დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სპორტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460.000.000.05.001.000.163 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (13/07/2000 - 01/07/2004)
საქართველოს კანონი
სპორტის შესახებ
საქართველოს კანონი სპორტის შესახებ განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული საქმიანობის ზოგადსამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
საქართველოში სპორტი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმედ და ხელი ეწყობა მის განვითარებას.
საქართველოში სპორტი ემყარება ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ და კულტურულ ღირებულებებს, ისტორიულ გამოცდილებას, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
თავი პირველი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში, მისი მიზნები და ამოცანები
1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებს, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო აქტებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
2. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის გაჯანსაღების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეს, პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდას, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მომზადებას, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას.
3. სპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიზნებია:
ა) ერის გაჯანსაღება;
ბ) სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება;
გ) სპორტის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა და დაცვა;
დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა;
ე) საკანონმდებლო გარანტიების შექმნა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის;
ვ) სპორტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა და მათ შორის ურთიერთობათა დარეგულირება;
ზ) სპორტის სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დანერგვა.
მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები სპორტის სფეროში
სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:
ა) საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება;
გ) მართვის დემოკრატიული ხასიათი;
დ) მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ინდუსტრიის განვითარება;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პატივისცემა.
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები სპორტის სფეროში
1. სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნით.
2. სახელმწიფო სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტში მოღვაწე პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და ინვალიდებს.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის ძირითადად ეროვნული სახეობების განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიანი რაიონების სოფლებს.
4. საქართველოს მოქალაქეს (სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, სპორტის სხვა მუშაკს) უფლება აქვს იმუშაოს სამოყვარულო და პროფესიულ სპორტში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
5. სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოში სპორტულ საქმიანობას ეწევა ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დაუშვებელია სპორტული საქმიანობა ან სპორტში მიღწევების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.
თავი მეორე
სპორტის მართვის სახელმწიფო ორგანოები
მუხლი 4. სპორტის სახელმწიფო მართვა
1. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და საკანონმდებლო ურთიერთობებს განსაზღვრავს და აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი.
2. სახელმწიფო სპორტის სფეროს მართავს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის საშუალებით, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებით.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები, სახელმწიფო მმართველობის რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სტრუქტურებში ქმნიან სპორტის მართვის შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 5. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენცია
საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის:
ა) დარგის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;
გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა;
დ) ხელშეწყობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და შემდგომი განვითარებისთვის;
ე) ხელშეწყობა არასახელმწიფო და საზოგადო სტრუქტურების ფორმირებისათვის;
ვ) სპორტის ახალი სახეობების ლიცენზირება;
ზ) კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; დარგის მუშაკთა ატესტაცია და პროფესიული დონის განსაზღვრა;
თ) სპორტის სისტემის სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო, პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზაცია;
ი) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების შემუშავება;
კ) სპორტსმენთა, სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა;
ლ) ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შეუსრულებლობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევისას მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ფუნქციების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.
მუხლი 6. სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში
სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური კონსტიტუციებით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია სპორტის სფეროში
სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განეკუთვნება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას.
თავი მესამე
საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები
მუხლი 8. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები
1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში.
3. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს და მის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლიათ საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცენ ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლონ ამ უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სპორტის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 9. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)
1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკი იურიდიული პირია.
2. სეოკი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით.
3. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.
4. სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
5. სეოკი თანამშრომლობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ეროვნულ ფედერაციებთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. სეოკი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.
მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია
1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანაში სპორტის შესაბამისი სახეობის განვითარებას. იგი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს კანონების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მის განვითარებაზე.
2. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს.
3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს.
4. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის იურიდიული პირი.
5. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობს ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე.
8. საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას უფლება აქვს ეწეოდეს საქმიანობას, რომელსაც არ კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.
მუხლი 11. სპორტული კლუბი
1. სპორტული კლუბი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. სპორტული კლუბი არის იურიდიული პირი.
3. სპორტული კლუბის სტატუსი ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მოთხოვნებს.
4. სპორტული კლუბის ხელმძღვანელობის უპირატესი უფლებაა თავისი წევრები ტრანსფერზე წარადგინოს ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.
თავი მეოთხე
მასობრივი სპორტი
მუხლი 12. სპორტი სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში
1. ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება, ფიზიკური აღზრდა და სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ყველა ტიპის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
2. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფიზიკური მომზადების ნორმატივების საფუძველზე სასწავლო დაწესებულება ადგილობრივი პირობებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფიზიკურ აღზრდაში მეცადინეობის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ხანგრძლივობას (არანაკლებ 4 საათისა კვირაში).
