დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4683 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 07/05/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 360.050.000.05.001.002.801 |
საქართველოს კანონი
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი (შემდგომში – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი).“.
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგანგებო შემთხვევაში (დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევადი რღვევა, ფართო აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა) დაცული ტერიტორიების დროებით და სამუდამოდ გაუქმებას, ტერიტორიულ შემცირებას და დაცვითი კატეგორიის დაქვეითებას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარდგინებით ახდენს საქართველოს პარლამენტი.“.
3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზაციას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონა) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი დაცული ტერიტორიის დაარსებისას და გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის დაარსების უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც არის დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვის აუცილებლობა) – დაარსებიდან სამი წლის ვადაში.“.
4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების გასატარებლად. საჭიროების შემთხვევაში ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაცული ტერიტორიების კადასტრსა და მისი წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა
1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, მოქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სახელმწიფო კონტროლი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებათა მოთხოვნების შესრულებაზე;
ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;
გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირება დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც დაშვებულია სამეურნეო საქმიანობა;
ე) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის კოორდინირება;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილი ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;
ზ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;
თ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების განხილვის კოორდინირება.
3. დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონები;
გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;
დ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;
ე) შეიმუშავოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;
ვ) შეიმუშავოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დებულებებისა და, დაცული ტერიტორიების სისტემიდან გამომდინარე, – სხვა კანონების და კანონქვემდებარე აქტების პროექტები;
ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;
ი) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;
კ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების სახელმწიფო ფონდის ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება;
მ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;
ნ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან.
4. დაცული ტერიტორიის მართვის ადგილობრივი ორგანოა დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციასთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. ადმინისტრაცია დაცული ტერიტორიის კატეგორიისა და თავისი დებულების შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) დაცული ტერიტორიისა და მასზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა;
ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;
დ) ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და არეალების დაცვა და აღდგენა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ვ) დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;
ზ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება.“.
7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის საქმიანობას აფინანსებს სახელმწიფო.“.
8. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა
1. დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მართვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2. საუწყებათაშორისო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ქმნის ცალკეული დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს.
3. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეშვეობით თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან:
ა) დაცული ლანდშაფტების, გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ეროვნული პარკების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონების მართვისა და კონტროლის საქმეში;
ბ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების (ბუფერული ზონების) რეგულირებისა და კონტროლის საქმეში;
გ) საგანგებო სიტუაციებში ერთობლივი ღონისძიებების გატარებით.
მუხლი 22. მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თანამშრომლობა
მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ:
ა) დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორების პროცესში;
ბ) დაცული ტერიტორიებისა და ბუფერული ზონების მოვლა-პატრონობისა და მართვის საქმიანობაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 27 აპრილი.
№4683–Iს
დოკუმენტის კომენტარები