, რომლის დედა მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამად მიჩნეულია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე დაბადების ადგილის მიუხედავად.
მუხლი 13. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები მოქალაქეობის არმქონე პირები არიან
საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ ისინი დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
მუხლი 14. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი, რომლის მშობლები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, წყდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით.
მუხლი 15. უცნობ მშობელთა ბავშვის მოქალაქეობა
საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ბავშვი, რომლის ორივე მშობელი უცნობია, ითვლება საქართველოს მოქალაქედ. სანამ სხვა რამ არ დადგინდება.
მუხლი 16. ბავშვის მოქალაქეობა მშობლების მოქალაქეობის შეცვლისას -
ორივე მშობლის მოქალაქეობის შეცვლა შესაბამისად იწვევს 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას.
14 - დან 18 წლამდე ბავშვის მოქალაქეობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.
მუხლი 17. ბავშვის მოქალაქეობა ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის შეცვლისას
ერთ-ერთი მშობლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეცვლისას ბავშვი ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებლად რჩება.
თუ საქართველოს მოქალაქეობიდან გადის ერთ-ერთი მშობელი და 14 წელს მიუღწეველ ბავშვთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბავშვი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის დაკარგვა არ იწვევს ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას.
მუხლი 18. ბავშვის მოქალაქეობა ერთ-ერთი მშობლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეძენისას
თუ ერთ-ერთი მშობელი იძენს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო მეორე რჩება სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ, მშობელთა ერთობლივი შუამდგომლობით ბავშვი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე.
თუ ერთ-ერთი მშობელი იძენს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო მეორე რჩება მოქალაქეობის არმქონე პირად, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე.
მუხლი 19. სრულწლოვანი პირის მიერ მოქალაქეობის არჩევის შესაძლებლობა
მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობის შემთხვევაში პირი სრულწლოვანების მიღწევისას სურვილისამებრ ირჩევს ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობას.
მუხლი 20. ბავშვის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეძენა შვილად აყვანის შემთხვევაში
ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, თუ მას შვილად აიყვანენ საქართველოს მოქალაქეები, ხდება საქართველოს მოქალაქე.
ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქე და სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში მშვილებელთა ერთობლივი შუამდგომლობით საქართველოს მოქალაქე ხდება.
მუხლი 21. ბავშვის მოქალაქეობის შენარჩუნება შვილად აყვანის დროს
ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უცხოელი მოქალაქეების ან საქართველოს მოქალაქისა და უცხოელი მოქალაქე მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას. ასეთ შემთხვევაში მშვილებლების შუამდგომლობით ბავშვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ნება ეძლევა.
ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, თუ იგი შვილად აიყვანეს მოქალაქეობის არმქონე პირებმა ან საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მეუღლეებმა, ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას.
მუხლი 22. ბავშვის მოქალაქეობა, რომელსაც დაწესებული აქვს მეურვეობა ან მზრუნველობა
ბავშვი, რომელსაც დაწესებული აქვს მეურვეობა ან მზრუნველობა, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი ტოვებს საქართველოს მოქალაქეობას, მეურვის ან მზრუნველის შუამდგომლობით ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას.
მუხლი 23. არაქმედუნარიან პირთა მოქალაქეობა
არაქმედუნარიან პირთა მოქალაქეობა განისაზღვრება მეურვის მოქალაქეობის შესაბამისად.
მუხლი 24. დავა ბავშვების, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მოქალაქეობის თაობაზე
დავა მშობლებს, მეურვეებსა ან მზრუნველებს შორის ბავშვის, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მოქალაქეობის თაობაზე განიხილება სასამართლო წესით ბავშვის, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობა ქორწინების ან განქორწინებისას
საქართველოს მოქალაქის ქორწინება ან განქორწინება უცხოელ მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან თავისთავად არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას.
ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა თავისთავად არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას.
მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.
მუხლი 26. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები
საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის შესაბამისად მიიღება სრულწლოვანი უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის ქართული ან აფხაზური ენა;
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და კანონმდებლობა;
დ) საქართველოს რესპუბლიკაში აქვს სამუშაო ადგილი ან რაიმე უძრავი ქონება.
საქართველოს მოქალაქედ არ მიიღება ისეთი განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წელზე მეტი ვადით, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველმა პირმა ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს მოქალაქის დეკლარაციას.
მუხლი 27. საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, გამონაკლისის სახით, უფლება აქვს ამ კანონის 26-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლად მიიღოს საქართველოს მოქალაქედ პირი, თუ:
ა) კაცობრიობის და საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომელიც წარმოადგენს ინტერესს საქართველოს რესპუბლიკისათვის;
ბ) მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ
პირი, რომელიც დაქორწინდება საქართველოს მოქალაქეზე და მასთან ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“, „გ“, პუნქტებისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა
საქართველოს მოქალაქეობა პირს შეიძლება აღუდგეს ამ კანონის შესაბამისად, თუ მოქალაქეობა მას შეუწყდა:
ა) მოქალაქეობის არამართლზომიერი დაკარგვის შედეგად;
ბ) მოქალაქეობიდან გასვლის, მშობლების არჩევანის შედეგად, თუ დაინტერესებული პირი განცხადების შეტანის დროისათვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოს რესპუბლიკაში და აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“, „გ“ პუნქტებისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
თავი III
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
მუხლი 30. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
გ) საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 31. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი წყდება ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობის, სამხედრო ვალდებულების მოუხდელობის ან ქონებრივ ვალდებულებათა არსებობისას, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებით ინტერესებთან.
არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, თუ პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.
მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა
ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;
ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;
გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
თავი IV
საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესი
მუხლი 33. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებანი მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე;
გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე;
დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე.
მუხლი 34. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანა
საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში; საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებას საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს.
14 წლამდე ასაკის პირთა შუამდგომლობები საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე შეაქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს.
მუხლი 35. წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე
წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში შეაქვთ სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს.
მუხლი 36. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვა
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებას და წარდგინებას წინასწარ განიხილავს და მასალებს ამზადებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. დასკვნა მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე მტკიცდება იუსტიციის სამინისტროს კოლეგიაზე.
მუხლი 37. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება
საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.
მუხლი 38. მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის ვადები
მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვა-გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
მუხლი 39. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განმეორებითი განხილვა
საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადების წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 40. სახელმწიფო ბაჟი
მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით.
მუხლი 41. დებულება მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის შესახებ
დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე მტკიცდება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით.
მუხლი 42. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.
მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადების განხილვაზე დაუსაბუთებელი უარის, შუამდგომლობათა განხილვის ვადების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებებისათვის შესაბამისი თანამდებობის პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობით.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 43. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქეობა დასტურდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტით.
16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა დასტურდება დაბადების მოწმობით და მშობლების პასპორტით ან მოქალაქის პირადობის მოწმობით.
16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლებიც უცნობი არიან, დასტურდება დაბადების მოწმობით.
მუხლი 44. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას გასცემენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები.
სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს პასპორტს აძლევს საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
მუხლი 45. საპატიო მიზეზით გადაცილებული ვადის აღდგენა
თუ პირმა ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე ან ვერ მიიღო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მას გადაცილებული ვადა აღუდგება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 46. საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება
საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას ამ კანონთან ერთად გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებები.
თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკა მონაწილეობს, ამ კანონისაგან განსხვავებული წესებია დადგენილი, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტაგ გოგუაძე.
თბილისი,
1993 წლის 25 მარტი.
№193-Iს
დოკუმენტის კომენტარები