დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3991 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 22/12/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.002.484 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს, მოთხოვნის შემთხვევაში გამართონ წინასწარი კონსულტაციები იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც აერთიანებენ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ნახევარზე მეტს.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. თვითმმართველ ერთეულთა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები
1. თვითმმართველ ერთეულებს თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან გაერთიანება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან გამართონ კონსულტაციები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თვითმმართველი ერთეულების სახელით, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში.
3. თვითმმართველ ერთეულთა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლონ თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან) ან/და გაერთიანდნენ ასეთ კავშირებში (ასოციაციებში).“.
3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 დეკემბერი.
№3991–რს
დოკუმენტის კომენტარები