დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2878 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 12/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.003.963 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 61 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე ქონების საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5%. ქონების საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ მუხლში აღნიშნული საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ საბანკო გარანტიის ვადა, ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვრება ამ კანონის 72 მუხლით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:
„მუხლი 72. სახელმწიფო ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. საბანკო გარანტია მისი მოქმედების განმავლობაში არის მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილების წყარო.
3. მყიდველი ვალდებულია საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ოქმის/ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება
1. სახელმწიფო ქონების მყიდველები გათავისუფლდნენ ოქმით/ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის პერიოდულად წარდგენის ან/და გადაცემული ქონების დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2010 წლის 1 აპრილამდე დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან.
2. სახელმწიფო ქონების მყიდველებს უფლება აქვთ, ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის შესახებ მიმართონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივლისისა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობით, მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ან პრივატიზების ადრე არსებული ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობებისა) შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ. თუ საკითხი შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლას/გადახედვას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იხილავს მყიდველის განცხადებას და შესაბამისი წინადადებით (სამართლებრივი აქტის პროექტი) საკითხს უგზავნის საქართველოს მთავრობას, რომელიც უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლის/გადახედვის შესახებ. სახელმწიფო ქონების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლის/გადახედვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 მარტი.
№2878–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები