დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1135 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/03/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 13/04/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.003.492 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ნებაყოფლობითი უფლებამოსილება – თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.“.
2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. თვითმმართველი ერთეულის ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები
თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით მიიღოს სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.“.
3. 652 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 2011 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ეს ნორმა გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 27 მარტი.
№1135_Iს
დოკუმენტის კომენტარები