„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6889-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 200080020.05.001.020011
6889-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
200080020.05.001.020011
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;“.

2. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას), ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროები.“.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტრო:

ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას;

ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს;

გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

დ) შეიმუშავებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;

ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური პროგრამების განხორციელებისას მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები, სამინისტრო ან/და სააგენტო, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ ბენეფიციარების შესახებ თავიანთ ხელთ არსებული მონაცემების ურთიერთხელმისაწვდომობას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.“.

5. მე-17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აწარმოებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს;“.

6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში;

ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით;

გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას;

დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.“.

7. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6889-რს