საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 764
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 23/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.000.113
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
764
23/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 23/06/1995
220.010.000.04.001.000.113
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/06/1995 - 19/09/1995)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი

1. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი (შემდგომში ეროვნული ბანკი) არის საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი და წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვეულებებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, აქვს უფლება დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს, ფლობდეს და განკარგავდეს უძრავ და მოძრავ ქონებას, გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.

2. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი.

    მუხლი 2. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ეროვნული ფულის ერთეულისა და მისი მსყიდველობითი უნარის, ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებით და განხორციელებით, აგრეთვე საფინანსო-საკრედიტო სისტემის ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობისა და საბაზრო ურთიერთობაზე დაფუძნებული მყარი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

2. ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს, მიიღოს და განახორციელოს საქართველოს რესპუბლიკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა;

ბ) შეიმუშაოს, მიიღოს და განახორციელოს საქართველოს რესპუბლიკის სავალუტო პოლიტიკა;

გ) განახორციელოს საბანკო საქმიანობისა და ბანკებთან არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირება და ზედამხედველობა;

დ) ფლობდეს, ინახავდეს და განკარგავდეს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს;

ე) იყოს საქართველოს რესპუბლიკის ბანკირი, მრჩეველი და ფისკალური აგენტი;

ვ) ხელს უწყობდეს საგადასახადო სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას;

ზ) ხელს უწყობდეს საიმედო და მდგრადი საფინანსო-საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბებას მეანაბრეთა ინტერესების დაცვის მიზნით.

    მუხლი 3. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა

1. კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს უფლება არა აქვთ ჩაერიონ მის საქმიანობაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ეკონომიკურად და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლით. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ვალდებულებებისათვის, ისევე როგორც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი პასუხს არ აგებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეროვნული ბანკი ან მინისტრთა კაბინეტი თვითონ კისრულობს ასეთ ვალდებულებებს.

3. ეროვნული ბანკის აქტივები, ქონება და შემოსავალი, აგრეთვე მისი საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი ბეგარისაგან.

    მუხლი 4. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. ეროვნული ბანკი საქართველოს რესპუბლიკას წარმოადგენს ყველა საერთაშორისო თათბირზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში, რომლებიც დასაქმებული არიან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებით, ბანკებისათვის ლიცენზიების გაცემის და მათი საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების საკითხებით, აგრეთვე ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხებით.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა წევრიც არის თვითონ ან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ ფულად-საკრედიტო სფეროში ეკონომიკურ სტაბილურობას.

4. როგორც საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს შეუძლია იკისროს ვალდებულებანი და განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს რესპუბლიკის მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები.

თავი II

ეროვნული ბანკის ორგანიზაცია და მმართველობა

    მუხლი 5. ეროვნული ბანკის ორგანიზაცია

1. ეროვნული ბანკი ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემაა.

2. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ჩამოყალიბების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს.

    მუხლი 6. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის საქმიანობას წარმართავს ბანკის გამგეობა, რომელშიც ცხრა წევრია.

2. გამგეობას სათავეში უდგას თავმჯდომარე - ბანკის პრეზიდენტი. მის შემადგენლობაში შედიან ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და 5 სხვა წევრი.

3. გამგეობის წევრებს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, ამასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით - 7 წლის ვადით, ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო დანარჩენ წევრებს - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარდგინებით.

4. გამგეობის წევრობის კანდიდატები უნდა იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, ცნობილნი პატიოსნებით და აღიარებულნი პროფესიონალიზმით ფულადსაკრედიტო და საბანკო საქმიანობის სფეროში და არ უნდა ეკავოთ ამ კანონის მე-10 მუხლში აღნიშნული თანამდებობა.

5. გამგეობის თითოეული წევრის თანამდებობაზე ყოფნის ვადა შეადგენს 7 წელს იმ პირობით, რომ ცალკეულ წევრთა უფლებამოსილების ვადის დამთავრების თარიღი შეძლებისდაგვარად თანაბრად ნაწილდება ყოველ შვიდწლიან პერიოდზე. გამგეობის წევრები შეიძლება დაინიშნონ არასრული ვადით გამგეობის პირველი შემადგენლობის განსაზღვრისას. გამგეობის წევრები აგრეთვე შეიძლება დაინიშნონ განმეორებითი ვადით, თუ მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული ამ კანონის მე-11 მუხლი, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი წინამორბედის ვადის გასვლამდე.

    მუხლი 7. გამგეობის ფუნქციები

1. გამგეობა უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის მთელ საქმიანობას.

2. თავისი ფუნქციების შესრულებისას გამგეობამ პერიოდულად უნდა შეაფასოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ეკონომიკური ვითარება. ამ მიზნით ბანკის ხელმძღვანელობა სულ ცოტა კვარტალში ერთხელ მოახსენებს გამგეობას ეროვნული ბანკის საქმიანობის, მის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების, საბანკო-საფინანსო სისტემისა და ეროვნული ფულის ერთეულის სიმყარის, ფულის, ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების მდგომარეობის თაობაზე.

    მუხლი 8. გამგეობის უფლებამოსილებანი

გამგეობა უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მათ შორის ღია ბაზარზე ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით, ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვები და მათი დონე;

ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტის მიმართ საქართველოს რესპუბლიკის ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი;

გ) დაამტკიცოს ყველა ბანკისათვის შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები, დირექტივები და სხვა ნორმატიული აქტები;

დ) მოიწონოს ყველა ძირითადი მოხსენება და რეკომენდაცია ფულად-საკრედიტო სფეროში, რომლებსაც ეროვნული ბანკი წარუდგენს ქვეყნის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას;

ე) მიიღოს გადაწყვეტილებები ფულის ნიშნების ნომინალის შესახებ, შეიმუშაოს ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევაში გაშვებისა და ამოღების პირობები;

ვ) დაამტკიცოს იმ სავალო ვალდებულებათა აღრიცხვის ნებართვა, რომელთა დაფარვის ვადა 3 თვეზე მეტია ეროვნული ბანკის მიერ მათი შეძენის დღიდან, თანახმად ამ კანონის 33-ე მუხლისა და დაამტკიცოს ბანკებისათვის გასაცემი ეროვნული ბანკის კრედიტები ან პირობითი ვალდებულებები ბანკების სასარგებლოდ, თანახმად ამ კანონის 62-ე მუხლისა;

ზ) დაამტკიცოს ბანკის მუშაობის შინაგანაწესი და განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა;

თ) განსაზღვროს ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა;

ი) შექმნას და დახუროს ეროვნული ბანკის ფილიალები, განყოფილებები და წარმომადგენლობები;

კ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი;

ლ) წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

მ) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები;

ნ) განიხილოს და დაამტკიცოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი.

    მუხლი 9. გამგეობის წევრთა შრომის ანაზღაურება

ეროვნული ბანკის გამგეობის წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.

    მუხლი 10. პირი, რომელსაც უფლება არა აქვს დაიკავოს გამგეობის წევრის თანამდებობა

გამგეობის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს პირი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურის, პარლამენტის ან მინისტრთა კაბინეტის წევრის თანამდებობა უკავია.

    მუხლი 11. გამგეობის წევრის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი

1. გამგეობის წევრს თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს პარლამენტი,თუ:

ა) დაკარგავს გამგეობის წევრის თანამდებობის დაკავების უფლებას მე-10 მუხლის შესაბამისად;

ბ) გასამართლებული იქნება სამართალდარღვევისათვის, რომლისთვისაც მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სასჯელის ჯარიმით შეცვლის უფლების გარეშე;

გ) გახდა გადახდისუუნარო ან გამოცხადებულია გაკოტრებულად და არ არის რეაბილიტირებული;

დ) სათანადო კომპეტენტურმა ორგანოებმა საერთოდ ან დროებით აუკრძალეს საბანკო სისტემაში მუშაობა იმ გადაცდომებისათვის, რომლებიც დაკავშირებული არ არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

2. გამგეობის წევრს გადააყენებს საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკის გამგეობის წარდგინებით, თუ:

ა) ზედიზედ სამჯერ ან მეტჯერ არასაპატიო მიზეზით გააცდინა გამგეობის სხდომები;

ბ) ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ინვალიდობის ან არაქმედუნარიანობის გამო;

გ) დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა, რითაც არსებითი ზარალი მიაყენა ეროვნულ ბანკს.

3. თანამდებობიდან გამგეობის წევრთა გადაყენება სხვა საფუძვლით არ შეიძლება.

    მუხლი 12. გამგეობის წევრის გადადგომა.

გამგეობის ნებისმიერი წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს სავარაუდო გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.

    მუხლი 13. ვაკანსია გამგეობაში

ნებისმიერი ვაკანსია გამგეობაში უნდა შეივსოს გამგეობის ახალი წევრის დანიშვნით, გამგეობის შესაცვლელი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

    მუხლი 14. გამგეობის სხდომა

1. გამგეობის სხდომას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნისას - ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ბრძანებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

2. გამგეობის სხდომები იმართება ისეთი სიხშირით, როგორც ამას ეროვნული ბანკის საქმის ვითარება მოითხოვს, მაგრამ კვარტალში სამჯერ მაინც.

3. გამგეობის სხდომას, როგორც წესი, იწვევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი შემცვლელი ვიცე-პრეზიდენტი. სხდომის მოწვევა შეიძლება აგრეთვე ნებისმიერ დროს გამგეობის 3 წევრის ან ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს - ორი წევრის წერილობითი მოთხოვნით.

4. გამგეობის სხდომის მოწვევისას გამგეობის ყველა წევრს უნდა აცნობონ, დანიშნული სხდომის დღემდე არა უგვიანეს 5 დღისა, სხდომის ჩატარების ადგილი, დღის წესრიგი სათანადო მასალებითურთ. საგანგებო შემთხვევაში გამგეობის სხდომა შეიძლება მოიწვიან უფრო სასწრაფო წესით.

5. გამგეობის თვითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს თვით პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

კვორუმის შესახებ ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გამგეობის არც ერთი მოქმედება და გადაწყვეტილება არ შეიძლება ცნონ ბათილად მხოლოდ იმ საბაბით, რომ გამგეობის შემადგენლობაში ერთი ან რამდენიმე ვაკანსიაა.

6. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამგეობის გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ დამსწრე წევრს.

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია პრეზიდენტის ან , მისი არყოფნისას, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

7. იმ პირთა მოქმედება, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან გამგეობის სხვა წევრთა მოვალეობებს, კანონიერად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდა რაიმე დარღვევები მათი დანიშვნის შემდეგ (თანამდებობრივი ან პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისობის კრიტერიუმების დაუცველობა).

    მუხლი 15. გამგეობის სხდომის ჩატარების და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურა

1. გამგეობის სხდომა კონფიდენციალურია. გამგეობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მუშაობის ყველა ან რამდენიმე შედეგის საჯაროდ გამოცხადების შესახებ.

2. გამგეობის სხდომის მუშაობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და გამგეობის მდივანი.

3. გამგეობის მდივანს ამტკიცებს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი მუშაკების რიგიდან. იგი არ უნდა შედიოდეს გამგეობის შემადგენლობაში.

4. გამგეობის დადგენილებას ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

    მუხლი 16. გამგეობის წევრის მიერ თავისი ინტერესების გამოცხადება

1. გამგეობის შემადგენლობაში შეყვანის მომენტში და შემდეგ ყოველწლიურად თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გამგეობის წევრმა გამგეობას პერიოდულად უნდა წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი კომერციული ინტერესების და თავისი ოჯახის ინტერესების შესახებ. ამგვარი განცხადება უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის მიერ მიღებულ დირექტივებს, ამასთან გამგეობის წევრს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება იყვნენ ბანკების დამფუძნებლები, მეპაიეები ან აქციონერები.

2. გამგეობის სხდომაზე ნებისმიერი საკითხის გატანის დროს, რომელიც დაკავშირებულია ასეთ ინტერესებთან, გამგეობის დაინტერესებული წევრი ვალდებულია განხილვის დასაწყისში წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ინტერესების შესახებ. გამგეობის ასეთი წევრი არ მონაწილებს განხილვაში და მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, მისი დასწრება მხედველობაში არ მიიღება კვორუმის განსაზღვრისას.

    მუხლი 17. შემდგომი სამსახური

ეროვნულ ბანკში სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს უახლოესი ორი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული პრივილეგიები და ეკრძალებათ იმუშაონ რესპუბლიკის სხვა საბანკო დაწესებულებებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი სამუშაოდან თავისუფლდებიან პირადი განცხადების საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

    მუხლი 18. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებელია და პასუხისმგებელია ბანკის მიმდინარე საქმიანობისათვის. პრეზიდენტის არყოფნის დროს ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებლის ფუნქციას ასრულებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ან ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ბოლოს ასრულებდა ამ მოვალეობას.

    მუხლი 19. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური

1. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორიული სამსახურის უფროსი დაინიშნება 7 წლის ვადით გამგეობის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით იმ კანდიდატთაგან, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და რომლებზეც ვრცელდება მე-10 მუხლი. იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადით. მის შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს გამგეობა.

2. აუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რაც არა უგვიანეს 3 თვით ადრე უნდა აცნობოს პრეზიდენტს. ამასთან იგი შეიძლება გადააყენონ გამგეობის გადაწყვეტილებით მე-11 მუხლში მოცემული ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის საფუძველზე.

3. აუდიტორული სამსახურის ფუნქციებია:

ა) ახორციელებდეს ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონებს, სხვა ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე ბანკის გადაწყვეტილებათა ზუსტად შესრულების შიდა კონტროლს, სამმართველოების, განყოფილებების საქმიანობისა და საბანკო ოპერაციების პერიოდულ რევიზიას;

ბ) გამგეობისათვის მოსახსენებლად ადგენდეს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და შეიმუშავებდეს რეკომენდაციებს ანგარიშგებისა და სააღრიცხვო საბუთების, აგრეთვე საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და ბანკში კონტროლის მეთოდების შესახებ;

გ) აუდიტორულად ამოწმებდეს ეროვნული ბანკის პერიოდულ საფინანსო ანგარიშგებებსა და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ადასტურებდეს მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.

    მუხლი 20. ეროვნული ბანკის პერსონალი და ინტერესების კოლიზია

1. ეროვნული ბანკის მუშაკს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბანკის პრეზიდენტი, იგი დებს და წყვეტს ხელშეკრულებებს აგენტებთან და კორესპონდენტებთან მუშაობის პირობების შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულთა დებულებებს ამტკიცებს გამგეობა.

3. ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში მის თანამშრომლებს უფლება არა აქვს მიიღონ სესხი სხვა ბანკში, გარდა ეროვნული ბანკისა.

4. ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში მისი თანამშრომლები პროფესიულ მომსახურებას უნდა ეწევდნენ მხოლოდ ეროვნულ ბანკს და არ უნდა მუშაობდნენ შეთავსებით ან ეკავოთ სხვა როგორც ანაზღაურებადი, ისე აუნაზღაურებადი თანამდებობა.

5. გამგეობს წევრებს, ადმინისტრაციის მუშაკებს და ბანკის თანამშრომლებს უფლება არა აქვთ თავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღონ რაიმე საჩუქარი ან სესხი თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომლებთანაც მათ აკავშირებთ ოჯახური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა.

6. ეროვნული ბანკის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება იყვნენ ბანკების დამფუძნებლები, მეპაიეები ან აქციონერები.

7. ეროვნული ბანკის მიერ ასანაზღაურებელი სარგოების, ჰონორარისა და სხვა გასაცემლების ოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს წმინდა შემოსავალს.

    მუხლი 21. საიდუმლოება

1. ბანკის არც ერთ მუშაკს, თანამშრომელს, აუდიტორს, აგენტს ან კორესპოდენტს ან ყოფილ გამგეობის წევრს არა აქვს უფლება დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გაითქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის.

2. ზემოთ ჩამოთვლილ პირებს კონფიდენციალური ფაქტობრივი მონაცემები შეუძლიათ გააცნონ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატას. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე ასეთი ინფორმაცია შეიძლება გავიდეს ეროვნული ბანკის გარეთ ბანკის გამგეობის ან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ის წარმოადგენს მტკიცებულებას პირისათვის, რომელმაც წერილობით მიმართა ეროვნულ ბანკს ასეთი ინფორმაციის მისაღებად.

3. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეთ აგრეთვე სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოებს მხოლოდ პროკურორის ნებართვით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, როცა ამ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

თავი III

საფინანსო დებულებები

    მუხლი 22. ეროვნული ბანკის კაპიტალი

ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1.300.000.000.000(ტრილიონ სამას მილიარდ კუპონს), მასში ცვლილებების შეტანა შეიძლება ეროვნული ბანკის გამგეობის წარდგენის საფუძველზე პარლამენტის გადაწყვეტილებით. საწესდებო კაპიტალის მთელი ეს თანხა არ ექვემდებარება გადაცემას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის სახით.

ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი იქმნება ბანკის წმინდა შემოსავლიდან 25-პროცენტიანი ანარიცხების ხარჯზე. ამასთან ანარიცხები საწესდებო კაპიტალში წყდება მისი მოცულობის დადგენილ ოდენობამდე მიღწევისთანავე.

    მუხლი 23. ეროვნული ბანკის დეფიციტის დაფარვა

თუ ეროვნული ბანკის ბალანსში აქტივების ღირებულება მისი პასივების დაუკავშირებელი კაპიტალისა და სარეზერვო ფონდის თანხაზე ნაკლებია, რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ბანკს მისცემს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოშვებულ სავალო ვალდებულებებს წარმომდგენზე იმ ვადით და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ანალოგიურია, არსებული დეფიციტის დასაფარავად საკმარისი მოცულობით.

ასეთი ფასიანი ქაღალდები აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მუხლი 24. ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავლის გამოანგარიშება

ეროვნული ბანკის თითოეული საფინანსო წლის წმინდა შემოსავალი გამოიანგარიშება შემოსავლის თანხიდან საანგარიშგებო წელს ძირითადი საქმიანობის წარმართვისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების თანხების გამოქვითვისა და რეზერვების იმ ფონდებში გადარიცხვის შემდეგ, რომლებიც გამოიყენება:

ა) ამოღებული და საეჭვო სესხების დაფარვა, ძირითადი ფონდების ამორტიზაცია, ანარიცხები და თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ფონდში;

ბ) გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად აუცილებლად მიჩნეული ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა ოქროში, უცხოურ ვალუტაში და სპეციალურ უფლებებში აქტივების და პასივების შეფასების ღირებულების შეცვლისას, გამომდინარე მოგების და ზარალის არსებობიდან. ასეთი მოგება და ზარალი 51-ე მუხლის შესაბამისად არ გაითვალისწინება ჩვეულებრივი მოგების და ზარალის გაანგარიშებისას.

    მუხლი 25. ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავლის განაწილება

1. საწესდებო ფონდში ანარიცხების განხორციელების შემდეგ ეროვნული ბანკი ქმნის სარეზერვო ფონდს, რომელშიც, ეროვნული ბანკის თითოეული საფინანსო წლის ბოლოს, უნდა გადაირიცხოს წლის წმინდა შემოსავლის დარჩენილი ნაწილის არა უმეტეს 50 პროცენტის ტოლი თანხა მანამდე, ვიდრე სარეზერვო ფონდის თანხა გაუთანაბრდება ანაზღაურებული კაპიტალის ოდენობას. გამგეობის ნებართვით რომელიმე წლის სარეზერვო ფონდში გადასარიცხი თანხა შეიძლება გაიზარდოს 50 პროცენტზე მეტი ოდენობით. სარეზერვო ფონდის საერთო თანხა შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის ანაზღაურებულ კაპიტალზე მეტი ოდენობის. სარეზერვო ფონდის გმოყენება შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ზარალის დასაფარავად. ამ მუხლში ზარალად იგულისხმება მიმდინარე ხარჯების გადამეტება შემოსავალზე, აგრეთვე ნებისმიერი ნაშთები რეზერვების გადაფასების ანგარიშზე.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები, რომლებშიც სახსრები გადაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახსრები დარჩება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადანაწილების დამთავრების შემდეგ.

3. წმინდა შემოსავლის დარჩენილ თანხას ეროვნული ბანკი, 23-ე მუხლის შესაბამისად, გამოიყენებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოშვებული და ბანკში შენახული ფასიანი ქაღალდების დასაფარავად სარეზერვო ფონდში ან ნებისმიერ სპეციალური დანიშნულების რეზერვებში თანხების გადარიცხვამდე.

    მუხლი 26. წმინდა მოგების გადარიცხვა

საფინანსო წლის წმინდა შემოსავალი, რომელიც დარჩება 25-ე მუხლის შესაბამისად გადარიცხვების გადაფარვის შემდეგ, უნდა გადაერიცხოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დამთავრებიდან 4 თვის მანძილზე.

    მუხლი 27. წმინდა შემოსავლის განაწილების შეზღუდვები

არანაირი გადარიცხვა, დაფარვა ან გადახდა, თანახმად 25-ე და 26-ე მუხლებისა, არ უნდა განხორციელდეს, თუ ამის შემდეგ, ეროვნული ბანკის აზრით, ეროვნული ბანკის აქტივების თანხა აღმოჩნდება მისი ვალდებულებებისა და განაღდებული კაპიტალის თანხაზე ნაკლები.

თავი IV

ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ფუნქციები და ოპერაციები

    მუხლი 28. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანად პასუხისმგებელია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის, გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თუ საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ საქართველოს პარლმენტი ან სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლში აღნიშნულ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის უმთავრეს ამოცანას, ან ხელს არ უწყობს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს ან სახელმწიფოს მეთაურს შეუძლიათ დააყენონ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის საკითხი, რის შემდეგაც ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებით განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის საჭიროება. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი სტაბილურობის უზრუნველყოფის ინტერესების შესაბამისად უნდა შეცვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მაშინ ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ შეუდგება შეცვლილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას და განახორციელებს მას პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. პარლამენტის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ცვლილებების ხასიათი, აგრეთვე პრინციპული მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მისი შეცვლის საჭიროებას, გადაწყვეტილების მოქმედების ვადის აღნიშვნით, იმ პირობის მითითებით, რომ მას პარლამენტი არ გააუქმებს ან არ შეცვლის.

თუ ეროვნული ბანკი არ დაეთანხმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, ავტომატურად დგება ეროვნული ბანკის გამგეობის ვადამდე გადარჩევის საკითხი.

    მუხლი 29. ოპერაციები ღია ბაზარზე

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ჩვეულებრივი შეძენის ან გაყიდვის გზით (სპოტური და ფორვარდული ოპერაციებით), ან შემდგომში გამოსყიდვის შეთანხმების გზით. ამ მიზნით სხვა ფასიანი ქაღალდების გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 30. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკი ყველა ბანკისათვის, აგრეთვე იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ანაბრებისა და დეპოზიტების მოზიდვისა და განთავსების უფლება, აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ოდენობისა და მისი გაანგარიშების წესს ეროვნული ბანკი ადგენს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების შესაბამისად.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ. ეროვნულ ბანკში არსებულ თავისუფალ რეზერვებზე პროცენტები არ წესდება.

    მუხლი 31. სავალდებულო რეზერვების ნორმების დარღვევა

ეროვნულ ბანკს შეუძლია დააჯარიმოს ამ კანონის 30-ე მუხლში გათვალისწინებული ნებისმიერი იურიდიული პირი, თუ იგი არ დაიცავს 30-ე მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დადგენილ დონეს,ვიდრე არ შეივსება დანაკლისი ბანკის სარეზერვო ანგარიშზე, ან გამოიყენოს ამ კანონის 59-ე მუხლში გათვალისწინებული სანქცია. ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

    მუხლი 32. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები

1. ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების დისკონტირება და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ წარმოადგენს საბანკო ანგარიშის მფლობელი. ესენია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე გასანაღდებელი და ქვეყნის კანონიერი გადასახადის საშუალებებში გამოსახული გადასაყვანი და უბრალო თამასუქები, რომელსაც ხელს აწერს სულ ცოტა 3 გადახდისუნარიანი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბანკი, და რომლებზეც აღნიშნული დაფარვის ვადა არ აღემატება 3 თვეს ეროვნული ბანკის მიერ მათი შეძენის დღიდან.

ეროვნულ ბანკს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ისეთი ინსტრუმენტების დისკონტირებაც, რომლებსაც ხელს აწერს ორი გადახდისუნარიანი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბანკი, და რომელთა გადახდის ვადა დადგება 3 თვეზე გვიან, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვისა ეროვნული ბანკის მიერ შეძენის დღიდან;

ბ) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ან ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული და გარანტირებული, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასანაღდებელი და გადახდის კანონიერ საშუალებებში გამოსახული სავალო ვალდებულებები, რომლებიც წარმოადგენენ ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო გამოშვების ნაწილს და განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მისაყიდად, და რომლებიც უნდა დაიფაროს არა უგვიანეს სამი თვისა ეროვნული ბანკის მიერ მათი შეძენის დღიდან.

2. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები ექვემდებარება ყველა სხვა პირობებსა და წესებს, მათ შორის სადისკონტო განაკვეთს, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.

3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზების აღუნიშნავად თქვას უარი ზემოთ ჩამოთვლილი ფასიანი ქაღალდების დისკონტირებაზე.

    მუხლი 33. კრედიტების გაცემა სხვა ბანკებისათვის

1. ეროვნულ ბანკს მის მიერვე განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად შეუძლია მისცეს კრედიტები ბანკებს, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში. კრედიტები გაიცემა არა უმეტეს 3 თვის ვადით ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებიდან ერთ-ერთის აუცილებელი უზრუნველყოფით:

ა) 50-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო სარეზერვო ინსტრუმენტები;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მიერ გამოშვებული და გარანტირებული, საქართველოს ტერიტორიაზე გასანაღდებელი და გადახდის კანონიერ საშუალებებში გამოსახული სხვა სასესხო ვალდებულებები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გამოშვების ნაწილია და განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მისაყიდად;

გ) სასაქონლო ზედდებული და ფლობის უფლების დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია დადგენილი წესისამებრ გაფუჭების ან დაკარგვის შემთხვევებისათვის დაზღვეულ ნედლეულსა და საქონელზე;

დ) დეპოზიტები ეროვნულ ბანკში ან სხვა დეპოზიტართან, რომელიც მისაღებია ეროვნული ბანკისათვის, ნებისმიერი სახსრებით, მათ შორის ოქროთი ან სხვა ძვირფასი ლითონებით, რომელთა გაყიდვის, შეძენის ან სხვა მათთან დაკავშირებული ოპერაციების შეუზღუდავად განხორციელების უფლება აქვს ეროვნულ ბანკს ამ კანონის შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკი კრედიტებს მისცემს მხოლოდ მეთაურ ბანკებს.

    მუხლი 34. განაკვეთები სადისკონტო და სასესხო ოპერაციებზე

ეროვნული ბანკის განაკვეთები სადისკონტო და სასესხო ოპერაციებზე განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 35. კრედიტებისა და საპროცენტო განაკვეთების კონტროლი

1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი დადგენილებით დააწესოს დროებითი პირობები და შეზღუდვები კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, რომლებიც არეგულირებენ ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებისათვის გასაცემი ნებისმიერი კრედიტების და გარანტიების ძირითად თანხებს, გარანტიებს, საპროცენტო განაკვეთებს და სხვა გადასახადებს ნებისმიერ გასაცემ კრედიტებზე, გარანტიებზე ან ბანკებისა და სხვა დაწესებულებების მიერ მიღებულ ნებისმიერ ანაბრებზე.

აღნიშნული პირებებისა და შეზღუდვების დაწესება დასაშვებია მხოლოდ იმდენად და მაშინ, როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებით შეუძლებელია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირობები და შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩასატარებელ ოპერაციებზე.

თავი V

ფულის ერთეული, ბანკნოტები,მონეტები

    მუხლი 36. ფულის ერთეული

1. საქართველოს რესპუბლიკის ფულის ერთეულია კუპონი.

2. კუპონი წარმოადგენს გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

3. ეროვნული ბანკი ადგენს და არეგულირებს კუპონის გაცვლის კურსს უცხოური ვალუტის მიმართ. თუ ეროვნული ბანკი არ გამოაცხადებს კუპონის კურსს უცხოური ვალუტის მიმართ, მაშინ კურსი განისაზღვრება ბაზარზე თავისუფალი მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე.

    მუხლი 37. ბანკნოტებისა და მონეტების ემისიის უფლება

1. ეროვნულ ბანკს ექსკლუზიური უფლება აქვს განახორციელოს ბანკნოტების და მონეტების, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერი საშუალებების, ემისია.

2. ბანკნოტებისა და მონეტების ემისიის გამოყენება უშუალოდ რესპუბლიკის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.

    მუხლი 38. გადახდის კანონიერი საშუალებები

ეროვნული ბანკის მიერ გადახდის კანონიერი საშუალების სახით გამოშვებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც მიმოქცევიდან არ არის ამოღებული, შესასრულებლად იღებენ ნომინალური ღირებულებით ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო ვალის დასაფარავად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

    მუხლი 39. ფულის ნიშნების დახასიათება

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადახდის კანონიერ საშუალებად მიჩნეული ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალი, ზომები, წონა, გაფორმება და სხვა მახასიათებლები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული დოკუმენტებით.

    მუხლი 40. ფულის ნიშნების გამოშვება და შენახვა

ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბანკნოტების დაბეჭდვას და მონეტების მოჭრას, მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტების საიმედო შენახვას, აგრეთვე საბეჭდი ფორმების, შტამპებისა და მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტებისა და მონეტების შენახვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ განადგურებას.

    მუხლი 41. ფულის ნიშნების გამოცვლა

ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის კანონიერ საშუალებად გამოცხადებული ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლას განახორციელებს მოთხოვნით, საფასურის ან საკომისიო მოსაკრებლების გარეშე.

    მუხლი 42. მიმოქცევისათვის უვარგისი ფული

1. ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან ამოიღებს და გაანადგურებს შემდგომი გამოყენებისათვის უვარგის ფულის ნიშნებს და ცვლის მათ ახლით.

2. ეროვნული ბანკი მონეტებისა და ბანკნოტების გამოცვლაზე უარს ამბობს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია მათი რეალობის ან ბანკნოტის ნაწილების იდენტურობის დადგენა.

3. ეროვნული ბანკი ვალდებული არ არის გასცეს დაკარგული, მოპარული ან განადგურებული ბანკნოტებისა და მონეტების კომპენსაცია. ბანკს შეუძლია ნებისმიერი ბანკნოტის კონფისკაცია, რომელსაც შეცვლილი აქვს სახე, განსაკუთრებით იმ ბანკნოტისა, რომელსაც აქვს წარწერები, ნახატები, ანაბეჭდები ან პერფორაციები, აგრეთვე ნაწებების მქონე ბანკნოტებისა.

    მუხლი 43. ფულის მარაგი და ემისიის გეგმა

ეროვნული ბანკი უშუალოდ აკონტროლებს ნაღდი ფულის მარაგს, ადგენს მისი ემისიის გეგმებს, ბანკნოტებით და მონეტებით უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკას.

    მუხლი 44. მიმოქცევაში გამოშვებული ფულის საბუღალტრო აღრიცხვა

მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტებისა და მონეტების საერთო თანხა ეროვნული ბანკის ანგარიშებზე აღირიცხება ეროვნული ბანკის ვალდებულების სახით. ამ ვალდებულებებში არ შედის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ფულადი სახსრების სარეზერვო მარაგს შეადგენენ.

    მუხლი 45. ფულის ამოღება მიმოქცევიდან

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოითხოვოს და ამოიღოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები და მონეტები და მათ ნაცვლად გაუშვას სხვა იმავე ოდენობის ბანკნოტები და მონეტები. ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის დადგენილების სახით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ბანკნოტებისა და მონეტების გამოსაცვლელად ჩაბარების ვადები და ეროვნული ბანკის ის ფილიალები, სადაც უნდა ჩაბარდეს ისინი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გამოცვლის ვადის დამთავრების შემდეგ გამოსაცვლელი ბანკნოტები და მონეტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, წყვეტენ მოქმედებას, მიუხედავად 38-ე მუხლში მოცემული დებულებებისა.

    მუხლი 46. ყალბი ფულის მოჭრა

1. ნებისმიერ პირს, რომელიც:

ა) გააყალბებს გადახდის კანონიერ საშუალებად გამოყენებულ ნებისმიერ ბანკნოტს ან მონეტას, უკანონოდ დაბეჭდავს ან სახეს შეუცვლის, მიუხედავად იმისა, საქართველოში ხდება ეს თუ საზღვარგარეთ, იგივე ქმედებას ჩაიდენს ნებისმიერ ვალუტაში დენომინირებული ჩეკის, ფასიანი ქაღალდის ან საგადასახადო ბარათის მიმართ;

ბ) ფლობს, გადაზიდავს ან გამოუშვებს ასეთ ბანკნოტებს, მონეტებს, ჩეკებს, ფასიან ქაღალდებს ან საგადასახადო ბარათებს, იცის რა მათი გაყალბების, უკანონო ბეჭდვის, ფალსიფიკაციის ან ამოშლის შესახებ;

გ) ამზადებს, ფლობს ან გადაზიდავს ნებისმიერი სახის საბეჭდ ფორმებს, მატრიცებს, ქაღალდს, საღებავს და სხვა საგნებს და ნივთიერებებს, იცის რა, რომ ისინი გამიზნულია ბანკნოტების, მონეტების, ჩეკების, ფასიანი ქაღალდების ან საგადასახადო ბარათების გაყალბების, უკანონო ბეჭდვის, ფალსიფიკაციის ან ამოშლისათვის, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

2. ბანკნოტების, მონეტების, საქართველოს რესპუბლიკის გადახდის კანონიერ საშუალებაზე ან სხვა ვალუტაში დენომინირებული ჩეკების, ფასიანი ქაღალდების ან საგადასახადო ბარათების ნებისმიერი სახით დამზადებისათვის აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი ნებართვა.

თავი VI

სავალუტო პოლიტიკა, საერთაშორისო რეზერვები, რეზერვების გადაფასების ანგარიში და სავალუტო კონტროლი

    მუხლი 47. სავალუტო პოლიტიკა

1. ეროვნული ბანკი შეიმუშავებს, ამტკიცებს და ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის სავალუტო პოლიტიკას.

2. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია სავალუტო რეგულირების სფეროში კანომდებლობის აღსრულებისათვის. კანონის შესაბამისად, მას უნდა წარედგინოს ყველა ანგარიშგება, ამონაწერი და სხვა ინფორმაცია.

    მუხლი 48. ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა

ეროვნულ ბანკს ეკისრება პასუხისმგებლობა:

ა) სავალუტო ბაზარზე ოპერაციების წარმოების წესებისა და დებულებების შემუშავებისათვის;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების, დებულებების, ინსტრუქციებისა და ანგარიშგების ფორმების შემუშავებისათვის;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უცხოური ვალუტით ოპერაციების წარმოების ლიცენზიების გაცემისა და გამოთხოვისათვის, აგრეთვე მათი საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლისათვის;

დ) უცხოური ვალუტით ოპერაციების მწარმოებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სავალუტო პოზიციის ლიმიტების დაწესებისათვის;

ე) ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ფლობის, შენახვისა და მართვისათვის.

    მუხლი 49. საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დადოს საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები ან ამავე მიზნით ნებისმიერ სხვა კონტრაქტების საზღვარგარეთის სახელმწიფო და კერძო ცენტრალურ საკლირინგო დაწესებულებებთან როგორც თავისი სახელით, ისე საქართველოს რესპუბლიკის სახელით და დავალებით.

    მუხლი 50. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები

1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შედგება ყველა ან ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებისაგან, ულიკვიდო აქტივების ან იმ აქტივების გამოკლებით, რომლებიც წარმოადგენენ სავალო ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებებს, ან ნებისმიერ სხვა აქტივებს, რომელთა რეალიზაცია სხვადასხვა მიზეზის გამო ეროვნულ ბანკს არ შეუძლია უმოკლეს ვადაში. ასეთია:

ა) ოქრო;

ბ) უცხოური ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების სახით, საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები;

გ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან სახსრების შეძენის უფლება სარეზერვო ტრანშის ფარგლებში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალურ უფლებათა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კუთვნილი მარაგი;

დ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი გადასაყვანი და მარტივი თამასუქები;

ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოების, ცენტრალური ბანკების ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სავალო ვალდებულებები უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი ფორვარდული კონტრაქტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ მათი შემდგომი გამოსყიდვით.

2. ეროვნული ბანკი ყველაფერს ღონობს საერთაშორისო რეზერვების იმ დონეზე შესანარჩუნებლად, რომელსაც იგი საკმარისად მიიჩნევს რესპუბლიკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისა და საერთაშორისო ოპერაციების მიხედვით დროული ანგარიშსწორებისათვის.

3. საერთაშორისო რეზერვების დონის დაქვეითების ან, ეროვნული ბანკის აზრით, მათი დონის ისეთი დაქვეითების საშიშროების შექმნისას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რესპუბლიკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის, აგრეთვე საერთაშორისო ოპერაციების მიხედვით დროული ანგარიშსწორების შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი რესპუბლიკის პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მოხსენებას საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობისა და იმ მიზეზების შესახებ, რომლებმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მათი შემცირება, და შესთავაზებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიებებს.

4. ეროვნული ბანკი სისტემატურად აწვდის პარლამენტს ინფორმაციას და წარუდგენს მას შესაბამის წინადადებებს მანამდე, ვიდრე მდგომარეობა, ბანკის შეფასებით, სტაბილური არ გახდება.

    მუხლი 51. ეროვნული ბანკის მოგება და ზარალი უცხოური ვალუტით

ეროვნული ბანკის მოგება და ზარალი, რომლებიც ბანკს წარმოექმნება საფინანსო წლის განმავლობაში ბანკის ბალანსზე რიცხული აქტივებისა და პასივების გადაფასების შედეგად, ან დენომინირებულია ოქროთი, ნასესხობის სპეციალური უფლებებით ან უცხოური ვალუტით და წარმოიქმნება ოქროს ღირებულებაში ან უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ფულადი ერთეულის გაცვლითი კურსის ცვლილებების შედეგად, ფორმდება შემდეგნაირად:

ა) უცხოური ვალუტით ასეთი მოგების ან ზარალის ჯამური თანხა დაბალანსდება შესაბამისი თანხით ეროვნული ბანკის საბალანსო ანგარიშზე - „რეზერვების გადაფასების ანგარიში;

ბ) მანამდე, ვიდრე რეზერვების გადაფასების ანგარიშზე გატარებული თანხა შეესაბამება წმინდა დანაკარგებს უცხოური ვალუტით, პირველი დაიფარება მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოშვებული და ბანკებისათვის გადაცემული პროცენტების მომტანი ფასიანი სასეხო ქაღალდებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი შეინახავს გარესაბალანსო ანგარიშზე - „რეზერვები ფასიან ქაღალდებში„. საფინანსო წლის დამთავრების შემდეგ 4 თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკში არსებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე საბოლოო თანხა გაიზრდება ან შემცირდება ისეთი ოდენობით, რამდენიც საჭიროა თანაფარდობის აღსადგენად მასს და ზარალის სახით რეზერვების გადაფასების ანგარიშზე წლის ბოლოსათვის გატარებულ თანხას შორის;

გ) ეროვნული ბანკის წლიური წმინდა მოგების გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლით გათვალისწინებული არც წმინდა მოგება და არც წმინდა ზარალი.

თავი VII

ეროვნული ბანკის ურთიერთობა სახელმწიფოსთან

    მუხლი 52. ბანკირი, მრჩეველი და საფინანსო აგენტი

1. ეროვნული ბანკი ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ბანკირის, მრჩევლის და საფინანსო აგენტის როლს. მაგრამ ეროვნული ბანკის არც ერთი ოპერაცია, გარდა 57-ე მუხლში აღნიშნულისა, არ შეიძლება მიზნად ისახავდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ან ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისათვის ფინანსურ დახმარებას, ან ხორციელდებოდეს მათი ინტერესებისათვის.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი კონსულტაციებს იღებს ეროვნული ბანკიდან. ამ უკანასკნელის მოვალეობაა სახელმწიფოს მეთაურის ან ფინანსთა მინისტრისათვის საკონსულტაციო დახმარების გაწევა ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ ყველა საკითხში.

3. ფინანსთა მინისტრი ყოველწლიურად იღებს კონსულტაციას ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის საკითხებზე. ეროვნული ბანკი ვალდებულია ფინანსთა მინისტრს წარუდგინოს წერილობითი მოხსენება ამ პროცესთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებზე.

    მუხლი 53. კონსულტაციები და ანგარიშგება სახელმწიფო სექტორისათვის გასაცემი კრედიტების საკითხებზე

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი კონსულტაციებს ატარებს ეროვნულ ბანკთან მომდევნო საფინანსო წლისათვის სახელმწიფო სექტორისათვის საშინაო და საგარეო სესხების მიღების გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის საკრედიტო სახსრების მოცულობის შეთანხმების, მათი მიღების, განაწილების, დასესხების მოსალოდნელი პირობების საკითხებზე. ეროვნულ ბანკს უნდა ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და სახელმწიფო დაწესებულებების ყველა სასესხო ოპერაციის შესახებ, ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

    მუხლი 54. სადეპოზიტო ფუნქციები

1. ეროვნული ბანკი იღებს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების დეპოზიტებს. დეპოზიტარის როლში ეროვნული ბანკი იღებს და გასცემს ფულად სახსრებს, აღრიცხავს და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო მომსახურებას. საგადახდო საბუთების საფუძველზე ეროვნული ბანკი აღნიშნულ ანგარიშებზე დეპონირებული თანხების ფარგლებში გასცემს თანხას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ანაბრების მიხედვით პროცენტების გადახდის შესახებ.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნება დართოს სხვა საფინანსო დაწესებულებებს მიიღონ ასეთი დეპოზიტები მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 55. საფინანსო აგენტის ფუნქციები

ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოვიდეს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და სახელმწიფო დაწესებულებების საფინანსო აგენტის როლში შემდეგ საკითხებზე, როგორიცაა:

ა) მათ მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებების რეალიზაცია, მათ შორის როგორც ტრანსფერტული აგენტის ან სხვა საჭირო ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება;

ბ) ძირითადი თანხების და პროცენტების გაცემა, ფასიანი ქაღალდების მიხედვით სხვა გადახდების წარმოება;

გ) საგადახდო ოპერაციების შესრულება მათი ანგარიშებიდან;

დ) ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანებისა და მიზნების შესაბამისი სხვა საკითხები.

    მუხლი 56. ეროვნული ბანკისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ეროვნული ბანკისათვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მიაწვდიან მას ყველა საჭირო სტატისტიკურ, საბუღალტრო და სხვა ინფორმაციას.

    მუხლი 57. მინისტრთა კაბინეტისათვის გასაცემი ეროვნული ბანკის კრედიტები

1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული საერთო ლიმიტის ხარჯზე 6 თვემდე ვადით მისცეს მინისტრთა კაბინეტს სესხი, რომელიც ფინანსთა სამინისტროზე გაფორმდება.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს კრედიტი მისცეს უფრო ხანგრძლივი ვადით, თუ ეს კრედიტი დაკავშირებულია ან ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შესვლიდან გამომდინარე შენატანებთან ან ანალოგიურ გადასახდელებთან.

4. ეროვნული ბანკის სესხები გაიცემა, დენომინირდება და ექვემდებარება ანაზღაურებას მხოლოდ გადახდის კანონიერ საშუალებებში. ყველა სესხი გაიცემა ბაზარზე მოქმედი განაკვეთების პროცენტებით და უზრუნველყოფილია იმავე პროცენტების მქონე სასესხო ვალდებულებებით წარმომდგენზე. აღნიშნულ უზრუნველყოფას სასესხო ვალდებულებების სახით აქვს დაფარვის ვადა, რომელიც გარანტირებული სესხის დაფარვის ვადის ტოლია. მათ გამოუშვებს და ეროვნულ ბანკს გადასცემს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. თითოეული სესხი გაფორმდება წერილობითი ხელშეკრულებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა /ფინანსთა მინისტრის სახით/ და ეროვნულ ბანკს შორის. ხელშეკრულებაში ზუსტად განისაზღვრება სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მოსაკრებლები.

5. ეროვნული ბანკის მიერ მინისტრთა კაბინეტისათვის მიცემული და ჯერ დაუფარავი ერთობლივი ძირითადი თანხა არასოდეს არ უნდა აღემატებოდეს უშუალოდ წინა სამი საფინანსო წლის მანძილზე სახელმწიფო საშუალო წლიური შემოსავლის თანხის 5 პროცენტს. ამ მუხლში მითითებული შემოსავლის ცნებაში არ შედის სესხები, უსასყიდლო კრედიტები და ფინანსური დახმარების სხვა სახეობანი.

6. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ეროვნულ ბანკს შეუძლია გამონაკლისის სახით თავისი დადგენილებიტ დროებით მოხსნას მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ლიმიტის მოხსნა არ ეწინააღმდეგება ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებს, და იმ პირობით, თუ ამის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ გაცემული და ჯერ დაუფარავი სესხების ერთობლივი თანხა არ აღემატება უშუალოდ წინა სამი საფინანსო წლის განმავლობაში სახელმწიფო საშუალო წლიური შემოსავლის თანხის 8 პროცენტს.

7. თუ, ეროვნული ბანკის აზრით, არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის გადაჭარბების საშიშროება, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას, რომელშიც აღინიშნება რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისათვის გაცემული და ჯერ დაუფარავი სესხების თანხა, აგრეთვე მიზეზები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლიმიტის გადაჭარბება, და რეკომენდაციები შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული ლიმიტი გადაჭარბებული იქნება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბანკი წარადგენს დამატებით ანგარიშგებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც მას აუცილებლად მიაჩნია მდგომარეობის გამოსასწორებლად და მომდევნო საფინანსო წელს ანალოგიური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 58. ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა

ეროვნული ბანკის მიერ რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისაგან გამოშვებული სასესხო ვალდებულებების (ფასიანი ქაღალდების) შეძენა განიხილება როგორც რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისათვის ბანკის მიერ სესხის გაცემა,რაც ხვდება 57-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთო ლიმიტში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,როცა ამგვარი შეძენა შეესაბამება ბანკის ამოცანებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში ან საჭიროა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა საპენსიო ფონდის სახსრების განსათავსებლად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შეძენა ხორციელდება მეორედ ბაზარზე.

