დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 743 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/05/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 29-30, 09/07/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.000.216 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (24/05/2006 - 25/05/2006)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებს, და უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს. კანონის მიზანია უზრუნველყოს ისეთი საკუთრებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტური, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ქონება – საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, რომელთა გამოყოფა შეიძლება დამოუკიდებელ საწარმოებად, ლიკვიდირებას დაქვემდებარებული ან უკვე ლიკვიდირებული საწარმოების ან მათი ქვედანაყოფების შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, წილი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებზედაც განთავსებულია სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში ნებაყოფლობით გადაცემული საცხოვრებელი სახლები და ბინები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უმკვიდრო ქონება (მათ შორის, საცხოვრებელი სახლები და ბინები), აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა და განკარგვა და რომლებით სარგებლობა შეუძლია სახელმწიფოს;
ბ) „პრივატიზება“ – ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები – მისი მართვის უფლებებს.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
მუხლი 2
საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
1. საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. ეს კანონი არ აწესრიგებს მიწისა და სახელმწიფო საბინაო ფონდის (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ქონებისა) და სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთის, უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთის, რეალიზებას დაქვემდებარებული, სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული მოძრავი ნივთის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ან/და მიქცეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთის და მოძრავი ნივთის სახით არსებული მატერიალური ფასეულობების პრივატიზების საკითხს.
2. სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (გარდამავალ პერიოდში – მმართველობის ადგილობრივი ორგანოს) მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
მუხლი 3
სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების და მართვის ორგანო
1. სახელმწიფო ქონების მართვასა (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილისა) და პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, ხოლო რაიონებსა და ქალაქებში – შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. საქართველოში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად სამინისტრო:
ა) არის სახელმწიფოსგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობს, განკარგავს და მართავს სახელმწიფო ქონებას;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგების მიხედვით, მათი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მასში შესატან ცვლილებებს და დამატებებს;
გ) მეთოდურად და ორგანიზაციულად ხელმძღვანელობს და აკონტროლებს პრივატიზების პროცესს სახელმწიფოში, გამოავლენს ამ სფეროში კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებსა და ფაქტებს, იღებს ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;
4. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.
5. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, – შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო.
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებისა – მისი ტერიტორიული ორგანო. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების (აქციების გარდა) პრივატიზების უფლება შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.
7. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებები, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს, რომლის მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს და ამტკიცებს სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას. საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
71. საწარმოთა მართვის სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან მიღებული დივიდენდის 15%.
საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1409-სსმI, №13, 28.05.2002წ., მუხ.55
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №881-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.38
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291
მუხლი 4
სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება
სახელმწიფო ქონებიდან პრივატიზებას არ ექვემდებარება:
ა) წიაღისეული, წყლის რესურსები, ტერიტორიული წყლები, კონტინენტური შელფი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, ტყის ფონდი, საჰაერო სივრცე, დაცული ან განსაკუთრებული წესით გამოსაყენებელი ბუნებრივი ტერიტორიები.
ბ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო-ფოტო და ფონო დოკუმენტების სახელმწიფო ფონდი, სახელმწიფო მუზეუმები, თეატრები, საქართველოს სამინისტროების (უწყებების) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები;
გ) სახელმწიფო რეზერვის სისტემაში არსებული ობიექტები, სამობილიზაციო მარაგი, სახელმწიფო რეზერვი, ძვირფასი ლითონების მარაგი;
დ) ელექტროენერგეტიკული სექტორის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სამსახურები, გარდა 35-110 კვ ძაბვის გადამცემი ქსელის იმ ნაწილისა, რომლის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გარე ელექტრომომარაგება და განკუთვნილი არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის
ე) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის ფუნდამენტური მეცნიერების დაწესებულებები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და მათდამი დაქვემდებარებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ყველა ტიპის მოქმედი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს;
ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია;
ზ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის ლიანდაგი და მასთან დაკავშირებული სიგნალიზაციის, ტელეკომუნიკაციის დისპეტჩერიზაციის და ენერგომომარაგების სისტემები, გაზის მაგისტრალური მილსადენი, საავტომობილო გზები (პარალელური, თანაბარი მნიშვნელობის გზის არარსებობისას), თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლები;
თ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, სასამართლო სისტემის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშტატო და სარეზერვო ქონება;
ი) სიხშირეთა სპექტრი, საფოსტო კავშირი, სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობის პირველი არხის ტექნიკური საშუალებები და საანტენო-საფიდერო მოწყობილობები, სამთავრობო კავშირის ტექნიკური საშუალებები და საქართველოს პოზიცია გეოსტაციონალურ ორბიტაზე;
კ) საწარმოები, რომლებიც ამზადებენ რადიაქტიურ და სამხედრო დანიშნულების მასალებს, მათი საცდელ-საკონსტრუქტორო და სამეცნიერო დაწესებულებების ქონება;
ლ) სახელმწიფო სასაფლაოები და პანთეონები;
მ) წყალმომარაგების სისტემების სათავე ნაგებობები, წყალსადენის სატუმბავი სადგურები და მაგისტრალური მილსადენები, საკანალიზაციო სისტემების მაგისტრალური კოლექტორები და რეგიონული გამწმენდი სადგურები;
ნ) დადგენილი წესით დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები;
ო) სახელმწიფო ორგანოთა ადმინისტრაციული შენობები.
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1735-სსმI №7, 31.12.1998წ., მუხ57
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1768-სსმI, №2(9), 22.01.1999წ., მუხ.14
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1897-სსმI, №42, 29.07.2005წ., მუხ.304
მუხლი 5
მუშაკთა სოციალური გარანტია და შეღავათი
1. საწარმოს მუშაკთა ინტერესების დაცვის მიზნით, პრივატიზების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ (პრივატიზების ინიციატორის მიუხედავად), მყიდველის მიერ საკუთრების უფლების შეძენამდე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, იკრძალება:
ა) საწარმოს რეორგანიზება ან ლიკვიდაცია;
ბ) საწარმოს საშტატო განრიგის ცვლილება და მუშაკთა რაოდენობის შემცირება ან გაზრდა;
გ) ძირითადი ფონდების გაყიდვა ან გაცვლა, ქირით ან იჯარით გაცემა, გირაოში ჩადება, მათ გამოყენებაზე ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულების მოქმედების შეცვლა ან შეწყვეტა.
2. საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნების მომენტისათვის მუშაკებს უსასყიდლოდ ერთდროულად გადაეცემათ მთლიანი საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციები, მაგრამ არა უმეტეს საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობისა, ერთ მუშაკზე გაანგარიშებით. აღნიშნული შეღავათი ეხებათ:
ა) იმ მუშაკებს, რომლებისთვისაც საწარმო წარმოადგენს ძირითად სამუშაო ადგილს;
ბ) იმ პირებს, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ დაბრუნდნენ ამ საწარმოში;
გ) პენსიონერებს, რომლებიც პენსიაზე გავიდნენ ამ საწარმოდან არანაკლებ 5 წლის მუშაობის შემდეგ;
დ) იმ პირებს, რომლებიც ამ საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნებამდე 1 წლით ადრე შეამცირეს და რეგისტრირებული არიან როგორც უმუშევრები;
3. საწარმოს მყიდველი ვალდებულია საკუთრების უფლების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში მუშაკებთან დადოს ხელშეკრულება, რომელშიც შეიტანება შრომის ორგანიზაციასთან, ანაზღაურებასა და დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
4. საწარმოს მყიდველის ინიციატივით გათავისუფლებული მუშაკების ერთდროული დახმარების ოდენობა და მათი შრომითი მოწყობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41
თავი II
პრივატიზების წესი და ფორმები
მუხლი 6
სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმები
1. პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით.
2. კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც გამყიდველს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.
3. აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაყიდვის მიზანია გამოსყიდვამდე მატერიალური ფასეულობის ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობა და სარგებლობა სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის.
5. პირდაპირი მიყიდვის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობებს. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.
61. იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის შესაბამისად.
7. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში.
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №371-სსმI, №25, 27.08.2004წ., მუხ.120
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1897-სსმI, №42, 29.07.2005წ., მუხ.304
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
მუხლი 7
საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი
1. საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების დროს ქონების გასაყიდი ფასი დგინდება საკონკურსო საწყისებზე.
3. შეძენილ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.
4. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არა უმეტეს 2 წლის ვადისა.
5. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით – არა უმეტეს 2 წლის ვადისა.
6. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა თანხა უნდა გადაიხადოს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 10 წლის ვადისა.
7. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 1 წლის ვადისა.
8. თუ არ მოხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ამ ფასად გამოტანის შემდეგაც ქონება არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.
საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1409-სსმI, №13, 28.05.2002წ., მუხ.55
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №371-სსმI, №25, 27.08.2004წ., მუხ.120
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1133-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
მუხლი 8
პრივატიზებიდან შემოსული თანხის განაწილება
1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხის გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებებია:
ა) მცირე ბიზნესში წარმოების განვითარების ღონისძიებათა დაფინანსება;
ბ) წარმოების სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ღონისძიებათა დაფინანსება;
გ) პრივატიზების ჩატარების ორგანიზაციული ხარჯების დაფინანსება;
დ) გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.
2. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხის განაწილების თანაფარდობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9
ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ
1. კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია განთავსდება სამინისტროს ინტერნეტგვერდზე და გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენება.
2. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე.
3. პრესაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე და ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ; საზოგადოებრივი ტელევიზიით გავრცელებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ქონების დასახელება და განაცხადის მიღების დაწყებისა და დამთავრების ვადები.
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1133-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.83
საქართველოს 2005 წლის 17 მაისის კანონი №1446-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.172
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
თავი III
გარიგებათა გაფორმების წესი
მუხლი 10
პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
1. კონკურსის ფორმით, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას კი – საიჯარო ხელშეკრულება. შესაბამისი ხელშეკრულება იდება პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, კონკურსის ან აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადისა. ეს ვადა აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების გადაცემისას დასადებ ხელშეკრულებაზე.
2. ხელშეკრულებაში შეიტანება: ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ, ქონების დასახელება, შემადგენლობა და ფასი, მხარეთა მისამართები, მყიდველის ვალდებულება პრივატიზებული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი წესით პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის.
4. სახელმწიფო ქონების მყიდველი ხდება შეძენილი ქონების სამართალმემკვიდრე.
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1451, პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998წ., გვ.55
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1768-სსმI, №2(9), 22.01.1999წ., მუხ.14
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
მუხლი 11
პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობა
1. პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
2. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი.
4. პრივატიზებული სახელმწიფო ქონების დოკუმენტაციის კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატა კოორდინირებული წესით, სათანადო სპეციალისტების მონაწილეობით, სახელმწიფო ქონების მართვის ცენტრალურ და რეგიონალურ სტრუქტურებში. უშუალოდ პრივატიზებულ საწარმოში ცალკეული საკითხების გადამოწმება შეიძლება გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და მისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, გარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესისა. ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსებთან – აქციები, წილი – დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, თვით ამ პირის გარდა, შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს 1997 წლი 12 დეკემბრის კანონი №1181, პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.115
თავი IV
გარდამავალი დებულებები
მუხლი 12
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტს ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით;
ბ) საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესს.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ამტკიცებს დებულებებს:
ა) სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ;
ბ) სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ;
გ) სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;
დ) სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;
ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ.
3. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მოამზადონ და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ წინადადებები პრივატიზების პროცესში (1993 წლის 1 აპრილამდე) ანაბრების მფლობელთა მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და მექანიზმის თაობაზე.
4. საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობისას, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების (წილის, აქციების, შენობა-ნაგებობების და სხვ.) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულებად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების პროფილის მცირე საწარმოების პრივატიზება განხორციელდეს ამ საწარმოებში დასაქმებულ პირებზე პირდაპირი მიყიდვის წესით. ეს წესი გავრცელდეს იმ მცირე საწარმოებზე, რომელთა საბალანსო ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. აღნიშნული მცირე საწარმოების გასაყიდი ფასი განისაზღვროს პრივატიზაციის დღისათვის არსებული საბალანსო ღირებულების და ამ კანონის მიღების დროს მოქმედი ზონალური კოეფიციენტის მიხედვით. პირდაპირი მიყიდვის წესით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ობიექტების პრივატიზება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
61. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1029-სსმI, №24, 01.08.2001წ., მუხ.102
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1954-სსმI, №46, 04.11.2005წ., მუხ.311
საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 13
კანონის ამოქმედება და გასაუქმებელი აქტების ნუსხა
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აგვისტოს №342-1ს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ („საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, 1991 წ., №8, მუხ. 583);
ბ) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" („საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, 1991 წ., №8, მუხ. 582);
გ) საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 6 აპრილის №209-1ს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისათვის 1993 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების უფლების დელეგირების შესახებ“ („საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6, მუხ. 84);
დ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 26 ნოემბრის №238 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ნაწილობრივი ცვლილებების შესახებ“;
ე) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 11 აპრილის №184 განკარგულება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის პროცესის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“;
ვ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 22 ივნისის №120 განკარგულება „რესპუბლიკის რეგიონებში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის მართვის ზოგიერთი საკითხის შესახებ“;
ზ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს №278 ბრძანებულება „დაუმთავრებელ მშენებლობათა პრივატიზების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“;
თ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 იანვრის №13 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამაში 1995 წლისათვის ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“;
ი) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 მარტის №63 ბრძანებულება „მასობრივი პრივატიზაციის განხორციელების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ-ეკონომიკური ღონისძიებების შესახებ“;
კ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 ივნისის №228 ბრძანებულება „სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია „საქნავთობპროდუქტების“ შექმნის შესახებ“;
ლ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის №88 განკარგულება „მასობრივი პრივატიზაციის სრულყოფისა და მასში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“;
მ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 21 ივნისი №250 ბრძანებულება „ქუთაისში არასაცხოვრებელი ფართობების პრივატიზაციის დაჩქარებისა და უძრავი ქონების მართვის მოწესრიგების შესახებ“;
ნ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 27 სექტემბრის №209 განკარგულება „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის პროცესის შემდგომი დაჩქარების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“;
ო) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 20 მაისის დეკრეტი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის შესახებ“;
პ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 მარტის №268 დადგენილება „პრივატიზაციის პროცესის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“;
ჟ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 11 აგვისტოს №829 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“;
რ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 21 სექტემბრის №943 დადგენილება „სამინისტროებისა და უწყებებისათვის სახელმწიფო ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლებათა დელეგირების შესახებ“;
ს) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №287 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემოღების შესახებ“;
ტ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №628 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის სამოქმედოდ შემოღების სააკორდინაციო საბჭოს და ტერიტორიული კომისიების შექმნის შესახებ“;
უ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 აგვისტოს №634 დადგენილება „ჰოლდინგური კომპანიების (ჰოლდინგების) შექმნისა და საქმიანობის საფუძვლების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ფ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ოქტომბის №725 დადგენილება „ქ. რუსთავში საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ შენობებში განთავსებული ობიექტების პრივატიზების პროცესის მოწესრიგების შესახებ“;
ქ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 ნოემბრის №809 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ნაწილობრივ შეცვლის შესახებ“;
ღ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის №916 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამაში 1995 წლისათვის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“;
ყ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის №14 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის სამოქმედოდ შემოღების ღონისძიებათა შესახებ“;
შ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის №20 დადგენილება „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“;
ჩ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 10 მარტის №128 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საბინაო საექსპლოატაციო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ არასაცხოვრებელ ფართობებში განთავსებული ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“;
ძ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 10 მაისის №248 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტ „საქგაზის“ საწარმოებისა და ორგანიზაციების აქციონირებისა და პრივატიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“;
წ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 ივნისის №329 დადგენილება „პრივატიზაციის სპეციალიზებული (საბარათო) საინვესტიციო ფონდების შესახებ“.
3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 იანვრის №42 დადგენილება „სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გაყიდვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №612 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფოთა საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებასთან დაკავშირებით დებულებათა დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის დადგენილება „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №20, მუხ. 431).
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 30 მაისი.
№743-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1997 წლი 12 დეკემბრის კანონი №1181, პარლამენტის უწყებანი, №47-48 31.12. 1997წ., გვ.115
2.საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1451, პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998წ., გვ.55
3.საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1735-სსმI №7, 31.12.1998წ., მუხ57
4.საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1768-სსმI, №2(9), 22.01.1999წ., მუხ.14
5.საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI, №17, 12.05.2000წ., მუხ.41
6.საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1029-სსმI, №24, 01.08.2001წ., მუხ.102
7.საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1409-სსმI, №13, 28.05.2002წ., მუხ.55
8.საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41
9.საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №371-სსმI, №25, 27.08.2004წ., მუხ.120
10.საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №881-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.38
11.საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1133-სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.83
12.საქართველოს 2005 წლის 17 მაისის კანონი №1446-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.172
13.საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291
14.საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1897-სსმI, №42, 29.07.2005წ., მუხ.304
15.საქართველოს 2005 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1954-სსმI, №46, 04.11.2005წ., მუხ.311
16.საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები