დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სოციალური დახმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4289 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.080.020.05.001.002.699 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2006 - 26/12/2008)
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.
2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახ-მარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 3. კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ
კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი – სოციალური დახმარების მიმღები;
ბ) თავშესაფარი – სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით;
გ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება;
დ) მიმღები ოჯახი – ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ამ ოჯახის არაწევრი, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის თავისთან ცხოვრებასა და მასზე ზრუნვას;
ე) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს;
ზ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური;
თ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ი) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის;
კ) სოციალური დახმარების სისტემა – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული ან/და მისი მეთვალყურეობით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
ლ) სოციალური მომსახურება – საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
მ) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი – ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას;
ნ) სოციალური მუშაკი – სერტიფიცირებული, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც გამოაქვს დასკვნა მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მინიჭების, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ზრუნვისა და მზრუნველობამოკლებულ სრულწლოვნებზე ზრუნვის სახეების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მშობლის უფლების ჩამორთმევის ან ამ უფლების ჩამორთმევის გარეშე ბავშვის ჩამორთმევის თაობაზე;
ო) სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები:
ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები;
ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი;
პ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვას და მისი მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას;
ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;
რ) ღატაკი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია;
ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე;
ტ) შვილობილად აყვანა (მინდობით აღზრდა) – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის მიზნით, სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის განხორციელებითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება;
უ) შვილობილი – სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დედობილ-მამობილისათვის მოსავლელად და აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი;
ფ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ერთობლივ განკარგვა-განაწილებას.
მუხლი 5. კანონის ძირითადი პრინციპები
ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
ა) სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარება;
ბ) სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე;
გ) სოციალური მომსახურების ალტერნატიული სახეების განვითარების ხელშეწყობა.
თავი II. სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 6. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
ფულადი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) საარსებო შემწეობა;
ბ) საყოფაცხოვრებო სუბსიდია;
გ) რეინტეგრაციის შემწეობა;
დ) შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება;
ე) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება.
1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა.
2. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
3. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8. საყოფაცხოვრებო სუბსიდია
1. საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთათვის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისა და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად.
2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მიმღებ პირთა წრე, მისი დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 9. რეინტეგრაციის შემწეობა
1. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა.
2. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
3. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 10. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება
1. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილ-მამობილს შვილობილის მოვლისა და აღზრდისათვის გაწეული შრომის ასანაზღაურებლად.
2. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 11. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება
1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
2. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 12. არაფულადი სოციალური დახმარება
1. სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები.
2. პრევენციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა.
3. არაფულადი სოციალური მომსახურების სტანდარტები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
თავი III. სპეციალიზებული დაწესებულება
მუხლი 13. სპეციალიზებული დაწესებულება
სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში.
მუხლი 14. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსება
1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ან თანადაფინანსებით პირის მოთავსების, აგრეთვე სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში არასრულწლოვნის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომპეტენტური ორგანო.
2. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას).
3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს:
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი;
ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ოჯახის წევრი ან ამ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა;
დ) სასამართლო;
ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
5. ნაპოვნი ბავშვის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების, აგრეთვე ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი, პირობები და კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 15. სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსება და თანადაფინანსება
1. სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროები.
2. სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან დადგენილი წესით იდენტიფიცირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.
3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში გაწეული მომსახურება თანადაფინანსდება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
სამინისტრო:
ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას;
ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს;
გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;
ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 17. სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალურ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას;
დ) აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს;
ე) უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
ვ) უზრუნველყოფს სერტიფიცირებულ სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო რეგისტრაციას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში;
ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით;
გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას;
დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.
2. ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემთა სამინისტროსა და სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის შეთავსებას სააგენტოს მიერ წარმოებულ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ფორმითა და პერიოდულობით.
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები სოციალური დახმარების სფეროში ახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების მიერ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახებისათვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს და მის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას;
ბ) უსახლკარო პირთა რეესტრის წარმოებასა და შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების გადაცემა დასაშვებია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. სოციალური მუშაკის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სოციალური მუშაკი უნდა იყოს სერტიფიცირებული სერტიფიცირებას ექვემდებარება პირი:
ა) რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება;
გ) რომელსაც ჩაბარებული აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა;
დ) რომელიც სააგენტოში სოციალურ მუშაკად არის რეგისტრირებული.
3. სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი საჭიროებს ხელახალ სერტიფიცირებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით.
4. სერტიფიცირების წესი და მისი განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე სოციალურ მუშაკად სააგენტოში რეგისტრაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
5. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთა უფლებამოსილება რეგულირდება სპეციალური კანონით და ექვემდებარება სერტიფიცირებას.
მუხლი 21. ბენეფიციართა მოვალეობანი
1. ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მაძიებელი პირი (ოჯახი) და ბენეფიციარი ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
2. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ბიოლოგიური ოჯახის მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფოსა და ბიოლოგიურ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზედაც ეს ოჯახი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ბავშვის უფლებები და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა.
3. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბიოლოგიური ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში კარგავს ამ კანონით განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული ბავშვის საკითხი წყდება ბავშვის ინტერესების უპირატესი დაცვით.
თავი V. სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება
მუხლი 22. გასაჩივრების ზოგადი პრინციპები
1. პირს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დონე და ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა არ საჩივრდება.
მუხლი 23. ფულადი სოციალური დახმარების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. ფულადი სოციალური დახმარების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, თუ:
ა) არსებითადაა დარღვეული სოციალური დახმარების შესახებ კანონმდებლობა;
ბ) დაშვებულია პროცედურული შეცდომები, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე;
გ) სოციალური დახმარების დანიშვნის მოთხოვნაზე რეაგირება გვიანდება დასაბუთებული მიზეზების გარეშე.
2. ოჯახს უფლება აქვს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სააგენტოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება საჩივრდება სააგენტოს ტერიტორიულ ან ცენტრალურ ორგანოში.
4. სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია გადასინჯვის საფუძველზე, სააგენტოს ცენტრალურ ორგანოსთან შეთანხმებით შეცვალოს გადაწყვეტილება. გადასინჯვის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ორგანო საჩივარს აგზავნის სააგენტოს ცენტრალურ ორგანოში.
5. სააგენტოს ცენტრალური ორგანო:
ა) ცვლის სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე, თუ ის არ შეეფერება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ მაჩვენებელს;
ბ) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებას და აბრუნებს განაცხადს წარმოებაში, თუ გამოვლინდა პროცედურული შეცდომები;
გ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და ადასტურებს სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებას, თუ არ გამოვლინდა შეცდომები დახმარების დანიშვნისას ან პროცედურების წარმოებისას.
6. სააგენტოს ცენტრალურ ორგანოს გადაწყვეტილება გამოაქვს საჩივრის მიღებიდან 30 დღის ვადაში.
7. ოჯახს უფლება აქვს სააგენტოს ცენტრალური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სამინისტროში.
8. სამინისტრო სააგენტოს ცენტრალური ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადასინჯავს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას.
9. სამინისტრო:
ა) აუქმებს სააგენტოს ცენტრალური ორგანოს გადაწყვეტილებას და აბრუნებს განაცხადს წარმოებაში;
ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და ადასტურებს სააგენტოს ცენტრალური ორგანოს გადაწყვეტილებას, თუ საქმის შესწავლით დარღვევები არ გამოვლინდა.
10. სამინისტროს გადაწყვეტილება გამოაქვს საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
თავი VI. სოციალური დახმარების დაფინანსება
მუხლი 24. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები
1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები;
დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა;
ე) შემოწირულებები;
ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 25. სოციალური მუშაკის საქმიანობის რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება უზრუნველყოფილ იქნეს არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასრულებისა.
2. 2011-2012 სასწავლო წლის დასრულებამდე სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის სერტიფიცირებული ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით.
3. 2011-2012 სასწავლო წლის დასრულებამდე სერტიფიცირებას ექვემდებარებიან პირები, რომლებსაც არა აქვთ სოციალური მუშაკის აკრედიტებული უმაღლესი განათლება, მაგრამ აქვთ შესაბამისი სპეციალობით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
მუხლი 26. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები.
2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში უზრუნველყოს საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთათვის გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათების მონეტიზაცია.
3. სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცება.
4. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა მე-6, მე-9, მე-10, მე-12, მე-14, მე-15 მუხლებისა, მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-17, მე-19 მუხლებისა და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-6, მე-9, მე-10, მე-12, მე-14, მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მე-17, მე-19 მუხლები და 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4289–რს
დოკუმენტის კომენტარები