3. ფიზიკურად არაჯანსაღთათვის მეცადინეობა ტარდება რეაბილიტაციის ფარგლებში.
4. ყველა სასწავლო დაწესებულებაში, პროფილისა და საკუთრების ფორმის განურჩევლად, სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლების სამინისტრო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
მუხლი 13. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებები
1. სპორტულ სკოლებს, კლუბებს, სექციებსა და სკოლისგარეშე სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ და სხვა საწყისებზე, ეკისრებათ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიზიდვა და ჩაბმა გამაჯანსაღებელ და სპორტულ მეცადინეობებში.
2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაციას ახდენენ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სკოლის გარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა, არსებული სპორტული ბაზების, მათ შორის საცურაო აუზების ამუშავება და შემდგომი ფუნქციონირება.
მუხლი 14. სპორტი შრომითი დასაქმების ადგილებში
წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და შრომითი დასაქმების სხვა სფეროში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას თავის თანამშრომლებს სათანადო პირობები სპორტში მათი უფლებების განსახორციელებლად, რაც ითვალისწინებს სამუშაო პროცესში და სამუშაოს შემდგომ პროფილაქტიკურ აღდგენით მეცადინეობებს, სპორტულ-მასობრივ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.
მუხლი 15. სპორტი ინვალიდებისათვის
1. ინვალიდების ვარჯიში სპორტში მათი რეაბილიტაციისა და სოციალურ-შრომითი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილია.
2. სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, მოსახლეობის სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოებსა და ინვალიდთა ორგანიზაციებს ეკისრებათ ინვალიდების რეაბილიტაციის უწყვეტ სისტემაში სპორტულ მეცადინეობათა ორგანიზაცია, კადრების მომზადება, მეთოდური უზრუნველყოფა და საექიმო კონტროლი.
3. სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები, მმართველობის რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოები, კლუბები, ცენტრები ინვალიდებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით, ხელს უწყობენ მათ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
4. ინვალიდების გამაჯანსაღებელი და სპორტული ღონისძიებები ფინანსდება, მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან და კერძო სექტორიდან.
მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადება
1. სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადების შინაარსს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
2. სამხედრო ნაწილების მეთაურები და შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების უფროსები ვალდებულნი არიან შექმნან აუცილებელი პირობები სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობის ჩატარებისა და მასში სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის მონაწილეობისათვის.
მუხლი 17. სპორტის განვითარებაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობა
ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები და დაწესებულებები:
ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სპორტს იყენებენ, როგორც ფიზიკური რეაბილიტაციისა და დაავადების პროფილაქტიკის საშუალებას;
ბ) საექიმო კონტროლს უწევენ სპორტული სექციის წევრებს, უზრუნველყოფენ საქართველოს ეროვნული და სხვა გუნდების სამედიცინო მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) ორგანიზაციას უწევენ და ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის იმ ძირითადი კომპონენტების საკითხებში, რომლებიც გამოიყენება ავადმყოფების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში;
დ) ქმნიან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრებს (დისპანსერებს), დიაგნოსტიკურ საკონსულტაციო პუნქტებს და კაბინეტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობას შესაბამისი მომსახურებით, აღჭურავენ მათ საჭირო სამედიცინო მოწყობილობითა და აპარატურით;
ე) სპორტული წვრთნა და შეჯიბრების ჩატარება შესაძლებელია ეკოლოგიურად და ჰიგიენურად სუფთა გარემოში.
მუხლი 18. მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების სპორტული საქმიანობა
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კონტროლს მათში მყოფ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ატარებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, თავისუფლების აღკვეთის ადგილების შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს შესაბამისი ინვენტარითა და მოწყობილობით.
თავი მეხუთე
უმაღლესი მიღწევების სპორტი
მუხლი 19. უმაღლესი მიღწევების სპორტი, მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადება
1. უმაღლესი მიღწევების სპორტი მოღვაწეობის ის სფეროა, რომელიც ხელს უწყობს სპორტსმენს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და მიაღწიოს თვალსაჩინო სპორტულ შედეგებს. ამისათვის მას სახელმწიფო უქმნის ყველა აუცილებელ პირობას.
2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენის მომზადების მიზნით იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.
3. სახელმწიფო დაკვეთა მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების მიზნით ფორმდება შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ან სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების მეშვეობით.
4. საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში შეყვანილი სპორტსმენების შეჯიბრებისათვის მომზადება ხდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით სპორტის სახელმწიფო დეპატრამენტის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 20. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები
1. საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ამზადებენ და აკომპლექტებენ ეროვნული სპორტული ფედერაციები.
2. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს შეუძლია მონაწიოლეობა მიიღოს ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში სპორტის სახეობის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.
3. საქართველოს მოქალაქეს არა აქვს უფლება გამოვიდეს შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. უცხოეთის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ შეუძლია იასპარეზოს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის სახელით.
