საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 764
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 23/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.000.113
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
764
23/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 23/06/1995
220.010.000.04.001.000.113
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/10/2001 - 23/07/2003)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

საქართველოს 1997 წლის 15 ოქტომბრის კანონი №913-Iს - პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997 წ.,გვ.24

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციები.

2. ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა.

3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 2. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის, ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება, საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების, აგრეთვე, საფინანსო-საკრედიტო სისტემის ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობის და საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული მყარი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, რომელიც ორიენტირებულია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ეროვნული ბანკის ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა.

ბ) განახორციელოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ზედამხედველობა მათი ლიცენზირების, რეგულირებისა და შემოწმების მეშვეობით, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მართვა და ლიკვიდაცია.

გ) ფლობდეს, ინახავდეს და განკარგავდეს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს.

დ) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი, მრჩეველი და ფისკალური აგენტი.

ე) უზრუნველყოფდეს საგადახადო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ვ) ხელს უწყობდეს საიმედო და მდგრადი საფინანსო-საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.

ზ) კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის დააწესოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული ანგარიშგების წესები და პროცედურები.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის ორგანული კანონი №1639 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ.,მუხ.28

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 3. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა

1. კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს უფლება არა აქვთ ჩაერიონ მის საქმიანობაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ეკონომიკურად და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლით. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებებისათვის, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა პასუხს არ აგებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეროვნული ბანკი ან მინისტრთა კაბინეტი თვითონ კისრულობს ასეთ ვალდებულებებს.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი, აგრეთვე მისი საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადის, გადასახდელისა და მოსაკრებლისაგან (მათ შორის სახელმწიფო ბაჟისაგან).

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 4. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. ეროვნული ბანკი საქართველოს წარმოადგენს ყველა საერთაშორისო თათბირზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში, რომლებიც დასაქმებული არიან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებით, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის ლიცენზიების გაცემის და მათი საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების საკითხებით, აგრეთვე ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხებით.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა წევრიც არის თვითონ.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ ფულად-საკრედიტო სფეროში ეკონომიკურ სტაბილურობას.

4. როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს შეუძლია იკისროს ვალდებულებანი და განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

თავი II

ეროვნული ბანკის ორგანიზაცია და მმართველობა

    მუხლი 5. ეროვნული ბანკის ორგანიზაცია

1. ეროვნული ბანკი ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემაა.

2. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ჩამოყალიბების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს.

    მუხლი 6. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრის შემადგენლობით.

2. ეროვნული ბანკის საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და ზედამხედველობას უწევს მის განხორციელებას ამ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, ცნობილი პატიოსნებით და აღიარებულნი პროფესიონალიზმით საბანკო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო საქმიანობის სფეროში.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, საბჭოს თავმჯდომარის გარდა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და ხუთი სხვა წევრი.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

7. დასაშვებია საბჭოს წევრების ხელახალი არჩევა. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი.

8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

9. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლდება, თუ იგი:

ა) საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად გადაყენებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან.

ბ) დაკარგა საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

გ) დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა, რითაც არსებითი ზარალი მიაყენა ეროვნულ ბანკს.

დ) ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის გამო.

ე) გახდა ვალაუვალი ან გამოცხადებულია გაკოტრებულად და არ არის რეაბილიტირებული.

ანალოგიური წესით ხდება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობიდან გათავისუფლება.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 7. საბჭოს ფუნქციები

1. საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის მთელ საქმიანობას.

2. თავისი ფუნქციების შესრულებისას ეროვნული ბანკის საბჭომ პერიოდულად უნდა შეაფასოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა და ეკონომიკური ვითარება. ამ მიზნით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სულ ცოტა კვარტალში ერთხელ მოახსენებს საბჭოს ეროვნული ბანკის საქმიანობის, მის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების, საბანკო სისტემისა და ეროვნული ფულის ერთეულის სიმყარის, საფინანსო, სავალუტო და კაპიტალის ბაზრების მდგომარეობის თაობაზე.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 8. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებანი

ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, მათ შორის ეროვნული ბანკის ლიმიტები ღია ბაზრის ოპერაციებზე, საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვების მოცულობა.

ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი.

გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი.

დ) წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ე) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები.

ვ) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 9. საბჭოს წევრების დამატებითი სარგოების განსაზღვრა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 10. პირი, რომელსაც უფლება არა აქვს დაიკავოს საბჭოს წევრის თანამდებობა

საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს პირი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის ან მთავრობის წევრის თანამდებობა უკავია.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 12. საბჭოს წევრის გადადგომა.

საბჭოს ნებისმიერი წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს სავარაუდო გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.

    მუხლი 13. ვაკანსია საბჭოში

ნებისმიერი ვაკანსია საბჭოში უნდა შეივსოს საბჭოს ახალი წევრის დანიშვნით, საბჭოს შესაცვლელი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

    მუხლი 14. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნისას - ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ბრძანებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

2. საბჭოს სხდომები იმართება ისეთი სიხშირით, როგორც ამას ეროვნული ბანკის საქმის ვითარება მოითხოვს, მაგრამ კვარტალში სამჯერ მაინც.

3. საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი შემცვლელი ვიცე-პრეზიდენტი. სხდომის მოწვევა შეიძლება აგრეთვე ნებისმიერ დროს საბჭოს 3 წევრის ან ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს - ორი წევრის წერილობითი მოთხოვნით.

4. საბჭოს სხდომის მოწვევისას საბჭოს ყველა წევრს უნდა აცნობონ, დანიშნული სხდომის დღემდე არა უგვიანეს 5 დღისა, სხდომის ჩატარების ადგილი, დღის წესრიგი სათანადო მასალებითურთ. საგანგებო შემთხვევაში საბჭოს სხდომა შეიძლება მოიწვიან უფრო სასწრაფო წესით.

5. საბჭოს თვითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს თვით პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

კვორუმის შესახებ ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საბჭოს არც ერთი მოქმედება და გადაწყვეტილება არ შეიძლება ცნონ ბათილად მხოლოდ იმ საბაბით, რომ საბჭოს შემადგენლობაში ერთი ან რამდენიმე ვაკანსიაა.

6. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ დამსწრე წევრს.

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია პრეზიდენტის ან , მისი არყოფნისას, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

7. იმ პირთა მოქმედება, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან საბჭოს სხვა წევრთა მოვალეობებს, კანონიერად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდა რაიმე დარღვევები მათი დანიშვნის შემდეგ (თანამდებობრივი ან პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისობის კრიტერიუმების დაუცველობა).

    მუხლი 15. საბჭოს სხდომის ჩატარების და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურა

1. საბჭოს სხდომა კონფიდენციალურია. საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მუშაობის ყველა ან რამდენიმე შედეგის საჯაროდ გამოცხადების შესახებ.

2. საბჭოს სხდომის მუშაობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

3. საბჭოს მდივანს ამტკიცებს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი მუშაკების რიგიდან. იგი არ უნდა შედიოდეს საბჭოს შემადგენლობაში.

4. საბჭოს დადგენილებას ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

    მუხლი 16. საბჭოს წევრის მიერ თავისი ინტერესების გამოცხადება

1. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის მომენტში და შემდეგ ყოველწლიურად თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე საბჭოს წევრმა საბჭოს პერიოდულად უნდა წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი კომერციული ინტერესების და თავისი ოჯახის ინტერესების შესახებ. ამგვარი განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საბჭოს მიერ მიღებულ დირექტივებს, ამასთან საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება იყვნენ ბანკების დამფუძნებლები, მეპაიეები ან აქციონერები.

2. საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი საკითხის გატანის დროს, რომელიც დაკავშირებულია ასეთ ინტერესებთან, საბჭოს დაინტერესებული წევრი ვალდებულია განხილვის დასაწყისში წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ინტერესების შესახებ. საბჭოს ასეთი წევრი არ მონაწილებს განხილვაში და მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, მისი დასწრება მხედველობაში არ მიიღება კვორუმის განსაზღვრისას.

    მუხლი 17. შემდგომი სამსახური

1. ეროვნულ ბანკში სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს 2 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგო, პრივილეგიები და ეკრძალებათ იმუშაონ საქართველოს სხვა საბანკო ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგოს მიღების უფლება და პრივილეგიები პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს არ უნარჩუნდებათ, თუ ისინი პირადი განცხადებით ან მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე გათავისუფლდნენ თანამდე-ბობიდან.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 18. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებელია და პასუხისმგებელია ბანკის მიმდინარე საქმიანობისათვის. პრეზიდენტის არყოფნის დროს ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებლის ფუნქციას ასრულებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ან ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ბოლოს ასრულებდა ამ მოვალეობას.

    მუხლი 19. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური

1. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორიული სამსახურის უფროსი დაინიშნება 7 წლის ვადით საბჭოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით იმ კანდიდატთაგან, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და რომლებზეც ვრცელდება მე-10 მუხლი. იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადით. მის შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს საბჭოს.

2. აუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რაც არა უგვიანეს 3 თვით ადრე უნდა აცნობოს პრეზიდენტს. ამასთან იგი შეიძლება გადააყენონ საბჭოს გადაწყვეტილებით მე-11 მუხლში მოცემული ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის საფუძველზე.

3. აუდიტორული სამსახურის ფუნქციებია:

ა) ახორციელებდეს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონებს, სხვა ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე ბანკის გადაწყვეტილებათა ზუსტად შესრულების შიდა კონტროლს, სამმართველოების, განყოფილებების საქმიანობისა და საბანკო ოპერაციების პერიოდულ რევიზიას;

ბ) საბჭოსთვის მოსახსენებლად ადგენდეს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და შეიმუშავებდეს რეკომენდაციებს ანგარიშგებისა და სააღრიცხვო საბუთების, აგრეთვე საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და ბანკში კონტროლის მეთოდების შესახებ;

გ) აუდიტორულად ამოწმებდეს ეროვნული ბანკის პერიოდულ საფინანსო ანგარიშგებებსა და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ადასტურებდეს მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.

    მუხლი 20. ეროვნული ბანკის პერსონალი და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბანკის პრეზიდენტი.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს ეროვნული ბანკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სხვა სახის ფულადი ანაზღაურების ოდენობას ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. ეროვნული ბანკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების ოდენობა ორიენტირებულია საბანკო სისტემაში არსებული შრომის ანაზღაურების დონესთან. შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულთა დებულებებს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

4. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სხვა მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს ამ ბანკში მუშაობის პერიოდში უფლება არა აქვთ აიღონ სესხი სხვა ბანკიდან, გარდა ეროვნული ბანკისა.

5. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სხვა მოხელე და დამხმარე მოსამსახურე ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში შეთავსებით არ უნდა მუშაობდნენ, ან არ უნდა ეკავოთ სხვა, როგორც ანაზღაურებადი ისე აუნაზღაურებადი თანამდებობა, თუ ეს საქმიანობა არ წარმოადგენს სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით მოღვაწეობას და არ უკავშირდება ადმინისტრაციულ საქმიანობას.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება არა აქვთ იყვნენ კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების აქციონერი, პარტნიორი ან მეპაიე (პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით), სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. თუ საბჭოს წევრის, მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის ახლო ნათესავი არის რომელიმე კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების 5 ან მეტი პროცენტის მფლობელი აქციონერი, პარტნიორი, მეპაიე, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, ამის შესახებ მათ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს ან ეროვნული ბანკის საბჭოს. მათ ასევე უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ასეთ ბანკთან ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს ზედამხედველობა იმ პირისადმი, რომლის აქციონერი (პარტნიორი ან მეპაიე), სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ახლო ნათესავია.

7. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ან თანამშრომელს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომლებთანაც მას აკავშირებს ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა.

8. ეროვნული ბანკის მოხელე ყოველწლიურად ავსებს თავის და თავისი ოჯახის წევრთა საფინანსო-ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციას. აღნიშნული არ ათავისუფლებს მოხელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის მოვალეობისაგან.

9. ეროვნული ბანკის მიერ ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და სხვა გასაცემლების ოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალს.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 21. საიდუმლოება

1. ბანკის არც ერთ მუშაკს, თანამშრომელს, აუდიტორს, აგენტს ან კორესპოდენტს ან ყოფილ საბჭოს წევრს არა აქვს უფლება დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გაითქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის.

2. ზემოთ ჩამოთვლილ პირებს კონფიდენციალური ფაქტობრივი მონაცემები შეუძლიათ გააცნონ მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატას.

3. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

თავი III

საფინანსო დებულებები

    მუხლი 22. ეროვნული ბანკის კაპიტალი

1.  ეროვნული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალი შეადგენს 15.000.000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს. საწესდებო კაპიტალის მთელი ეს თანხა არ ექვემდებარება გადაცემას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის სახით.

2. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი იქმნება გადაფასების რეზერვებში გადარიცხვების შემდეგ დარჩენილი წმინდა შემოსავლიდან 25 პროცენტიანი ანარიცხების ხარჯზე. ამასთან, ანარიცხები საწესდებო კაპიტალში წყდება მისი მოცულობის დადგენილ ოდენობამდე მიღწევისთანავე.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 1997 წლის 15 ოქტომბრის კანონი №913-Iს - პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997 წ.,გვ.24

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 23. ეროვნული ბანკის დეფიციტის დაფარვა

1. თუ ეროვნული ბანკის ბალანსში აქტივების ღირებულება მისი ვალდებულებების, ხელუხლებელი კაპიტალისა და სარეზერვო ფონდის თანხაზე ნაკლებია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არსებული დეფიციტის დასაფარავად ეროვნულ ბანკს საკმარისი მოცულობით მისცემს ამავე სამინისტროს მიერ გამოშვებულ სავალო ვალდებულებებს წარმომდგენზე იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ანალოგიური იქნება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფასიანი ქაღალდები უნდა გამოუშვას ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში. ეს ფასიანი ქაღალდები უნდა აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 1997 წლის 15 ოქტომბრის კანონი №913-Iს - პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997 წ.,გვ.24

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 24. ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავლის გამოანგარიშება

ყოველი საფინანსო წლისათვის ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალი გამოიანგარიშება როგორც წმინდა საოპერაციო მოგების ან ზარალის და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგების ან ზარალის ჯამი. წმინდა საოპერაციო მოგება ან ზარალი მიიღება საანგარიშგებო წლის შემოსავლის თანხიდან ძირითადი საქმიანობის წარმართვისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების გამოქვითვისა და რეზერვების იმ ფონდებში გადარიცხვების შემდეგ, რომლებიც გამოიყენება:

ა) ამოუღებელი და საეჭვო სესხების დასაფარავად, ძირითადი საშუალებების სრული აღდგენისათვის, თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევისათვის;

ბ) ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების დაფარვისათვის.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 25. ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავლის განაწილება

1. გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგება გადაირიცხება გადაფასების რეზერვებში.

2. საწესდებო კაპიტალში ანარიცხების განხორციელების შემდეგ ეროვნული ბანკი ქმნის სარეზერვო ფონდს, რომელშიც ეროვნული ბანკის ყოველი საფინანსო წლის ბოლოს უნდა გადაირიცხოს წლის წმინდა შემოსავლის დარჩენილი ნაწილის არა უმეტეს 50 პროცენტის ტოლი თანხა, ვიდრე სარეზერვო ფონდის თანხა გაუთანაბრდება განაღდებული კაპიტალის ოდენობას. ეროვნული ბანკის საბჭოს ნებართვით რომელიმე წლის სარეზერვო ფონდში გადასარიცხი თანხა შეიძლება გაიზარდოს 50 პროცენტზე მეტი ოდენობით. სარეზერვო ფონდის საერთო თანხა მისი ნებართვით შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის განაღდებულ კაპიტალზე მეტი ოდენობის. სარეზერვო ფონდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ზარალის დასაფარავად.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია შექმნას სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ფონდები, რომლებშიც თანხა გადაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თანხა დარჩება ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადანაწილების დამთავრების შემდეგ.

4. წმინდა შემოსავლის დარჩენილ თანხას ეროვნული ბანკი გამოიყენებს ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული და ბანკში შენახული ფასიანი ქაღალდების დასაფარავად სარეზერვო ფონდში ან ნებისმიერი დანიშნულების სხვა სარეზერვო ფონდებში თანხების გადარიცხვამდე.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 26. წმინდა შემოსავლის გადარიცხვა

საფინანსო წლის წმინდა შემოსავალი, რომელიც დარჩება 25-ე მუხლის შესაბამისად გადარიცხვების გადაფარვის შემდეგ, უნდა გადაერიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დამთავრებიდან 4 თვის მანძილზე.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 27. წმინდა შემოსავლის განაწილების შეზღუდვები

არანაირი გადარიცხვა, დაფარვა ან გადახდა, თანახმად 25-ე და 26-ე მუხლებისა, არ უნდა განხორციელდეს, თუ ამის შემდეგ, ეროვნული ბანკის აზრით, ეროვნული ბანკის აქტივების თანხა აღმოჩნდება მისი ვალდებულებებისა და განაღდებული კაპიტალის თანხაზე ნაკლები.

თავი IV

ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ფუნქციები და ოპერაციები

    მუხლი 28. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

1. საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანად პასუხისმგებელია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის, გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ საქართველოს პარლმენტი ან საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლში აღნიშნულ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის უმთავრეს ამოცანას, ან ხელს არ უწყობს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს შეუძლიათ დააყენონ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის საკითხი, რის შემდეგაც ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებით განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის საჭიროება. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი სტაბილურობის უზრუნველყოფის ინტერესების შესაბამისად უნდა შეცვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მაშინ ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ შეუდგება შეცვლილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას და განახორციელებს მას პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. პარლამენტის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ცვლილებების ხასიათი, აგრეთვე პრინციპული მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მისი შეცვლის საჭიროებას, გადაწყვეტილების მოქმედების ვადის აღნიშვნით, იმ პირობის მითითებით, რომ მას პარლამენტი არ გააუქმებს ან არ შეცვლის.

3. თუ ეროვნული ბანკი არ დაეთანხმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, ავტომატურად დგება ეროვნული ბანკის საბჭოს ვადამდე გადარჩევის საკითხი.

საქართველოს 1997 წლის 15 ოქტომბრის კანონი №913-Iს - პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997 წ.,გვ.24

    მუხლი 29. ოპერაციები ღია ბაზარზე

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ჩვეულებრივი შეძენის ან გაყიდვის გზით (სპოტური და ფორვარდული ოპერაციებით), ან შემდგომში გამოსყიდვის შეთანხმების გზით. ამ მიზნით სხვა ფასიანი ქაღალდების გამოყენება აკრძალულია.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 30. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

1. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყველა კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ოდენობისა და მისი გაანგარიშების წესს ეროვნული ბანკი ადგენს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების შესაბამისად.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ. ეროვნულ ბანკში არსებულ თავისუფალ რეზერვებზე პროცენტები არ წესდება.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 31. სავალდებულო რეზერვების ნორმების დარღვევა

ეროვნულ ბანკს შეუძლია დააჯარიმოს ამ კანონის 30-ე მუხლში გათვალისწინებული ნებისმიერი იურიდიული პირი, თუ იგი არ დაიცავს 30-ე მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დადგენილ დონეს,ვიდრე არ შეივსება დანაკლისი კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ბანკის სარეზერვო ანგარიშზე, ან გამოიყენოს ამ კანონის 59-ე მუხლში გათვალისწინებული სანქცია. ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 32. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები

1. ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების დისკონტირება და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ წარმოადგენს საბანკო ანგარიშის მფლობელი. ესენია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე გასანაღდებელი და ქვეყნის კანონიერი გადასახადის საშუალებებში გამოსახული გადასაყვანი და უბრალო თამასუქები, რომელსაც ხელს აწერს სულ ცოტა 3 გადახდისუნარიანი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბანკი, და რომლებზეც აღნიშნული დაფარვის ვადა არ აღემატება 3 თვეს ეროვნული ბანკის მიერ მათი შეძენის დღიდან.

ეროვნულ ბანკს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ისეთი ინსტრუმენტების დისკონტირებაც, რომლებსაც ხელს აწერს ორი გადახდისუნარიანი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბანკი, და რომელთა გადახდის ვადა დადგება 3 თვეზე გვიან, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვისა ეროვნული ბანკის მიერ შეძენის დღიდან;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული და გარანტირებული, საქართველოს ტერიტორიაზე გასანაღდებელი და გადახდის კანონიერ საშუალებებში გამოსახული სავალო ვალდებულებები, რომლებიც წარმოადგენენ ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო გამოშვების ნაწილს და განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მისაყიდად, და რომლებიც უნდა დაიფაროს არა უგვიანეს სამი თვისა ეროვნული ბანკის მიერ მათი შეძენის დღიდან.

2. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები ექვემდებარება ყველა სხვა პირობებსა და წესებს, მათ შორის სადისკონტო განაკვეთს, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.

3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზების აღუნიშნავად თქვას უარი ზემოთ ჩამოთვლილი ფასიანი ქაღალდების დისკონტირებაზე.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 33. კრედიტების გაცემა სხვა ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის

1. ეროვნულ ბანკს მის მიერვე განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად შეუძლია მისცეს კრედიტები ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში. კრედიტები გაიცემა არა უმეტეს 3 თვის ვადით ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებიდან ერთ-ერთის აუცილებელი უზრუნველყოფით:

ა) 50-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო სარეზერვო ინსტრუმენტები;

ბ) საქართველოს მიერ გამოშვებული და გარანტირებული, საქართველოს ტერიტორიაზე გასანაღდებელი და გადახდის კანონიერ საშუალებებში გამოსახული სხვა სასესხო ვალდებულებები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გამოშვების ნაწილია და განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მისაყიდად;

გ) სასაქონლო ზედდებული და ფლობის უფლების დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია დადგენილი წესისამებრ გაფუჭების ან დაკარგვის შემთხვევებისათვის დაზღვეულ ნედლეულსა და საქონელზე;

დ) დეპოზიტები ეროვნულ ბანკში ან სხვა დეპოზიტართან, რომელიც მისაღებია ეროვნული ბანკისათვის, ნებისმიერი სახსრებით, მათ შორის ოქროთი ან სხვა ძვირფასი ლითონებით, რომელთა გაყიდვის, შეძენის ან სხვა მათთან დაკავშირებული ოპერაციების შეუზღუდავად განხორციელების უფლება აქვს ეროვნულ ბანკს ამ კანონის შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკი კრედიტებს მისცემს მხოლოდ მეთაურ ბანკებს.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 34. განაკვეთები სადისკონტო და სასესხო ოპერაციებზე

ეროვნული ბანკის განაკვეთები სადისკონტო და სასესხო ოპერაციებზე განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 35. კრედიტებისა და საპროცენტო განაკვეთების კონტროლი

1. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დააწესოს დროებითი პირობები და შეზღუდვები, რომლებიც არეგულირებენ:

ა) კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ ნებისმიერი სახის კრედიტის, გარანტიის, თავდებობის გაცემასა და მათ ოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) საპროცენტო განაკვეთებსა და სხვა გადასახდელებს, რომლებიც დაწესებულია გაცემულ კრედიტებზე, გარანტიებზე, თავდებობებზე ან კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ მოზიდულ დეპოზიტებზე (მათ შორის ანაბრებზე).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული პირობებისა და შეზღუდვების დაწესება დასაშვებია მხოლოდ იმდენად და მაშინ, როდესაც ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებით შეუძლებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირობები და შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ ჩასატარებელ ოპერაციებზე.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

თავი V

ფულის ერთეული, ბანკნოტები,მონეტები

    მუხლი 36. ფულის ერთეული

1. საქართველოს ფულის ერთეულია “ლარი”. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან”.

2. ლარი არის ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება საქართველოს  ტერიტორიაზე.

3. ეროვნული ბანკი ადგენს და არეგულირებს ლარის გადაცვლის კურსს უცხოური ვალუტის მიმართ. თუ ეროვნული ბანკი არ გამოაცხადებს ლარის კურსს უცხოური ვალუტის მიმართ, მაშინ კურსი განისაზღვრება ბაზარზე თავისუფალი მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე.

4. ლარი /მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული, მიმდინარე, ვადიანი და საბანკო ანგარიში/ უზრუნველყოფილია ოქროს მარაგით, უცხოეთის ქვეყნების სავალუტო კრედიტებითა და ეროვნული ბანკის სხვა აქტივებით.

საქართველოს 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი №805 - პარლამენტის უწყებები, №31-33, 1995წ., მუხ.686

    მუხლი 37. ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების ემისიის უფლება

1. ეროვნულ ბანკს ექსკლუზიური უფლება აქვს განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალებების ემისია, ასევე მიმოქცევისათვის ან ნუმიზმატიკური მიზნებისათვის სამახსოვრო მონეტების მოჭრა.

2. ეროვნული ბანკი ადგენს ქვეყნის საზღვარზე ფულის ნიშნების შემოტანა-გატანისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მათ გადაზიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზას.

3. ფულის ნიშნების ემისიის გამოყენება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.

4. სამახსოვრო მონეტების დამზადებისა და რეალიზაციის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 38. გადახდის კანონიერი საშუალებები

ეროვნული ბანკის მიერ გადახდის კანონიერი საშუალების სახით გამოშვებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც მიმოქცევიდან არ არის ამოღებული, შესასრულებლად იღებენ ნომინალური ღირებულებით ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო ვალის დასაფარავად საქართველოს ტერიტორიაზე.

    მუხლი 39. ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების მახასიათებლები

საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერ საშუალებად მიჩნეული ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების ნომინალი, ზომები, წონა, გაფორმება, მასალა და სხვა მახასიათებლები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 40. ფულის ნიშნების გამოშვება და შენახვა

ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბანკნოტების დაბეჭდვას და მონეტების მოჭრას, მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტების საიმედო შენახვას, აგრეთვე საბეჭდი ფორმების, შტამპებისა და მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტებისა და მონეტების შენახვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ განადგურებას.

    მუხლი 41. ფულის ნიშნების გამოცვლა

საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მათი მიღება-გამოცვლის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 42. მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნები

მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების გამოცვლის, განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 43. ფულის მარაგი და ემისიის გეგმა

ეროვნული ბანკი უშუალოდ აკონტროლებს ნაღდი ფულის მარაგს, ადგენს მისი ემისიის გეგმებს, ბანკნოტებით და მონეტებით უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკას.

    მუხლი 44. მიმოქცევაში გაშვებული ფულის ბუღალტრული აღრიცხვა

მიმოქცევაში გაშვებული ფულის საერთო თანხა ეროვნული ბანკის ანგარიშებზე აღირიცხება ბანკის ვალდებულებების სახით. ამ ვალდებულებებში არ შედის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ფულადი სახსრების სარეზერვო მარაგს შეადგენენ და ის სამახსოვრო მონეტები, რომლებსაც მხოლოდ ნუმიზმატიკური დანიშნულება გააჩნიათ.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 45. ფულის ნიშნების ამოღება მიმოქცევიდან

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიმოქცევიდან ამოიღოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები და მათ ნაცვლად მიმოქცევაში გაუშვას სხვა, იმავე ოდენობის ფულის ნიშნები. ფულის ნიშნების გამოთხოვისა და მიმოქცევიდან ამოღების, მიმოქცევაში გაშვების, აგრეთვე მათი გამოცვლის წესები დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი ფულის ნიშნების გამოცვლის ვადის დამთავრების შემდეგ გამოსაცვლელი ფულის ნიშნები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, მოქმედებას წყვეტენ.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 46. ყალბი ფულის მოჭრა

1. ნებისმიერ პირს, რომელიც:

ა) გააყალბებს გადახდის კანონიერ საშუალებად გამოყენებულ ნებისმიერ ბანკნოტს ან მონეტას, უკანონოდ დაბეჭდავს ან სახეს შეუცვლის, მიუხედავად იმისა, საქართველოში ხდება ეს თუ საზღვარგარეთ, იგივე ქმედებას ჩაიდენს ნებისმიერ ვალუტაში დენომინირებული ჩეკის, ფასიანი ქაღალდის ან საგადასახადო ბარათის მიმართ;

ბ) ფლობს, გადაზიდავს ან გამოუშვებს ასეთ ბანკნოტებს, მონეტებს, ჩეკებს, ფასიან ქაღალდებს ან საგადასახადო ბარათებს, იცის რა მათი გაყალბების, უკანონო ბეჭდვის, ფალსიფიკაციის ან ამოშლის შესახებ;

გ) ამზადებს, ფლობს ან გადაზიდავს ნებისმიერი სახის საბეჭდ ფორმებს, მატრიცებს, ქაღალდს, საღებავს და სხვა საგნებს და ნივთიერებებს, იცის რა, რომ ისინი გამიზნულია ბანკნოტების, მონეტების, ჩეკების, ფასიანი ქაღალდების ან საგადასახადო ბარათების გაყალბების, უკანონო ბეჭდვის, ფალსიფიკაციის ან ამოშლისათვის, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

2. ბანკნოტების, მონეტების, საქართველოს გადახდის კანონიერ საშუალებაზე ან სხვა ვალუტაში დენომინირებული ჩეკების, ფასიანი ქაღალდების ან საგადასახადო ბარათების ნებისმიერი სახით დამზადებისათვის აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი ნებართვა.

3. ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – ექსპერტი უცხოური ვალუტისა და საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში.

საქართველოს 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი №805 - პარლამენტის უწყებები, №31-33, 1995წ., მუხ.686

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

თავი VI

სავალუტო პოლიტიკა, საერთაშორისო რეზერვები, რეზერვების გადაფასების ანგარიში და სავალუტო კონტროლი

    მუხლი 47. სავალუტო პოლიტიკა

1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საქართველოს სავალუტო პოლიტიკას, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული ბანკის საბჭო.

2. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია სავალუტო რეგულირების სფეროში კანომდებლობის აღსრულებისათვის. კანონის შესაბამისად, მას უნდა წარედგინოს ყველა ანგარიშგება, ამონაწერი და სხვა ინფორმაცია.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 48. ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა

ეროვნულ ბანკს ეკისრება პასუხისმგებლობა:

ა) სავალუტო ბაზარზე ოპერაციების წარმოების წესებისა და დებულებების შემუშავებისათვის;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების, დებულებების, ინსტრუქციებისა და ანგარიშების ფორმების შემუშავებისათვის;

გ) უცხოური ვალუტით ოპერაციების მწარმოებელი კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის სავალუტო პოზიციის ლიმიტების დაწესებისათვის;

დ) ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ფლობის, შენახვისა და მართვისათვის.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის ორგანული კანონი №1639 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ.,მუხ.28

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 49. საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დადოს საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები ან ამავე მიზნით ნებისმიერ სხვა კონტრაქტების საზღვარგარეთის სახელმწიფო და კერძო ცენტრალურ საკლირინგო დაწესებულებებთან როგორც თავისი სახელით, ისე საქართველოს  სახელით და დავალებით.

    მუხლი 50. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები

1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შედგება ყველა ან ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებისაგან, ულიკვიდო აქტივების ან იმ აქტივების გამოკლებით, რომლებიც წარმოადგენენ სავალო ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებებს, ან ნებისმიერ სხვა აქტივებს, რომელთა რეალიზაცია სხვადასხვა მიზეზის გამო ეროვნულ ბანკს არ შეუძლია უმოკლეს ვადაში. ასეთია:

ა) ოქრო;

ბ) უცხოური ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების სახით, საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები;

გ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან სახსრების შეძენის უფლება სარეზერვო ტრანშის ფარგლებში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალურ უფლებათა კუთვნილი მარაგი;

დ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი გადასაყვანი და მარტივი თამასუქები;

ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოების, ცენტრალური ბანკების ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სავალო ვალდებულებები უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი ფორვარდული კონტრაქტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ მათი შემდგომი გამოსყიდვით.

2. ეროვნული ბანკი ყველაფერს ღონობს საერთაშორისო რეზერვების იმ დონეზე შესანარჩუნებლად, რომელსაც იგი საკმარისად მიიჩნევს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისა და საერთაშორისო ოპერაციების მიხედვით დროული ანგარიშსწორებისათვის.

3. საერთაშორისო რეზერვების დონის დაქვეითების ან, ეროვნული ბანკის აზრით, მათი დონის ისეთი დაქვეითების საშიშროების შექმნისას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის, აგრეთვე საერთაშორისო ოპერაციების მიხედვით დროული ანგარიშსწორების შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მოხსენებას საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობისა და იმ მიზეზების შესახებ, რომლებმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მათი შემცირება, და შესთავაზებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიებებს.

4. ეროვნული ბანკი სისტემატურად აწვდის პარლამენტს ინფორმაციას და წარუდგენს მას შესაბამის წინადადებებს მანამდე, ვიდრე მდგომარეობა, ბანკის შეფასებით, სტაბილური არ გახდება.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 51. ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტით არარეალიზებული წმინდა მოგებისა და ზარალის ფორმირება და განაწილება

1. ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტით არარეალიზებული წმინდა მოგებისა და ზარალის ფორმირებისათვის არარეალიზებული მოგება და ზარალი, რომლებიც ბანკს წარმოექმნება საფინანსო წლის განმავლობაში ბანკის ბალანსზე რიცხული ოქროთი, ნასესხობის სპეციალური უფლებებით ან უცხოური ვალუტით დენომინირებული აქტივებისა და პასივების გადაფასების შედეგად, დაბალანსდება შესაბამისი თანხით გადაფასების საბალანსო ანგარიშებზე.

2. უცხოური ვალუტით არარეალიზებული მოგებისა და ზარალის ფორმირების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგება გადაირიცხება გადაფასების რეზერვებში შემდგომში წარმოშობილი არარეალიზებული წმინდა ზარალის დასაფარავად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არარეალიზებული წმინდა მოგება არ იქნება საკმარისი მიმდინარე წლის არარეალიზებული წმინდა ზარალის დასაფარავად, დარჩენილი არარეალიზებული წმინდა ზარალი მიემატება გაუნაწილებელ მოგებას ან დაუფარავ ზარალს.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

თავი VII

ეროვნული ბანკის ურთიერთობა სახელმწიფოსთან

    მუხლი 52. ბანკირი, მრჩეველი და საფინანსო აგენტი

1. ეროვნული ბანკი ასრულებს მთავრობის ბანკირის, მრჩევლის და საფინანსო აგენტის როლს. მაგრამ ეროვნული ბანკის არც ერთი ოპერაცია, გარდა 57-ე მუხლში აღნიშნულისა, არ შეიძლება მიზნად ისახავდეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ან ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისათვის ფინანსურ დახმარებას, ან ხორციელდებოდეს მათი ინტერესებისათვის.

2. ეროვნული ბანკის მოვალეობაა ქვეყნის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრისათვის საკონსულტაციო დახმარების გაწევა ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ ყველა საკითხში.

3. ფინანსთა მინისტრი ყოველწლიურად იღებს კონსულტაციას ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის საკითხებზე. ეროვნული ბანკი ვალდებულია ფინანსთა მინისტრს წარუდგინოს წერილობითი მოხსენება ამ პროცესთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებზე.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 53. კონსულტაციები და ანგარიშგება სახელმწიფო სექტორისათვის გასაცემი კრედიტების საკითხებზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კონსულტაციებს ატარებს ეროვნულ ბანკთან მომდევნო საფინანსო წლისათვის სახელმწიფო სექტორისათვის საშინაო და საგარეო სესხების მიღების გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის საკრედიტო სახსრების მოცულობის შეთანხმების, მათი მიღების, განაწილების, დასესხების მოსალოდნელი პირობების საკითხებზე. ეროვნულ ბანკს უნდა ეცნობოს სახელმწიფო დაწესებულებების ყველა სასესხო ოპერაციის შესახებ, ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 54. სადეპოზიტო ფუნქციები

1. ეროვნული ბანკი იღებს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების დეპოზიტებს. დეპოზიტარის როლში ეროვნული ბანკი იღებს და გასცემს ფულად სახსრებს, აღრიცხავს და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო მომსახურებას. საგადახდო საბუთების საფუძველზე ეროვნული ბანკი აღნიშნულ ანგარიშებზე დეპონირებული თანხების ფარგლებში გასცემს თანხას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ანაბრების მიხედვით პროცენტების გადახდის შესახებ.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნება დართოს სხვა საფინანსო დაწესებულებებს მიიღონ ასეთი დეპოზიტები მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 55. საფინანსო აგენტის ფუნქციები

ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოვიდეს თავად სახელმწიფო დაწესებულებების საფინანსო აგენტის როლში შემდეგ საკითხებზე, როგორიცაა:

ა) მათ მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებების რეალიზაცია, მათ შორის როგორც ტრანსფერტული აგენტის ან სხვა საჭირო ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება;

ბ) ძირითადი თანხების და პროცენტების გაცემა, ფასიანი ქაღალდების მიხედვით სხვა გადახდების წარმოება;

გ) საგადახდო ოპერაციების შესრულება მათი ანგარიშებიდან;

დ) ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანებისა და მიზნების შესაბამისი სხვა საკითხები.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

    მუხლი 56. ეროვნული ბანკისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

საქართველოს სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ეროვნული ბანკისათვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მიაწვდიან მას ყველა საჭირო სტატისტიკურ, საბუღალტრო და სხვა ინფორმაციას.

    მუხლი 57. ეროვნული ბანკის კრედიტები

1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც უნდა შეთანხმდეს ეროვნული ბანკის საბჭოსთან.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული საერთო ლიმიტის ხარჯზე 6 თვემდე ვადით მისცეს სესხი ფინანსთა სამინისტროს.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია ფინანსთა სამინისტროს კრედიტი მისცეს უფრო ხანგრძლივი ვადით, თუ ეს კრედიტი დაკავშირებულია ან ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შესვლიდან გამომდინარე შენატანებთან ან ანალოგიურ გადასახდელებთან.

4. ეროვნული ბანკის სესხები გაიცემა, დენომინირდება და ექვემდებარება ანაზღაურებას მხოლოდ გადახდის კანონიერ საშუალებებში. ყველა სესხი გაიცემა ბაზარზე მოქმედი განაკვეთების პროცენტებით და უზრუნველყოფილია იმავე პროცენტების მქონე სასესხო ვალდებულებებით წარმომდგენზე. აღნიშნულ უზრუნველყოფას სასესხო ვალდებულებების სახით აქვს დაფარვის ვადა, რომელიც გარანტირებული სესხის დაფარვის ვადის ტოლია. მათ გამოუშვებს და ეროვნულ ბანკს გადასცემს ფინანსთა სამინისტრო. თითოეული სესხი გაფორმდება წერილობითი ხელშეკრულებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახით და ეროვნულ ბანკს შორის. ხელშეკრულებაში ზუსტად განისაზღვრება სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მოსაკრებლები.

5. ეროვნული ბანკის მიერ ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული და ჯერ დაუფარავი ერთობლივი ძირითადი თანხა არასოდეს არ უნდა აღემატებოდეს უშუალოდ წინა სამი საფინანსო წლის მანძილზე სახელმწიფო საშუალო წლიური შემოსავლის თანხის 5 პროცენტს. ამ მუხლში მითითებული შემოსავლის ცნებაში არ შედის სესხები, უსასყიდლო კრედიტები და ფინანსური დახმარების სხვა სახეობანი.

6. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ეროვნულ ბანკს შეუძლია გამონაკლისის სახით თავისი დადგენილებიტ დროებით მოხსნას მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ლიმიტის მოხსნა არ ეწინააღმდეგება ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებს, და იმ პირობით, თუ ამის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ გაცემული და ჯერ დაუფარავი სესხების ერთობლივი თანხა არ აღემატება უშუალოდ წინა სამი საფინანსო წლის განმავლობაში სახელმწიფო საშუალო წლიური შემოსავლის თანხის 8 პროცენტს.

7. თუ, ეროვნული ბანკის აზრით, არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის გადაჭარბების საშიშროება, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას, რომელშიც აღინიშნება ფინანსთა სამინისტროსათვის გაცემული და ჯერ დაუფარავი სესხების თანხა, აგრეთვე მიზეზები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლიმიტის გადაჭარბება, და რეკომენდაციები შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული ლიმიტი გადაჭარბებული იქნება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბანკი წარადგენს დამატებით ანგარიშგებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც მას აუცილებლად მიაჩნია მდგომარეობის გამოსასწორებლად და მომდევნო საფინანსო წელს ანალოგიური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად.

8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთობლივი პროგრამის განხორციელების პერიოდში და მის ფარგლებში ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გასცეს სესხი 5 წლამდე ვადითა და წლიური 15 პროცენტამდე საპროცენტო განაკვეთით.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №591-IIს - პარლამენტის უწყებანი, №9-10, 15.03.1997 წ.,გვ.50

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 58. ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა

ეროვნული ბანკის მიერ ფინანსთა სამინისტროსაგან გამოშვებული სასესხო ვალდებულებების (ფასიანი ქაღალდების) შეძენა განიხილება როგორც ფინანსთა სამინისტროსათვის ბანკის მიერ სესხის გაცემა,რაც ხვდება 57-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთო ლიმიტში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,როცა ამგვარი შეძენა შეესაბამება ბანკის ამოცანებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში ან საჭიროა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა საპენსიო ფონდის სახსრების განსათავსებლად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შეძენა ხორციელდება მეორედ ბაზარზე.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

თავი VIII

ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა ბანკებთან

    მუხლი 59. ზედამხედველობა

1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობას. იგი მოიცავს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, ნებისმიერი სახის შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების დროებით ადმინისტრაციულ მართვასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის დოკუმენტი და საფინანსო ანგარიშგება კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მაკონტროლებელი პირებისაგან. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიკვლიოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების კაპიტალის წარმოშობის წყაროები და მათზე კონტროლის განმახორციელებელი პირები, აგრეთვე კონტროლის განხორციელების გარემოებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობის ან დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაბამისი კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ გამოიყენოს სანქციები და ღონისძიებები ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.

4. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, დებულებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, მითითებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს სანქციები, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს საფინანსო-საკრედიტო სისტემის სიმტკიცისათვის;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს ნებისმიერი კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირებისა, ჩაატაროს მათი საბუღალტრო ანგარიშების, სახსრების, დავთრების, საბუთების და სხვა მასალების რევიზია, მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს;

გ) გაუზარდოს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოითხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

დ) ხელმოწერის უფლება შეუჩეროს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორსა და ბუღალტერს, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება, ფულადი ჯარიმა გადაახდევინოს კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს და გაუუქმოს თავის მიერ გაცემული ლიცენზიები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, აგრეთვე, ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

5. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ნიშნავს მხოლოდ ეროვნული ბანკი და ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორზე და დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით:

ა) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო ბანკის შეერთებას სხვა კომერციულ ბანკთან, მისი აქტივ-პასივების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

7. ეროვნული ბანკი პერიოდულად განუსაზღვრავს კომერციულ ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს განაღდებული საწესდებო და სხვა სახის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, მათი შექმნის წესს, ფორმასა და პირობებს. ეროვნული ბანკის ეს უფლებები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე მოქმედ კომერციულ ბანკებზე და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე.

8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისაგან მოითხოვოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ამავე კომისიის მიერ ლიცენზირებული შვილობილი საწარმოების შემოწმება, რათა თავიდან აიცილოს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება წარმოექმნას კომერციულ ბანკს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას შვილობილი საწარმოების გაუმართლებელი საქმიანობით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს თავისი წარმომადგენლების ჩართვა ასეთი შვილობილი საწარმოს კომისიის შემმოწმებელ ჯგუფში.

9. არავის არ აქვს უფლება ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოითხოვოს იმ ნებისმიერი პირის ანგარიშგება, სახსრების შემოწმება, საბუღალტრო დავთრები, საბუთები და სხვა მასალები და ჩაატაროს იმ პირთა რევიზია, რომლებიც მისი ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე იღებენ დეპოზიტებს ან სხვა დასაბრუნებელ სახსრებს გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირებისა.

10. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №1754 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ.,მუხ.5

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №2038 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ.,მუხ.99

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 60. თანამშრომლობა უცხოეთის სახელმწიფოთა საბანკო ზედამხედველობის ორგანოებთან

1. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთის სახელმწიფოთა საბანკო ზედამხედველობის ნებისმიერ ორგანოებთან ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში, რომლებიც ფუნქციონირებენ ორივეს იურისდიქციის ფარგლებში.

2. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას ეროვნულ ბანკსა და უცხოეთის სახელმწიფოთა საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის ორგანოს შორის ნებისმიერი ბანკის  და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ, რომელიც მოქმედებს ორივეს იურისდიქციის ფარგლებში, იმ პირობით, რომ აღნიშნული ორგანო დაიცვას ამ გზით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 61. კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ანგარიშები ეროვნული ბანკის დავთრებში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის დავთრებში შეიტანოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები მის მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 62. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად, მას შეუძლია გამოვიდეს ბოლო ინსტანციის კრედიტორის როლში საბანკო ანგარიშების მფლობელთა მიმართ, რომლებსაც ან რომელთა სასარგებლოდაც იძლევა სესხს,გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად ნებადართული სესხებისა, აგრეთვე პირობით ვალდებულებებს არა უმეტეს 3 თვის ვადით,თითოეული ასეთი კრედიტი ან ვალდებულება გარანტირებული უნდა იყოს ამ კანონის 33-ე მუხლში მითითებული აქტივებით, თუ თვით ეროვნული ბანკი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კრედიტი ან ვალდებულება უგარანტიოდ გამართლებულია განსაკუთრებული მდგომარეობის გამო. ამასთან, ასეთი მოქმედების აუცილებელი პირობაა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ასეთი არაუზრუნველყოფილი კრედიტი ან პირობითი ვალდებულება ნაკარნახევია ანგარიშის მფლობელის ლიკვიდურობის მოთხოვნებით და საზოგადოების ინტერესებით. ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული კრედიტების ან ვალდებულებების ვადები ეროვნული ბანკისათვის მისაღები პროგრამის თნახმად, რომელიც გაითვალისწინებს შესაბამისი ბანკის მიერ ლიკვიდურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების ღონისძიებათა მიღებას.

    მუხლი 63. კლირინგისა და ანგარიშსწორების მექანიზმი

ეროვნულ ბანკს შეუძლია დაეხმაროს სხვა ბანკებს კლირინგის წარმოებისა და საბანკთაშორისო გადასახდელების მიხედვით ანგარიშსწორების მექანიზმის შექმნაში, აგრეთვე თავისი შეხედულებისამებრ გამოსცეს აღნიშნული საქმიანობის მარეგლამენტირებული ინსტრუქციები და დაადგინოს შესაბამისი წესი.

თავი IX

ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება,აუდიტი და საერთო ანგარიშგება

    მუხლი 64. ეროვნული ბანკის საფინანსო წელი

ეროვნული ბანკის საფინანსო წელი იწყება იანვრის პირველ დღეს და მთავრდება დეკემბრის ბოლო დღეს.

    მუხლი 65. ბუღალტრული აღრიცხვა

ეროვნული ბანკი განუწყვეტლივ აწარმოებს ანგარიშგებას და თავისი ოპერაციებისა და საფინანსო მდგომარეობის ასახვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ცენტრალური ბანკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 66. ეროვნული ბანკის საფინანსო ანგარიშგება

ეროვნული ბანკი შეადგენს ყოველი საფინანსო წლის საფინანსო ანგარიშგებას. ანგარიშგება მოიცავს ბალანსს, ანგარიშგებას მოგებისა და ზარალის შესახებ და მათთან დაკავშირებულ ანგარიშგებებს. ამ ანგარიშგებაში მოცემულია აგრეთვე საფინანსო წლის შედარებითი მონაცემები.

    მუხლი 67. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებენ პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორები. დამოუკიდებელი აუდიტორების შერჩევა ხდება სატენდერო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი.

საქართველოს 1996 წლის 4 ოქტომბრის კანონი №418-Iს - პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.28

    მუხლი 68. ეროვნული ბანკის საბალანსო ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარდგენა და გამოქვეყნება

1. ყოველი საფინანსო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) აუდიტორების მიერ დამოწმებული საფინანსო ანგარიშგების ასლს;

ბ) ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს;

გ) ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს;

2. ეროვნული ბანკი ამზადებს და ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღის შემდეგ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისი თვის ანგარიშგებას ბალანსის მდგომარეობის შესახებ.

3. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ეროვნული ბანკი აქვეყნებს ამ მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტში მითითებულ საფინანსო ანგარიშგებებს და დოკუმენტებს. მას შეუძლია აგრეთვე გამოსცეს სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებსაც მიიჩნევს მიზანშეწონილად.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 69. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება

1. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სამი თვით ადრე ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მომავალი წლისათვის. თუ პარლამენტი ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ვერ განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ეროვნული ბანკი მოქმედებს მის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.

2. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განისაზღვრება ინფლაციის დონე, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, ამ პარამეტრების უზრუნველმყოფელი ფულად-საკრედიტო რეგულირების მექანიზმები, საკურსო და სავალუტო რეჟიმი, სამართლებრივი ბაზისა და ფულად-საკრედიტო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები.

3. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.

4. ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს აძლევს ეროვნულ ბანკს.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

თავი X

სხვადასხვა

    მუხლი 70. ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება

1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება დაიკმაყოფილოს ნებისმიერი თავისი მოთხოვნა დაფარვის ვადის მომენტში მისი გადასახდელის დაფარვის ვადის დადგომისას სალაროს ნაშთების ან მოვალის ანგარიშებზე რიცხული ფინანსური და მის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს უპირატესი უფლებით –არსებული ნაშთების თავის ანგარიშზე ჩარიცხვისა და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ თავის საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან ეროვნულ ბანკს ასეთ ქონებაზე მისცენ საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. აღნიშნული უფლებამოსილებანი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებული არ იქნეს ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციული მართვის რეჟიმში მყოფი პირების მიმართ.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 71. ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა

1. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა, ეროვნულ ბანკს ეკრძალება:

ა) გასწიოს ფინანსური დახმარება პირდაპირი გასესხებით,უსასყიდლო სესხის ან პირობითი ვალდებულების სახით, კრედიტის ყიდვის, კრედიტში წილობრივი მონაწილეობის გზით ან სხვა სასხო ვალდებულებით თავისთავზე სასეხო, ან პირობითი ვალდებულებების აღებით, ან ნებისმიერი სხვა ფორმით;

ბ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა, შეიძინოს რომელიმე კორპორაციის აქციები, მათ შორის ნებისმიერი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების აქციები ან მიიღოს წილობრივი მონაწილეობა ნებისმიერ საფინანსო-საკრედიტო, კომერციულ,სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო თუ სხვა სტრუქტურაში;

გ) ყიდვის ან იჯარით აღების გზით ან სხვა სახით შეიძინოს სრული ან ნაწილობრივი უფლება უძრავ ქონებაზე,გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია ან მიზანშეწონილია შენობის გამოყენება ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ოპერაციების ჩატარებისათვის, ან კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებისათვის.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება 70-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 72. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებანი

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან მონაწილეობდეს ნებისმიერი სახით ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობა დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;

ბ) დააბანდოს საკუთარი საფინანსო რესურსები კრედიტუნარიანი დაწესებულების მიერ გამოშვებულ ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებში;

გ) ეროვნული ბანკისათვის დასაბრუნებელი ვალებიდან, მათი დაბრუნების პერიოდში, შეიძინოს ნებისმიერი სახის ქონება, წილი ან უფლება იმ პირობით, რომ იგი პირველი ხელსაყრელი შესაძლებლობისთანავე მოახდენს მათ რეალიზაციას;

დ) დააწესოს სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ფონდები ან ანალოგიური საშუალებები თანამშრომლების სასარგებლოდ და დასაცავად;

ე) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომელთაც კანონით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი;

ვ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 73. ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი დებულებები

1. ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური, დამოუკიდებელი რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი ყველა ნორმატიული აქტი ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოსა და ეროვნული ბანკის გამოცემებში და ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მათი გამოქვეყნების დღიდან ან თვით ამ დოკუმენტებში მითითებული თარიღიდან. ეროვნული ბანკი აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს.

2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დამტკიცებული ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში დადგენილი ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს გადაეცემათ ინდივიდუალური წესით და ძალაში შედის ეროვნული ბანკის მიერ მითითებული თარიღიდან.

3. ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლად ამოქმედების საჭიროება, თავის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) შესაბამის ნორმატიულ აქტში მითითებით. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა) გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 74. ადმინისტრირების ნორმები

1. ეროვნული ბანკისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებანი ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.

ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისაგან ისეთი მიზნის მისაღწევად, რომელიც არ შეესაბამება ამ უფლებამოსილება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება აუცილებელ ღონისძიებებს შესაბამისი კანონიერი მიზნის მიღწევისათვის.

2. ამ კანონის დებულებების აღსრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ექვემდებარება მიუკერძოებლობის პრინციპებს და მათი მოტივაცია უნდა იყოს ობიექტური და რაციონალური. ყველა გადაწყვეტილება უნდა სრულდებოდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით და ემსახურებოდეს დასახულ მიზნებს.

3. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

4. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

5. ეროვნული ბანკის არც ერთ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს მოქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

    მუხლი 75. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „კომერციული ბანკი“ – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

ბ) „ანგარიშის მფლობელი ბანკი“ – ნებისმიერი ბანკი, რომელსაც ანგარიში აქვს ეროვნული ბანკის დავთრებში;

გ) „სასესხო ვალდებულება“ - ფასიანი ქაღალდი ან სხვა რაიმე სავალო ინსტრუმენტი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფულადი სახსრების პროცენტით ან უპროცენტოდ მიღება-გაცემის უფლებას ან ვალდებულებას;

დ) „სარეზერვო პასივები“ – ვალდებულებათა სახით განსაზღვრული პასივები, რომელთა მიხედვითაც დაცული უნდა იყოს რეზერვები ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი დებულებით;

ე) „სახელმწიფო უწყება“ – საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება;

ვ) „დეპოზიტი“ – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ანაბარი ან გადახდის სხვა საშუალებები;

ზ) „ანაბარი“ – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტები;

თ) „დეპონირებული თანხა“ – საბანკო-საკრედიტო დაწესებულებაში ფულადი თანხის და სხვა სახეობის ფასეულობათა შესანახად ჩაბარება;

ი) „დისკონტი“ – თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას;

კ) „ემისია“ –  ფულის ან ფასიანი ქაღალდების გაშვება მიმოქცევაში;

ლ) „კრედიტი“ – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობის და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

მ) „კლირინგი“, („საკლირინგო ხელშეკრულება“) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;

ნ) „სპოტური ოპერაცია“ – ნაღდი სავალუტო ოპერაცია ან სხვა სახის გარიგების სწრაფი ანგარიშსწორება დაუყოვნებლად;

ო) „ტრანში“ – საერთაშორისო საობლიგაციო სესხის სერია და ნაწილი, რომელიც გამოშვებულია ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებისათვის ან სხვადასხვა ქვეყნის სასესხო ბაზრებზე სესხის განთავსებისათვის;

პ) „ტრანსფერული ოპერაცია“ – ფულის გადაგზავნა ერთი საფინანსო დაწესებულებიდან მეორეში ან ფასიანი ქაღალდების გადაცემა ერთი მფლობელიდან მეორის სახელზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;

ჟ) „ტრანსფერული აგენტი“ – ტრანსფერული ოპერაციის განმახორციელებელი პირი;

რ) „ფორვარდული ოპერაცია“ – ბირჟის გარეშე სასწრაფო სავალუტო გარიგებები, რომლებსაც ბანკები და სამრეწველო-სასაქონლო კორპორაციები ასრულებენ ტელეფონით ან ტელექსით შეთანხმების საფუძველზე;

ს) „ფისკალური აგენტი“ – საგადამხდელო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

ტ) „დენომინაცია“ – ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით, ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით;

უ) „პირი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;

ფ) „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება“ - იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ ბანკს და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი, გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირისა;

ქ) „შვილობილი საწარმო“ („შვილობილი ორგანიზაცია“) – ამ კანონის მიზნებისათვის იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან მეტ პროცენტს;

ღ) „დროებითი ბანკი“ - განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;

ყ) „კონტროლი“ - კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

შ) „მაკონტროლებელი პირი“ - კონტროლის განმახორციელებელი პირი;

ჩ) „სამახსოვრო მონეტები“ - საიუბილეო, სამახსოვრო და სხვა სპეციალური მონეტები, რომელთა დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძვირფასი, ისე სხვა სახის ლითონი;

ც) „ოჯახის წევრი“ - პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირები;

ძ) „ახლო ნათესავი“ - პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;

წ) „სათავო დაწესებულება“ („სათავო ორგანიზაცია“) – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი და რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ჭ) „ავტონომიური რეგლამენტირების უფლება“ - ეროვნული ბანკის უფლება დამოუკიდებლად, სხვა პირებისა და ორგანოების ჩაურევლად მოამზადოს და მიიღოს (გამოსცეს) სამართლებრივი აქტი;

ხ) „საჯარო რეგისტრი“ - ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.

საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი №1114 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პრეზიდენტი                                      ე. შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                      . გოგუაძე.

თბილისი,

1995 წლის 23 ივნისი.

№764-11ს

შეტანილი ცვლილებები:

1.    საქართველოს 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი №805-Iს - პარლამენტის უწყებები, №31-33, 1995წ., მუხ.686

2.     საქართველოს 1996 წლის 28 მაისის კანონი №245-IIს - პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.17

3.     საქართველოს 1996 წლის 4 ოქტომბრის კანონი №418-Iს - პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.28

4.     საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №591-IIს - პარლამენტის უწყებანი, №9-10, 15.03.1997 წ.,გვ.50

5.     საქართველოს 1997 წლის 15 ოქტომბრის კანონი №913-Iს - პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997 წ.,გვ.24

6.     საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის ორგანული კანონი 1639 - სსმ I, 2, 26.10.1998 წ.,მუხ.28

7.     საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი 1754 - სსმ I, 1(8), 14.01.1999 წ.,მუხ.5

8.     საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი 2038 - სსმ I, 20(27), 09.06.1999 წ.,მუხ.99

9.     საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის ორგანული კანონი 1114 - სსმ I, 32, 07.11.2001 წ.,მუხ.124

 

 

19. 24/09/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1676 - სსმ, 29, 12/10/2009 18. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1020 - სსმ, 3, 11/03/2009 17. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 226 - სსმ, 17, 28/07/2008 16. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5908 - სსმ, 7, 26/03/2008 15. 04/12/2007 - საქართველოს კანონი - 5534 - სსმ, 43, 12/12/2007 14. 03/07/2007 - საქართველოს კანონი - 5176 - სსმ, 28, 18/07/2007 13. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5162 - სსმ, 27, 17/07/2007 12. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3487 - სსმ, 32, 31/07/2006 11. 11/05/2006 - საქართველოს კანონი - 3011 - სსმ, 13, 13/05/2006 10. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2625 - სსმ, 23, 12/08/2003 9. 23/10/2001 - საქართველოს კანონი - 1114 - სსმ, 32, 07/11/2001 8. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2038 - სსმ, 20(27), 09/06/1999 7. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1754 - სსმ, 1(8), 14/01/1999 6. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1639 - სსმ, 2, 26/10/1998 5. 15/10/1997 - საქართველოს კანონი - 913 - პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997 4. 21/02/1997 - საქართველოს კანონი - 591 - პარლამენტის უწყებანი, 9-10 (41-42/11) , 15/03/1997 3. 04/10/1996 - საქართველოს კანონი - 418 - პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996 2. 28/05/1996 - საქართველოს კანონი - 245 - პარლამენტის უწყებანი, 17, 03/07/1996 1. 19/09/1995 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 805 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995