სოციალური დახმარების შესახებ

სოციალური დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.05.001.002.699
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4289
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
280.080.020.05.001.002.699
სოციალური დახმარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/03/2020 - 15/07/2020)

საქართველოს კანონი

სოციალური დახმარების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 3. კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ

კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბენეფიციარი – სოციალური დახმარების მიმღები;

ბ) თავშესაფარი – სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით;

გ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება;

დ) მინდობით აღმზრდელი − დედობილი/მამობილი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე იმ პირის თავისთან ცხოვრებას და მასზე ზრუნვას, რომელიც მისი ოჯახის წევრი არ არის;

ე) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს;

ზ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური;

თ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ი) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის;

კ) სოციალური დახმარების სისტემა – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული ან/და მისი მეთვალყურეობით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

ლ) სოციალური მომსახურება – საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

მ) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი – ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას;

ნ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;

ო) სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები:

ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები;

ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი;

ო.დ) მარჩენალდაკარგული;

ო.ე) მიუსაფარი ბავშვი; 

პ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვას და მისი მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას;

ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;

რ) ღატაკი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია;

ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე;

ტ) მინდობით აღზრდა − სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

უ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი;

ფ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ერთობლივ განკარგვა-განაწილებას;

ქ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ღ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;

ყ) მიუსაფარი ბავშვი − ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვანი ან/და ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც ასეთად იდენტიფიცირებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად. 

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 5. კანონის ძირითადი პრინციპები

ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:

ა) სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარება;

ბ) სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე;

გ) სოციალური მომსახურების ალტერნატიული სახეების განვითარების ხელშეწყობა.

თავი II. სოციალური დახმარების სახეები

   მუხლი 6. სოციალური დახმარების სახეები

სოციალური დახმარების სახეებია:

ა) საარსებო შემწეობა;

ბ) რეინტეგრაციის შემწეობა;

გ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება;

დ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება;

ე) არაფულადი სოციალური დახმარება;

ვ) სოციალური პაკეტი.

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265    

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 7. საარსებო შემწეობა

1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა.

2. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

3. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

  მუხლი 8. (ამოღებულია)    

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 9. რეინტეგრაციის შემწეობა

1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა.

2. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

3. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 10. მინდობით აღზრდის ანაზღაურება

1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოსავლელად და აღსაზრდელად.

2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265

საქართველოს 2017 წლის 4 მაისის  კანონი  №747  - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

    მუხლი 11. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება

1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

2. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 12. არაფულადი სოციალური დახმარება

1. სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები.

2. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

3. არაფულადი სოციალური მომსახურების სახეები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403   

 

მუხლი 121. სოციალური პაკეტი

1. სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;

ბ) მარჩენალის გარდაცვალება.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი III. სპეციალიზებული დაწესებულება

    მუხლი 13. სპეციალიზებული დაწესებულება

1. სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა.

2. სპეციალიზებული დაწესებულება/სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265

საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5764 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

    მუხლი 14. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსება

1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ან თანადაფინანსებით პირის მოთავსების, აგრეთვე სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში არასრულწლოვნის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომპეტენტური ორგანო.

2. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას), ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს:

ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;

ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ოჯახის წევრი ან ამ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;

დ) სასამართლო;

ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

5. ნაპოვნი ბავშვის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების, აგრეთვე ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი, პირობები და კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

    მუხლი 15. სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსება და თანადაფინანსება

1. სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროები.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

თავი IV. სოციალური დახმარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

სამინისტრო:

ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას;

ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს;

გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

დ) ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;

ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 17. სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალურ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;

დ) აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს;

ე) უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;

1) უფლებამოსილია მიმოწერისას და თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მართვის ავტომატიზებული საშუალებები და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე;

ვ) (ამოღებულია);

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ.,  მუხ.288

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №663 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

    მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში;

ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით;

გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას;

დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.

2. ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემთა სამინისტროსა და სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის შეთავსებას სააგენტოს მიერ წარმოებულ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ფორმითა და პერიოდულობით.

    მუხლი 19. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური დახმარების სფეროში კომპეტენტური ორგანოები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები სოციალური დახმარების სფეროში ახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს:

ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების მიერ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახებისათვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს და მის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას;

ბ) უსახლკარო პირთა რეესტრის წარმოებასა და შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების გადაცემა დასაშვებია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

     მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ.,  მუხ.288

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

    მუხლი 21. ბენეფიციართა მოვალეობანი

1. ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მაძიებელი პირი (ოჯახი) და ბენეფიციარი ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.

2. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ბიოლოგიური ოჯახის მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფოსა და ბიოლოგიურ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზედაც ეს ოჯახი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ბავშვის უფლებები და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა.

3. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბიოლოგიური ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში კარგავს ამ კანონით განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული ბავშვის საკითხი წყდება ბავშვის ინტერესების უპირატესი დაცვით.

თავი V. სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

    მუხლი 22. გასაჩივრების ზოგადი პრინციპები

1. პირს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

2. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/2/434 - სსმIV, №60, 03.09.2009წ., გვ.1) 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/2/434 - სსმIV, №60, 03.09.2009წ., გვ.1

     მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

თავი VI. სოციალური დახმარების დაფინანსება

    მუხლი 24. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები

1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები;

დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა;

ე) შემოწირულებები;

ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.

თავი VII. გარდამავალი დებულებანი

მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ.,  მუხ.288

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

    მუხლი 26. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები.

2. (  ამოღებულია – 24.04.2012, №6061).

3. სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცება.

4. ( ამოღებულია) .

5. 2009 წლის 1 იანვრამდე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები ჩაითვალოს ამ კანონის მიხედვით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დაწესებულებათა დებულებების (წესდებების) დამტკიცება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.

6. (ამოღებულია).

7. ( ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების დასარეგულირებლად, პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

10. თუ სამინისტრომ განახორციელა ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დაფუძნებული დაწესებულებების რეორგანიზაცია, მაშინ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი დაწესებულება (დაწესებულებები) „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვალოს ლიცენზირებულად.

11. მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული, მის სისტემაში არსებული სპეციალიზებული დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება/რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია (ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების დროისა და აქტის მიუხედავად), დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება.

12. (ამოღებულია - 22.06.2016, №5447).  

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ.,  მუხ.288

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2169-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.307

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 261. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის ლეგალიზაცია 

1. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა  ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
   2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
   3. 2016 წლის 1 დეკემბრამდე დაკავებული საარსებო შემწეობის თანხა, აგრეთვე საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2015  წლის  2  აპრილის კანონი №3436 – ვებგვერდი , 08.04.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №197 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

თავი VIII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 27. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მე-6, მე-9, მე-10, მე-12, მე-14, მე-15 მუხლებისა, მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-17, მე-19 მუხლებისა და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-6, მე-9, მე-10, მე-12, მე-14, მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მე-17, მე-19 მუხლები და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4289–რს

16. 01/12/2022 - საქართველოს კანონი - 2277-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/12/2022 15. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 608-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 14. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6889-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 13. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5764-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3082-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 11. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 747-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 10. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 663-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 9. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 197-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 8. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5447-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 7. 02/04/2015 - საქართველოს კანონი - 3436-IIს - ვებგვერდი, 08/04/2015 6. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6061-Iს - ვებგვერდი, 07/05/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3441 - სსმ, 42, 22/07/2010 4. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2386 - სსმ, 50, 31/12/2009 3. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2169 - სსმ, 42, 10/12/2009 2. 27/08/2009 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/434 - სსმ, 60, 03/09/2009 1. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 884 - სსმ, 40, 29/12/2008