დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3085 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.002.240 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ქონება – საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, რომელთა გამოყოფა შეიძლება დამოუკიდებელ საწარმოებად, ლიკვიდირებას დაქვემდებარებული ან უკვე ლიკვიდირებული საწარმოების ან მათი ქვედანაყოფების შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, წილი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებზედაც განთავსებულია სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში ნებაყოფლობით გადაცემული საცხოვრებელი სახლები და ბინები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უმკვიდრო ქონება (მათ შორის, საცხოვრებელი სახლები და ბინები), აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა და განკარგვა და რომლებით სარგებლობა შეუძლია სახელმწიფოს;“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. ეს კანონი არ აწესრიგებს მიწისა და სახელმწიფო საბინაო ფონდის (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ქონებისა) და სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთის, უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთის, რეალიზებას დაქვემდებარებული, სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული მოძრავი ნივთის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ან/და მიქცეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთის და მოძრავი ნივთის სახით არსებული მატერიალური ფასეულობების პრივატიზების საკითხს.“.
3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.“.
4. მე-7 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით – არა უმეტეს 2 წლის ვადისა.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 1 წლის ვადისა.“.
5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია განთავსდება სამინისტროს ინტერნეტგვერდზე და გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენება.“.
6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსის ფორმით, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას კი – საიჯარო ხელშეკრულება. შესაბამისი ხელშეკრულება იდება პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, კონკურსის ან აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადისა. ეს ვადა აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების გადაცემისას დასადებ ხელშეკრულებაზე.“.
7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 24 მაისი.
№3085–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები