„სპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 460.000.000.05.001.001.542
  • Word
310
01/07/2004
სსმ, 20, 16/07/2004
460.000.000.05.001.001.542
„სპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სპორტის სახელმწიფო მართვა

1. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომლის უფლებამოსილება მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სამინისტროს დებულებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები.

    მუხლი 5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში

სპორტის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;

ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;

გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა;

დ) სპორტის განვითარების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა;

ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ვ) კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაცია და პროფესიული დონის განსაზღვრა;

ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება;

თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა;

ი) სპორტსმენთა, სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა;

კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია სპორტის სფეროში

სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება.“.

 3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება.“.

4. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. სეოკი თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.“.

5. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ხელშეკრულების საფუძველზე.“.

6. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ყველა სასწავლო დაწესებულებაში, მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა, სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოები. ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება.“.

8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადების პროგრამას განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

9. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების მიზნით იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში შეყვანილ სპორტსმენთა შეჯიბრებისათვის მომზადება ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.“.

10. 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.“.

11. 24-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია:

ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად;

ბ) სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად;

გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე.

5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.“.

12. 25-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპორტსმენი სპორტის სფეროში სპეციალისტად მუშაობისათვის სავალდებულო ატესტაციას გადის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით.

6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას ამ სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დახმარებით.“.

13. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ამტკიცებს საპატიო წოდებებს სპორტის სფეროში და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.

3. სპორტის სფეროში განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

№310–რს