დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სოციალური დახმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4289 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.080.020.05.001.002.699 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.
2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 3. კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ
კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი – სოციალური დახმარების მიმღები;
ბ) თავშესაფარი – სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით;
გ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება;
დ) მინდობით აღმზრდელი − დედობილი/მამობილი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე იმ პირის თავისთან ცხოვრებას და მასზე ზრუნვას, რომელიც მისი ოჯახის წევრი არ არის;
ე) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს;
ზ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური;
თ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ი) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის;
კ) სოციალური დახმარების სისტემა – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული ან/და მისი მეთვალყურეობით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
ლ) სოციალური მომსახურება – საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
მ) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი – ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას;
ნ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;
ო) სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები:
ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები;
ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი;
ო.დ) მარჩენალდაკარგული;
ო.ე) მიუსაფარი ბავშვი;
პ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვას და მისი მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას;
ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;
რ) ღატაკი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია;
ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე;
ტ) მინდობით აღზრდა − სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
უ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი;
ფ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ერთობლივ განკარგვა-განაწილებას;
ქ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ღ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;
ყ) მიუსაფარი ბავშვი − ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვანი ან/და ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც ასეთად იდენტიფიცირებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 5. კანონის ძირითადი პრინციპები
ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
ა) სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარება;
ბ) სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე;
გ) სოციალური მომსახურების ალტერნატიული სახეების განვითარების ხელშეწყობა.
თავი II. სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 6. სოციალური დახმარების სახეები
სოციალური დახმარების სახეებია:
ა) საარსებო შემწეობა;
ბ) რეინტეგრაციის შემწეობა;
გ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება;
დ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება;
ე) არაფულადი სოციალური დახმარება;
ვ) სოციალური პაკეტი.
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა.
2. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
3. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 9. რეინტეგრაციის შემწეობა
1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა.
2. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
3. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 10. მინდობით აღზრდის ანაზღაურება
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოსავლელად და აღსაზრდელად.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №747 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
მუხლი 11. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება
1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
2. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 12. არაფულადი სოციალური დახმარება
1. სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები.
2. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
3. არაფულადი სოციალური მომსახურების სახეები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
1. სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
ბ) მარჩენალის გარდაცვალება.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საბაზისო სოციალური პაკეტის ოდენობა, გაზრდილი:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის − ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტისა და ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით;
ბ) ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი სოციალური პაკეტის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, სოციალური პაკეტის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
4. სოციალური პაკეტის ოდენობა ამ მუხლით დადგენილი წესით იზრდება შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან, რაც აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში.
5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად გაანგარიშებული საბაზისო სოციალური პაკეტის გაზრდილი ოდენობა.
6. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე;
ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.
თავი III. სპეციალიზებული დაწესებულება
მუხლი 13. სპეციალიზებული დაწესებულება
1. სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა.
2. სპეციალიზებული დაწესებულება/სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5764 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
მუხლი 14. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსება
1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ან თანადაფინანსებით პირის მოთავსების, აგრეთვე სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში არასრულწლოვნის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომპეტენტური ორგანო.
2. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას), ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს:
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;
ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ოჯახის წევრი ან ამ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;
დ) სასამართლო;
ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების, აგრეთვე ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი, პირობები და კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 15. სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსება და თანადაფინანსება
1. სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროები.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტრო:
ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას;
ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს;
გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) შეიმუშავებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;
ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური პროგრამების განხორციელებისას მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები, სამინისტრო ან/და სააგენტო, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ ბენეფიციარების შესახებ თავიანთ ხელთ არსებული მონაცემების ურთიერთხელმისაწვდომობას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 17. სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:
ა) (ამოღებულია - 09.06.2021, №608);
ბ) (ამოღებულია - 09.06.2021, №608);
გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;
დ) აწარმოებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს;
ე) უზრუნველყოფს შესაბამისი ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
ე1) უფლებამოსილია მიმოწერისას და თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მართვის ავტომატიზებული საშუალებები და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე;
ვ) (ამოღებულია);
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №663 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №608 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
მუხლი 18. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში;
ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით;
გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას;
დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები სოციალური დახმარების სფეროში ახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების მიერ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახებისათვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს და მის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას;
ბ) უსახლკარო პირთა რეესტრის წარმოებასა და შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების გადაცემა დასაშვებია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
მუხლი 21. ბენეფიციართა მოვალეობანი
1. ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მაძიებელი პირი (ოჯახი) და ბენეფიციარი ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
2. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ბიოლოგიური ოჯახის მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფოსა და ბიოლოგიურ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზედაც ეს ოჯახი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ბავშვის უფლებები და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა.
3. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბიოლოგიური ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში კარგავს ამ კანონით განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული ბავშვის საკითხი წყდება ბავშვის ინტერესების უპირატესი დაცვით.
თავი V. სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება
მუხლი 22. გასაჩივრების ზოგადი პრინციპები
1. პირს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/2/434 - სსმIV, №60, 03.09.2009წ., გვ.1)
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
თავი VI. სოციალური დახმარების დაფინანსება
მუხლი 24. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები
1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;
გ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები;
დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა;
ე) შემოწირულებები;
ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
მუხლი 26. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები.
2. ( ამოღებულია – 24.04.2012, №6061).
3. სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცება.
4. ( ამოღებულია) .
5. 2009 წლის 1 იანვრამდე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები ჩაითვალოს ამ კანონის მიხედვით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დაწესებულებათა დებულებების (წესდებების) დამტკიცება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
6. (ამოღებულია).
7. ( ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების დასარეგულირებლად, პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
10. თუ სამინისტრომ განახორციელა ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დაფუძნებული დაწესებულებების რეორგანიზაცია, მაშინ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი დაწესებულება (დაწესებულებები) „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვალოს ლიცენზირებულად.
11. მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული, მის სისტემაში არსებული სპეციალიზებული დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება/რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია (ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების დროისა და აქტის მიუხედავად), დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება.
12. (ამოღებულია - 22.06.2016, №5447).
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2169-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 261. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია
1. 2021 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
3. 2021 წლის 1 აპრილამდე დაკავებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2015 წლის 2 აპრილის კანონი №3436 – ვებგვერდი , 08.04.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №197 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №608 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა მე-6, მე-9, მე-10, მე-12, მე-14, მე-15 მუხლებისა, მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-17, მე-19 მუხლებისა და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-6, მე-9, მე-10, მე-12, მე-14, მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მე-17, მე-19 მუხლები და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4289–რს
დოკუმენტის კომენტარები