განათლების შესახებ

  • Word
განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.000.232
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
826
27/06/1997
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 33, 31/07/1997
430.000.000.05.001.000.232
განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/06/1999 - 09/06/1999)

საქართველოს კანონი

განათლების შესახებ

სახელმწიფო აცხადებს განათლების სფეროს პრიორიტეტულობას და ამის საფუძველზე წარმართავს სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკას.

საგანმანათლებლო საქმიანობას სახელმწიფო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

ეს კანონი მოიცავს მხოლოდ საერო განათლების სფეროს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები

განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) ქვეყანაში საგანმანათლებლო სივრცის ერთიანობა;

ბ) სწავლებისა და აღზრდის ჰუმანისტური ხასიათი;

გ) სწავლებისა და აღზრდის ერთიანობა;

დ) სულიერი და ფიზიკური აღზრდის ჰარმონიულობა;

ე) ზოგადსაკაცობრიო, ეროვნულ-კულტურულ ღირებულებათა და საგანმანათლებლო ტრადიციათა აღიარება და პატივისცემა;

ვ) განათლების მეცნიერული ხასიათი;

ზ) განათლების ეტაპობრიობა, უწყვეტობა და მემკვიდრეობითობა;

თ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მრავალსახეობა და მათი ავტონომიურობა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ი) განათლების სისტემის დემოკრატიულობა;

კ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათაგან.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა განათლების სფეროში და მისი ამოცანები

1. საქართველოს კანონმდებლობა განათლების სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ამოცანებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა განათლების მიღების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა და დაცვა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრა განათლების სფეროში;

გ) განათლების სფეროში მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა;

დ) განათლების სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზისა და სამართლებრივი გარანტიების შექმნა.

    მუხლი 3. მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები განათლების სფეროში

1. ყველას აქვს განათლების მიღების თანაბარი უფლება. პროფესიული განათლების მიღების უფლების შეზღუდვა რაიმე ნიშნით ან მოტივით დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის განათლების სისტემასა და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.

3. ნორმალური განვითარებისაგან გადახრილ პირებს სახელმწიფო უქმნის მათი განვითარების კორექციისა და სოციალური ადაპტაციის პირობებს.

4. განათლების მიღება გულისხმობს გარკვეული საგანმანათლებლო ცენზის მიღწევას, დამტკიცებასა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით დადასტურებას.

5. განათლების მიღება შეიძლება როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსტერნატის ფორმით.

6. შესაბამისი სერტიფიკატით დამოწმებული ამა თუ იმ სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მქონე პირებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აქვთ ყოველ მომდევნო საგანმანათლებლო საფეხურზე (ეტაპზე) სწავლის გაგრძელების თანაბარი უფლება.

7. სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლამდელ აღზრდას მის დაფინანსებასა და მატერიალური ბაზის შექმნაში მონაწილეობით, პედაგოგიური კადრების მომზადებისათვის აუცილებელი პირობების შექმნით.

8. დაწყებითი განათლება სავალდებულოა. საბაზო განათლების მიღებას თავის ხარჯზე უზრუნველყოფს სახელმწიფო. მოქალაქეებს სახელმწიფო დადგენილი წესით უნაზღაურებს იმ არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლისათვის გაწეულ ხარჯებს, რომელსაც აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია და ახორციელებს დაწყებით და/ან საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო სასწავლებელში სწავლისათვის დადგენილი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივით.

9. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დაწყებით და საბაზო განათლებასთან ერთად საშუალო ზოგადი განათლებაც უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე.

10. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც საცხოვრებელ ადგილზე შესაბამისი სასწავლებლის არარსებობის გამო სწავლობენ იმავე რაიონის ქვედა ზონის საშუალო ზოგადსაგანმანათებლო სკოლებში, თავისუფლდებიან სწავლის საფასურის გადახდისაგან.

11. სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს იმ პირთა სახელობო მომზადებას, რომელთაც მიღებული აქვთ მხოლოდ დაწყებითი ზოგადი განათლება და არ მიუღწევიათ 18 წლის ასაკისათვის.

12. სახელმწიფო ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას, მოქალაქეს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში უფასოდ მისცეს საშუალო და პროფესიული (მათ შორის, უმაღლესი და უმაღლესისშემდგომი) განათლება საბიუჯეტო დაფინანსებით უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაკვეთის მეშვეობით. სახელმწიფო დაკვეთა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

13. საბიუჯეტო დაფინანსებით უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაკვეთის ფარგლები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მესამე (საშუალო განათლების) საფეხურის კონტინგენტისათვის განისაზღვრება ასი პროცენტით; ამით სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საშუალო განათლების მიღებას.

14. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული სასწავლო ადგილების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი პრინციპების საფუძველზე.

15. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა განათლების მიღების უფლება ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა საფუძველზე.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2084-სსმ I, №24(31), 26.06.1999წ; მუხ.114.

    მუხლი 4. სწავლების ენა

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა არის ქართული, აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური.

2. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთათვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეკომენდაციით სახელმწიფო უქმნის პირობებს ისეთი საბაზო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან სექტორის შესაქმნელად, სადაც სწავლება ხორციელდება მათ მშობლიურ ენაზე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სასწავლო გეგმების, პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მიხედვით.

3. სავალდებულოა ქართული ენის სწავლება სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები განათლების ყველა საფეხურის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად ვალდებულნი არიან ჩააბარონ გამოცდა ქართულ ენაში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. მსურველთა გარკვეული რაოდენობის არსებობის შემთხვევაში სასკოლო ოლქის სამმართველოს შეუძლია საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას კლასი, სკოლა სახელმწიფო ენაზე სწავლებით.

    მუხლი 5. საქართველოს განათლების სისტემა

საქართველოს განათლების სისტემა აერთიანებს:

ა) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებს და მათზე დაფუძნებულ ზოგადი და პროფესიული განათლების პროგრამებს;

ბ) სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სახისა და საფეხურის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და სააღმზრდელო დაწესებულებებს;

გ) განათლების სისტემის მართვის ორგანოებს.

თავი II

სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი და ცენზი, აკადემიური ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამა, საგანმანათლებლო დაწესებულება

    მუხლი 6. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი ამ კანონით განსაზღვრული საფეხურებისა და სწავლების ხანგრძლივობის საფუძველზე ადგენს სასწავლო დისციპლინათა ნუსხას, განსაზღვრავს სასწავლო საგნების ციკლთა შორის თანაფარდობას, სასწავლო დატვირთვის დასაშვებ მაქსიმუმს, სასწავლო პროგრამის შინაარსის სავალდებულო მინიმუმს, კურსდამთავრებულთა მომზადების აუცილებელი დონის კრიტერიუმებს საფეხურების მიხედვით და, მოსწავლეთა მიდრეკილების გათვალისწინებით, სწავლების დიფერენცირების ზღვრულ ნორმებს, აგრეთვე სასწავლო-მატერიალური ბაზისა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატიულ მოთხოვნებს.

