დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2769-XIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460000000.05.001.020843 |
|
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) სპორტის სფეროში დოპინგის გამოყენების აღკვეთა.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი: „თავი V1. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა მუხლი 221. ტერმინთა განმარტება 1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო − საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და სამინისტროს მიერ, როგორც სპორტული ორგანიზაცია, და რომელიც ქვეყანაში ხელმძღვანელობს და წარმართავს ანტიდოპინგურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) საქართველოს ანტიდოპინგური წესები − მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადასტურებული და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ერთობლიობა, რომელიც გამოიცემა სამართლებრივი აქტის სახით და ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; გ) მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი − მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესების ერთობლიობა, რომელიც „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის დანართია; დ) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) − საერთაშორისო ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს და კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო დონეზე; ე) სპორტის მთლიანობა − სპორტის სფეროში არსებული პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს აგრეთვე სპორტის სფეროს დარღვევებისგან დაცვის უზრუნველყოფას. 2. დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინები, რომლებიც ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული არ არის, განიმარტება მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად. მუხლი 22 2. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირება 1. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირებას ახორციელებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული ტესტირებისა და მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტით უფლებამოსილი საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია. 2. პირი, რომელსაც არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი, არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს იმავე პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა. მუხლი 22 3. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი საფუძვლები 1. საქართველოში დოპინგის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ხორციელდება ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს ანტიდოპინგური წესების, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. 2. საქართველოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთო კოორდინაციას უწევს სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია. 3. დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და მოქმედების დამოუკიდებლობას. მუხლი 22 4. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო 1. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 2. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მიზნობრივ დაფინანსებას სამინისტროსგან. იგი უფლებამოსილია მიზნობრივი დაფინანსება მიიღოს აგრეთვე საერთაშორისო და საქართველოს სპორტული ორგანიზაციებისგან. 3. საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ქმედებები ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ან სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ შესაბამისი ნორმების საფუძველზე. 4. საქართველოს ანტიდოპინგური წესები ვრცელდება ყველა ეროვნულ სპორტულ ფედერაციაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენზე, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. 5. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო: ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიან პროგრამას. ეს პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს; ბ) ახორციელებს დოპინგის კონტროლს; გ) საქართველოს ანტიდოპინგური წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის პრევენციას, საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევისა და მასში სპორტსმენების, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის წევრების ან სხვა პირების მონაწილეობის ფაქტების გამოვლენას და უზრუნველყოფს ამ წესების დარღვევის შედეგებზე სათანადო რეაგირებას შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოსთვის მიმართვით; დ) ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების განახლებულ ნუსხას; ე) დოპინგის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად უზრუნველყოფს დოპინგის კონტროლის განხორციელებაში ჩართული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას; ვ) დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახორციელებს ყველა სხვა ღონისძიებას, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით. 6. ანტიდოპინგური წესების დარღვევის განმხილველი სადისციპლინო და სააპელაციო მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს ანტიდოპინგური წესებითა და შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოს დებულებით, რომელიც დამტკიცებამდე და ძალაში შესვლამდე მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უნდა დაადასტუროს. 7. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში − დამატებით სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების თაობაზე. მუხლი 22 5. სპორტული ორგანიზაციის ვალდებულებები დოპინგის სფეროში 1. დოპინგის სფეროში სპორტული ორგანიზაცია ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილებისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების ავტომატური აღიარება და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა; ბ) უზრუნველყოს დოპინგის კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მხარდაჭერა მისი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; გ) საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით უზრუნველყოს დოპინგსაწინააღმდეგო პროპაგანდა, აგრეთვე საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) სპორტსმენის ან/და სხვა პირის მიმართ შესაბამისი სანქციის მოქმედების პერიოდში მას შეუწყვიტოს ყველა სახის დაფინანსება. 2. სამინისტრო უფლებამოსილია სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დაფინანსება.“. 3. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 5 აპრილი 2023 წ. N2769-XIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები