დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 802 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.110.000.04.001.003.381 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები
საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის შესაბამისად მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.“.
2. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ
პირი, რომელიც დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე და მასთან ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 261 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
3. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი წყდება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას.
2. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, თუ პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.“.
4. 34-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო). საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე განცხადება დაინტერესებულ პირს შეაქვს სააგენტოში ან შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.“.
5. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე
წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში შეაქვთ სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
მუხლი 36. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა
1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.
2. თუ სააგენტოსთვის ამ კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა მიერ წარდგინების შეტანის გარეშე გახდება ცნობილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.
6. 361 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 361. მოქალაქეობის დადგენის საკითხების განხილვა
ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-11–22-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ან საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში – შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“.
7. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის ვადა
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“.
8. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემენ სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები.“.
9. 451 და 452 მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განსახილველი საქმეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის გადაცემა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№802–IIს
დოკუმენტის კომენტარები