ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.002.038
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2304
16/12/2005
სსმ, 2, 09/01/2006
010.250.000.04.001.002.038
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/01/2006 - 10/11/2006)

საქართველოს ორგანული კანონი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას.

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობა – საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად;

ბ) თვითმმართველი ერთეული – დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირია;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები;

დ) დასახლება – მოსახლეობის განსახლების პირველადი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, აქვს ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახლება შედის თვითმმართველი ერთეულის შემადგენლობაში ან თვითმმართველი ერთეულია. დასახლების კატეგორიებია:

დ.ა) სოფელი – დასახლება, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ან/და რომლის ინფრასტრუქტურა ძირითადად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე;

დ.ბ) დაბა – არანაკლებ 3000 მოსახლისაგან შემდგარი დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც არსებობს სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს, ამასთანავე, არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 3000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი;

დ.გ) ქალაქი – არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებიდან და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოს სპეციალური სტატუსი;

ე) მუნიციპალიტეტი – დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;

ვ) თვითმმართველი ქალაქი – ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;

ზ) ადმინისტრაციული ერთეული – თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ადმინისტრაციული ერთეულებია:

ზ.ა) დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი);

ზ.ბ) დასახლებათა გაერთიანება (თემი);

ზ.გ) დასახლების ნაწილი (უბანი);

თ) ექსკლუზიური უფლებამოსილება – თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით;

ი) დელეგირებული უფლებამოსილება – სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა თვითმმართველ ერთეულს;

კ) ნებაყოფლობითი უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის.

    მუხლი 2. საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელება

1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან და თანამდებობის პირებისგან;

დ) წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;

ე) მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირებს;

ვ) განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესი და თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებანი და თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

    მუხლი 4. სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურ-ფინანსური პირობების შექმნას და ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს, მოთხოვნის შემთხვევაში გამართონ წინასწარი კონსულტაციები იმ კავშირებთან (ასოციაციებთან), რომლებიც აერთიანებენ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ნახევარზე მეტს.

3. თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელიც შეეხება თვითმმართველობის ინტერესებს, განხილულ უნდა იქნეს არსებითად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

4. სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განეკუთვნება:

ა) ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და განხორციელება;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონით დადგენილი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;

დ) მინიმალური სახელმწიფო სოციალური სტანდარტების დადგენა და უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ურთიერთობის რეგულირება; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრა და უზრუნველყოფა;

ვ) თვითმმართველი ერთეულებისათვის იმ დამატებითი ხარჯების კომპენსაცია, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების შედეგად;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

თ) თვითმმართველი ერთეულისა და დასახლებების შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესების დადგენა და თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის უზრუნველყოფა და დაცვა;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების რეგულირება და დაცვა;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების წესის განსაზღვრა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვა;

მ) მაღალმთიან რეგიონებსა და კანონით განსაზღვრულ საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების თავისებურებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა.

    მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;

გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;

ვ) საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;

თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;

კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

    მუხლი 6. თვითმმართველი ერთეულების უფლება ერთობლივი სამსახურების შექმნაზე

ურთიერთმოსაზღვრე თვითმმართველ ერთეულებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საკრებულოს თანხმობით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ხელშეკრულების საფუძველზე შექმნან საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველმყოფი ერთობლივი სამსახურები, რომლებსაც გადასცემენ მათ უფლებამოსილებაში არსებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს და ამ ფუნქციათა შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.

    მუხლი 7. თვითმმართველ ერთეულთა კავშირები (ასოციაციები)

1. თვითმმართველ ერთეულებს თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შექმნან გაერთიანება კავშირის (ასოციაციის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

2. კავშირები (ასოციაციები) უფლებამოსილნი არიან აწარმოონ კონსულტაციები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თვითმმართველი ერთეულების სახელით, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში.

3. თვითმმართველ ერთეულთა კავშირებს (ასოციაციებს) უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლონ თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან) ან/და გაერთიანდნენ ასეთ კავშირებში (ასოციაციებში).

    მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს გერბი, დროშა და სხვა სიმბოლოები.

2. თვითმმართველი ერთეულის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის თანხმობით ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო რეგისტრაციას.

3. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

თავი II.

თვითმმართველი ერთეული

    მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი

1. თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.

2. დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის თვითმმართველი ერთეულის სტატუსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება

1. თვითმმართველი ერთეულის შექმნის საფუძველია:

ა) თვითმმართველი ერთეულის გაყოფა ორ ან მეტ თვითმმართველ ერთეულად;

ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე თვითმმართველი ერთეულის გაერთიანება ერთ თვითმმართველ ერთეულად.

2. თვითმმართველი ერთეულის გაუქმების საფუძველია:

ა) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე თვითმმართველი ერთეულის გაერთიანება ერთ თვითმმართველ ერთეულად;

ბ) თვითმმართველი ერთეულის გაყოფა ორ ან მეტ თვითმმართველ ერთეულად.

3. საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან) ან მოსახლეობასთან კონსულტაციის ან თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) საკრებულოს (საკრებულოების) წარდგინების საფუძველზე მიმართავს საქართველოს პარლამენტს თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით.

4. თვითმმართველი ერთეულის გაყოფის გზით ახალი თვითმმართველი ერთეულის შექმნის შემთხვევაში წარდგინებაში უნდა მიეთითოს:

ა) თვითმმართველი ერთეულის გაყოფის საჭიროების დასაბუთება;

ბ) გაყოფის შედეგად შესაქმნელ თითოეულ თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების და მოსახლეთა რიცხოვნობა;

გ) გაყოფის შედეგად შესაქმნელი თითოეული თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;

დ) თვითმმართველი ერთეულის გაყოფის თაობაზე გასაყოფი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

ე) გაყოფის შედეგად შესაქმნელი თითოეული თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი და მისი შესაბამისობა ადმინისტრაციული ცენტრისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;

ვ) ახალშექმნილ თვითმმართველ ერთეულებზე ფინანსური და სხვა სახის უფლება-მოვალეობებისა და ქონების განაწილების წესი.

5. ორი ან მეტი თვითმმართველი ერთეულის ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანების შემთხვევაში წარდგინებაში უნდა მიეთითოს:

ა) თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება;

ბ) გაერთიანების შედეგად შესაქმნელ თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების და მოსახლეთა რიცხოვნობა;

გ) გაერთიანების შედეგად შესაქმნელი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი;

დ) თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების თაობაზე გაერთიანების მსურველი თითოეული თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

ე) გაერთიანების შედეგად შესაქმნელი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

6. თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა

1. საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებთან ან მოსახლეობასთან კონსულტაციის ან თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების წარდგინების საფუძველზე მიმართავს საქართველოს პარლამენტს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებით. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

2. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებაში უნდა მიეთითოს:

ა) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება;

ბ) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

გ) თვითმმართველი ერთეულების ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

    მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია

1. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციას სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ბ) თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები;

გ) თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

    მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების, მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ დავის გადაწყვეტის წესი

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების, მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III.

 თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი

    მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები

1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებია:

ა) ექსკლუზიური უფლებამოსილებები;

ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები;

გ) ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები.

2. თვითმმართველი ერთეული ექსკლუზიურ, დელეგირებულ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

    მუხლი 16. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები

1. თვითმმართველი ერთეული ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.

2. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;

ე) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

ვ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;

თ) კანონით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა;

ი) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;

კ) გარე ვაჭრობის რეგულირება;

ლ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;

მ) საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფის, მომსახურების წესების დადგენა; ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, განათება, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

ო) სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) საქმიანობის ხელშეწყობა;

პ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნა, მათი წესდებების დამტკიცება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და მათი საქმიანობის კონტროლი;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა;

რ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობისთვის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და მოსახლეობის ინფორმირება;

ტ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

უ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ფ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ქ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;

ღ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია.

3. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ ექსკლუზიური ან ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების იმგვარი გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას.

    მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები

1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

2. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას თვითმმართველ ერთეულსა და შესაბამის სამსახურებს ზედამხედველობას უწევს კანონით ან შესაბამისი ხელშეკრულებით უფლებამოსილი სახელმწიფო მმართველობის ორგანო.

    მუხლი 18. თვითმმართველი ერთეულის ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები

თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით მიიღოს სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის.

თავი IV.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები

    მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მერია).

    მუხლი 20. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;

ბ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;

გ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, რომლებსაც ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; გამგებლის (მერის) მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);

ე) გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);

ვ) გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

თავი V.