2. სტანდარტების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიის მქონე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

3. ნორმალური განვითარებისაგან გადახრილ მოსწავლეთათვის დგინდება სპეციალური საგანმანათლებლო სტანდარტები.

    მუხლი 7. საგანმანათლებლო პროგრამები

1. საქართველოში ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი და პროფესიული განათლების პროგრამები.

2. ზოგადი განათლების პროგრამა მოიცავს დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს.

3. პროფესიული განათლების პროგრამა მოიცავს სახელობო მომზადების, დაწყებით, საშუალო, უმაღლეს და უმაღლესისშემდგომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

4. ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შეიცავს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ ძირითად ნაწილს (სავალდებულო მინიმუმს).

5. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ძირითადი ნაწილის გარდა შეიცავს დამატებით ნაწილს და მათი შესრულება სავალდებულოა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო დაკვეთას.

6. სხვა საგანმანათლებლო პროგრამები ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ძირითად ნაწილთან ერთად შეიძლება შეიცავდნენ დამატებით ნაწილსაც.

7. საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო მინიმუმი (გარდა სახელობო მომზადებისა და უმაღლესისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამისა) განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო დისციპლინად შეიცავს ფიზიკურ აღზრდას, ხოლო დაწყებითი განათლების საფეხურზე ითვალისწინებს მოსწავლეთა შრომით აღზრდას და სახვით და მუსიკალურ ხელოვნებასთან ზიარებას.

8. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი ნაწილი სასწავლო დისციპლინებად შეიცავს ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და საქართველოს გეოგრაფიას.

9. საქართველოში მოქმედ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებიც ასრულებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, სავალდებულოა ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება, ხოლო მათში, რომლებიც ასრულებენ პროფესიული განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს ქართული ენის სწავლება.

10. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისათვის ითვალისწინებს სამხედრო მომზადებას სახელმწიფო ენაზე.

11. მაღალმთიანი რეგიონების საშუალო სასკოლო პროგრამები უზრუნველყოფს მოსწავლეთა ეკოლოგიურ განათლებას.

12. მაღალმთიან რეგიონებში საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამხედრო მომზადების გაკვეთილები ტარდება მეშვიდე კლასიდან საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული საგანმანათლებლო პროგრამით.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2084-სსმ I, №24(31), 26.06.1999წ; მუხ.114.

    მუხლი 8. სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზი, სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი, აკადემიური ხარისხი

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზი ადასტურებს მოცემული საფეხურისა და სახის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული განათლების დონის მიღწევას.

2. საქართველოში დადგენილია შემდეგი სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზები:

ა) დაწყებითი ზოგადი განათლების;

ბ) საბაზო ზოგადი განათლების;

გ) საშუალო ზოგადი განათლების;

დ) სახელობო მომზადების;

ე) დაწყებითი პროფესიული განათლების;

ვ) საშუალო პროფესიული განათლების;

ზ) უმაღლესი განათლების.

3. სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მიღება დასტურდება ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, რომელსაც გასცემს შესაბამისი სტატუსის მქონე აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულება.

4. მხოლოდ სახელმწიფო საგანმანათლებლო და საქართველოში ნოსტრიფიცირებული სერტიფიკატი არის საფუძველი მომდევნო საფეხურის სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად, აგრეთვე სახელმწიფო სამსახურში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად.

5. ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატების ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს განათლების მინისტრი.

6. აკადემიური ხარისხი (ბაკალავრის, მაგისტრის) ადასტურებს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების სათანადო დონის მიღწევას; მას ანიჭებს და სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემით ადასტურებს შესაბამისი სტატუსისა და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სასწავლებელი.

7. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ საგანმანათლებლო სერტიფიკატს აქვს საქართველოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის იურიდიული ძალა.

    მუხლი 9. განათლების მიღების ფორმა

1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში განათლების მიღება შეიძლება როგორც დასწრებული, ასევე ექსტერნატის (განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით) ფორმით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასწრებულთან ერთად დაშვებულია დაუსწრებელი სწავლების ფორმა. სპეციალობათა ნუსხა, რომელთა მიხედვით განათლების მიღება შეიძლება დაუსწრებლად, განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით.

2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს როგორც დასწრებული, ასევე დაუსწრებელი ფორმით სწავლება.

3. პირს, რომელმაც განათლება მიიღო ექსტერნატის ფორმით, უფლება აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით ჩააბაროს საატესტაციო გამოცდები და შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის მიღების შემდეგ მომდევნო ეტაპზე სწავლა განაგრძოს ნებისმიერი ფორმით.

4. იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა ატესტაცია და სერტიფიცირებაც აკრძალულია შესაბამისი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების შემთხვევაში, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ადგენს საქართველოს განათლების სამინისტრო.

საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1474-პარლამენტის უწყებანი №27-28, 30.07.1998წ; გვ.5

    მუხლი 10. სკოლამდელი აღზრდა

1. სკოლამდელი აღზრდის მიზანია მოამზადოს ბავშვი სკოლისათვის, საფუძველი ჩაუყაროს მისი აზროვნების, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას, სხვისი აზრისა და საკუთრების პატივისცემას, ხელი შეუწყოს მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებას.

2. სკოლამდელი აღზრდა ხდება ოჯახში ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

    მუხლი 11. ზოგადი განათლება

1. ზოგადი განათლება არის უწყვეტი საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი რგოლი. ზოგადი განათლების პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ ზოგადი მეცნიერული ცოდნის საფუძვლების შეთვისება, ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ზნეობრივ ღირებულებათა შემეცნება, პიროვნული შემოქმედებითი მიდრეკილებებისა და აზროვნების განვითარება, შრომის უნარის გამომუშავება, ნებისყოფის განმტკიცება, სულიერი და ფიზიკური ძალების ჰარმონიული განვითარება, სამოქალაქო-დემოკრატიული და ეროვნულ-კულტურული შეგნების ჩამოყალიბება.

2. დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება, შესაბამისად, ზოგადი განათლების – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სახის სასწავლო დაწესებულებებში (დაწყებითი, საბაზო, საშუალო სკოლები, ლიცეუმი, გიმნაზია).

3. დაწყებითი ზოგადი განათლების მიღება უფლებას იძლევა:

ა) სწავლის გაგრძელებისა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე;

ბ) სახელობო მომზადებისა კანონმდებლობით დადგენილი ასაკიდან.

4. საბაზო ზოგადი განათლების მიღება იძლევა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, აგრეთვე პროფესიული განათლების დაწყებით და საშუალო საფეხურებზე სწავლის გაგრძელების უფლებას კანონმდებლობით დადგენილი ასაკიდან.

5. საშუალო ზოგადი განათლების მიღება იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.

6. დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ექვსწლიანია. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ პროგრამას, პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ ან მიმდინარე წელს უსრულდებათ 6 წელი. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლემ შეიძლება ისწავლოს 14 წლის ასაკამდე.

7. საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა სამწლიანია. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე პროგრამა დასრულდება მე-9 კლასში. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ საფეხურზე მოსწავლემ შეიძლება ისწავლოს 18 წლის ასაკამდე.

8. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა სამწლიანია.

9. საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც ასრულებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების დროს, აგრეთვე არდადეგების დროსა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საქართველოს განათლების სამინისტრო.

    მუხლი 12. პროფესიული განათლება

1. სახელობო მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება და განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობის დაუფლება. სახელობო მომზადება შეიძლება მხოლოდ დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემთხვევაში. პირს, რომელსაც მიღებული არა აქვს საბაზო განათლება, 18 წლის ასაკამდე უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ მიიღოს სახელობო მომზადება.

2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება, პროფესიული ცოდნის მიღება და კვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობის დაუფლება. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო ზოგადი განათლება. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ან უამისოდ. პირს, რომელსაც მიღებული აქვს საბაზო განათლება, 18 წლის ასაკამდე უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ დაეუფლოს კვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობას.

3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ან უამისოდ. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს.

4. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაბამისი პროფესიის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების, სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების მომზადება და გადამზადება. უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საშუალო ზოგადი განათლება.

5. პროფესიული განათლების უმაღლესისშემდგომი საფეხურები იქმნება მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან, აგრეთვე სათანადო სამედიცინო კადრებითა და მატერიალური ბაზით აღჭურვილ კლინიკებთან.

6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სახისა და საფეხურის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

    მუხლი 13. არატიპური და დამატებითი განათლება

1. სახელმწიფო ხელს უწყობს ისეთი არატიპური (საავტორო) საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას, სადაც მიმდინარეობს სამეცნიერო-პედაგოგიური შემოქმედებითი საქმიანობა, ინერგება მეცნიერულად დასაბუთებული პედაგოგიური ინოვაციები, წარმოებს ინტენსიური სწავლება.

2. ქვეყნის ეროვნულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო ხელს უწყობს განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით დაჯილდოებულ მოზარდებს სპეციალური პროგრამებით მიიღონ განათლება, ამგვარი პროგრამების განმახორციელებელი სასწავლო დაწესებულებების (სახელოვნებო, სპორტული, საბუნებისმეტყველო, საეკლესიო) ფუნქციონირებას, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად.

3. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების გარდა სახელმწიფო ქმნის დამატებითი განათლების მიღების პირობებს სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მათი საქმიანობა შეიძლება დაფინანსდეს როგორც ფასიანი მომსახურებით, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და კანონით დაშვებული სხვა წესით.

    მუხლი 14. პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

1. პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზანია პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავება და განახლება, აგრეთვე ახალი პროფესიის მიღება, რაც შეიძლება განაპირობოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეცვლამ, მოქალაქის სურვილმა და ცვლილებებმა შრომის ბირჟაზე.

2. პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ასრულებენ როგორც სახელმწიფო დაკვეთით, ისე საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან ან ცალკეულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით.

    მუხლი 15. სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები

1. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო სამართლის (სახელმწიფო) ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

2. არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიძლება შეიქმნას სამოქალაქო კოდექსით ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

3. სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახეები განისაზღვრება სახელმწიფო სტანდარტით.

4. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება არის იურიდიული პირი, რომელიც ავტონომიურია ამ კანონითა და საკუთარი წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში.

5. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება:

ა) დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგადი მეთოდიკის, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შესაბამისად;

ბ) უფლებამოსილია მიიღოს და ამ კანონისა და თავისი წესდების შესაბამისად განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსები. დაწესებულების საქმიანობით მიღებული მოგება ხმარდება მხოლოდ მისი წესდებით განსაზღვრულ ამოცანებს;

გ) თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად თანამშრომლობს სხვა, მათ შორის, უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

6. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი.

7. ლიცენზირებული, მაგრამ არააკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის ფორმას განსაზღვრავს თვით საგანმანათლებლო დაწესებულება.

თავი III

განათლების სისტემის მართვა

    მუხლი 16. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება განათლების სფეროში

საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს განათლების სახელმწიფო პროგრამისა და პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და უზრუნველყოფს მის შესრულებას შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსებით;

ბ) პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლების მინისტრის მოხსენებას განათლების სფეროში სახელმწიფო პროგრამების შესრულების შესახებ.

    მუხლი 17. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება განათლების სფეროში

1. განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას წარმართავს და ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს:

ა) განათლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებს;

ბ) საქართველოს განათლების სამინისტროს წინადადებას სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ლიკვიდაციის შესახებ.

3. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს განათლების სამინისტროსთან ქმნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს, ამტკიცებს მის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას.

4. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვადამდე წყვეტს მის უფლებამოსილებას.

5. საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას შეიქმნას სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი.

    მუხლი 18. საქართველოს განათლების სამინისტროს უფლებამოსილება განათლების სფეროში

1. საქართველოს განათლების სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას განათლების სფეროში.

2. საქართველოს განათლების სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, საქართველოს საპატრიარქოსთან და მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების სახელმწიფო სტანდარტების პროექტებს.

3. საქართველოს განათლების სამინისტრო ამტკიცებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად შემუშავებულ შემდეგ საკითხებს:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაკვეთის განთავსების პროექტი;

ბ) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები;

გ) სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების სახელმწიფო სტანდარტების პროექტები;

დ) სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები;

ე) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულების კონტროლის წესი;

ვ) (ამოღებულია);

ზ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა, პედაგოგთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი;

თ) ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება;

ი) იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხა, რომელთა მიღებაც დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით;

კ) ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის ნიმუშები;

ლ) აკადემიური ხარისხებისა და მათი მინიჭების დებულება;

მ) უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისთვის სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების წესი და პირობები;

ნ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ტიპური დებულებები.

4. საქართველოს განათლების სამინისტრო:

ა) აკონტროლებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და განათლების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას;

ბ) ხელმძღვანელობს განათლების სისტემის მართვის ორგანოებს;

გ) ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას;

დ) ორგანიზებას უწევს განათლების სისტემის სამეცნიერო-მეთოდურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, სახელმძღვანელოთა და დამხმარე ლიტერატურის შექმნასა და გამოცემას;

ე) ატარებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, პედაგოგთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა ატესტაციას;

ვ) ამტკიცებს საშუალო პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელთა სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიების შემადგენლობას;

ზ) ლიცენზიას აძლევს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ასრულებენ უმაღლეს, უმაღლესისშემდგომ და სამხედრო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

თ) ახდენს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, დაწყებით პროფესიულ და საშუალო პროფესიულ დაწესებულებათა აკრედიტაციას;

ი) უფლებამოსილია, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე, გააუქმოს საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა უმაღლესისა) აკრედიტაცია;

კ) უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საქმიანობის ლიცენზიის გასაუქმებლად;

ლ) შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ლიკვიდაციის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს; შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიკვიდაციის შესახებ;

მ) წყვეტს სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიკვიდაციის საკითხს;

ნ) საქართველოს განათლების მინისტრი, დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს;

ო) ქმნის სასკოლო ოლქებს, განსაზღვრავს სასკოლო ოლქის სამმართველოს სტრუქტურას და ადგენს მის დებულებას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასკოლო ოლქის ხელმძღვანელს;

პ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების, ასევე, სასკოლო ოლქის დაქვემდებარებაში არსებული განათლების მართვის ორგანოს განათლების განყოფილების ტიპურ დებულებას;

ჟ) სასკოლო ოლქის სამმართველოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განათლების განყოფილების ხელმძღვანელს;

რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელობო მომზადების, დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს;

ს) სასკოლო ოლქის სამმართველოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით;

ტ) ზემოაღნიშნულ ფუნქციათა განსახორციელებლად ქმნის მუდმივ და დროებით სამსახურებს როგორც ხელშეკრულების საფუძველზე, ისე საზოგადოებრივ საწყისებზეც.

5. საქართველოს განათლების სამინისტროს ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და თვით სამინისტროს დებულებით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92.

    მუხლი 19. საქართველოს დარგობრივ სამინისტროთა უფლებამოსილება განათლების სფეროში

1. საქართველოს დარგობრივი სამინისტროები მონაწილეობენ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საკითხთა შემუშავებაში, მე-4 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტაში და ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, ეკონომიკისა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს განათლების, ფინანსთა და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად განათლების სფეროში შეიმუშავებს სახელმწიფო დაკვეთის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წესს.

საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1449-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998; გვ.54.

    მუხლი 20. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროთა უფლებამოსილება განათლების სფეროში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო:

ა) არის განათლების მართვის ძირითადი რგოლი მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, მონაწილეობს განათლების სფეროში ქვეყნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ატარებს ამ პოლიტიკას;

ბ) მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და აკონტროლებს მათ შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) განიხილავს სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოყოფილი სახსრების შესაბამისობას;

დ) ახდენს ყველა იმ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზირებას, რომლებიც ასრულებენ ყველა სახის საგანმანათლებლო პროგრამებს (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამების გარდა);

ე) მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ატარებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ატესტაციასა და აკრედიტაციას, რომლებიც ასრულებენ დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;

ვ) შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ატარებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ატესტაციასა და აკრედიტაციას, რომლებიც ასრულებენ სახელობო მომზადებისა და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

ზ) უფლებამოსილია, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის საფუძველზე, გააუქმოს ამ მუხლის „ე-ვ“ ქვეპუნქტებში დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია;

თ) უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აღმზრდელობით და ამ მუხლის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზიის გასაუქმებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს;

ი) წყვეტს მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიკვიდაციის საკითხს;

კ) მას დაქვემდებარებული ტერიტორიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ქმნის განათლების განყოფილებებს საქართველოს განათლების სამინისტროს ტიპური დებულების შესაბამისად;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განათლების განყოფილების ხელმძღვანელს მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე;

მ) საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, რომელსაც ირჩევს ამ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო;

ნ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების განყოფილების წარდგინებით სახელმწიფო საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92.

    მუხლი 21. სასკოლო ოლქი, სასკოლო ოლქის სამმართველოს უფლებამოსილება

1. სასკოლო ოლქი არის განათლების სისტემის მართვის საშუალედო რგოლი და მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენიმე ერთეულის შესაბამის ტერიტორიას. ოლქში შემავალ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან სასკოლო ოლქის სამმართველო ქმნის განათლების მართვის ქვემდგომ ორგანოს - განათლების განყოფილებებს, რომელთა სტრუქტურა და ფუნქციები განისაზღვრება განათლების სამინისტროს ტიპური დებულებით.

2. სასკოლო ოლქს ხელმძღვანელობს სასკოლო ოლქის სამმართველო, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სამმართველოს დებულებით. სასკოლო ოლქის სამმართველო ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.

3. სასკოლო ოლქის სამმართველო:

ა) სასკოლო ოლქის ფარგლებში ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და აკონტროლებს მათ შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრების შესაბამისობას;

გ) ახდენს ყველა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზირებას, რომლებიც ასრულებენ საგანმანათლებლო პროგრამებს (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამების გარდა);

დ) მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ატარებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ატესტაციასა და აკრედიტაციას, რომლებიც ასრულებენ დაწყებით და/ან საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო და სახელობო მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით საქართველოს განათლების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს განათლების განყოფილების ხელმძღვანელის კანდიდატურას;

ვ) საქართველოს განათლების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის კანდიდატურას;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების განყოფილების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

    მუხლი 22. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება განათლების სფეროში

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, დაწყებითი და საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობას;

ბ) უფლება აქვს, თუ ბიუჯეტის შემოსავალმა გადააჭარბა დაგეგმილს, ხელი შეუწყოს სასწავლო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა განვითარებას და გაზარდოს სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა კონტინგენტი.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების განყოფილება:

ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, ხოლო სასკოლო ოლქს სახელმწიფო საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის კანდიდატურას;

ბ) ნიშნავს სახელმწიფო სკოლამდელი და დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო მის გამგებლობას დაქვემდებარებული ტერიტორიაზე განლაგებულ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უქმნის სასწავლო პროცესის განხორციელების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენების აუცილებელ პირობებს; ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში.

4. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად განსაკუთრებულად აკონტროლებენ მაღალმთიანი რეგიონების სასკოლო ასაკის მოზარდი თაობისა და მოსწავლეთა კონტინგენტის აღრიცხვას, აგრეთვე სასწავლო დაწესებულებების მატერიალური ბაზის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი განვითარების შესახებ სტატისტიკური და საინფორმაციო მასალების მოპოვებასა და შეკრებას.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2084-სსმ I, №24(31), 26.06.1999წ; მუხ.114.

 

    მუხლი 23. საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებას მართავენ დაწესებულების ადმინისტრაცია და პედაგოგიური (სამეცნიერო) საბჭო, რომელთა სტრუქტურა, შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპური დებულებითა და საკუთარი წესდებით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემოსავლის მოზიდვის და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო, რომლის ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვით ამ დაწესებულების წესდებით.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელმძღვანელობს:

ა) სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა) დირექტორი, რომელსაც ნიშნავს:

ა.ა) საქართველოს განათლების სამინისტრო, თუ დაწესებულება სახელობო მომზადების, დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიულია;

ა.ბ) საქართველოს განათლების სამინისტრო სასკოლო ოლქის წარდგინებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების განყოფილების წარდგინებით, თუ დაწესებულება საშუალო ზოგადსაგანმანათლებლოა;

ა.გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, სასკოლო ოლქის სამმართველო ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების განყოფილების წარდგინებით, თუ დაწესებულება საბაზოა;

ა.დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების განყოფილება, თუ დაწესებულება სკოლამდელი და დაწყებითია;

ბ) სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, რომელსაც ირჩევს სამეცნიერო საბჭო და დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით განათლების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;

გ) არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი (რექტორი), რომელიც ინიშნება ამ დაწესებულების წესდების შესაბამისად.

4. განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით.

ბ) პირადი სურვილით;

გ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას ან არჩევისას;

დ) თუ ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობას;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო;

ვ) თუ სასამართლო ქმედუუნაროდ აღიარებს;

ზ) თუ მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) პედაგოგისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;

5. დირექტორის (რექტორის) დანიშვნის (არჩევის) ვადა არ უნდა აღემატებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობას, მაგრამ არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი (რექტორი) ხელშეკრულების საფუძველზე, წესდებით განსაზღვრული წესით, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს პედაგოგიურ პერსონალს და სხვა მუშაკებს და პედაგოგიურ (სამეცნიერო) საბჭოსთან ერთად ადგენს დადგენილი წესით პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის განრიგს.

7. საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური (სამეცნიერო) საბჭო:

ა) არის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით;

ბ) წარმართავს საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და სამეცნიერო საქმიანობას;

გ) შეაქვს ცვლილებები საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში.

8. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია პედაგოგიურ (სამეცნიერო) საბჭოსთან შეთანხმებით:

ა) ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს;

ბ) ადგენს სახელმწიფო სტიპენდიების დანიშვნის პირობებსა და წესს მოსწავლეთათვის (სტუდენტთათვის) საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტიპური დებულების საფუძველზე.

9. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, თავისი სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება პედაგოგიურ (სამეცნიერო) საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრული წესითა და პირობებით. ადმინისტრაციის მუშაკებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და დებულებით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს პედაგოგიური (სამეცნიერო) საბჭო.

10. პედაგოგიურ (სამეცნიერო) საბჭოს ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი (რექტორი).

თავი IV

სამართლებრივი ურთიერთობები განათლების სისტემაში

    მუხლი 24. საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება

1. საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს როგორც საჯარო სამართლის, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

2. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც არ არის შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

3. ურთიერთობა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ქონების მესაკუთრეს შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.

4. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების პროცესს ამ კანონით დადგენილი წესით წარმართავს საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც არის სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებში.

5. სახელმწიფო საგანამანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის გარდა) დაფუძნების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, სასკოლო ოლქის სამმართველო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. შესაბამის ბიუჯეტში ასახული დაფინანსებით სახელმწიფო საგანამანათლებლო დაწესებულების დაფუძნების უზრუნველყოფის შემთხვევაში მას კანონით დადგენილი წესით აფუძნებს ზემოაღნიშნული ორგანო.

6. სამხედრო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება.

7. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში, დაბებსა და თემებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებითი სკოლისათვის, 6 მოსწავლე – საბაზო სკოლისათვის და 21 მოსწავლე – საშუალო სკოლისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იქმნება დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.

8. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი შინარეწვის ტრადიციათა გათვალისწინებით, პროფესიული განათლების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ქმნის სახელობო სასწავლებლებს, ხოლო თუ ასეთი სასწავლებლის შექმნა შეუძლებელია, შინარეწვის ტრადიციების სწავლება გაითვალისწინება სასკოლო პროგრამებში.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2084-სსმ I, №24(31), 26.06.1999წ; მუხ.114.

    მუხლი 25. საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება

1. საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება შეესაბამება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპურ დებულებას.

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92.

    მუხლი 27. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაცია და აკრედიტაცია

1. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის მიზანია შემოწმდეს ლიცენზიის პირობებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის, მისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მდგომარეობა.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობა, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულებას და უფლებას აძლევს მას გასცეს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციასა და აკრედიტაციას ატარებენ ამ კანონით განსაზღვრული და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები.

4. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციისა და აკრედიტაციის პირობები, ვადა და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი დებულებით.

5. ვადა ერთმანეთის მომდევნო ატესტაციებს შორის არ უნდა აღემატებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეული საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შესრულების ვადას.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ატესტაცია ტარდება ექვსი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს იმავე სასწავლო წლის დასრულებამდე, თუ მოთხოვნა წარდგენილი იყო სასწავლო წლის დასრულებამდე სამი თვით ადრე მაინც.

7. ატესტაციის შედეგად დადებითი დასკვნის მიღებისას საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობა, რომელშიც აღინიშნება, რა სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის, რა აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და რომელი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს მას.

8. ატესტაციის შედეგად უარყოფითი დასკვნის მიღებისას საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ხელახალი ატესტაციის ჩატარება მოითხოვოს დასკვნის მიღებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ და იგი უნდა ჩატარდეს იმავე სასწავლო წლის განმავლობაში, თუ სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვე მაინც არის დარჩენილი.

9. თუ ამ კანონით განსაზღვრული და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე განათლების სისტემის მართვის ორგანომ არ უზრუნველყო ატესტაციის ჩატარება ამ მუხლით დადგენილ ვადებში, ჩაითვლება, რომ ატესტაციის შედეგი დადებითია.

10. ამ მუხლით დადგენილი ატესტაციის ხარჯებს იხდის საგანმანათლებლო დაწესებულება. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების გეგმური ატესტაცია ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე.

11. სახელმწიფო სტანდარტის შეცვლისას შეიძლება დადგინდეს აკრედიტაციის ხელახლა მიღების აუცილებლობა.

12. სახელმწიფო აკრედიტაციის გაუქმება ხდება:

ა) ლიცენზიის გაუქმებისას;

ბ) იმ პროფესიის ან სპეციალობის გაუქმებისას, რომლის მიღებაც დასტურდებოდა მისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით;

გ) თუ ატესტაციის ჩატარებისას მიღებული უარყოფითი დასკვნიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარებული სავალდებულო ატესტაციის დასკვნა კვლავ უარყოფითია.

    მუხლი 28. საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისას მისი ლიცენზია და სახელმწიფო აკრედიტაცია ითვლება ძალადაკარგულად, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საქმიანობის საგანი უცვლელი რჩება.

    მუხლი 29. უხარისხო სწავლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უხარისხო სწავლებით (სახელმწიფო ლიცენზიის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის, საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, სწავლების ხელშეკრულების პირობების დარღვევით, აგრეთვე, საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან შეუსაბამო სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით ან სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება) მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ დაწესებულების ხარჯზე სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უხარისხო სწავლებით მიყენებული არაქონებრივი (მორალური) ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ სწავლების მისაღებად გაწეული ხარჯების ოდენობამდე.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელმაც აანაზღაურა საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან შეუსაბამო სახელმწიფო სტანდარტით ან სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებისაგან მიყენებული ზიანი, უფლება აქვს სახელმწიფოს წაუყენოს უკუმოთხოვნა (რეგრესი) ზიანის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხის ოდენობით.

    მუხლი 30. ხელშეკრულება საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს (მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს) შორის

სასწავლებელში მიღებისას საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს (მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს) შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს:

ა) უფასო და/ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახეები და მათი შესრულების პირობები;

ბ) მოსწავლის (სტუდენტის) შრომითი საქმიანობის პირობები (თუ ასეთი არსებობს);

გ) პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებას, სტუდენტს, მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებისა და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე აღნიშნული დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების პირობები.

    მუხლი 31. საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი

1. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი, რომელიც ასრულებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა იყოს პირი, რომლის პედაგოგიური განათლებაც დადასტურებულია შესაბამისი პროფესიის აღმნიშვნელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, ვისი განათლების დამადასტურებელი უცხოეთში მიღებული სერტიფიკატიც ნოსტრიფიცირებულია საქართველოში ან მას მინიჭებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზი.

2. პირს, რომელსაც პედაგოგიური განათლება არ მიუღია, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის შემსრულებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობის უფლება ეძლევა მხოლოდ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემდეგ. შესაბამის დისციპლინათა ნუსხას, მათი შინაარსის სავალდებულო მინიმუმს, ატესტაციის კრიტერიუმსა და წესს ადგენს საქართველოს განათლების სამინისტრო.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგი სამუშაოზე მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან უამისოდ. ხელშეკრულების შინაარსი და პირობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას.

4. აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი პერიოდულად გადის ატესტაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით.

5. აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი პერიოდულად იმაღლებს კვალიფიკაციას სახელმწიფო დაკვეთის ხარჯზე, შესაბამისი სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საშუალო პროფესიული და უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე, რაც პედაგოგის პერიოდული ატესტაციის ერთ-ერთ საფეხურად ითვლება და შესაბამისი სერტიფიკატით დასტურდება.

6. სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა პედაგოგები სარგებლობენ თანაბარი პროფესიული უფლებებით და შრომის ანაზღაურების ერთიანი სკალით.

7. პედაგოგიური მოღვაწეობა იკრძალება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

    მუხლი 32. ინდივიდუალური პედაგოგიური მოღვაწეობა

1. ფიზიკურ პირს უფლება აქვს ულიცენზიოდ ეწეოდეს ინდივიდუალურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

2. არარეგისტრირებული ინდივიდუალური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.

თავი V

ეკონომიკური ურთიერთობანი განათლების სისტემაში

    მუხლი 33. საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრების უფლება

1. საგანმანათლებლო დაწესებულებას მისივე წესდებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება სარგებლობს გადაცემული ქონებით თავისი წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში და პასუხისმგებელია მისი დაცვისა და მიზნობრივად გამოყენებისათვის.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებად ითვლება:

ა) საჩუქრად, შეწირულობის სახით ან ანდერძით გადაცემული ფინანსური სახსრები, ქონება და საკუთრების სხვა ობიექტები;

ბ) წესდებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამომგონებლო და ამ კანონით დაშვებული სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ამ შემოსავლით შეძენილი ქონება და საკუთრების სხვა ობიექტები.

4. საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება გამოცხადდეს გაკოტრებულად კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციის ან გაკოტრებისას მისი საკუთრება გამოიყენება ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, ხოლო ნაშთი ნაწილდება წესდების შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით.

6. მაღალმთიან რეგიონებში განათლებისა და სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებს უნარჩუნდებათ ეზოები და სასწავლო-საცდელი ნაკვეთები.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2084-სსმ I, №24(31), 26.06.1999წ; მუხ.114.

    მუხლი 34. სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები განათლების სფეროში

1. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსური ნორმატივი არის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის განხორციელებისათვის აუცილებელი თანხების ოდენობა, რომელიც განისაზღვრება თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის, სტანდარტის, პროგრამის ყოველი სასწავლო წლისა და ერთი მოსწავლისა და სტუდენტისათვის.

2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს განათლების, ფინანსთა და სხვა შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით.

3. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესრულების ღირებულება აღემატება სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ეძლევა დამატებითი დაფინანსება.

    მუხლი 35. სახელმწიფო დაკვეთა

1. სახელმწიფო დაკვეთა არის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სასწავლო საბიუჯეტო ჯგუფებისა და ადგილების რაოდენობა.

2. საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მისაღები თანხების ოდენობა გაიანგარიშება სახელმწიფო დაკვეთითა და შესაბამისი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების საფუძველზე.

    მუხლი 36. საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები

1. საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით და დაწესებულებასა და დამფინანსებელს შორის დადებული ხელშეკრულებით.

2. სახელმწიფო დაკვეთის შესასრულებლად სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება, რაც გამოიანგარიშება ყოველი სახისა და საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ფინანსური ნორმატივებისა და მოცემულ დაწესებულებაში სახელმწიფოს ხარჯზე მყოფ მოსწავლეთა (სტუდენტთა) რაოდენობის მიხედვით. არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება ბიუჯეტიდან ფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების სხვა წყაროებია:

ა) საჩუქრად, შეწირულობის სახით, ანდერძით ან გრანტით მიღებული ფინანსური სახსრები;

ბ) სახელმწიფოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ (მათ შორის, სხვა სახელმწიფოს) პირებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებით მიღებული თანხები.

    მუხლი 37. საგანმანათლებლო დაწესებულების ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს საკუთარი წესდებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ეწეოდეს ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას (მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებას და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას). სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის საფასური არ უნდა აღემატებოდეს ერთი მოსწავლის (სტუდენტის) სწავლებისთვის ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად დადგენილი თანხის ოდენობას. სხვა შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება საგანამანათლებლო დაწესებულებასა და მოსწავლის მშობელს (სტუდენტს) შორის დადებული ხელშეკრულებით.

2. არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას ფუნქციონირების დასაწყებად აუცილებელია ჰქონდეს საწესდებო ფონდი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების 20 პროცენტის მოცულობით მაინც.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კანონმდებლობითა და თავისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით:

ა) იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს;

ბ) დააფუძნოს საწარმო, შეიძინოს და განკარგოს აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

4. თავისი საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველყსაყოფად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება არა აქვს საბიუჯეტო დაფინანსება გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიზნით.

    მუხლი 38. საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკის შრომის ანაზღაურება

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკის ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს სახეს, მუშაკის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას. დამატებითი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების ანაზღაურება ხდება სხვა შეთანხმებით, კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მუშაკებს ეძლევათ ხელფასის დანამატი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, 1200 მეტრამდე – 50%, ხოლო 1200 მეტრის ზევით – 70%, აგრეთვე უწესდებათ კომუნალური შეღავათები. (ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან)

3. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერ მასწავლებლებს ხელფასთან ერთად მიეცემათ პენსია სრული ოდენობით.

4. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და კულტურის მუშაკებს სახელმწიფოს დაკვეთით უტარდებათ მიზნობრივი მომზადება.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2084-სსმ I, №24(31), 26.06.1999წ; მუხ.114.

    მუხლი 39. განათლების სისტემის განვითარების პრიორიტეტულობის სახელმწიფო გარანტიები

1. განათლების სისტემის საქმიანობის დასაფინანსებლად განათლების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების მიღების თანაბარი პირობები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარით აღებისა და შესყიდვისას უპირატესი უფლებით, თუ ეს ქონება საგანმანათლებლო პროცესს უნდა მოხმარდეს.

4. პედაგოგის მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს საქართველოს საბიუჯეტო დაწესებულებათა მუშაკის საშუალო ხელფასზე ნაკლები.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგს კანონმდებლობით უწესდება შემოკლებული სამუშაო დღე და გახანგრძლივებული ანაზღაურებადი შვებულება. სოფლად არსებული სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები სარგებლობენ კანონით დადგენილი სხვა შეღავათებითაც.

6. „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს პრეზიდენტთან იქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ნიჭიერ ახალგაზრდებზე, ეხმარება მატერიალურად და შესაძლებლობას უქმნის ისწავლონ საქართველოს და საზღვარგარეთის წამყვან საგანამანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.

თავი VI

სოციალური გარანტიები და უფლება-მოვალეობანი განათლების სფეროში

    მუხლი 40. მოსწავლეთა (სტუდენტთა) უფლებები და სოციალური დაცვა

1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს:

ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით დადგენილი განათლება, მათ შორის დაწყებითი და საბაზო განათლება, ხოლო კანონით დადგენილ ფარგლებში საშუალო და პროფესიული განათლებაც სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) განათლების მისაღებად აირჩიოს სახელმწიფო ან არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) მიიღოს განათლება ექსტერნად და გაიაროს ატესტაცია (მათ შორის, გამოსაშვები) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კლასში (კურსზე);

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გარდა) სწავლისას გაიაროს დაჩქარებული კურსი ან ისწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით;

ე) ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადავიდეს მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ამ უკანასკნელის თანხმობთ) იმავე საფეხურზე;

ვ) სწავლის პერიოდში ეწეოდეს თავის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის შრომით საქმიანობას.

2. აკრძალულია სასწავლო დროის ხარჯზე მოსწავლეთა (სტუდენტთა) ჩაბმა ისეთ მუშაობაში, რომელიც არ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესთან.

3. ზოგადი და დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში, შესაბამისი სასკოლო ოლქის სამმართველო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მათი განათლების სამინისტროები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მოსწავლეთა გადაყვანა შესაბამისი სახის სხვა დაწესებულებაში მათ მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) შეთანხმებით.

4. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში სტუდენტების სწავლის გაგრძელებასა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი გადაყვანის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ხოლო თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არასახელმწიფოა თვით ამ დაწესებულებას.

5. მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) მზრუნველობას მოკლებული ბავშვების შენახვა და სწავლება სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო, სახელობო მომზადების, დაწყებით და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება 18 წლამდე, წარმატებით სწავლის შემთხვევაში კი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.

6. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები (სტუდენტები) თანაბრად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა შეღავათით.

7. მოსწავლეთა (სტუდენტთა) მოვალეობა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

    მუხლი 41. იმ ბავშვთა და მოზარდთა სოციალური დაცვა, რომლებსაც აღზრდისა და განათლების განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ

1. იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ დაძლიეს დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ნორმალური განვითარებისაგან გადახრილი, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე მოსწავლეთათვის, აგრეთვე იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, განათლების სისტემის მართვის ორგანოები ქმნიან სპეციალურ და კორექციული ხასიათის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც ხორციელდება ასეთი ბავშვების მკურნალობა, აღზრდა, სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. სპეციალურ სკოლებში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობისა და სპეციალური სამედიცინო-პედაგოგიური კომისიის დასკვნის საფუძველზე. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო. ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სახელმწიფო აფინანსებს მაღალი ნორმატივებით.

2. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულები და სხვა), რომლებიც არ შედიან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კატეგორიაში, წესდება შეღავათი მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულებით.

3. იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, იქმნება სპეციალური სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებები, სადაც სპეციალური პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით ხორციელდება მოსწავლეთა აღზრდა და სწავლება, სახელობო და/ან დაწყებითი პროფესიული მომზადება, შექმნილია თვითგანვითარების პირობები. ასეთ სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები იგზავნებიან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით 11 წლის ასაკიდან.

    მუხლი 42. აღსაზრდელთა და მოსწავლეთა (სტუდენტთა) ჯანმრთელობის დაცვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულება აღსაზრდელებსა და მოსწავლეებს (სტუდენტებს) უქმნის ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობებს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო-შრომითი დატვირთვა, შინაგანაწესი, კვების პირობები და სანიტარიული ნორმები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებსა და ნორმატივებს.

2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო მომსახურებას.

3. იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც სჭირდებათ ხანგრძლივი მკურნალობა, სახელმწიფოს ხარჯზე იქმნება გამაჯანსაღებელი, მათ შორის, სანატორიუმის ტიპის, საგანმანათლებლო დაწესებულებები.

4. აღსაზრდელთა და მოსწავლეთა (სტუდენტთა) სწავლის, დასვენებისა და შრომის პირობები განსაზღვრულია კანონმდებლობით და პასუხისმგებლობა მათი დაცვისათვის ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

    მუხლი 43. საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკთა უფლება-მოვალეობანი და სოციალური დაცვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკის მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და დაწესებულებასა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.

2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, ეკონომიკისა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები;

ბ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რაშიც მას მუდმივად უნდა შეუწყონ ხელი განათლების სისტემის მართვის ორგანოებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებამ;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.

4. საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგთა საპენსიო უზრუნველყოფას არეგულირებს საქართველოს საპენსიო კანონმდებლობა განათლების სფეროს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. საპენსიო ასაკამდე 25 წლის პედაგოგიური მუშაობისთვის პედაგოგს ენიშნება და ეძლევა წელთა ნამსახურობის პენსია ხელფასის განაკვეთის (სარგოს) 50 პროცენტის ოდენობით, რომელიც მას მიეცემა მუშაობის პერიოდში ან მისი შეწყვეტის შემდეგაც საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1449-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998; გვ.54.

    მუხლი 44. მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) უფლება-მოვალეობა, მათთვის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან

1. მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ:

ა) მოითხოვონ ბავშვის უფლებების დაცვა;

ბ) თავიანთ არასრულწლოვან შვილს, ბავშვს შეურჩიონ სწავლების ფორმა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) მოსთხოვონ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას წესდების დაცვა და ამ წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში.

2. მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) ვალდებულნი არიან:

ა) იზრუნონ ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის;

ბ) ჩაუნერგონ ბავშვს კანონის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა;

გ) ბავშვს შეუქმნან სწავლისათვის აუცილებელი პირობები; საოჯახო განათლების შემთხვევაში შეასრულონ დადგენილი მოთხოვნები;

დ) შეასრულონ საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს), რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბავშვის განათლების მიღებას, ეკისრებათ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

4. მშობლებს, რომელთა შვილებიც დაწყებით და საბაზო ზოგად განათლებას იღებენ საოჯახო ფორმით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, სასკოლო ოლქის სამმართველო უწევს სათანადო (მეთოდიკურს, დიაგნოსტიკურს და ა.შ.) დახმარებას.

5. მშობლებს, რომელთა შვილებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწყებით და საბაზო ზოგად განათლებას იღებენ საოჯახო ფორმით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების, სასკოლო ოლქის გადაწყვეტილებით მიეცემათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ფულადი კომპენსაცია.

თავი VII

საერთაშორისო თანამშრომლობა განათლების სფეროში

    მუხლი 45. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები სხვა ქვეყნის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან, მათთან ერთად შექმნან საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო ცენტრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებას.

თავი VIII

პასუხისმგებლობა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 46. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი IX

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 47. სახელმწიფოს ხარჯით საშუალო განათლების უზრუნველყოფაზე გადასვლის ვადა

ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებითა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/35] თავის ხარჯზე საშუალო განათლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს ეტაპობრივად 2003 წლამდე; მანამ საშუალო განათლების მიღების ფარგლებს განსაზღვრავს საბიუჯეტო დაფინანსებით უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაკვეთა, წესს კი კონკურსი, რომლის პირობებს ადგენს განათლების სამინისტრო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/35

 

    მუხლი 48. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილების განხორციელება მათ შექმნამდე

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შექმნამდე ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. ამ კანონით გათვალისწინებული განათლების განყოფილებები იქმნება მხოლოდ რაიონის დონეზე არსებულ თვითმმართველობის ორგანოებთან.

    მუხლი 49. სწავლების ენის, ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლების პროგრამების შემუშავება და ამოქმედება

ამ კანონის მე-4 მუხლი და მე-7 მუხლის მე-8-9 პუნქტები ამოქმედდება ეტაპობრივად, მათში აღნიშნულ მოთხოვნათა შესასრულებლად აუცილებელი პირობების თანდათანობით შექმნის შემდეგ. ამ პირობების შესაქმნელად საქართველოს განათლების სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შეიმუშავებს ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლების სახელმწიფო პროგრამებს, საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარმოუდგენს ამ პროგრამების დაფინანსების პროექტს, რაც აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მუხლი 50. საშუალო განათლების სამწლიან პროგრამაზე გადასვლის ვადა

ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სამწლიანი პროგრამა იწყება 2001 წლის 1 სექტემბრიდან.

    მუხლი 51. პროფესიული, მათ შორის, უმაღლესი და უმაღლესისშემდგომი განათლების პროცესის რეგულირება

პროფესიული, მათ შორის, უმაღლესი და უმაღლესისშემდგომი განათლების შესახებ კანონების მიღებამდე ამ ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულირდება ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 52. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების ვადა

ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულება და პერსონალური შემადგენლობა.

    მუხლი 53. სასკოლო ოლქის შექმნის ვადა

1. სასკოლო ოლქები უნდა შეიქმნას ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში.

2. სასკოლო ოლქის სამმართველოს შექმნამდე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო.

    მუხლი 54. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ვადა

ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების დებულება, ხოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები და სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები.

    მუხლი 55. სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შემუშავება

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებიდან ექვსი თვის ვადაში შემუშავდეს და დამტკიცდეს შესაბამისი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები.

2. 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებამდე შემუშავდეს და დამტკიცდეს დროებითი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივები განათლების სფეროში და ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად განისაზღვროს სახელმწიფო დაკვეთა.

    მუხლი 56. პედაგოგიური მოღვაწეობის უფლება

1. ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

2. საქართველოს განათლების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში განსაზღვროს იმ დისციპლინათა ნუსხა, მათი შინაარსის სავალდებულო მინიმუმი, ატესტაციის კრიტერიუმები და წესი, რომელთა ცოდნაც იძლევა პედაგოგიური მოღვაწეობის უფლებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის შემსრულებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

    მუხლი 57. ამ კანონით განსაზღვრული დებულებების, საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმწიფო სტანდარტების შემუშავების, სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების წესი

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში შემუშავდეს და დამტკიცდეს:

ა) სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმწიფო სტანდარტი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტატუსი და ტიპური დებულებები;

გ) განათლების განყოფილების ტიპური დებულება;

დ) სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზი, აკადემიური ხარისხები და მათი მინიჭების წესი; ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატების ნიმუშები;

ე) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებები; ამ დაწესებულებათა, პედაგოგთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა ატესტაციის დებულებები;

ვ) სახელმწიფო აკრედიტაციის არმქონე ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება;

ზ) ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება;

თ) იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხა, რომელთა ატესტაცია და სერტიფიცირებაც აკრძალულია შესაბამისი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების შემთხვევაში;

ი) უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების დებულება. დებულების დამტკიცებამდე საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების საკითხს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს საქართველოს განათლების სამინისტრო.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92.

    მუხლი 58. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92.

    მუხლი 59. საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია. საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციამდე სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის გაცემის წესი

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განიხილება მხოლოდ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საკითხი, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მიიღეს ლიცენზია ან ჩაუტარდათ ხელახალი ლიცენზირება ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად.

2. ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ ერთიან სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატებს. ამ კანონის შესაბამისად აკრედიტაციის დებულების დამტკიცებამდე მოქმედი ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები სახელმწიფო აკრედიტაციის მიღებამდე, მაგრამ ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს სამი წლისა, გასცემენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედ სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატებს.

თავი X

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 60. განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ვადა

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 61. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გაუქმება

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს კანონი „უცხოეთის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის ცენტრებთან, დაწესებულებებთან, ინვესტორებთან პარტნიორული ურთიერთობის სახელმწიფოებრივი რეგულირების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №17);

ბ) საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის არასახელმწიფო საერო სასწავლებლების შესახებ“ დებულების თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №16 (633), მუხ. 306).

2. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ყველა ის ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც განსხვავებულად განიხილავს ამ კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

 

საქართველოს პრეზიდენტი              ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№826

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/35

2. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1449-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998; გვ.54.

3. საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი №1474-პარლამენტის უწყებანი №27-28, 30.07.1998წ; გვ.5.

4. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92

5. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2084-სსმ I, №24(31), 26.06.1999წ; მუხ.114

18. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3530 - სსმ, 47, 05/08/2010 17. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4531 - სსმ, 15, 23/04/2007 16. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3162 - სსმ, 19, 01/06/2006 15. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2797 - სსმ, 9, 31/03/2006 14. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2475 - სსმ, 56, 28/12/2005 13. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2457 - სსმ, 56, 28/12/2005 12. 08/04/2005 - საქართველოს კანონი - 1330 - სსმ, 20, 04/05/2005 11. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2433 - სსმ, 20, 11/07/2003 10. 29/01/2003 - საქართველოს კანონი - 1957 - სსმ, 5, 19/02/2003 9. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 8. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 7. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 6. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2093 - სსმ, 22(29), 16/06/1999 5. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2084 - სსმ, 24(31), 26/06/1999 4. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2023 - სსმ, 20(27), 09/06/1999 3. 25/06/1998 - საქართველოს კანონი - 1474 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 2. 12/06/1998 - საქართველოს კანონი - 1449 - პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998 1. 29/12/1997 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/35 - გამოუქვეყნებელი, -, 29/12/1997
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.