სპორტის შესახებ

სპორტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 460.000.000.05.001.000.163
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
400
20/09/1996
პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996
460.000.000.05.001.000.163
სპორტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (01/07/2004 - 09/03/2010)

საქართველოს კანონი

სპორტის შესახებ

საქართველოს კანონი სპორტის შესახებ განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული საქმიანობის ზოგადსამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

საქართველოში სპორტი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმედ და ხელი ეწყობა მის განვითარებას.

საქართველოში სპორტი ემყარება ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ და კულტურულ ღირებულებებს, ისტორიულ გამოცდილებას, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

თავი პირველი

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში , მისი მიზნები და ამოცანები

1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებს, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო აქტებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

2. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის გაჯანსაღების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეს, პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდას, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მომზადებას, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას.

3. სპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიზნებია:

ა) ერის გაჯანსაღება;

ბ) სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება;

გ) სპორტის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა და დაცვა;

დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა;

ე) საკანონმდებლო გარანტიების შექმნა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის;

ვ) სპორტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა და მათ შორის ურთიერთობათა დარეგულირება;

ზ) სპორტის სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დანერგვა.

    მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები სპორტის სფეროში

სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება;

გ) მართვის დემოკრატიული ხასიათი;

დ) მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ინდუსტრიის განვითარება;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პატივისცემა.

    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები სპორტის სფეროში

1. სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნით.

2. სახელმწიფო სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტში მოღვაწე პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და ინვალიდებს.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის ძირითადად ეროვნული სახეობების განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიანი რაიონების სოფლებს.

4. საქართველოს მოქალაქეს (სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, სპორტის სხვა მუშაკს) უფლება აქვს იმუშაოს სამოყვარულო და პროფესიულ სპორტში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

5. სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოში სპორტულ საქმიანობას ეწევა ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დაუშვებელია სპორტული საქმიანობა ან სპორტში მიღწევების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.

თავი მეორე

სპორტის მართვის სახელმწიფო ორგანოები

    მუხლი 4. სპორტის სახელმწიფო მართვა

1. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომლის უფლებამოსილება მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სამინისტროს დებულებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში

სპორტის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;

ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;

გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა;

დ) სპორტის განვითარების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა;

ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ვ) კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაცია და პროფესიული დონის განსაზღვრა;

ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება;

თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა;

ი) სპორტსმენთა, სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა;

კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 6. სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში

სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური კონსტიტუციებით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

    მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია სპორტის სფეროში

სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

თავი მესამე

საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები

    მუხლი 8. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები

1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში.

3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება.

4. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სპორტის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 9. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკი იურიდიული პირია.

2. სეოკი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით.

3. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.

4. სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.

5. სეოკი თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.

6. სეოკი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია

1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანაში სპორტის შესაბამისი სახეობის განვითარებას. იგი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს კანონების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მის განვითარებაზე.

2. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს.

3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს.

4. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის იურიდიული პირი.

5. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ხელშეკრულების საფუძველზე.

7. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე.

8. საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას უფლება აქვს ეწეოდეს საქმიანობას, რომელსაც არ კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 11. სპორტული კლუბი

1. სპორტული კლუბი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

2. სპორტული კლუბი არის იურიდიული პირი.

3. სპორტული კლუბის სტატუსი ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მოთხოვნებს.

4. სპორტული კლუბის ხელმძღვანელობის უპირატესი უფლებაა თავისი წევრები ტრანსფერზე წარადგინოს ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.

თავი მეოთხე

მასობრივი სპორტი

    მუხლი 12. სპორტი სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში

1. ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება, ფიზიკური აღზრდა და სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ყველა ტიპის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

2. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფიზიკური მომზადების ნორმატივების საფუძველზე სასწავლო დაწესებულება ადგილობრივი პირობებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფიზიკურ აღზრდაში მეცადინეობის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ხანგრძლივობას (არანაკლებ 4 საათისა კვირაში).

3. ფიზიკურად არაჯანსაღთათვის მეცადინეობა ტარდება რეაბილიტაციის ფარგლებში.

4. ყველა სასწავლო დაწესებულებაში, მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა, სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 13. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებები

1. სპორტულ სკოლებს, კლუბებს, სექციებსა და სკოლისგარეშე სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ და სხვა საწყისებზე, ეკისრებათ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიზიდვა და ჩაბმა გამაჯანსაღებელ და სპორტულ მეცადინეობებში.

2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოები. ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 14. სპორტი შრომითი დასაქმების ადგილებში

წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და შრომითი დასაქმების სხვა სფეროში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას თავის თანამშრომლებს სათანადო პირობები სპორტში მათი უფლებების განსახორციელებლად, რაც ითვალისწინებს სამუშაო პროცესში და სამუშაოს შემდგომ პროფილაქტიკურ აღდგენით მეცადინეობებს, სპორტულ-მასობრივ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.

    მუხლი 15. სპორტი ინვალიდებისათვის

1. ინვალიდების ვარჯიში სპორტში მათი რეაბილიტაციისა და სოციალურ-შრომითი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილია.

2. სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, მოსახლეობის სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოებსა და ინვალიდთა ორგანიზაციებს ეკისრებათ ინვალიდების რეაბილიტაციის უწყვეტ სისტემაში სპორტულ მეცადინეობათა ორგანიზაცია, კადრების მომზადება, მეთოდური უზრუნველყოფა და საექიმო კონტროლი.

3. სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები, მმართველობის რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოები, კლუბები, ცენტრები ინვალიდებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით, ხელს უწყობენ მათ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.

4. ინვალიდების გამაჯანსაღებელი და სპორტული ღონისძიებები ფინანსდება, მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან და კერძო სექტორიდან.

 

მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადება

1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადების პროგრამას განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. სამხედრო ნაწილების მეთაურები და შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების უფროსები ვალდებულნი არიან შექმნან აუცილებელი პირობები სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობის ჩატარებისა და მასში სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის მონაწილეობისათვის.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 17. სპორტის განვითარებაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობა

ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები და დაწესებულებები:

ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სპორტს იყენებენ, როგორც ფიზიკური რეაბილიტაციისა და დაავადების პროფილაქტიკის საშუალებას;

ბ) საექიმო კონტროლს უწევენ სპორტული სექციის წევრებს, უზრუნველყოფენ საქართველოს ეროვნული და სხვა გუნდების სამედიცინო მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ორგანიზაციას უწევენ და ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის იმ ძირითადი კომპონენტების საკითხებში, რომლებიც გამოიყენება ავადმყოფების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში;

დ) ქმნიან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრებს (დისპანსერებს), დიაგნოსტიკურ საკონსულტაციო პუნქტებს და კაბინეტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობას შესაბამისი მომსახურებით, აღჭურავენ მათ საჭირო სამედიცინო მოწყობილობითა და აპარატურით;

ე) სპორტული წვრთნა და შეჯიბრების ჩატარება შესაძლებელია ეკოლოგიურად და ჰიგიენურად სუფთა გარემოში.

    მუხლი 18. მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების სპორტული საქმიანობა

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კონტროლს მათში მყოფ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ატარებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, თავისუფლების აღკვეთის ადგილების შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს შესაბამისი ინვენტარითა და მოწყობილობით.

თავი მეხუთე

უმაღლესი მიღწევების სპორტი

    მუხლი 19. უმაღლესი მიღწევების სპორტი, მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადება

1. უმაღლესი მიღწევების სპორტი მოღვაწეობის ის სფეროა, რომელიც ხელს უწყობს სპორტსმენს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და მიაღწიოს თვალსაჩინო სპორტულ შედეგებს. ამისათვის მას სახელმწიფო უქმნის ყველა აუცილებელ პირობას.

2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების მიზნით იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.

3. სახელმწიფო დაკვეთა მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების მიზნით ფორმდება შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ან სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების მეშვეობით.

4. საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში შეყვანილ სპორტსმენთა შეჯიბრებისათვის მომზადება ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 20. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები

1. საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ამზადებენ და აკომპლექტებენ ეროვნული სპორტული ფედერაციები.

2. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს შეუძლია მონაწიოლეობა მიიღოს ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში სპორტის სახეობის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.

3. საქართველოს მოქალაქეს არა აქვს უფლება გამოვიდეს შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. უცხოეთის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ შეუძლია იასპარეზოს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის სახელით.

    მუხლი 21. სპორტსმენი, პროფესიონალი სპორტსმენი და პროფესიული მოღვაწეობა სპორტში

1. სპორტსმენი არის პირი, რომელიც მისდევს სპორტს და გამოდის შეჯიბრებებში.

2. სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი შემოსავლის ძირითადი წყაროა, არის პროფესიონალი.

3. „სპორტსმენი“ პროფესიაა.

4. სპორტსმენის, მწვრთნელის, მსაჯის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მოღვაწეობა (ვარჯიში და შეჯიბრებაში მონაწილეობა), რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ხორციელდება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სპორტში დასაქმებული პირები, როგორც წესი, მუშაობენ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

6. სპორტსმენთან კონტრაქტის გაფორმება და ხელშეკრულების სხვა ფორმის დაწესება, სპორტში მოღვაწეობის და შეჯიბრებებში პროფესიულ საწყისებზე მონაწილეობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წესდებებით, დებულებებითა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით.

7. შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებს პროფესიონალი სპორტსმენი, სპორტში მოღვაწეობისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პირობებს.

8. პროფესიული სპორტული ლიგა (ასოციაცია, კლუბი და ა. შ.) და სხვა პროფესიული სპორტული ორგანიზაცია ყალიბდება და ფუნქციონირებს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 22. სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო და შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპორტსმენის, სპორტის სპეციალისტისა და სხვა მუშაკების სოციალურ დაცვას. მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.

2. პროფესიონალ სპორტსმენს პენსიის უფლება ენიჭება შრომის მძიმე პირობებში მომუშავეთათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობებითა და ოდენობით.

3. სპორტსმენზე, რომელმაც შეჯიბრებაში სასწავლო-საწვრთნელ ან სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიიღო ტრავმა, პროფესიული დაავადება ან დაინვალიდდა, ვრცელდება კანონმდებლობა სოციალური დაცვის შესახებ.

თავი მეექვსე

სპორტის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფა, სპორტის სტიმულირება

    მუხლი 23. სპორტის დაფინანსება

1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში.

3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოები.

4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე:

ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები;

ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;

გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები.

5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე.

6. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.

7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს.

8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას.

9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის.

2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების მოთხოვნებს.

3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები, ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა.

4. დაუშვებელია:

ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად;

ბ) სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად;

გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე.

5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.

6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 25. სპორტის სფეროს სპეციალისტების მომზადება და კადრებით უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის სფეროსათვის კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

2. სპორტის სფეროს სპეციალისტებს ამზადებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ დაწესებულებათა მიზანი უნდა იყოს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, მისი გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური და სამკურნალო პროფილის განვითარება.

3. სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები ადგენენ სპორტისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნილებას. სპეციალისტების, მათ შორის ინვალიდებთან მომუშავეების მომზადება და გადამზადება ეკისრებათ დადგენილი წესით აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებებს.

4. სპორტის სფეროში პედაგოგიური, სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი მუშაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე მოქალაქეებს და პირებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი.

5. სპორტსმენი სპორტის სფეროში სპეციალისტად მუშაობისათვის სავალდებულო ატესტაციას გადის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით.

6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას ამ სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დახმარებით.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა

1. სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ამტკიცებს საპატიო წოდებებს სპორტის სფეროში და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.

3. სპორტის სფეროში განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

4. სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

    მუხლი 27. სპორტში აკრძალული საშუალებები

სპორტის სფეროში მოღვაწეობისას და სპორტსმენის მაღალი შედეგების მიღწევის მიზნით დაუშვებელია ისეთი ხერხებისა და მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება, რომლებიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების დებულებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. პირი, რომელიც შეგნებულად ხელს უწყობს ასეთი საშუალებების გამოყენებას, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 28. პასუხისმგებლობა სპორტის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 20 სექტემბერი.

№400–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

3. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105

20. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3830-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 19. 05/04/2023 - საქართველოს კანონი - 2769-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2023 18. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 343-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 17. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6913-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 16. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6844-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3113-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 14. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1633-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 13. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 958-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 12. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 504-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 11. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5377-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 10. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4847-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 9. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4548-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 8. 16/07/2015 - საქართველოს კანონი - 4041-რს - ვებგვერდი, 28/07/2015 7. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3927-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 6. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3544-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 5. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5306-IIს - ვებგვერდი, 111208018, 08/12/2011 4. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2720 - სსმ, 12, 24/03/2010 3. 01/07/2004 - საქართველოს კანონი - 310 - სსმ, 20, 16/07/2004 2. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას