დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • Word
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 003, 07/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.000.127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
136
07/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 003, 07/03/1996
360.050.000.05.001.000.127
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2004 - 25/11/2005)

საქართველოს კანონი

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნებას, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვას და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლების შექმნას.

დაცული ტერიტორიები საქართველოში იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფასდ.

    მუხლი 1. დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის, კატეგორიების შერჩევის, თითოეული დაცული ტერიტორიის დაარსებისა და ფუნქციონირების მიზნებია:

ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;

ბ) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;

გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

დ) უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;

ე) ეროზიული, ღვარცოფის, წყალდიდობა-წყალმოვარდნის, ზვავის, მეწყრის აქტიური გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;

ვ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;

ზ) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნა;

თ) ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;

ი) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;

კ) სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დანიშნულების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

    მუხლი 2. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა

1. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს და მოიცავს ამ კანონს და მის შესაბამისად მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებს.

2. ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა მიწის, ტყის, წყლისა და დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოწერიგდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

3. ქონებრივი ურთიერთობები დაცული ტერიტორიის გამოყენებისა და დაცვის დარგში რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით.

    მუხლი 3. დაცული ტერიტორიების კატეგორიები

1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

2. საქართველოში დასაშვებია არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები – ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.

    მუხლი 4. სახელმწიფო ნაკრძალი

1. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.

2. სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.

3. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და (ან) მოიცავდეს თავის თავში რომელიმე მათგანს (ბუნების ძეგლი).

    მუხლი 5. ეროვნული პარკი

1. ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

2. ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.

3. ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა;

გ) ვიზიტორთა ზონა;

დ) აღდგენის ზონა;

ე) ისტორიულ-კულტურული ზონა;

ვ) ადმინისტრაციის ზონა;

ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

ბუნების მართვადი დაცვის ზონა ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

ვიზიტორთა ზონა ეწოდება ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

აღდგენის ზონა ეწოდება ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის.

ისტორიულ-კულტურული ზონა ეწოდება ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა და (ან) არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს).

ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.

ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასათან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება.

4. ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და (ან) თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

    მუხლი 6. ბუნების ძეგლი

1. ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.

2. ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას, სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.

3. ბუნების ძეგლი შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

    მუხლი 7. აღკვეთილი

1. აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაუშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

2. აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.

3. აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.

4. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღკვეთილში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

    მუხლი 8. დაცული ლანდშაფტი

1. დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

2. დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და (ან) აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით.

3. დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).

4. შესაძლებელია დაცულ ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

    მუხლი 9. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

1. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.

2. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს და (ან) აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების პროდუქტიულობის, ნადირობის, თევზრეწვის და ნადირ-ფრინველის გავრცელების, აგრეთვე, ტურიზმისათვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს. დასაშვებია, იგი იყოს ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა ხდებოდეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები.

3. განახლებადი ბუნებრივი რესურსების მუდმივობისა და გარანტირებული მოხმარების უზრუნველსაყოფად შეიძლება ბუნების დაცვისა და მრავალმხრივი გამოყენების სხვადასხვა დასაშვები შეფარდების მქონე ზონების გამოყოფა.

    მუხლი 10. ბიოსფერული რეზერვატი

1. ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

2. ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ფართო ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენური ობიექტი. ესენია:

ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები;

განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები;

მოცემულ ბიომებში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები;

ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს „ადამიანი და ბიოსფეროს“ იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

3. ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ზონებისაგან:

ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა;

გ) აღდგენის ზონა;

დ) ტრადიციულ კულტურული ლანდშაფტის ზონა.

ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვება.

ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა.

აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა.

ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.

4. ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის ჩართვა (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).

    მუხლი 11. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი

1. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული საქმიანობისათვის.

2. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ბუნებრივ-კულტურული ფასეულობები, კერძოდ:

ა) ბუნებრივ გარემოში განივთებული დედამიწის ისტორიის სხვადასხვა საფეხურის ამსახველი ნიმუშები;

ბ) გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების, აგრეთვე, ადამიანისა და გარემოს ისტორიული ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი გარემოს მაგალითები;

გ) უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენები, ფორმაციები, წარმონაქმნები ან გამორჩეული ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიები;

დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების პოპულაციები და მათი საარსებო გარემო;

ე) ადამიანის შემოქმედებითი გენიის გამოვლინების იშვიათი, უნიკალური და განსაკუთრებით მაღალმხატვრული ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მსოფლიოს კულტურის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ქალაქგეგმარების, ლანდშაფტური არქიტექტურის, ხუროთმოძღვრებისა და მასთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების განვითარებაში და (ან) წარმოადგენენ ბუნებისა და კულტურის ჰარმონიული ერთიანობის მაგალითებს.

