დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 03/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.003.023 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“.
2. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.“.
3. პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, გარდა იმ მოძრავი ნივთისა, რომლის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;“;
გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პრივატიზება – ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;“;
დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო ქონების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების გადაცემა სარგებლობის უფლებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.
4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ
1. საქართველოში სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. მიწა, რომელიც საკუთრების უფლებით გადაცემას ექვემდებარება „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ-ლების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრებაში გადაიცემა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესა-ბამისად.
4. სახელმწიფო საბინაო ფონდის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ან/და გადასული უმკვიდრო საცხოვრებელი სახლებისა და ბინებისა) პრივატიზება ხორციელდება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად.
5. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.“.
5. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განხორციელების, ადგილობრივი მართვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანო“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილისა), და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას, და სარგებლობის უფლებით გადაცემას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.“;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–13 პუნქტები:
„11. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არაკომერციულ იურიდიულ პირებს სახელმწიფო ქონების ბაზაზე, ხოლო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე.
12. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების შეტანის თაობაზე.
13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებებს მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე.“;
დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას, ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება ახორციელებდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით.“;
ვ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფოსგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობს, განკარგავს და მართავს სახელმწიფო ქონებას.
4. სახელმწიფო ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.“;
ზ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.“;
თ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.“.
6. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება
1. პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება:
ა) წიაღისეული;
ბ) წყლის რესურსები;
გ) ტერიტორიული წყლები;
დ) კონტინენტური შელფი;
ე) ტყის ფონდი;
ვ) საჰაერო სივრცე;
ზ) სახელმწიფო ნაკრძალი;
თ) ეროვნული პარკი;
ი) ბუნების ძეგლი;
კ) აღკვეთილი;
ლ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;
მ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული;
ნ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები;
ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის კინო-, ფოტო- და ფონოდოკუმენტების სახელმწიფო ფონდი;
პ) საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განსაკუთრებული მნიშვნელობის არქივები და ფონდები;
ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები, ფონდები;
რ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;
ს) ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონება, რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები;
უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია;
ფ) გაზის მაგისტრალური მილსადენი;
ქ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას);
ღ) საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებები;
ყ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები;
შ) სიხშირეთა სპექტრი;
ჩ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე;
ც) სახელმწიფო პანთეონები;
ძ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისთვის გადაცემული ქონება.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის უზრუნველყოფა
პრივატიზების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ მყიდველის მიერ საკუთრების უფლების შეძენამდე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე შესაბამის იურიდიულ პირებს ეკრძალებათ:
ა) საწარმოს რეორგანიზება ან ლიკვიდაცია;
ბ) საწარმოს ძირითადი ფონდების გაყიდვა;
გ) საწარმოს ძირითადი ფონდების გაცვლა;
დ) საწარმოს ძირითადი ფონდების ქირით ან იჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემა;
ე) საწარმოს ძირითადი ფონდების დატვირთვა, მათ შორის, დაგირავება;
ვ) საწარმოს ძირითადი ფონდების გამოყენებაზე ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულების მოქმედების შეცვლა ან შეწყვეტა.“.
7. მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ფორმები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით.“;
გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
6. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
ვ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. იჯარით გადაცემულ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის დებულებებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემის და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
1. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი ვრცელდება:
ა) სახელმწიფო ქონებაზე;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე.
3. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე.
4. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:
ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე;
ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.
5. ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.
6. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.
7. კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.
8. საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
9. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე ქონების პრივატიზების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარადგინოს საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5%. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტში – სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას.
10. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.“.
9. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საწყისი ფასის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ კანონის 71 მუხლი.“;
გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, გამყიდველი ადგენს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.“;
ვ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ქონება ამ ფასად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.“;
თ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. თუ არ მოხდება 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამოტანილი ან ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შემდეგ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, აღნიშნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება, შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი. გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს გამყიდველს.“;
ი) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმული თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე, ქონების პრივატიზების პროცესი ითვლება 1 წლით გაგრძელებულად გამოცხადებული ფასითა და პირობებით და ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ კანონის შესაბამისად.“;
კ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილება ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.“;
ლ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ გამოცხადებული პირობებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში, დადგენილი წესით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის განაცხადი საპრივატიზებო ქონების შეძენის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს წარმოდგენილი განაცხადის თაობაზე ინფორმაციას (ინფორმაცია არ მოიცავს განმცხადებლის შესახებ მონაცემებს და მის მიერ შემოთავაზებულ პირობებს) და გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს დადგენილი წესით ატარებს აუქციონს.
11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილ იქნა სხვა პირის (პირების) განაცხადი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას, ატარებს აუქციონს დადგენილი წესით.“.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.“.
11. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ
1. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებები. ამასთანავე, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელიც განათავსებს მას სამინისტროს ინტერნეტგვერდზე.
2. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე სულ ცოტა 30 კალენდარული დღით ადრე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილი არიან, გადაავადონ აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. პრესაში, ინტერნეტგვერდზე და სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება ზოგადი ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აქვს გასაყიდი ქონების შესახებ.
მუხლი 10. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშეკრულება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპურ ფორმას სახელმწიფო ქონების შემთხვევაში ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემთხვევაში – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივითა და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ გამარჯვებულ პირზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.
4. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს. პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.
5. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ეს ვადა აგრეთვე ვრცელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილების მართვის უფლების გადაცემისას დასადებ ხელშეკრულებაზე.
6. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“.
13. მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
4. პრივატიზებული სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დოკუმენტაციის კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატა, სათანადო სპეციალისტების მონაწილეობით. ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსებთან (აქციები, წილები) დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, თვით ამ პირის გარდა, შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.
14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული (მიღებული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
6. პირდაპირი განკარგვის წესით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით გადაიცემა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობანაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, ხოლო მოძრავი ნივთი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად.“.
15. მე-12 მუხლის:
ა) მე-4–მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:
„62. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – საკრებულოებმა უზრუნველყონ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება და ამ კანონის მოთხოვნებთან მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისობა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5295–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები