„საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 07/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.000.992
  • Word
1114
23/10/2001
სსმ, 32, 07/11/2001
220.010.000.04.001.000.992
„საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995. №№ 27-30, მუხლი 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციები.“

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განახორციელოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ზედამხედველობა მათი ლიცენზირების, რეგულირებისა და შემოწმების მეშვეობით, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მართვა და ლიკვიდაცია;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის დააწესოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული ანგარიშგების წესები და პროცედურები.“.

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი, აგრეთვე მისი საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადის, გადასახდელისა და მოსაკრებლისაგან (მათ შორის სახელმწიფო ბაჟისაგან).“.

5. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „ბანკებისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის“.

6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისი ფუნქციების შესრულებისას ეროვნული ბანკის საბჭომ პერიოდულად უნდა შეაფასოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა და ეკონომიკური ვითარება. ამ მიზნით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სულ ცოტა კვარტალში ერთხელ მოახსენებს საბჭოს ეროვნული ბანკის საქმიანობის, მის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების, საბანკო სისტემისა და ეროვნული ფულის ერთეულის სიმყარის, საფინანსო, სავალუტო და კაპიტალის ბაზრების მდგომარეობის თაობაზე.“.

7. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, მათ შორის ეროვნული ბანკის ლიმიტები ღია ბაზრის ოპერაციებზე, საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვების მოცულობა.“.

8. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „ბანკების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების“.

9. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 17. შემდგომი სამსახური

„1. ეროვნულ ბანკში სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს 2 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგო, პრივილეგიები და ეკრძალებათ იმუშაონ საქართველოს სხვა საბანკო ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგოს მიღების უფლება და პრივილეგიები პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს არ უნარჩუნდებათ, თუ ისინი პირადი განცხადებით ან მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე გათავისუფლდნენ თანამდე-ბობიდან.“.

10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 20. ეროვნული ბანკის პერსონალი და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბანკის პრეზიდენტი.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს ეროვნული ბანკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სხვა სახის ფულადი ანაზღაურების ოდენობას ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. ეროვნული ბანკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების ოდენობა ორიენტირებულია საბანკო სისტემაში არსებული შრომის ანაზღაურების დონესთან. შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულთა დებულებებს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

4. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სხვა მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს ამ ბანკში მუშაობის პერიოდში უფლება არა აქვთ აიღონ სესხი სხვა ბანკიდან, გარდა ეროვნული ბანკისა.

5. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სხვა მოხელე და დამხმარე მოსამსახურე ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში შეთავსებით არ უნდა მუშაობდნენ, ან არ უნდა ეკავოთ სხვა, როგორც ანაზღაურებადი ისე აუნაზღაურებადი თანამდებობა, თუ ეს საქმიანობა არ წარმოადგენს სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით მოღვაწეობას და არ უკავშირდება ადმინისტრაციულ საქმიანობას.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება არა აქვთ იყვნენ კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების აქციონერი, პარტნიორი ან მეპაიე (პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით), სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. თუ საბჭოს წევრის, მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის ახლო ნათესავი არის რომელიმე კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების 5 ან მეტი პროცენტის მფლობელი აქციონერი, პარტნიორი, მეპაიე, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, ამის შესახებ მათ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს ან ეროვნული ბანკის საბჭოს. მათ ასევე უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ასეთ ბანკთან ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს ზედამხედველობა იმ პირისადმი, რომლის აქციონერი (პარტნიორი ან მეპაიე), სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ახლო ნათესავია.

7. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ან თანამშრომელს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომლებთანაც მას აკავშირებს ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა.

8. ეროვნული ბანკის მოხელე ყოველწლიურად ავსებს თავის და თავისი ოჯახის წევრთა საფინანსო-ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციას. აღნიშნული არ ათავისუფლებს მოხელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის მოვალეობისაგან.

9. ეროვნული ბანკის მიერ ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და სხვა გასაცემლების ოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალს.“.

11. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე-2 წინადადება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.“.

12. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალი შეადგენს 15.000.000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი იქმნება გადაფასების რეზერვებში გადარიცხვების შემდეგ დარჩენილი წმინდა შემოსავლიდან 25 პროცენტიანი ანარიცხების ხარჯზე. ამასთან, ანარიცხები საწესდებო კაპიტალში წყდება მისი მოცულობის დადგენილ ოდენობამდე მიღწევისთანავე.“.

13. 23-25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. ეროვნული ბანკის დეფიციტის დაფარვა

1. თუ ეროვნული ბანკის ბალანსში აქტივების ღირებულება მისი ვალდებულებების, ხელუხლებელი კაპიტალისა და სარეზერვო ფონდის თანხაზე ნაკლებია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არსებული დეფიციტის დასაფარავად ეროვნულ ბანკს საკმარისი მოცულობით მისცემს ამავე სამინისტროს მიერ გამოშვებულ სავალო ვალდებულებებს წარმომდგენზე იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ანალოგიური იქნება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფასიანი ქაღალდები უნდა გამოუშვას ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში. ეს ფასიანი ქაღალდები უნდა აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მუხლი 24. ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავლის გამოანგარიშება

ყოველი საფინანსო წლისათვის ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალი გამოიანგარიშება როგორც წმინდა საოპერაციო მოგების ან ზარალის და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგების ან ზარალის ჯამი. წმინდა საოპერაციო მოგება ან ზარალი მიიღება საანგარიშგებო წლის შემოსავლის თანხიდან ძირითადი საქმიანობის წარმართვისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების გამოქვითვისა და რეზერვების იმ ფონდებში გადარიცხვების შემდეგ, რომლებიც გამოიყენება:

ა) ამოუღებელი და საეჭვო სესხების დასაფარავად, ძირითადი საშუალებების სრული აღდგენისათვის, თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევისათვის;

ბ) ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების დაფარვისათვის.

    მუხლი 25. ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავლის განაწილება

1. გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგება გადაირიცხება გადაფასების რეზერვებში.

2. საწესდებო კაპიტალში ანარიცხების განხორციელების შემდეგ ეროვნული ბანკი ქმნის სარეზერვო ფონდს, რომელშიც ეროვნული ბანკის ყოველი საფინანსო წლის ბოლოს უნდა გადაირიცხოს წლის წმინდა შემოსავლის დარჩენილი ნაწილის არა უმეტეს 50 პროცენტის ტოლი თანხა, ვიდრე სარეზერვო ფონდის თანხა გაუთანაბრდება განაღდებული კაპიტალის ოდენობას. ეროვნული ბანკის საბჭოს ნებართვით რომელიმე წლის სარეზერვო ფონდში გადასარიცხი თანხა შეიძლება გაიზარდოს 50 პროცენტზე მეტი ოდენობით. სარეზერვო ფონდის საერთო თანხა მისი ნებართვით შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის განაღდებულ კაპიტალზე მეტი ოდენობის. სარეზერვო ფონდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ზარალის დასაფარავად.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია შექმნას სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ფონდები, რომლებშიც თანხა გადაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თანხა დარჩება ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადანაწილების დამთავრების შემდეგ.

4. წმინდა შემოსავლის დარჩენილ თანხას ეროვნული ბანკი გამოიყენებს ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული და ბანკში შენახული ფასიანი ქაღალდების დასაფარავად სარეზერვო ფონდში ან ნებისმიერი დანიშნულების სხვა სარეზერვო ფონდებში თანხების გადარიცხვამდე.“.

14. 26-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 26. წმინდა შემოსავლის გადარიცხვა“.

15. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყველა კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.“.

16. 31-ე მუხლში სიტყვის „დანაკლისი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების“.

17. 33-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. კრედიტების გაცემა სხვა ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის“;

ბ) პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვის „ბანკებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკი კრედიტებს გასცემს მხოლოდ სათავო დაწესებულებებზე.“.

18. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 35. კრედიტებისა და საპროცენტო განაკვეთების კონტროლი

1. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დააწესოს დროებითი პირობები და შეზღუდვები, რომლებიც არეგულირებენ:

ა) კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ ნებისმიერი სახის კრედიტის, გარანტიის, თავდებობის გაცემასა და მათ ოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) საპროცენტო განაკვეთებსა და სხვა გადასახდელებს, რომლებიც დაწესებულია გაცემულ კრედიტებზე, გარანტიებზე, თავდებობებზე ან კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ მოზიდულ დეპოზიტებზე (მათ შორის ანაბრებზე).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული პირობებისა და შეზღუდვების დაწესება დასაშვებია მხოლოდ იმდენად და მაშინ, როდესაც ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებით შეუძლებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირობები და შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ ჩასატარებელ ოპერაციებზე.“.

19. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 37. ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების ემისიის უფლება

1. ეროვნულ ბანკს ექსკლუზიური უფლება აქვს განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალებების ემისია, ასევე მიმოქცევისათვის ან ნუმიზმატიკური მიზნებისათვის სამახსოვრო მონეტების მოჭრა.

2. ეროვნული ბანკი ადგენს ქვეყნის საზღვარზე ფულის ნიშნების შემოტანა-გატანისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მათ გადაზიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზას.

3. ფულის ნიშნების ემისიის გამოყენება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.

4. სამახსოვრო მონეტების დამზადებისა და რეალიზაციის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.“.

20. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების მახასიათებლები

საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერ საშუალებად მიჩნეული ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების ნომინალი, ზომები, წონა, გაფორმება, მასალა და სხვა მახასიათებლები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.“.

21. 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. ფულის ნიშნების გამოცვლა

საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მათი მიღება-გამოცვლის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

    მუხლი 42. მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნები

მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების გამოცვლის, განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.“.

22. 44-ე და 45-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. მიმოქცევაში გაშვებული ფულის ბუღალტრული აღრიცხვა

მიმოქცევაში გაშვებული ფულის საერთო თანხა ეროვნული ბანკის ანგარიშებზე აღირიცხება ბანკის ვალდებულებების სახით. ამ ვალდებულებებში არ შედის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ფულადი სახსრების სარეზერვო მარაგს შეადგენენ და ის სამახსოვრო მონეტები, რომლებსაც მხოლოდ ნუმიზმატიკური დანიშნულება გააჩნიათ.

    მუხლი 45. ფულის ნიშნების ამოღება მიმოქცევიდან

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიმოქცევიდან ამოიღოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები და მათ ნაცვლად მიმოქცევაში გაუშვას სხვა, იმავე ოდენობის ფულის ნიშნები. ფულის ნიშნების გამოთხოვისა და მიმოქცევიდან ამოღების, მიმოქცევაში გაშვების, აგრეთვე მათი გამოცვლის წესები დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი ფულის ნიშნების გამოცვლის ვადის დამთავრების შემდეგ გამოსაცვლელი ფულის ნიშნები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, მოქმედებას წყვეტენ.“.

23. 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – ექსპერტი უცხოური ვალუტისა და საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში.“.

24. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საქართველოს სავალუტო პოლიტიკას, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული ბანკის საბჭო.“.

25. 48-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხოური ვალუტით ოპერაციების მწარმოებელი კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის სავალუტო პოზიციის ლიმიტების დაწესებისათვის;“.

26. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტით არარეალიზებული წმინდა მოგებისა და ზარალის ფორმირება და განაწილება

1. ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტით არარეალიზებული წმინდა მოგებისა და ზარალის ფორმირებისათვის არარეალიზებული მოგება და ზარალი, რომლებიც ბანკს წარმოექმნება საფინანსო წლის განმავლობაში ბანკის ბალანსზე რიცხული ოქროთი, ნასესხობის სპეციალური უფლებებით ან უცხოური ვალუტით დენომინირებული აქტივებისა და პასივების გადაფასების შედეგად, დაბალანსდება შესაბამისი თანხით გადაფასების საბალანსო ანგარიშებზე.

2. უცხოური ვალუტით არარეალიზებული მოგებისა და ზარალის ფორმირების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგება გადაირიცხება გადაფასების რეზერვებში შემდგომში წარმოშობილი არარეალიზებული წმინდა ზარალის დასაფარავად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არარეალიზებული წმინდა მოგება არ იქნება საკმარისი მიმდინარე წლის არარეალიზებული წმინდა ზარალის დასაფარავად, დარჩენილი არარეალიზებული წმინდა ზარალი მიემატება გაუნაწილებელ მოგებას ან დაუფარავ ზარალს.“.

27. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც უნდა შეთანხმდეს ეროვნული ბანკის საბჭოსთან.“.

28. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 59. ზედამხედველობა

1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობას. იგი მოიცავს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, ნებისმიერი სახის შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების დროებით ადმინისტრაციულ მართვასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის დოკუმენტი და საფინანსო ანგარიშგება კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მაკონტროლებელი პირებისაგან. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიკვლიოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების კაპიტალის წარმოშობის წყაროები და მათზე კონტროლის განმახორციელებელი პირები, აგრეთვე კონტროლის განხორციელების გარემოებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობის ან დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაბამისი კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ გამოიყენოს სანქციები და ღონისძიებები ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.

4. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, დებულებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, მითითებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს სანქციები, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს საფინანსო-საკრედიტო სისტემის სიმტკიცისათვის;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს ნებისმიერი კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირებისა, ჩაატაროს მათი საბუღალტრო ანგარიშების, სახსრების, დავთრების, საბუთების და სხვა მასალების რევიზია, მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს;

გ) გაუზარდოს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოითხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

დ) ხელმოწერის უფლება შეუჩეროს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორსა და ბუღალტერს, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება, ფულადი ჯარიმა გადაახდევინოს კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს და გაუუქმოს თავის მიერ გაცემული ლიცენზიები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, აგრეთვე, ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

5. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ნიშნავს მხოლოდ ეროვნული ბანკი და ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორზე და დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით:

ა) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო ბანკის შეერთებას სხვა კომერციულ ბანკთან, მისი აქტივ-პასივების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

7. ეროვნული ბანკი პერიოდულად განუსაზღვრავს კომერციულ ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს განაღდებული საწესდებო და სხვა სახის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, მათი შექმნის წესს, ფორმასა და პირობებს. ეროვნული ბანკის ეს უფლებები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე მოქმედ კომერციულ ბანკებზე და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე.

8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისაგან მოითხოვოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ამავე კომისიის მიერ ლიცენზირებული შვილობილი საწარმოების შემოწმება, რათა თავიდან აიცილოს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება წარმოექმნას კომერციულ ბანკს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას შვილობილი საწარმოების გაუმართლებელი საქმიანობით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს თავისი წარმომადგენლების ჩართვა ასეთი შვილობილი საწარმოს კომისიის შემმოწმებელ ჯგუფში.

9. არავის არ აქვს უფლება ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოითხოვოს იმ ნებისმიერი პირის ანგარიშგება, სახსრების შემოწმება, საბუღალტრო დავთრები, საბუთები და სხვა მასალები და ჩაატაროს იმ პირთა რევიზია, რომლებიც მისი ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე იღებენ დეპოზიტებს ან სხვა დასაბრუნებელ სახსრებს გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირებისა.

10. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით.“.

29. მე-60 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „იმ დაწესებულებათა საბანკო საქმიანობის“, შეიცვალოს სიტყვებით „ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობის”, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვის „ბანკის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების“.

30. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ანგარიშები ეროვნული ბანკის დავთრებში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის დავთრებში შეიტანოს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები მის მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.“.

31. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 65. ბუღალტრული აღრიცხვა

ეროვნული ბანკი განუწყვეტლივ აწარმოებს ანგარიშგებას და თავისი ოპერაციებისა და საფინანსო მდგომარეობის ასახვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ცენტრალური ბანკის სპეციფიკის გათვალისწინებით.“.

32. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკი ამზადებს და ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღის შემდეგ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისი თვის ანგარიშგებას ბალანსის მდგომარეობის შესახებ.“.

33. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 70. ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება

1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება დაიკმაყოფილოს ნებისმიერი თავისი მოთხოვნა დაფარვის ვადის მომენტში მისი გადასახდელის დაფარვის ვადის დადგომისას სალაროს ნაშთების ან მოვალის ანგარიშებზე რიცხული ფინანსური და მის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს უპირატესი უფლებით –არსებული ნაშთების თავის ანგარიშზე ჩარიცხვისა და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ თავის საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან ეროვნულ ბანკს ასეთ ქონებაზე მისცენ საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. აღნიშნული უფლებამოსილებანი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებული არ იქნეს ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციული მართვის რეჟიმში მყოფი პირების მიმართ.“.

34. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ეს მუხლი არ ვრცელდება 70-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

35. 72-ე მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეროვნული ბანკისათვის დასაბრუნებელი ვალებიდან, მათი დაბრუნების პერიოდში, შეიძინოს ნებისმიერი სახის ქონება, წილი ან უფლება იმ პირობით, რომ იგი პირველი ხელსაყრელი შესაძლებლობისთანავე მოახდენს მათ რეალიზაციას;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტები:

„ე) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომელთაც კანონით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი;

ვ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი.“.

36. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 73. ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი დებულებები

1. ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური, დამოუკიდებელი რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი ყველა ნორმატიული აქტი ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოსა და ეროვნული ბანკის გამოცემებში და ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მათი გამოქვეყნების დღიდან ან თვით ამ დოკუმენტებში მითითებული თარიღიდან. ეროვნული ბანკი აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს.

2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დამტკიცებული ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში დადგენილი ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს გადაეცემათ ინდივიდუალური წესით და ძალაში შედის ეროვნული ბანკის მიერ მითითებული თარიღიდან.

3. ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლად ამოქმედების საჭიროება, თავის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) შესაბამის ნორმატიულ აქტში მითითებით. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა) გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.“.

37. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-6 პუნქტები:

„3. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

4. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

5. ეროვნული ბანკის არც ერთ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს მოქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.“.

38. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 75. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „კომერციული ბანკი“ – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

ბ) „ანგარიშის მფლობელი ბანკი“ – ნებისმიერი ბანკი, რომელსაც ანგარიში აქვს ეროვნული ბანკის დავთრებში;

გ) „სასესხო ვალდებულება“ - ფასიანი ქაღალდი ან სხვა რაიმე სავალო ინსტრუმენტი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფულადი სახსრების პროცენტით ან უპროცენტოდ მიღება-გაცემის უფლებას ან ვალდებულებას;

დ) „სარეზერვო პასივები“ – ვალდებულებათა სახით განსაზღვრული პასივები, რომელთა მიხედვითაც დაცული უნდა იყოს რეზერვები ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი დებულებით;

ე) „სახელმწიფო უწყება“ – საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება;

ვ) „დეპოზიტი“ – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ანაბარი ან გადახდის სხვა საშუალებები;

ზ) „ანაბარი“ – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტები;

თ) „დეპონირებული თანხა“ – საბანკო-საკრედიტო დაწესებულებაში ფულადი თანხის და სხვა სახეობის ფასეულობათა შესანახად ჩაბარება;

ი) „დისკონტი“ – თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას;

კ) „ემისია“ –  ფულის ან ფასიანი ქაღალდების გაშვება მიმოქცევაში;

ლ) „კრედიტი“ – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობის და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

მ) „კლირინგი“, („საკლირინგო ხელშეკრულება“) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;

ნ) „სპოტური ოპერაცია“ – ნაღდი სავალუტო ოპერაცია ან სხვა სახის გარიგების სწრაფი ანგარიშსწორება დაუყოვნებლად;

ო) „ტრანში“ – საერთაშორისო საობლიგაციო სესხის სერია და ნაწილი, რომელიც გამოშვებულია ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებისათვის ან სხვადასხვა ქვეყნის სასესხო ბაზრებზე სესხის განთავსებისათვის;

პ) „ტრანსფერული ოპერაცია“ – ფულის გადაგზავნა ერთი საფინანსო დაწესებულებიდან მეორეში ან ფასიანი ქაღალდების გადაცემა ერთი მფლობელიდან მეორის სახელზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;

ჟ) „ტრანსფერული აგენტი“ – ტრანსფერული ოპერაციის განმახორციელებელი პირი;

რ) „ფორვარდული ოპერაცია“ – ბირჟის გარეშე სასწრაფო სავალუტო გარიგებები, რომლებსაც ბანკები და სამრეწველო-სასაქონლო კორპორაციები ასრულებენ ტელეფონით ან ტელექსით შეთანხმების საფუძველზე;

ს) „ფისკალური აგენტი“ – საგადამხდელო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

ტ) „დენომინაცია“ – ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით, ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით;

უ) „პირი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;

ფ) „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება“ - იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ ბანკს და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი, გარდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზირებული პირისა;

ქ) „შვილობილი საწარმო“ („შვილობილი ორგანიზაცია“) – ამ კანონის მიზნებისათვის იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან მეტ პროცენტს;

ღ) „დროებითი ბანკი“ - განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;

ყ) „კონტროლი“ - კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

შ) „მაკონტროლებელი პირი“ - კონტროლის განმახორციელებელი პირი;

ჩ) „სამახსოვრო მონეტები“ - საიუბილეო, სამახსოვრო და სხვა სპეციალური მონეტები, რომელთა დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძვირფასი, ისე სხვა სახის ლითონი;

ც) „ოჯახის წევრი“ - პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირები;

ძ) „ახლო ნათესავი“ - პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;

წ) „სათავო დაწესებულება“ („სათავო ორგანიზაცია“) – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი და რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ჭ) „ავტონომიური რეგლამენტირების უფლება“ - ეროვნული ბანკის უფლება დამოუკიდებლად, სხვა პირებისა და ორგანოების ჩაურევლად მოამზადოს და მიიღოს (გამოსცეს) სამართლებრივი აქტი;

ხ) „საჯარო რეგისტრი“ - ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონით მინიჭებული ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს მათ შესახებ შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობის ძალაში შესვლის დღიდან.

2. სპეციალური კანონმდებლობის მიღებამდე კომერციული ბანკების გარდა სხვა პირებს ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება და მათი გამოყენებით კრედიტების გაცემა. აღნიშნულზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

3. ეროვნული ბანკის 2001 წლის შედეგების მიხედვით 2002 წლის პირველი აპრილისათვის ეროვნული ბანკის განაღდებულმა საწესდებო კაპიტალმა შეადგინოს 5 მილიონი ლარი. კაპიტალის განცხადებულ ოდენობამდე შევსება განხორციელდეს ეტაპობრივად, ყოველწლიურად, პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2002 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების შესახებ.

5. 2002 წლის 1 დეკემბრამდე ეროვნულმა ბანკმა მოამზადოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) სამახსოვრო მონეტების დამზადების და რეალიზაციის წესი;

ბ) კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის ეროვნული ბანკის მიერ სანქციების განსაზღვრის წესი;

გ) ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისაგან დეპოზიტების მიღების წესი;

დ) აუქციონის ჩატარების წესი;

ე) ქვეყნის საზღვარზე ფულის ნიშნების შემოტანა-გატანისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გადაზიდვების შესახებ;

ვ) მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების გამოცვლის, განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესი;

ზ) კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესი.“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                  . შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 23 ოქტომბერი.

№1114-Iს