თავი VIII

ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა ბანკებთან

    მუხლი 59. საბანკო ლიცენზიების გაცემა და საბანკო ზედამხედველობა

1. ეროვნულ ბანკს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საბანკო ლიცენზიების გაცემის და ლიცენზიის მქონე ბანკებისა და სხვა იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობისათვის. ამ ამოცანების შესასრულებლად ეროვნულ ბანკს ეძლევა შემდეგი უფლებამოსილებანი:

ა) გამოსცეს შესაბამისი წესები, სახელმძღვანელოები, ინსტრუქციები და მითითებები,აგრეთვე განახორციელოს სხვა ღონისძიებანი და სანქციები, რომლებსაც იგი საჭიროდ ან სასურველად მიიჩნევს საფინანსო-საკრედიტო სისტემის სიმტკიცის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ლიცენზიების გაცემისა და ზედამხედველობის ნორმატივების და მეთოდების შემოღების მეშვეობით;

ბ) შეამოწმოს ნებისმიერი ბანკი და ჩაატაროს ნებისმიერი საბუღალტრო ანგარიშების, დავთრების, საბუთებისა და ბანკების სხვა მასალების რევიზია,მიიღოს მათგან შესაბამისი ინფორმაცია;

გ) გადაახდევინოს ბანკს ფულადი ჯარიმა უსწორო ოპერაციებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლის ოდენობამდე, გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, ბანკის პასუხისმგებელ პირს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი გათავისუფლება თანამდებობიდან, გააუქმოს საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოითხოვოს იმ ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის ანგარიშგება,საბუღალტრო დავთრები, საბუთები და სხვა მასალები და ჩაატაროს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა რევიზია, რომლებიც, მისი ცნობით, ეროვნული ბანკის ულიცენზიოდ იღებენ მოსახლეობისაგან და დაწესებულებებისაგან ფულად დეპოზიტებს ან სხვა დასაბრუნებელ სახსრებს.

    მუხლი 60. თანამშრომლობა უცხოეთის სახელმწიფოთა საბანკო ზედამხედველობის ორგანოებთან

1. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთის სახელმწიფოთა საბანკო ზედამხედველობის ნებისმიერ ორგანოებთან იმ დაწესებულებათა საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში, რომლებიც ფუნქციონირებენ ორივეს იურისდიქციის ფარგლებში.

2. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას ეროვნულ ბანკსა და უცხოეთის სახელმწიფოთა საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის ორგანოს შორის ნებისმიერი ბანკის მიმართ, რომელიც მოქმედებს ორივეს იურისდიქციის ფარგლებში, იმ პირობით, რომ აღნიშნული ორგანო დაიცვას ამ გზით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

    მუხლი 61. ბანკების ანგარიშები ეროვნული ბანკის დავთრებში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის დავთრებში შეიტანოს სხვა ბანკების ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავისივე გამოცემული წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 62. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად, მას შეუძლია გამოვიდეს ბოლო ინსტანციის კრედიტორის როლში საბანკო ანგარიშების მფლობელთა მიმართ, რომლებსაც ან რომელთა სასარგებლოდაც იძლევა სესხს,გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად ნებადართული სესხებისა, აგრეთვე პირობით ვალდებულებებს არა უმეტეს 3 თვის ვადით,თითოეული ასეთი კრედიტი ან ვალდებულება გარანტირებული უნდა იყოს ამ კანონის 33-ე მუხლში მითითებული აქტივებით, თუ თვით ეროვნული ბანკი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კრედიტი ან ვალდებულება უგარანტიოდ გამართლებულია განსაკუთრებული მდგომარეობის გამო. ამასთან, ასეთი მოქმედების აუცილებელი პირობაა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ასეთი არაუზრუნველყოფილი კრედიტი ან პირობითი ვალდებულება ნაკარნახევია ანგარიშის მფლობელის ლიკვიდურობის მოთხოვნებით და საზოგადოების ინტერესებით. ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული კრედიტების ან ვალდებულებების ვადები ეროვნული ბანკისათვის მისაღები პროგრამის თნახმად, რომელიც გაითვალისწინებს შესაბამისი ბანკის მიერ ლიკვიდურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების ღონისძიებათა მიღებას.

    მუხლი 63. კლირინგისა და ანგარიშსწორების მექანიზმი

ეროვნულ ბანკს შეუძლია დაეხმაროს სხვა ბანკებს კლირინგის წარმოებისა და საბანკთაშორისო გადასახდელების მიხედვით ანგარიშსწორების მექანიზმის შექმნაში, აგრეთვე თავისი შეხედულებისამებრ გამოსცეს აღნიშნული საქმიანობის მარეგლამენტირებული ინსტრუქციები და დაადგინოს შესაბამისი წესი.

თავი IX

ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება,აუდიტი და საერთო ანგარიშგება

    მუხლი 64. ეროვნული ბანკის საფინანსო წელი

ეროვნული ბანკის საფინანსო წელი იწყება იანვრის პირველ დღეს და მთავრდება დეკემბრის ბოლო დღეს.

    მუხლი 65. საბუღალტრო აღრიცხვა

ეროვნული ბანკი განუწყვეტლივ აწარმოებს ანგარიშგებას და მისი ოპერაციებისა და საფინანსო მდგომარეობის ასახვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას საბუღალტრო აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული წესების შესაბამისად.

    მუხლი 66. ეროვნული ბანკის საფინანსო ანგარიშგება

ეროვნული ბანკი შეადგენს ყოველი საფინანსო წლის საფინანსო ანგარიშგებას. ანგარიშგება მოიცავს ბალანსს, ანგარიშგებას მოგებისა და ზარალის შესახებ და მათთან დაკავშირებულ ანგარიშგებებს. ამ ანგარიშგებაში მოცემულია აგრეთვე საფინანსო წლის შედარებითი მონაცემები.

    მუხლი 67. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს განახორციელებენ რესპუბლიკის პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორები.

    მუხლი 68. ეროვნული ბანკის საბალანსო ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარდგენა და გამოქვეყნება

1. ყოველი საფინანსო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი რესპუბლიკის პარლამენტს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) აუდიტორების მიერ დამოწმებული საფინანსო ანგარიშგების ასლს;

ბ) ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს;

გ) ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს;

2. ეროვნული ბანკი ამზადებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში რესპუბლიკის პარლამენტს წარუდგენს წინასწარ (საორიენტაციო) საფინანსო ანგარიშგებას ყოველი თვის ბოლოს ბალანსის მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშები წარედგინება პარლამენტს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა საანგარიშო თვის დამთავრებიდან.

3. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ეროვნული ბანკი აქვეყნებს ამ მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტში მითითებულ საფინანსო ანგარიშგებებს და დოკუმენტებს. მას შეუძლია აგრეთვე გამოსცეს სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებსაც მიიჩნევს მიზანშეწონილად.

    მუხლი 69. ეროვნული ბანკის ანგარიშგება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ყოველწლიურად, ეროვნული ბანკი რესპუბლიკის პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ, მათ შორის გაცვლითი კურსების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ანგარიშგება მოიცავს:

ა) ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის ანალიზსა და შეფასებას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ უკანასკნელი საანგარიშო პერიოდისათვის;

ბ) შემდგომი 12 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების საჭიროებისა და მიზეზების დასაბუთებას.

საქართველოს პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს წარმოდგენილ ანგარიშს.

თავი X

სხვადასხვა

    მუხლი 70. ეროვნული ბანკის უპირატესი უფლება

1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირობო უფლება დაიკმაყოფილოს ნებისმიერი თავისი მოთხოვნა დაფარვის ვადის მომენტში მისი გადასახდელის დაფარვის ვადის დადგომისას სალაროს ნაშთების ან მის ანგარიშზე, ან მოვალის შესაბამის ანგარიშზე რიცხული სხვა აქტივების ხარჯზე, ან სხვა საბაბით.

ამ წესის გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების სახით არსებული სახსრები.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს უპირატესი უფლებით - არსებული ნაშთების თავის ანგარიშზე ჩარიცხვისა და სხვა აქტივების მომგებიან ფასად გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ.

    მუხლი 71. ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა

გარდა ამ კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა, ეროვნულ ბანკს ეკრძალება:

ა) გასწიოს ფინანსური დახმარება პირდაპირი გასესხებით,უსასყიდლო სესხის ან პირობითი ვალდებულების სახით, კრედიტის ყიდვის, კრედიტში წილობრივი მონაწილეობის გზით ან სხვა სასხო ვალდებულებით თავისთავზე სასეხო, ან პირობითი ვალდებულებების აღებით, ან ნებისმიერი სხვა ფორმით;

ბ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა, შეიძინოს რომელიმე კორპორაციის აქციები, მათ შორის ნებისმიერი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების აქციები ან მიიღოს წილობრივი მონაწილეობა ნებისმიერ საფინანსო-საკრედიტო, კომერციულ,სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო თუ სხვა სტრუქტურაში;

გ) ყიდვის ან იჯარით აღების გზით ან სხვა სახით შეიძინოს სრული ან ნაწილობრივი უფლება უძრავ ქონებაზე,გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია ან მიზანშეწონილია შენობის გამოყენება ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ოპერაციების ჩატარებისათვის, ან კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებისათვის.

    მუხლი 72. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებანი

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან მონაწილეობდეს ნებისმიერი სახით ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობა დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;

ბ) დააბანდოს საკუთარი საფინანსო რესურსები კრედიტუნარიანი დაწესებულების მიერ გამოშვებულ ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებში;

გ) ეროვნული ბანკისათვის დასაბრუნებელი ვალებიდან მათი დაბრუნების პერიოდში შეიძინოს ნებისმიერი წილობრივი მონაწილეობის უფლება 71-ე მუხლში აღნიშნული იმ პირობით, რომ იგი პირველი შესაძლებლობისთანავე მოახდენს ყველა აღნიშნული წლის საკუთრებისა და უფლების რეალიზაციას;

დ) დააწესოს სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ფონდები ან ანალოგიური საშუალებები თანამშრომლების სასარგებლოდ და დასაცავად.

    მუხლი 73. ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებული დებულებები

ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებული ყველა დებულება, დირექტივა და ინსტრუქცია, რომელიც შეეხება ერთზე მეტ დაწესებულებას, ქვეყნდება ოფიციალურ პრესაში და ძალაში შედის მათი გამოქვეყნების დღიდან ან თვით ამ დოკუმენტებში მითითებული დღიდან. ეროვნული ბანკი აწარმოებს ამ მარეგლამენტირებული დებულებების, დირექტივებისა და ინსტრუქციების საჯარო რეგისტრს.

    მუხლი 74. ადმინისტრირების ნორმები

1. ეროვნული ბანკისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებანი ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.

ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისაგან ისეთი მიზნის მისაღწევად, რომელიც არ შეესაბამება ამ უფლებამოსილება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება აუცილებელ ღონისძიებებს შესაბამისი კანონიერი მიზნის მიღწევისათვის.

2. ამ კანონის დებულებების აღსრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ექვემდებარება მიუკერძოებლობის პრინციპებს და მათი მოტივაცია უნდა იყოს ობიექტური და რაციონალური. ყველა გადაწყვეტილება უნდა სრულდებოდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით და ემსახურებოდეს დასახულ მიზნებს.

    მუხლი 75. ტერმინების განმარტება

ამ კანონის ტექსტში მოცემული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) ბანკი- ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს მოქალაქეებისაგან და დაწესებულებებისაგან ფულადი ანაბრების, სხვა დასაბრუნებელი სახსრების მიღებას და გასცემს კრედიტებს;

ბ) „ანგარიშის მფლობელი ბანკი- ნებისმირი ბანკი, რომელსაც ანგარიში აქვს ეროვნული ბანკის დავთრებში;

გ) „სასესხო ვალდებულება- თავისუფალ ბრუნვაში არსებული სასესხო ინსტრუმენტი ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტური სხვა რაიმე ინსტრუმენტი, დოკუმენტური იქნება იგი თუ ბუღალტრულად გატარებული;

დ) „სარეზერვო პასივები- ვალდებულებათა სახით განსაზღვრული პასივები,რომელთა მიხედვითაც დაცული უნდა იყოს რეზერვები ეროვნული ბანკის მარეგლამენტირებელი დებულებით;

ე) „სახელმწიფო უწყება- საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება;

ვ) „დეპოზიტი- ანაბარი საბანკო დაწესებულებაში;

ზ) „დეპონირებული თანხა- საბანკო-საკრედიტო დაწესებულებაში ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდების და სხვა სახეობათა ფასეულობის ჩაბარება შესანახად;

თ) „დისკონტი- თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას;

ი) „ემისია- ფულის ან ფასიანი ქაღალდების გამოშვება მიმოქცევაში;

კ) „კრედიტი- საქონლის ან ფულის მიცემა სესხად;

ლ) „კლირინგი,  „საკლირინგო ხელშეკრულება- უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას, გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;

მ) „სპოტური ოპერაცია- ნაღდი სავალუტო ოპერაციები ან სხვა სახის გარიგებების სწრაფი ანგარიშსწორება დაუყოვნებლად;

ნ) „ტრანში- საერთაშორისო საობლიგაციო სესხის სერია ან ნაწილი, რომელიც გამოშვებულია ბაზრის კონიუნქტირის გაუმჯობესებისათვის ან სხვადასხვა ქვეყნის სასესხო ბაზრებზე სესხის განთავსებისათვის;

ო) „ტრანსფერტული აგენტი (ოპერაცია)- ფულის გადაგზავნა ერთი საფინანსო დაწესებულებიდან მეორეში ან ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში,ან ფასიანი ქაღალდების გადარიცხვა ერთი მფლობელიდან მეორის სახელზე„

პ) „ფორვარდული ოპერაცია- ბირჟის გარეშე სასწრაფო სავალუტო გარიგებები, რომლებსაც ბანკები და სამრეწველო სასაქონლო კორპორაციები ასრულებენ ტელეფონით ან ტელექსით შეთანხმების საფუძველზე;

ჟ) „ფისკალური აგენტი- ფისკი-სახელმწიფო ხაზინა; ფისკალური, რაც სახელმწიფო ხაზინის ინტერესებს ეხება.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                     ე. შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                      . გოგუაძე.

თბილისი,

1995 წლის 23 ივნისი.

№764-11ს

 

 

 

19. 24/09/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1676 - სსმ, 29, 12/10/2009 18. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1020 - სსმ, 3, 11/03/2009 17. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 226 - სსმ, 17, 28/07/2008 16. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5908 - სსმ, 7, 26/03/2008 15. 04/12/2007 - საქართველოს კანონი - 5534 - სსმ, 43, 12/12/2007 14. 03/07/2007 - საქართველოს კანონი - 5176 - სსმ, 28, 18/07/2007 13. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5162 - სსმ, 27, 17/07/2007 12. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3487 - სსმ, 32, 31/07/2006 11. 11/05/2006 - საქართველოს კანონი - 3011 - სსმ, 13, 13/05/2006 10. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2625 - სსმ, 23, 12/08/2003 9. 23/10/2001 - საქართველოს კანონი - 1114 - სსმ, 32, 07/11/2001 8. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2038 - სსმ, 20(27), 09/06/1999 7. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1754 - სსმ, 1(8), 14/01/1999 6. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1639 - სსმ, 2, 26/10/1998 5. 15/10/1997 - საქართველოს კანონი - 913 - პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997 4. 21/02/1997 - საქართველოს კანონი - 591 - პარლამენტის უწყებანი, 9-10 (41-42/11) , 15/03/1997 3. 04/10/1996 - საქართველოს კანონი - 418 - პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996 2. 28/05/1996 - საქართველოს კანონი - 245 - პარლამენტის უწყებანი, 17, 03/07/1996 1. 19/09/1995 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 805 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995