„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.002.946
  • Word
5162
29/06/2007
სსმ, 27, 17/07/2007
220.010.000.04.001.002.946
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995წ., №№27–30, მუხ. 642) 741 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 741. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების მიზნით, ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო და თავისი საქმიანობისას არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და სამსახურის დებულებით.

3. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე.

5. სამსახური ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

6. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით 4 წლით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტისათვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

7. პირი სამსახურის უფროსად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

8. თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დააკმაყოფილებს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, მომდევნო 6 თვეში იმავე საკითხის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დაუშვებელია.

9. საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსს თანამდებობიდან ვადამდე ათავისუფლებს:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას ან შეუთავსებელი საქმიანობისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობისას;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;

ე) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ვ) გარდაცვალებისას.

10. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. სამსახურის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

11. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებას.

12. სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და სამსახურის დებულებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

13. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

14. სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.

15. სამსახურის უფროსის წარდგინებით სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს, სამსახურის დაფინანსება განხორციელდება სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.“.

    მუხლი 2

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს აქვს სავალდებულო ძალა.

    მუხლი 3

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდეს 2 თვეში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები, ფინანსური სახსრები და სხვა ქონება გადაეცეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

3. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 თვეში უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ ორგანულ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 4

1. ეს ორგანული კანონი, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ორგანული კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს ამ ორგანული კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი.

№5162–რს