შერჩეული ობიექტის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი.

3. მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის, (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი) ჩართვა, აგრეთვე, თავად მისი ჩართვა სხვა დაცულ ტერიტორიაში (ბიოსფერული რეზერვატი, სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი).

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

    მუხლი 12. საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე

1. დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ- ფუნქციონალური ზონების მიხედვით.

2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა და გამონაკლის შემთხვევაში აღკვეთილის ცალკეული უბნისა. სახელმწიფო საკუთრებაა, აგრეთვე, ჩამოთვლილ ტერიტორიებზე მომთაბარე გარეული ცხოველებიც.

3. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაუშვებელია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-ანთროპოგენულ და ანთროპოგენულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას. ამ ზონაში დაუშვებელია ბუნებრივი რესურსების სარგებლობაში გადაცემა.

ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები მომთაბარე ცოცხალი ორგანიზმების ჩათვლით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

ბიოსფერული რეზერვატის აღდგენისა და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონებში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ბუნებრივ-კულტურული და ისტორიულ-კულტურული ობიექტები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დაიშვება, აგრეთვე, საკუთრების სხვა ფორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიისა და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების საკუთრების ფორმები განისაზღვრება იმ დაცული ტერიტორიების კატეგორიების საკუთრების ფორმით, რომელთა საფუძველზეც ისინი ჩამოყალიბდა.

    მუხლი 13. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა

1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა საქართველოს განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მჭიდროდ უკავშირდება როგორც ტერიტორიული დადეგმარების (ლანდშაფტის დაგეგმარების) სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა (ეროვნული, რეგიონული) საფეხურს, ასევე, დარგობრივი დაგეგმვის (ბუნების დაცვა, გარემოს შენარჩუნება, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი, რეკრეცია, სატყეო მეურნეობა, სანადირო მეურნეობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა და სხვა) მრავალ პროგრამას.

2. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა განსაზღვრავს გეგმარებით რეგიონებს, დასაცავ ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ კომპლექსებსა და ობიექტებს, ადგენს დაცული ტერიტორიების რეკომენდებულ კატეგორიებს, საზღვრებს, ზონებს, აკრძალვასა და დაშვებულ საქმიანობას, აყალიბებს დაცული ტერიტორიების დაარსების პრიორიტეტებსა და ეტაპებს.

3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სამსახური).

    მუხლი 14. დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება

1. საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფორმებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

2. საგანგებო შემთხვევაში (დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევადი რღვევა, ფართო აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა) დაცული ტერიტორიების დროებით და მუდმივ გაუქმებას, ტერიტორიულ შემცირებას და დაცვითი კატეგორიის დაქვეითებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ან დაცული ტერიტორიების სამსახურის წარდგინებით, ახდენს საქართველოს პარლამენტი.

3. ცალკეულ რთულ შემთხვევაში დაზუსტებული ტერიტორიული საზღვრებისა და ზონების დაცვის, მოვლა-პარტონობისა და მართვის დეტალური პროგრამების (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა) შემუშავებამდე, ე.ი. მუდმივი კატეგორიის განსაზღვრამდე, დაარსდება დაცული ტერიტორიის დროებითი კატეგორია, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 15. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

1. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის პირველი ეტაპი (სისტემის დაგეგმვა ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე) თითოეული დაცული ტერიტორიისათვის ვითარდება სავალდებულო მენეჯმენტის გეგმის საშუალებით.

2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზაციას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონა) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო დაცული ტერიტორიის დაარსებისას და გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიების დაარსების უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც არის დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვის აუცილებლობა) დაარსებიდან სამი წლის ვადაში.

3. მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე ადგენს ტერიტორიის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს. გეგმა მუშავდება მისი დანერგვის სხვადასხვა ვადისათვის; ან ვადის გასვლის შემდეგ მუშავდება განახლებული მენეჯმენტის გეგმა.

4. მენეჯმენტის გეგმას წარდგენიდან ერთი თვის ვადაში ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი (ასევე მტკიცდება განახლებული მენეჯმენტის გეგმაც). გეგმას თან ერთვის დაცული ტერიტორიის კერძო დებულება და დადგენილება.

    მუხლი 16. დაცული ტერიტორიის დამხმარე (ბუფერული) ზონა

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის გარშემო საჭიროების მიხედვით, ხოლო ბიოსფერულ რეზერვატში სავალდებულოდ იქმნება დამხმარე (ბუფერული) ზონები.

2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრვი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების გასატარებლად. ზონის მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც მენეჯმენტის გეგმასთან ერთად განიხილავს და ამტკიცებს პრეზიდენტი.

    მუხლი 17. დაცული ტერიტორიების კადასტრი

1. დაცული ტერიტორიების კადასტრში აღირიცხება შესაბამისი ტერიტორიები და ბუნებრივი რესურსები, მათი გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, ცნობები სტატუსისა და რეჟიმის შესახებ, ა.შ.

2. დაცული ტერიტორიების კადასტრსა და მისი წარმოების წესს ადგენს დაცული ტერიტორიების სამსახური.

    მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა

1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დაცულ ტერიტორიებს მართავს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს:

სახელმწიფო კონტროლი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებათა მოთხოვნების შესრულებაზე;

დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზაცია;

დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირება დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც დაშვებულია სამეურნეო საქმიანობა;

გარემოსდაცვითი მონიტორინიგისა და სამეცნიერო კვლევის კოორდინირება;

ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;

დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;

მენეჯმენტის გეგმების განხილვის კოორდინირება.

3. საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძაგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;

სხვა უწყება-ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონები;

გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;

გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;

შეიმუშაოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;

შეიმუშაოს, შეათანხმოს და აამოქმედოს თითოეული დაცული ტერიტორიის დებულება, ინსტრუქცია, ნორმატიული და სხვა კანონქვემდებარე აქტები;

მოახდინოს მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;

ჩამოაყალიბოს შესაბამისი სამსახურები;

ჩამოაყალიბოს ეროვნული და ადგილობრივი დონის საკონსულტაციო საბჭოები;

სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;

მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;

მოახდინოს დაცული ტერიტორიების სახელმწიფო ფონდის ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;

გამოიყენოს დაცული ტერიტორიებიდან მიღებული სხვადასხვა შემოსავლით შექმნილი ფონდები ამ ტერიტორიების დაცვის და მოვლა-პატრონობის მიზნით;

განახორციელოს კანონით დადგენილი წესით ტერიტორიების შემოერთების ღონისძიებები (საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიებისა და მათზე განთავსებული უძრავი ქონების შეძენის ჩათვლით);

განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, გზები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზაცია;

განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში.

მოახდინოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოოპერირება;

ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან.

4. დაცული ტერიტორიის მართვის ადგილობრივი ორგანოებია დაცული ტერიტორიის დირექცია და მასთან ჩამოყალიბებული საკონსულტაციო საბჭო (კომისია), რომლებიც უფლებამოსილი არიან განახორციელონ დაცული ტერიტორიის კატეგორიისა და დებულების შესაბამისი მოქმედებები;

დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა;

ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;

ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;

ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და არეალების დაცვა და აღდგენა;

ადგილობრივ ხელისუფლებასთან (საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე რაიონის ხელისუფლებასთან), სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კოოპერაცია;

ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;

უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება.

    მუხლი 19. დაფინანსება

1. დაცული ტერიტორიების სამსახურის საქმიანობას აფინანსებს სახელმწიფო.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა დაცული ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევისა და სხვა პროგრამების ხარჯების დაფარვა დასაშვებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით;

ბ) (ამოღებულია);

გ) არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტისა და საქველმოქმედო ფონდების საშუალებით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №865 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.32

    მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

1.დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.

2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება:

ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით;

ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით;

გ) დროებითი რეგულირებით.

3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.

4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება:

ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა;

ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება;

გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება;

დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება;

ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა;

ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი სხვა საქმიანობა.

5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:

ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;

ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება;

გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში;

დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ;

ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება.

6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება:

ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა;

ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა;

დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება:

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება;

ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია;

ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების მიზნებთან;

თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა რაოდენობასთან.

ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე.

7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება:

ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე;

ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით).

8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება:

ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში;

ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების მიზნით);

გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები (აღმკვეთი ჯარიმის დაწესება);

დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

    მუხლი 21. საუწყებათაშორისო მმარველობის ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობა

1. დაცული ტერიტორიების სამსახური დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მართვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო (სატყეო მეურნეობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მშენებლობის, სამართალდაცვისა და სხვა სამსახურებთან, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან) და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2. საუწყებათაშორისო და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის დაცული ტერიტორიის სამსახური აყალიბებს საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს.

3. ცალკეული დაცული ტერიტორიების დირექციები საკონსულტაციო საბჭოს საშუალებით საუწყებათაშორისო და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობას ახორციელებს:

დაცული ლანდშაფტის, გამონაკლის შემთხვევაში აღკვეთილების, ეროვნული პარკების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონების მართვისა და კონტროლის საქმეში;

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების (ბუფერული ზონების) რეგულირებისა და კონტროლის საქმეში;

საგანგებო სიტუაციებში ერთობლივი ღონისძიების გატარებით.

    მუხლი 22. მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თანამშრომლობა

მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ:

ა) დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორებების პროცესში;

ბ) დაცული ტერიტორიებისა და ბუფურული ზონის მოვლა-პატრონობისა და მართვის საქმიანობაში;

გ) ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვანი ასახვის მიზნით, ცენტრალურ პროგრამებში და საკონსულტაციო საბჭოებში;

დ) დაცული ტერიტორიების ადგილობრივი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი არასაბიუჯეტო ფინანსების ხარჯვის რეგულირების საქმეში და სხვა.

მოსახლეობისა და საზოგადოებრიობის მონაწილეობის წესს ადგენს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო.

    მუხლი 23. პასუხისმგებლობა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წელი 7 მარტი

№136-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128

2. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №865 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.32

 

 

გამოყენებული ტერმინები:

ანთროპოგენური ზემოქმედება – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რასაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება.

აღკვეთილი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების /სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat/Species Managment Area).

ბიოგეოგრაფიული ერთეულები – ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები.

ბიომი – ბიოგეოგრაფიული დარაიონების ერთეული.

ბუნების ძეგლი – შეესატყვისება ბუნების დაცვის სერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი. (Natural Monument).

დამახასიათებელი პეიზაჟი – სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების ტიპების ვიზუალური იერსახე.

დაცული ლანდშაფტი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protrctrd Landscape).

დაცული ტერიტორია – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე.

დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების,ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები.

დაცული ტერიტორიების სისტემა – დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიებისაგან აგებული ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა.

ეროვნული პარკი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park).

ვიზიტორი – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული წესით დაშვებული პირი.

თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემო – მრავალფეროვანი, ხელუხლებელი და ნაკლებად სახეშეცვლილი ბუნებრივი გარემო და მისი მრავალსაუკუნოვანი ათვისების შედეგად ჩამოყალიბებული და მასთან შერწყმული ისტორიულ-კულტურული გარემო, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური წონასწორობით, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით და რაციონალური სამეურნეო გამოყენებით.

ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი – ანთროპოგენური წარმოშობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის ან მისი რომელიმე პერიოდის მატერიალურად ამსახველი ლანდშაფტი, რომელიც გამოირჩევა ეთიკურ-ესთეტიკური და სხვა კულტურული ღირებულებებით.

მანიპულაციები – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა.

მენეჯმენტის გეგმა – ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული, დოკუმენტი.

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია ( Managed Resource Protected Area)

სახელმწიფო ნაკრძალი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ((IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve/Wildrness Area).

ტერიტორიული დაგეგმარება – სახელმწიფოს/ქვეყნის ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონალურ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისათვის და გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახელებების ჯგუფებისათვის და სხვა.

ჰარმონიული ლანდშაფტი – ლანდშაფტი, რომელშიც ბუნებრივი და ანთროპოგენური კომპონენტები და ელემენტები ფუნქციონალურად გაწონასწორებულია და მიღწეულია მათი მაღალესთეტიკური შერწყმა.

22. 26/04/2022 - საქართველოს კანონი - 1518-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/05/2022 21. 17/03/2022 - საქართველოს კანონი - 1454-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 20. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1103-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 19. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7101-Iს - ვებგვერდი, 22/09/2020 18. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6901-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 17. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3224-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 16. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3098-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 15. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1671-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 14. 17/02/2016 - საქართველოს კანონი - 4736-IIს - ვებგვერდი, 25/02/2016 13. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2307-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 12. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1357-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1027-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 476-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 9. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 8. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4863-რს - ვებგვერდი, 110706007, 06/07/2011 7. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4392-Iს - ვებგვერდი, 110317022, 17/03/2011 6. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5629 - სსმ, 48, 27/12/2007 5. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4683 - სსმ, 16, 07/05/2007 4. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3975 - სსმ, 48, 22/12/2006 3. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2118 - სსმ, 51, 06/12/2005 2. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 865 - სსმ, 6, 19/01/2005 1. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2368 - სსმ, 19, 01/07/2003