მუხლი 21. სპორტსმენი, პროფესიონალი სპორტსმენი და პროფესიული მოღვაწეობა სპორტში
1. სპორტსმენი არის პირი, რომელიც მისდევს სპორტს და გამოდის შეჯიბრებებში.
2. სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი შემოსავლის ძირითადი წყაროა, არის პროფესიონალი.
3. „სპორტსმენი“ პროფესიაა.
4. სპორტსმენის, მწვრთნელის, მსაჯის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მოღვაწეობა (ვარჯიში და შეჯიბრებაში მონაწილეობა), რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ხორციელდება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სპორტში დასაქმებული პირები, როგორც წესი, მუშაობენ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. სპორტსმენთან კონტრაქტის გაფორმება და ხელშეკრულების სხვა ფორმის დაწესება, სპორტში მოღვაწეობის და შეჯიბრებებში პროფესიულ საწყისებზე მონაწილეობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წესდებებით, დებულებებითა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით.
7. შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებს პროფესიონალი სპორტსმენი, სპორტში მოღვაწეობისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პირობებს.
8. პროფესიული სპორტული ლიგა (ასოციაცია, კლუბი და ა. შ.) და სხვა პროფესიული სპორტული ორგანიზაცია ყალიბდება და ფუნქციონირებს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 22. სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო და შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპორტსმენის, სპორტის სპეციალისტისა და სხვა მუშაკების სოციალურ დაცვას. მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.
2. პროფესიონალ სპორტსმენს პენსიის უფლება ენიჭება შრომის მძიმე პირობებში მომუშავეთათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობებითა და ოდენობით.
3. სპორტსმენზე, რომელმაც შეჯიბრებაში სასწავლო-საწვრთნელ ან სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიიღო ტრავმა, პროფესიული დაავადება ან დაინვალიდდა, ვრცელდება კანონმდებლობა სოციალური დაცვის შესახებ.
თავი მეექვსე
სპორტის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფა, სპორტის სტიმულირება
მუხლი 23. სპორტის დაფინანსება
1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას.
2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში.
3. შესაბამისი საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების წინადადებათა საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებენ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ადგილობრივი ორგანოები.
4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე:
ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები;
ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;
გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები.
5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე.
6. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებზე და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით.
7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს.
8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას.
9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით.
მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის.
2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების მოთხოვნებს.
3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები, ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა.
4. დაუშვებელია:
სპორტული ბაზების ფუნქციის შეცვლა სპორტის დეპარტამენტთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეუთანხმებლად;
სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტის გაუთვალისწინებლად;
სპორტული ობიექტის ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო და ტოლფასოვანი ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემამდე.
5. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა ეფექტიან გამოყენებას.
6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.
მუხლი 25. სპორტის სფეროს სპეციალისტების მომზადება და კადრებით უზრუნველყოფა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის სფეროსათვის კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. სპორტის სფეროს სპეციალისტებს ამზადებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ დაწესებულებათა მიზანი უნდა იყოს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, მისი გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური და სამკურნალო პროფილის განვითარება.
3. სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები ადგენენ სპორტისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნილებას. სპეციალისტების, მათ შორის ინვალიდებთან მომუშავეების მომზადება და გადამზადება ეკისრებათ დადგენილი წესით აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებებს.
4. სპორტის სფეროში პედაგოგიური, სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი მუშაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე მოქალაქეებს და პირებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი.
5. სპორტსმენი სპორტის სფეროში სპეციალისტად მუშაობისათვის სავალდებულო ატესტაციას გადის საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტისა და შესაბამისი სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
6. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი განათლებისა და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებთან ერთად ახდენს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მეცნიერულ უზრუნველყოფას, რისთვისაც მოიზიდავს ამ საქმეში წამყვან სამეცნიერო ცენტრებს, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და სპორტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა
1. სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება.
2. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს საპატიო წოდებებს სპორტში და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენებისათვის სპორტული ჯილდოების ნუსხას.
3. სპორტის სფეროში განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენს, მწვრთნელსა და სხვა პირებს სახელმწიფო პრემიებზე და ჯილდოებზე წარადგენს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი.
4. სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა.
მუხლი 27. სპორტში აკრძალული საშუალებები
სპორტის სფეროში მოღვაწეობისას და სპორტსმენის მაღალი შედეგების მიღწევის მიზნით დაუშვებელია ისეთი ხერხებისა და მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება, რომლებიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების დებულებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. პირი, რომელიც შეგნებულად ხელს უწყობს ასეთი საშუალებების გამოყენებას, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 28. პასუხისმგებლობა სპორტის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 20 სექტემბერი.
№400–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები