„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5764-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.019793
5764-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
280080020.05.001.019793
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. სპეციალიზებული დაწესებულება

1. სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა.

2. სპეციალიზებული დაწესებულება/სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.“.

მუხლი 2

1. სპეციალიზებული დაწესებულება ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულად მიაწოდოს აღნიშნულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დასაქმების ადგილი და თანამდებობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების მისთვის მიწოდებიდან 3 თვის ვადაში ამოწმებს აღნიშნულ პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ სპეციალიზებულ დაწესებულებაში დასაქმებული პირი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს აღნიშნულ სპეციალიზებულ დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია ამ პირთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5764-IIს