„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.001.301
  • Word
2368
06/06/2003
სსმ, 19, 01/07/2003
360.050.000.05.001.001.301
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1.  „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 27.03.96, №003, გვ.27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის, კატეგორიების შერჩევის, თითოეული დაცული ტერიტორიის დაარსებისა და ფუნქციონირების მიზნებია:

ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;

ბ) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;

გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

დ) უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;

ე) ეროზიული, ღვარცოფის, წყალდიდობა-წყალმოვარდნის, ზვავის, მეწყრის აქტიური გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;

ვ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;

ზ) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნა;

თ) ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;

ი) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;

კ) სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დანიშნულების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების პოპულაციები და მათი საარსებო გარემო;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2368-IIს