 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

    მუხლი 21. საკრებულო

1. საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის ქალაქში პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი და მაჟორიტარული წესით არჩეული ხუთი წევრით.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის მუნიციპალიტეტში შემავალი ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი წევრით.

4. საკრებულოს არჩევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

    მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება

1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებების მიღება;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) გამგებლის (მერის) არჩევა, მისი შრომის ანაზღაურების პირობებისა და ოდენობის განსაზღვრა;

ზ) თემის (თვითმმართველი ქალაქის უბნის) შექმნა და გაუქმება;

თ) საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის) სტრუქტურის დამტკიცება;

ი) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის) და მათი სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი სამსახურებისა და იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

მ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადებში, გამგებლის (მერის) წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ო) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;

პ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება;

ჟ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;

რ) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;

ს) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, მიწის, ტყის და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა;

ტ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფის, მომსახურების წესების დადგენა;

ფ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ქ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ღ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ყ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა;

შ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია;

ჩ) საქართველოს მთავრობის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სესხის ან გრანტის აღება;

ც) გამგებლისთვის (მერისთვის) თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.

    მუხლი 23. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება

1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.

2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.

3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

4. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

    მუხლი 24. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება

1. საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;

ბ) გამგებლის (მერის) წინადადებით;

გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით;

დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან 1 კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი წევრი.

4. საკრებულოს მუშაობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

    მუხლი 25. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი

1. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საკრებულოს სხდომა ღიაა.

4. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

    მუხლი 26. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

1. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი, ღია კენჭისყრით წყდება. ფარული კენჭისყრა ტარდება პერსონალური საკითხების გადაწყვეტის დროს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს სხვა საკითხებზედაც.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

3. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა.

    მუხლი 27. საკრებულოს სხდომის ოქმი

1. საკრებულოს სხდომის ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.

2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 28. საკრებულოს კომისიები

1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის (მერიის) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები.

2. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიების წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.

3. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 29. დროებითი სამუშაო ჯგუფი

1. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.

    მუხლი 30. საკრებულოს ბიურო

1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს;

გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;

დ) კონკურსის წესით შეარჩევს და საკრებულოს წარუდგენს გამგებლის (მერის) კანდიდატურას;

ე) ისმენს გამგებლის (მერის), საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ვ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 31. საკრებულოს ფრაქცია

1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

2. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.

3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში.

4. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა.შ.) ნიშნით.

    მუხლი 32. საკრებულოს წევრის სტატუსი

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს 1, მაგრამ არა უმეტეს 2 კომისიის შემადგენლობაში მაინც.

4. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგი თანამდებობის პირების საქმიანობა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.

5. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

ვ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;

ზ) გარდაიცვალა.

6. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს:

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ბ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;

გ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

დ) იმუშაოს თვითმმართველი ერთეულის გამგეობაში (მერიაში);

ე) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვ.), აგრეთვე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.

7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.

8. საკრებულოს წევრს ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის/დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

9. თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

10. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

    მუხლი 33. საკრებულოს თავმჯდომარე

1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.

2. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;

ბ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებს და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს და მოქმედებს თვითმმართველი ერთეულის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ახორციელებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტების მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების (ბიუჯეტის) შესრულებას;

ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი პროცედურების დაცვას;

ზ) ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

თ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ი) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მ) ხელს უწყობს ადგილობრივ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობას.

3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

4. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

6. თუ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთმა მესამედმა ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის დაწყება, მათ აღნიშნული უფლების განხორციელება არ შეუძლიათ მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, დამტკიცების ან არჩევის შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

    მუხლი 34. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გადაყენებისას.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, დამტკიცების ან არჩევის შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.

    მუხლი 35. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს კომისის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, დამტკიცების ან არჩევის შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.

    მუხლი 36. ფრაქციის თავმჯდომარე

1. საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 37. საკრებულოს აპარატი

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

2. საკრებულოს აპარატის სტრუქტურას და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს საკრებულო.

3. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

თავი VI.

 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი

    მუხლი 38. გამგეობა (მერია)

1. გამგეობა (მერია) აღასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს.

2. გამგეობა (მერია) შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.

3. გამგეობის (მერიის) საქმიანობას უძღვება გამგებელი (მერი).

4. გამგეობის (მერიის) სტრუქტურას გამგებლის (მერის) წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.

5. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოს და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებებს.

6. თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოები.

7. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც გამგებლის (მერის) წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.

8. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

    მუხლი 39. გამგებლის (მერის) არჩევის წესი და უფლებამოსილებები

1. გამგებელი (მერი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი უფლებამოსილების ვადით.

2. გამგებლის (მერის) კანდიდატურა შეირჩევა კონკურსის წესით. გამგებლის (მერის) თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი (მერი) არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

3. გამგებლის (მერის) შრომის ანაზღაურების პირობებს და ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო.

4. გამგებელი (მერი):

ა) განსაზღვრავს გამგეობის (მერიის) საქმიანობის მიმართულებებს, კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულებასა და სტრუქტურას, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს;

დ) ყოველწლიურად ამზადებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; უფლებამოსილია დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად გადაანაწილოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური ბიუჯეტით ამ ორგანიზაციისათვის დამტკიცებული ასიგნების 10%-ის ფარგლებში;

ე) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს და ისმენს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) ამტკიცებს გამგეობის (მერიის) შინაგანაწესს, თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებას;

ზ) საკრებულოს წარუდგენს გამგეობის (მერიის) ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; განსახილველად წარადგენს გამგეობის (მერიის) მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ი) გამგეობის (მერიის) საქმიანობისათვის პასუხისმგებელია საკრებულოს წინაშე;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოხელეების წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებას საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

ნ) ახორციელებს გამგეობის (მერიის) დებულებით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამგებელი (მერი) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

6. გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობას ასრულებს გამგებლის (მერის) მოადგილე.

7. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის (მერის) საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.

    მუხლი 40. გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) გარდაცვალება;

ვ) საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება ამ მუხლის მე-3–მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

2. გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტასა და თანამდებობიდან განთავისუფლებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.

3. საკრებულოს წინაშე უნდობლობის მოტივით გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმა დაუშვებელია გამგებლის (მერის) თანამდებობაზე არჩევიდან პირველი სამი თვის და საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში შეიტანება რიგგარეშედ, ხოლო აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ტარდება საკითხის დასმიდან არა უადრეს 1 თვისა.

4. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან კენჭისყრამდე საკრებულო ამ კანონით დადგენილი წესით ასახელებს გამგებლის (მერის) ახალ კანდიდატურას.

5. თუ გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ კენჭი ერთად ეყრება. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს.

6. გამგებელი (მერი) თანამდებობიდან განთავისუფლებულად ჩაითვლება და უფლებამოსილება უწყდება, თუ საკრებულო აირჩევს ახალ გამგებელს (მერს).

7. თუ გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 1 თვის განმავლობაში ვერ დასახელდა გამგებლის (მერის) ახალი კანდიდატურა ან ვერ აირჩა ახალი გამგებელი (მერი), დაუშვებელია გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის განმეორებით დასმა აღნიშნული საკითხის დასმის დღიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

8. გამგებელი (მერი) პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულად ჩაითვლება განცხადების ჩაბარების დღიდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

9. ამ მუხლის მე-3–მე-7 პუნქტების გარდა, უფლებამოსილების სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს ახალ გამგებელს (მერს) 1 თვის ვადაში.

    მუხლი 41. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). გამგებლის (მერის) განთავისუფლება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის განთავისუფლების საფუძველია.

2. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს (მერს) წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს (მერს) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე.

3. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).

    მუხლი 42. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

1. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

2. რწმუნებული საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებაში (დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში).

3. რწმუნებული:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირს;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს (მერს) წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).

თავი VII.

 ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები

    მუხლი 43. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტია საკრებულოს დადგენილება. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;

ბ) საკრებულოს განკარგულება;

გ) გამგებლის (მერის) ბრძანება.

4. სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 44. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა შეჩერება და გაუქმება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებანი შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებათა მიმღებმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა.

2. საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მისივე გადაწყვეტილებით ან სასამართლო წესით.

3. იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებამოსილებები, შეუძლიათ შეაჩერონ ან/და გააუქმონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

4. გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტების შეჩერებისა და გაუქმების უფლება აქვს საკრებულოს, აგრეთვე სასამართლოს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII.

თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები

    მუხლი 45. თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური საფუძვლები

თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თვითმმართველი ერთეულის ქონება და ფინანსები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველ ერთეულს, აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

    მუხლი 46. თვითმმართველი ერთეულის ქონება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაცემულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ან რომელიც თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თვითმმართველი ერთეულები საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან. დაუშვებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, მართვისა და განკარგვის საკითხებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობისა და განკარგვის, მისით სარგებლობის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 47. მიწა და ბუნებრივი რესურსები

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:

გ.ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა;

გ.ბ) 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა;

გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა;

გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწისა;

გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა;

გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწისა;

გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა;

გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;

გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება პრივატიზებას „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.

    მუხლი 48. ადგილობრივი შესყიდვა

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით მომსახურების შესყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის წესებს, დებენ ხელშეკრულებებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აკონტროლებენ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და მომსახურების გაწევის დადგენილი წესების დაცვას.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვს საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის მიზნით შექმნას კანონით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველ ერთეულში მსგავსი ფორმის მომსახურებას არ ეწევა არც ერთი სამეწარმეო სუბიექტი. კერძო სამეწარმეო სუბიექტის მიერ ასეთი ფორმის მომსახურების გაწევის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია მოახდინოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საწარმოს განკერძოება ან ლიკვიდაცია.

    მუხლი 49. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმა.

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისგან.

3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და განხილვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ და „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 50. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებია:

ა) ადგილობრივი გადასახადები;

ბ) ადგილობრივი მოსაკრებლები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები;

გ) კაპიტალური შემოსავლები;

დ) გამოთანაბრებითი ტრანსფერი;

ე) სესხი;

ვ) გრანტი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში სხვა ბიუჯეტებიდან მოზიდული სახსრებია:

ა) სპეციალური ტრანსფერი;

ბ) მიზნობრივი ტრანსფერი;

გ) მიზნობრივი სუბვენციები და მიზნობრივი სუბსიდიები.

3. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო არასაგადასახადო შემოსავლების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და კაპიტალური შემოსავლების ამოღებას – შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები.

4. გამოთანაბრებითი ტრანსფერი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით, ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. მიზნობრივი ტრანსფერი არის თვითმმართველი ერთეულისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა. მიზნობრივი ტრანსფერი გამოიყენება მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

6. სპეციალური ტრანსფერი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოიყენება ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, კონკრეტული კაპიტალური და სხვა აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად.

7. თვითმმართველ ერთეულს შეუძლია აიღოს სესხი ან გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის თვითმმართველი ერთეულის ხარჯებს ან ამცირებს მის შემოსავალს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.

    მუხლი 51. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები

1. თვითმმართველ ერთეულს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია სპეციალური ტრანსფერის, მიზნობრივი ტრანსფერის, აგრეთვე მიზნობრივი სუბვენციებისა და მიზნობრივი სუბსიდიების გარდა დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები.

2. თვითმმართველი ერთეულები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი პროგრამებისა და ხარჯების მიმართულებებს.

3. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მისი ბიუჯეტის ხარჯების 10%-ს.

4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დაფინანსების მიზნით. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯების 2%-ს. სარეზერვო ფონდის განკარგვის წესს განსაზღვრავს საკრებულო.

5. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.

თავი IX.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების გარანტიები

    მუხლი 52. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფის სისტემა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან შექმნან კანონით დადგენილი, აუცილებელი საფინანსო-ეკონომიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი პირობები.

    მუხლი 53. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების შესრულების სავალდებულოობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის.

    მუხლი 54. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიმართვების განხილვა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიმართვები სავალდებულოა განსახილველად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, აგრეთვე იმ იურიდიული პირების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც ეს მიმართვები ეგზავნება.

თავი X.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი

    მუხლი 55. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლის ფორმებია:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობა;

ბ) საფინანსო კონტროლი;

გ) შიდა კონტროლი.

    მუხლი 56. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების ზომები და წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 57. საფინანსო კონტროლის ფორმები

1. საფინანსო კონტროლის ფორმებია:

ა) აუდიტორული შემოწმება;

ბ) საფინანსო შემოწმება.

2. აუდიტორული შემოწმება არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო დოკუმენტაციის აუდიტორული შემოწმება, რომელსაც საკრებულოს ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ ატარებს მოწვეული აუდიტორი.

3. აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მათ გააცნობს საკრებულოს. ანგარიშს და დასკვნას აუდიტორი გზავნის საქართველოს კონტროლის პალატაში. აუდიტორის დასკვნა საჯაროდ ქვეყნდება.

4. საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღებაგამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით. საფინანსო შემოწმება მოიცავს გაწეული ხარჯების დოკუმენტირების, საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშგების, კანონთან, უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესაბამის გადაწყვეტილებასთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საფინანსო სტანდარტებთან შესაბამისობის და სახსრების გამოყენების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენას.

    მუხლი 58. შიდა კონტროლი

1. შიდა კონტროლი მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებების, შინაგანაწესების, ინსტრუქციების და სამუშაო პროცესის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დაცვის კონტროლს.

2. შიდა კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

თავი XI.

 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

    მუხლი 59. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე დგება მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონების დარღვევის შემთხვევაში.

    მუხლი 60. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან კანონით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსახლეობას ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 61. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე დგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

თავი XII.

საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

    მუხლი 62. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება

1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 63. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:

ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;

ბ) საკრებულომ 2 თვეში ვერ აირჩია გამგებელი (მერი);

გ) საკრებულომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან 2 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

2. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.

3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

თავი XIII.

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 64. თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების დროებითი წესი

1. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ენიჭებათ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

ა) საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში;

ბ) საქართველოს რაიონებს;

გ) ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს.

2. მუნიციპალიტეტის, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა ერთობლიობას, ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრად – 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი თემების ადმინისტრაციული ცენტრები.

3. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

    მუხლი 65. სამართალმემკვიდრეობა

1. მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე.

2. თვითმმართველი ქალაქი არის იმ ქალაქის სამართალმემკვიდრე, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედის რაიონის შემადგენლობაში.

    მუხლი 66. დასახლებათა და თვითმმართველ ერთეულთა ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის დროებითი წესი

1. დასახლებების ადმინისტრაციულ საზღვრებად დგინდება ამ კანონის მიღების დროისათვის დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები.

2. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრები დგინდება თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების ამ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.

    მუხლი 67. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა

1. 2006 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს:

ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობის ფორმებს.

2. ამ კანონის მიღებიდან 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.

თავი XV.

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 68. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 64-ე–67-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

2. ამ კანონის 64-ე–67-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2304-რს

36. 05/02/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 1958-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 20/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1232-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 12/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 824-რს - ვებგვერდი, 06/08/2013 33. 29/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6600-რს - ვებგვერდი, 13/07/2012 32. 22/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6551-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 31. 05/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6378-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 30. 27/03/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 5932-Iს - ვებგვერდი, 04/04/2012 29. 16/03/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 5857-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 28/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5663-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 27. 24/11/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5292-IIს - ვებგვერდი, 111205019, 05/12/2011 26. 03/05/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4568-Iს - ვებგვერდი, 110518023, 18/05/2011 25. 05/04/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4486-Iს - ვებგვერდი, 110408027, 08/04/2011 24. 11/02/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4181-Iს - ვებგვერდი, 240211, 24/02/2011 23. 17/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 4131-რს - სსმ, 76, 29/12/2010 22. 15/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 4056-რს - სსმ, 74, 24/12/2010 21. 10/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3965-IIს - სსმ, 74, 24/12/2010 20. 21/07/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3515 - სსმ, 48, 09/08/2010 19. 20/04/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2946 - სსმ, 23, 04/05/2010 18. 28/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2515 - სსმ, 5, 25/01/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 25/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2479 - სსმ, 50, 31/12/2009 16. 18/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2441 - სსმ, 47, 28/12/2009 15. 11/07/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1383 - სსმ, 21, 03/08/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 16/07/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1459 - სსმ, 20, 28/07/2009 13. 27/03/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1135 - სსმ, 9, 13/04/2009 12. 30/12/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 950 - სსმ, 41, 30/12/2008 11. 21/10/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 378 - სსმ, 28, 30/10/2008 10. 28/12/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5661 - სსმ, 50, 29/12/2007 9. 20/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5463 - სსმ, 40, 03/12/2007 8. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5296 - სსმ, 31, 03/08/2007 7. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5275 - სსმ, 29, 27/07/2007 6. 03/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5177 - სსმ, 28, 18/07/2007 5. 08/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4915 - სსმ, 22, 19/06/2007 4. 27/04/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4688 - სსმ, 16, 07/05/2007 3. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4330 - სსმ, 2, 04/01/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 14/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3991 - სსმ, 48, 22/12/2006 1. 10/11/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3680 - სსმ, 43, 13/11/2006