გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 17/08/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016067
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
17/08/2015
ვებგვერდი, 18/08/2015
040170020.57.069.016067
გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/08/2015 - 29/10/2015)

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №13

2015 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 101 მუხლის 33 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი;

ბ) გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების კითხვარი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

 



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი



გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და იგი განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმების წესს, აგრეთვე გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) დადოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მხოლოდ კანონითა და ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სააგენტოს თავმჯდომარის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

 

მუხლი 2. გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრების ფარგლებში

გამარტივებული შესყიდვა, კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების ფარგლებში, შესაძლებელია:

ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.

 

მუხლი 3. გამარტივებული შესყიდვის სხვა საფუძვლები

1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:

ა) საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები;

ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ჩანაცვლება;

ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.

2. ამ წესის მე-2 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეისყიდის ლიტერატურას (ბეჭდურს, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულს), რეაქტივს, კომპიუტერულ პროგრამას, ფარმაცევტულ პროდუქტს (სამკურნალო საშუალებას), ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და მონაცემთა ბაზას;

ბ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებენ რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მომართვის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელებას, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს თანხმობის შემდეგ, ადგენს:

ა) საქართველოს მთავრობა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით შესყიდვის განხორციელებისას, აგრეთვე მათი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით შესყიდვის განხორციელებისას.

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვის განხორციელებისას.

 

მუხლი 4. გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები

1. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება უნდა იყოს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება და არ უნდა არსებობდეს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:

ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება;

ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას. ასეთ შემთხვევაში, შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა და ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესყიდვის მოცულობასა და ვადას. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობას.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო/საკონკურსო პირობებს შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება აღემატებოდეს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ერთეულის ფასს;

ბ) დაუშვებელია მიმწოდებლის გამოცდილება და სხვა პერსონალური მახასიათებლები (წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვ.) იყოს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ანალოგიურ მონაცემებზე უარესი;

გ) დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი, თვისობრივი ან სხვაგვარი მონაცემები იყოს სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ანალოგიურ მონაცემებზე უარესი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაუცველობა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ გარემოებას (გარემოებებს), რაც უნდა დასაბუთდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და დაერთოს ხელშეკრულებას.

6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას.

7. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასატარებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, თავდაცვით, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო ან სხვა საჯარო მიზნების მიღწევას. ამასთან, აუცილებელია, რომ შეზღუდული დროის გამო, ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით იწვევდეს ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და ხელს უშლიდეს მის უწყვეტად ჩატარებას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას.

8. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარი უნდა ნაცვლდებოდეს ახალი – იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით. ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც რეალიზაციას უწევს მსგავს პროდუქციას (საქონელს).

9. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარმომადგენლობით ხარჯებად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილით განსაზღვრული ხარჯები.

10. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოსგან შესასყიდ მხოლოდ იმ საქონელზე, მომსახურებაზე ან სამუშაოზე, რომლის მისაწოდებლად, გასაწევად ან შესასრულებლად გადასახდელი საფასურის ოდენობა დადგენილია საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

11. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ იმ წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 5. სააგენტოსთან შეთანხმება, პროცესის საჯაროობა

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებამდე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეათანხმოს სააგენტოსთან.

2. გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან თანხმდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით, მომართვის სისტემის SMP მოდულში წარდგენის გზით, რის შედეგადაც მომართვას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განიხილება“.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვა უნდა იყოს დასაბუთებული, კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძვლიანობა და მისი დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულია სისტემის SMP მოდულში.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მომართვა საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ან სტუმრებს (თუ ისინი სისტემაში სტუმრის სტატუსით შესვლის შემდეგ, დამატებით გაივლიან ავტორიზაციას Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით) აქვთ შესაძლებლობა, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, წარადგინონ მოსაზრება შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სიკეთე(ებ)ს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს შესყიდვის პროცედურები, რაზეც იგი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიმართავს სააგენტოს ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 6. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის ცნობება

1. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამისად, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებისა და მომართვის სააგენტოში წარდგენის შესახებ.

2. საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრულ ინფორმაციას წარუდგენს, შესაბამისად, დამფუძნებელს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელს ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა ან წილის 100%-იან მმართველს.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას წარუდგენს, შესაბამისად, დამფუძნებელს ან კონტროლის განმახორციელებელ პირს ან ორგანოს.

4. ინფორმაციას არ წარადგენს ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰყავს, შესაბამისად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, თანამდებობის პირი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

 

მუხლი 7. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი მომართვა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რის შედეგადაც, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ.

2. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას აგრეთვე იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე დაინტერსებული პირების მიერ გამოხატულ მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის დაზუსტება, თუ იგი არ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებითა და დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ შეიცავს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციას ან დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას ენიჭება სტატუსი „დასაზუსტებელია“.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის დასაზუსტებლად განესაზღვრება ერთი სამუშაო დღე, რა პერიოდშიც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება ჩერდება. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დადგენილ ვადაში არ დააზუსტებს მომართვას, მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განუხილველი“, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დააზუსტებს მომართვას, მას ავტომატურად უბრუნდება სტატუსი „განიხილება“. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვა განუხილველი რჩება აგრეთვე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არასრულყოფილად დააზუსტებს მომართვას, რა დროსაც მას მიენიჭება სტატუსი „განუხილველი“.

5. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო დასაბუთებულ უარს უცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციას თანხმობის მიცემაზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცის მომართვას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“.

6. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ წარდგენილი მომართვა აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცის მომართვას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“.

7. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გაიხმოს მომართვა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცის მომართვას ენიჭება სტატუსი „გახმობილია“.

8. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების უფლება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს თანხმობის მიღების შემთხვევაში.

9. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მომართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ.

10. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უარს განაცხადებს თანხმობის გაცემაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, დადოს ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და იგი ვალდებულია, შესყიდვა განახორციელოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

11. ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო, ამ მუხლით დადგენილი წესით, ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების კანონიერებას. კანონიერების დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მართლზომიერად ცნობს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „თანხმობა გაცემულია“), ხოლო დაუდასტურებლობის შემთხვევაში – მოსთხოვს შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის დაწყებული პროცედურების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და მისი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვას (რა დროსაც მომართვას ენიჭება სტატუსი „უარყოფილია“). ამასთან, შემყიდველ ორგანიზაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

12. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გასაჩივრება არ იწვევს სააგენტოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

 

მუხლი 8. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კანონის პრინციპების დაცვა

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული პრინციპები, აგრეთვე მე-8 მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის პირობები.

 

მუხლი 9. ხელშეკრულების დადება

1. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება იდება ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებისა და მიმწოდებელთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებისას აგრეთვე დაცული უნდა იყოს ის პირობები, რომლებზეც სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე გასცა თანხმობა.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება უნდა დადოს სააგენტოს თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში.

4. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

5. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების CMR მოდულში ატვირთვისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს მისი წერილობითი შეტყობინების სისტემის SMP მოდულში რეგისტრაციის ნომერი. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცის მომართვას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“.

6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, სააგენტოს თანხმობის მოპოვების მიუხედავად, არ დადებს ხელშეკრულებას, იგი ვალდებულია, ატვირთოს დასაბუთებული განმარტება შესყიდვის განუხორციელებლობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვას ენიჭება სტატუსი „არ დაიდო ხელშეკრულება“.

 

მუხლი 10. ხელშეკრულების პირობები

1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.

2. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის სისტემის SMP მოდულში რეგისტრაციის ნომერს – თუ გამარტივებული შესყიდვა თანხმდება სააგენტოსთან;

გ) გამარტივებული შესყიდვის სამართლებრივ საფუძველს – კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას;

დ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

ე) ხელშეკრულების ღირებულებას;

ვ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას;

ზ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

თ) წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

ი) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას;

კ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.

4. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისთვის, მომსახურების გაწევისთვის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

5. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამარტივებული შესყიდვებისას;

ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვისას;

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისას;

დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით სახელმწიფო შესყიდვისას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს სახელმწიფო შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;

გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;

დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.

7. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული შესყიდვის (ხელშეკრულების) მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ მუხლის, ასევე, ამ წესის მე-11–მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს ამ წესის მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია.

10. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

მუხლი 11. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-მდე ოდენობით.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი.

3. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას შესაძლებელია წარედგინოს ხელშეკრულების დადების შემდეგ.

5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ გარანტიაზე, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს.

6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

 

მუხლი 12. ანგარიშსწორების პირობები

1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულებით.

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისებისა.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. საამისოდ ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული წინასწარ გადასახდელი თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ)  კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 30 000 000 მილიონ ლარს. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით;

გ) თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი;

დ) მიმწოდებლის პასუხისმგებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია ერთიანი გარანტიით.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების შესახებ მიმწოდებელს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე გონივრული ვადით ადრე.

5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ იყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

6. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 

მუხლი 13. ცვლილება ხელშეკრულებაში

1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და, დადგენილი წესით, აიტვირთოს სისტემის CMR მოდულში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

მუხლი 14. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, გასაწევი ან/და გაწეული მომსახურების, შესრულებული ან/და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ვალდებულების შესრულების ვადების დაცვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

3. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

4. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტი მიიღება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მათ ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.

6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრასთან და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.

 

მუხლი 15. ალტერნატიული შესყიდვა

1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვისას, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს შესყიდული საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისაგან.

2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი იმ საკომუნიკაციო მომსახურებისა, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.

3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აცნობოს ამის თაობაზე მიმწოდებელს, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება იმ საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.

 

მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ამოქმედებამდე გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ინარჩუნებს ძალას.

2. 2015 წლის 1 მარტამდე დადებული ხელშეკრულების შესრულებისას წარმოშობილი შეცვლილი გარემოებებით (ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა ან/და რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები) გამოწვეული მიმწოდებლის ხარჯის ზრდის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდის საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-7–მე-11 პუნქტები.

 


15. 13/04/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 40 - ვებგვერდი, 13/04/2023 14. 13/04/2022 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 34 - ვებგვერდი, 13/04/2022 13. 25/02/2021 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 25 - ვებგვერდი, 26/02/2021 12. 23/02/2021 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 24 - ვებგვერდი, 24/02/2021 11. 29/12/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 17 - ვებგვერდი, 30/12/2020 10. 22/01/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 8 - ვებგვერდი, 23/01/2020 9. 20/09/2018 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 9 - ვებგვერდი, 21/09/2018 8. 07/03/2018 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 5 - ვებგვერდი, 07/03/2018 7. 06/07/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 31 - ვებგვერდი, 07/07/2017 6. 15/06/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 21 - ვებგვერდი, 16/06/2017 5. 02/11/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 15 - ვებგვერდი, 03/11/2016 4. 22/07/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 9 - ვებგვერდი, 26/07/2016 3. 30/03/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 4 - ვებგვერდი, 01/04/2016 2. 10/12/2015 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 26 - ვებგვერდი, 11/12/2015 1. 29/10/2015 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 15 - ვებგვერდი, 30/10/2015