სპორტის შესახებ

სპორტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 460.000.000.05.001.000.163
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
400
20/09/1996
პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996
460.000.000.05.001.000.163
სპორტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სპორტის შესახებ

 

საქართველოს კანონი სპორტის შესახებ განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული საქმიანობის ზოგადსამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

საქართველოში სპორტი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმედ და ხელი ეწყობა მის განვითარებას.

საქართველოში სპორტი ემყარება ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ და კულტურულ ღირებულებებს, ისტორიულ გამოცდილებას, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

 

თავი პირველი. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში , მისი მიზნები და ამოცანები

1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებს, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო აქტებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

2. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის გაჯანსაღების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეს, პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდას, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მომზადებას, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას.

3. სპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიზნებია:

ა) ერის გაჯანსაღება;

ბ) სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება;

გ) სპორტის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა და დაცვა;

დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა;

ე) საკანონმდებლო გარანტიების შექმნა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის;

ვ) სპორტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა და მათ შორის ურთიერთობათა დარეგულირება;

ზ) სპორტის სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დანერგვა;

თ) სპორტის სფეროში დოპინგის გამოყენების აღკვეთა.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

    მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები სპორტის სფეროში

სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება;

გ) მართვის დემოკრატიული ხასიათი;

დ) მატერიალური და ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სპორტის ინდუსტრიის განვითარება;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პატივისცემა.

    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები სპორტის სფეროში

1. სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნით.

2. სახელმწიფო სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტის სფეროში მოღვაწე პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიან რეგიონებს.

4. საქართველოს მოქალაქეს (სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, სპორტის სხვა მუშაკს) უფლება აქვს იმუშაოს სამოყვარულო და პროფესიულ სპორტში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

5. სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოში სპორტულ საქმიანობას ეწევა ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დაუშვებელია სპორტული საქმიანობა ან სპორტში მიღწევების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.

საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4041 – ვებგვერდი, 28.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6844 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი მეორე. სპორტის მართვის სახელმწიფო ორგანოებ

    მუხლი 4. სპორტის სახელმწიფო მართვა

1. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სამინისტროს დებულებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3830 – ვებგვერდი, 15.12.2023

      მუხლი 5.  სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში       

 სპორტის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;

ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;

გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა;

დ) სპორტის განვითარების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა;

ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ვ) სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და მათი პროფესიული დონის განსაზღვრა;

ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება;

თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა;

ი) სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, მათი სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა;

კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 6. სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში

სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური კონსტიტუციებით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი მესამე. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები

    მუხლი 8. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები

1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში.

3. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები და გააკონტროლოს მათი განხორციელება.

4. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სპორტის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 9. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკი იურიდიული პირია.

2. სეოკი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით.

3. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.

4. სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.

5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.

6. სეოკი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

     მუხლი 91. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი

1. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი  არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს პარალიმპიურ მოძრაობას საქართველოში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი იურიდიული პირია.

2. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონითა და საკუთარი წესდებით.

3. საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის, პარალიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.

4. საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.

5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.

6. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი  მონაწილეობს პარალიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6844 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია

1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის.

2. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს.

3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს.

4. (ამოღებულია - 04.03.2016, №4847). 

5. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.

6 1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.

62. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მაღალი რეპუტაცია და ნასამართლობის არმქონეა.  

7. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე.

8. საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას უფლება აქვს ეწეოდეს საქმიანობას, რომელსაც არ კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4847 - ვებგვერდი, 14.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 11. სპორტული კლუბი

1. სპორტული კლუბი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

2. სპორტული კლუბი არის იურიდიული პირი.

3. სპორტული კლუბის სტატუსი ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მოთხოვნებს.

4. სპორტული კლუბის ხელმძღვანელობის უპირატესი უფლებაა თავისი წევრები ტრანსფერზე წარადგინოს ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.

 

თავი მეოთხე. მასობრივი სპორტი

    მუხლი 12. სპორტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებსა და სასწავლო დაწესებულებებში

1. ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება, ფიზიკური აღზრდა და სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ნებისმიერი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების და სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

2. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფიზიკური მომზადების ნორმატივების საფუძველზე სასწავლო დაწესებულება ადგილობრივი პირობებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფიზიკურ აღზრდაში მეცადინეობის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ხანგრძლივობას (არანაკლებ 4 საათისა კვირაში).

3. ფიზიკურად არაჯანსაღთათვის მეცადინეობა ტარდება რეაბილიტაციის ფარგლებში.

4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა) სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5377- ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №504 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3830 – ვებგვერდი, 15.12.2023

    მუხლი 13. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებები

1. სპორტულ სკოლებს, კლუბებს, სექციებსა და სკოლისგარეშე სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ და სხვა საწყისებზე, ეკისრებათ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიზიდვა და ჩაბმა გამაჯანსაღებელ და სპორტულ მეცადინეობებში.

2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 14. სპორტი შრომითი დასაქმების ადგილებში

წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და შრომითი დასაქმების სხვა სფეროში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას თავის თანამშრომლებს სათანადო პირობები სპორტში მათი უფლებების განსახორციელებლად, რაც ითვალისწინებს სამუშაო პროცესში და სამუშაოს შემდგომ პროფილაქტიკურ აღდგენით მეცადინეობებს, სპორტულ-მასობრივ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.

    მუხლი 15. სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ვარჯიში მათი რეაბილიტაციისა და სოციალურ-შრომითი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილია.

2. სპორტის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს ეკისრებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის უწყვეტ სისტემაში სპორტულ მეცადინეობათა ორგანიზების, შესაბამისი კადრების მომზადების, მეთოდური უზრუნველყოფის და საექიმო კონტროლის ვალდებულება.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მმართველობის რეგიონული ორგანოები, კლუბები და ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით და ხელს უწყობენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაში.

4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ფინანსდება და მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის მიერ.

საქართველოს 2015 წლის 25  ნოემბრის კანონი  №4548  - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

      მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის სპორტული მომზადება

1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობების სპორტული მომზადების პროგრამებს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. სამხედრო ნაწილების მეთაურები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების უფროსები ვალდებული არიან, შექმნან აუცილებელი პირობები სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობების ჩატარებისა და მათში სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის მონაწილეობისათვის.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3927 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

     მუხლი 17. სპორტის განვითარებაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობა

ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები და დაწესებულებები:

ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სპორტს იყენებენ, როგორც ფიზიკური რეაბილიტაციისა და დაავადების პროფილაქტიკის საშუალებას;

ბ) საექიმო კონტროლს უწევენ სპორტული სექციის წევრებს, უზრუნველყოფენ საქართველოს ეროვნული და სხვა გუნდების სამედიცინო მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ორგანიზაციას უწევენ და ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის იმ ძირითადი კომპონენტების საკითხებში, რომლებიც გამოიყენება ავადმყოფების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში;

დ) ქმნიან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრებს (დისპანსერებს), დიაგნოსტიკურ საკონსულტაციო პუნქტებს და კაბინეტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობას შესაბამისი მომსახურებით, აღჭურავენ მათ საჭირო სამედიცინო მოწყობილობითა და აპარატურით;

ე) სპორტული წვრთნა და შეჯიბრების ჩატარება შესაძლებელია ეკოლოგიურად და ჰიგიენურად სუფთა გარემოში.

    მუხლი 18. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა 

პენიტენციური დაწესებულება, როგორც წესი, უზრუნველყოფს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ახორციელებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, სათანადო ინვენტარითა და მოწყობილობით ქმნის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2720 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.57    

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3544 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №958  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

 

თავი მეხუთე. უმაღლესი მიღწევების სპორტი

    მუხლი 19. უმაღლესი მიღწევების სპორტი, მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადება

1. უმაღლესი მიღწევების სპორტი მოღვაწეობის ის სფეროა, რომელიც ხელს უწყობს სპორტსმენს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და მიაღწიოს თვალსაჩინო სპორტულ შედეგებს. ამისათვის მას სახელმწიფო უქმნის ყველა აუცილებელ პირობას.

2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მოსამზადებლად იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.

3. სახელმწიფო დაკვეთა მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მომზადების მიზნით ფორმდება შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან ან სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების მეშვეობით.

4. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა სპორტული შეჯიბრებისთვის მომზადება ხდება სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 20. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები

1. საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ამზადებენ და აკომპლექტებენ ეროვნული სპორტული ფედერაციები.

2. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში სპორტის სახეობის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.

3. საქართველოს მოქალაქეს არა აქვს უფლება გამოვიდეს შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. უცხოეთის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ შეუძლია იასპარეზოს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის სახელით.

4. სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5306 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 21. სპორტსმენი, პროფესიონალი სპორტსმენი და პროფესიული მოღვაწეობა სპორტში

1. სპორტსმენი არის პირი, რომელიც მისდევს სპორტს და გამოდის შეჯიბრებებში.

2. სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი შემოსავლის ძირითადი წყაროა, არის პროფესიონალი.

3. „სპორტსმენი“ პროფესიაა.

4. სპორტსმენის, მწვრთნელის, მსაჯის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მოღვაწეობა (ვარჯიში და შეჯიბრებაში მონაწილეობა), რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ხორციელდება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სპორტში დასაქმებული პირები, როგორც წესი, მუშაობენ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

6. სპორტსმენთან კონტრაქტის გაფორმება და ხელშეკრულების სხვა ფორმის დაწესება, სპორტში მოღვაწეობის და შეჯიბრებებში პროფესიულ საწყისებზე მონაწილეობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წესდებებით, დებულებებითა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით.

7. შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებს პროფესიონალი სპორტსმენი, სპორტში მოღვაწეობისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პირობებს.

8. პროფესიული სპორტული ლიგა (ასოციაცია, კლუბი და ა. შ.) და სხვა პროფესიული სპორტული ორგანიზაცია ყალიბდება და ფუნქციონირებს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 22. სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო და შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპორტსმენის, სპორტის სპეციალისტისა და სხვა მუშაკების სოციალურ დაცვას. მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.

2. პროფესიონალ სპორტსმენს პენსიის უფლება ენიჭება შრომის მძიმე პირობებში მომუშავეთათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობებითა და ოდენობით.

3. სპორტსმენზე, რომელმაც სპორტულ შეჯიბრებაში, სასწავლო-საწვრთნელ ან სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიიღო ტრავმა, ან რომელიც დაავადდა პროფესიული დაავადებით ან გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა სოციალური დაცვის შესახებ.

საქართველოს 2015 წლის 25  ნოემბრის კანონი  №4548  - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
 
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

     მუხლი 221. ტერმინთა განმარტება

1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო − საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და სამინისტროს მიერ, როგორც სპორტული ორგანიზაცია, და რომელიც ქვეყანაში ხელმძღვანელობს და წარმართავს ანტიდოპინგურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის განხორციელებისთვის;

ბ) საქართველოს ანტიდოპინგური წესები − მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადასტურებული და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ერთობლიობა, რომელიც გამოიცემა სამართლებრივი აქტის სახით და ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

გ) მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი − მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესების ერთობლიობა, რომელიც „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის დანართია;

დ) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) − საერთაშორისო ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს და კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო დონეზე;

ე) სპორტის მთლიანობა − სპორტის სფეროში არსებული პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს აგრეთვე სპორტის სფეროს დარღვევებისგან დაცვის უზრუნველყოფას.

2. დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინები, რომლებიც ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული არ არის, განიმარტება მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3830 – ვებგვერდი, 15.12.2023

     მუხლი 222. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირება

1. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირებას ახორციელებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული ტესტირებისა და მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტით უფლებამოსილი საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია.

2. პირი, რომელსაც არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი, არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს იმავე პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

     მუხლი 223. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი საფუძვლები

1. საქართველოში დოპინგის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ხორციელდება ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს ანტიდოპინგური წესების, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

2. საქართველოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთო კოორდინაციას უწევს სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია.

3. დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და მოქმედების დამოუკიდებლობას.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

     მუხლი 224. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო

1. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

2. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მიზნობრივ დაფინანსებას სამინისტროსგან. იგი უფლებამოსილია მიზნობრივი დაფინანსება მიიღოს აგრეთვე საერთაშორისო და საქართველოს სპორტული ორგანიზაციებისგან.

3. საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ქმედებები ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ან სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ შესაბამისი ნორმების საფუძველზე.

4. საქართველოს ანტიდოპინგური წესები ვრცელდება ყველა ეროვნულ სპორტულ ფედერაციაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენზე, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

5. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიან პროგრამას. ეს პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს;

ბ) ახორციელებს დოპინგის კონტროლს;

გ) საქართველოს  ანტიდოპინგური წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის პრევენციას, საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევისა და მასში სპორტსმენების, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის წევრების ან სხვა პირების მონაწილეობის ფაქტების გამოვლენას და უზრუნველყოფს ამ წესების დარღვევის შედეგებზე სათანადო რეაგირებას შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოსთვის მიმართვით;

დ) ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების განახლებულ ნუსხას;

ე) დოპინგის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად უზრუნველყოფს დოპინგის კონტროლის განხორციელებაში ჩართული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას;

ვ) დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახორციელებს ყველა სხვა ღონისძიებას, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით.

6. ანტიდოპინგური წესების დარღვევის განმხილველი სადისციპლინო და სააპელაციო მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს ანტიდოპინგური წესებითა და შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოს დებულებით, რომელიც დამტკიცებამდე და ძალაში შესვლამდე მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უნდა დაადასტუროს.

7. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში − დამატებით სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების თაობაზე.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

     მუხლი 225. სპორტული ორგანიზაციის ვალდებულებები დოპინგის სფეროში

1. დოპინგის სფეროში სპორტული ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილებისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების ავტომატური აღიარება და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა;

ბ) უზრუნველყოს დოპინგის კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მხარდაჭერა მისი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;

გ) საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით უზრუნველყოს დოპინგსაწინააღმდეგო პროპაგანდა, აგრეთვე საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

დ) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) სპორტსმენის ან/და სხვა პირის მიმართ შესაბამისი სანქციის მოქმედების პერიოდში მას შეუწყვიტოს ყველა სახის დაფინანსება.

2. სამინისტრო უფლებამოსილია სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დაფინანსება.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

 

თავი მეექვსე. სპორტის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფა, სპორტის სტიმულირება

    მუხლი 23. სპორტის დაფინანსება

1. სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

2. სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებს სამინისტრო.

4. სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე:

ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები;

ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;

გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები.

5. არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე.

6. სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს წარდგინებით.

7. ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს.

8. დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას.

9. სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის.

2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების მოთხოვნებს.

3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები, ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა.

4. დაუშვებელია:

ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა სამინისტროსთან შეუთანხმებლად;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად;

გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე.

5. სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.

6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5377 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №504 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 25. სპორტის სფეროს სპეციალისტების მომზადება და კადრებით უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის სფეროსათვის კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

2. სპორტის სფეროს სპეციალისტებს ამზადებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ დაწესებულებათა მიზანი უნდა იყოს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, მისი გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური და სამკურნალო პროფილის განვითარება.

3. სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები ადგენენ სპორტის სპეციალისტებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნილებას. ასეთი სპეციალისტების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავეების, მომზადებისა და გადამზადების ვალდებულება ეკისრებათ დადგენილი წესით აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

4. სპორტის სფეროში პედაგოგიური, სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი მუშაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე მოქალაქეებს და პირებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი.

5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისთვის სავალდებულო ატესტაციას გადის სამინისტროს და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით.

6. სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3830 – ვებგვერდი, 15.12.2023

    მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა

1. სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება.

2. სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.

3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს სამინისტრო.

4. სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

    მუხლი 28. პასუხისმგებლობა სპორტის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 20 სექტემბერი.

№400–Iს

20. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3830-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 19. 05/04/2023 - საქართველოს კანონი - 2769-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2023 18. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 343-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 17. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6913-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 16. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6844-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3113-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 14. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1633-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 13. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 958-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 12. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 504-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 11. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5377-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 10. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4847-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 9. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4548-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 8. 16/07/2015 - საქართველოს კანონი - 4041-რს - ვებგვერდი, 28/07/2015 7. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3927-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 6. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3544-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 5. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5306-IIს - ვებგვერდი, 111208018, 08/12/2011 4. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2720 - სსმ, 12, 24/03/2010 3. 01/07/2004 - საქართველოს კანონი - 310 - სსმ, 20, 16/07/2004 2. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას