დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2032 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 14/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.001.219 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების მართვასა (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილისა) და პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, ხოლო რაიონებსა და ქალაქებში – შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები.“;
ბ) მე-4–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.
5. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, – შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო.
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებისა – მისი ტერიტორიული ორგანო. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების (აქციების გარდა) პრივატიზების უფლება შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.
7. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებები, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს, რომლის მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინებით. საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საწარმოთა მართვის სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან მიღებული დივიდენდის 15%.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწარმოს მუშაკთა ინტერესების დაცვის მიზნით, პრივატიზების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ (პრივატიზების ინიციატორის მიუხედავად), მყიდველის მიერ საკუთრების უფლების შეძენამდე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, იკრძალება:
ა) საწარმოს რეორგანიზება ან ლიკვიდაცია;
ბ) საწარმოს საშტატო განრიგის ცვლილება და მუშაკთა რაოდენობის შემცირება ან გაზრდა;
გ) ძირითადი ფონდების გაყიდვა ან გაცვლა, ქირით ან იჯარით გაცემა, გირაოში ჩადება, მათ გამოყენებაზე ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულების მოქმედების შეცვლა ან შეწყვეტა.“.
3. მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.
7. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახდენს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო). ამასთან, შეიძლება ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენებაც.“.
5. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრივატიზებული სახელმწიფო ქონების დოკუმენტაციის კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატა კოორდინირებული წესით, სათანადო სპეციალისტების მონაწილეობით, სახელმწიფო ქონების მართვის ცენტრალურ და რეგიონალურ სტრუქტურებში. უშუალოდ პრივატიზებულ საწარმოში ცალკეული საკითხების გადამოწმება შეიძლება გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და მისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, გარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესისა. ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსებთან – აქციები, წილი – დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, თვით ამ პირის გარდა, შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.
6. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობისას, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების (წილის, აქციების, შენობა-ნაგებობების და სხვ.) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულებად.“.
მუხლი 2
ძალაში დარჩეს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებები. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილის ეფექტიანი მართვის მიზნით შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა.
მუხლი 4
ეს კანონი, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
მუხლი 5
ამ კანონის მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 28 მარტი.
№2032–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები