„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 27/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.003.094
  • Word
5629
18/12/2007
სსმ, 48, 27/12/2007
360.050.000.05.001.003.094
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, გამონაკლის შემთხვევებში აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო საკუთრებაა აგრეთვე ჩამოთვლილ ტერიტორიებზე მომთაბარე გარეული ცხოველებიც.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო).“.

3. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზაციას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის დაარსებისას და გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის დაარსების უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც არის დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვის აუცილებლობა) – დაარსებიდან 3 წლის ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მენეჯმენტის გეგმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (ამავე წესით მტკიცდება განახლებული მენეჯმენტის გეგმაც).“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა

1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს:

ა) სახელმწიფო კონტროლი დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებათა მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;

გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;

დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირება დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც დაშვებულია სამეურნეო საქმიანობა;

ე) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის კოორდინირება;

ვ) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;

ზ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;

თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა;

ი) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.

4. დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;

ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონა;

გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;

დ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;

ე) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;

ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;

თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;

ი) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;

კ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;

ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება;

მ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;

ნ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ო) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან;

პ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;

ჟ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.

5. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით. ადმინისტრაციასთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაცული ტერიტორიის კატეგორიისა და თავისი დებულების შესაბამისად განახორციელოს:

ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა;

ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;

გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობა;

ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;

ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება;

ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;

თ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;

ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი მენეჯმენტის გეგმის შესრულება;

კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება;

ლ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა;

მ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

     „მუხლი 181. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;

ბ) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) წინაშე;

გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტი შესრულებისთვის და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;

დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს;

ვ) განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;

ი) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ტექნიკურ და ფინანსურ ანგარიშებს;

კ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ლ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;

მ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და სააგენტოს დებულებით.“.

6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. დაფინანსება

1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი;

ე) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული კვლევითი, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, ტურისტული, სამეურნეო და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

3. დაცული ტერიტორიების სააგენტომ მაკონტროლებელი ორგანოების თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. დაცული ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.“.

7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა

1. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მართვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2. საუწყებათაშორისო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობისათვის იქმნება ცალკეული დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს მინისტრი.

3. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს უფლება-მოვალეობანი, მუშაობის წესი და რეგლამენტი განისაზღვრება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულებით.

4. დაცული ტერიტორიების სააგენტო სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეშვეობით თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან:

ა) დაცული ლანდშაფტების, გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ეროვნული პარკების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონის მართვისა და კონტროლის საქმეში;

ბ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების (ბუფერული ზონების) რეგულირებისა და კონტროლის საქმეში.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე და 25-ე მუხლები:

     „მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი

1. 2008 წლის 1 მაისამდე გამოიცეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები:

ა) „დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობების განხორციელების წესის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. 2008 წლის 1 თებერვლამდე გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები:

ა) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 25. დასკვნითი დებულებანი

2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №337 განკარგულება „კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №62 განკარგულება „თუშეთის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №61 განკარგულება „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №60 განკარგულება „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №368 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №367 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №158 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5629–IIს