არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.290.000.05.001.000.278
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1012
28/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.290.000.05.001.000.278
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/09/2023 - 30/11/2023)

საქართველოს კანონი

 

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის საფუძველზე ეს კანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებასა და სამხედრო ვალდებულებას შორის გონივრულ და ჰუმანურ კომპრომისს.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

     მუხლი 21. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საპატიო მიზეზი – პირის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, პირის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც პირს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. პირის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ბ) სახელმწიფო კომისიის დასკვნა − არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა, რომლის საფუძველზედაც შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას;

გ) სახელმწიფო კომისია − არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია;

დ) გამწვევი კომისია − თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი გამწვევი კომისია.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის გავლის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების საფუძველზე.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ხასიათი სამხედრო სამსახურში არსებულ სირთულეებს უნდა შეესაბამებოდეს.

3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში პირთა გაწვევას ახორციელებს სახელმწიფო კომისია.

4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიების მსგავსი სოციალური დაცვის გარანტიებით. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიები და მათი შესრულების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა შრომით სტაჟში ეთვლება.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში პირთა გაწვევა

მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში  გაიწვევა:

ა) პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურის გავლაზე;

ბ) სასულიერო პირი.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

       მუხლი 5. სპეციალიზებული სფეროები არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად და მისი გავლის ადგილები

1. პირი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ სფეროებში:

ა) საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სფეროში;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ სფეროებში;

გ) პროგრამირების, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) და ნავიგაციის მიმართულებებით, აგრეთვე სხვა ტექნიკური დარგების დამხმარე სფეროებში;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, სამედიცინო პერსონალის დამხმარე სფეროებში;

ე) ჰუმანიტარული და სოციალური ტიპის დამხმარე სფეროებში.

2. სახელმწიფო კომისიის მიერ მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უპატრონოდ დარჩენილი პირებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სოციალურად დაუცველი პირების მოვლა-პატრონობაში პირის ჩაბმა მიიჩნევა მის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლად.

3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სპეციალიზებული სფეროების გათვალისწინებით დადგენილებით განსაზღვრავს იმ სუბიექტებისა და სამუშაო ადგილების ნუსხას, სადაც პირმა უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.

4. საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პირმა, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, განახორციელოს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია ან შეასრულოს სეზონური სამუშაო მოსავლის აღების დროს ან იგი დასაქმდეს სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე.

5. პირის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახეობას და სამუშაო ადგილს, სადაც მან უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, შესაბამისი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი სათანადო მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრავს სახელმწიფო კომისია.

6. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1384  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2626  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3584  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4072 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 6. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა და უფლებამოსილი სამინისტრო

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 18 თვე.

[ 1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა 11 თვეა.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დასაწყისად ითვლება შესაბამისი მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი.

3. პირთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილი სამინისტრო, ხოლო აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელი არის ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი მინისტრი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

 

თავი II. სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის თანამიმდევრობა

      მუხლი 7.  განცხადება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

პირი, რომელმაც უნდა გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და რომელსაც შესაბამისი ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოსახდელად აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს გამწვევ კომისიას განცხადებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 8. გამწვევი კომისიის მიერ განცხადებების განხილვა

1. (ამოღებულია - 21.09.2023, №3502).

2. განმცხადებელს უფლება აქვს, დაესწროს გამწვევი კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.

3. გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს პირის განცხადება და იგი მის სააღრიცხვო ბარათთან ერთად, საბოლოო დასკვნის გამოსატანად სახელმწიფო კომისიას გაუგზავნოს.

4. სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს პირის განცხადებისა და სააღრიცხვო ბარათის მიღებიდან 3 თვის ვადაში.

5. სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას.

6. თუ სახელმწიფო კომისია განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადებით დასკვნას გამოიტანს, ხოლო შესაბამისი მინისტრი სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და სათანადო ბრძანებას გამოსცემს, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

     მუხლი 9. გამწვევი კომისია

გამწვევი კომისია ადგენს პირის სააღრიცხვო ბარათს.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

      მუხლი 10. სახელმწიფო კომისია

1. სახელმწიფო კომისია:

ა) პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გამოიტანს დასკვნას;

ბ) უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად პირთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე განაწილებას;

გ) იხილავს პირის განცხადებასა და საჩივარს;

დ) იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ცვლილების საკითხზე;

ე) იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, იღებს ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი მინისტრის ბრძანებით.

2. სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს, ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სფეროებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაბამის სუბიექტებს შესთავაზოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად შერჩეულ პირთა კანდიდატურები.

3. შესაბამისი სუბიექტები სახელმწიფო კომისიას ყოველწლიურად აწვდიან სათანადო მონაცემებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 101 . არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში პირთა გაწვევის  ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო კომისიის მუშაობას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს უფლებამოსილი სამსახური.

2. უფლებამოსილი სამსახური ვალდებულია განახორციელოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ეფექტიანობის მონიტორინგი.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 11. სადავო საკითხის გადაწყვეტა

1. პირს, რომელსაც უარი ეთქვა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია შესაბამისი მინისტრის ბრძანება (გადაწყვეტილება) მისი ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების მომენტიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ვადის დადგომამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის გადაწყვეტილების გამოძახებული პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ პუნქტით დადგენილი თანამიმდევრობით:

ა) გადაწყვეტილების (მათ შორის, ზეპირი გადაწყვეტილების) გამოძახებული პირისთვის გაცნობა/გამოცხადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ;

ბ) გადაწყვეტილების გამოძახებული პირისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;

გ)  გადაწყვეტილების გამოძახებული პირისთვის ჩაბარება კომუნიკაციის ტექნიკური ან სხვა საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით;

დ) გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროდ ქვეყნდება ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე, გამოძახებული პირისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოძახებული პირისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზეპირი გადაწყვეტილება წერილობით გამოიცემა მისი მიღების დღესვე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

 

თავი III. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა

     მუხლი 12. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა

1. სახელმწიფო კომისია პირს გადასცემს გაწვევის შესახებ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი და სამსახურში გამოცხადების თარიღი.

2. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისთვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოს იმ პირის სპეციალური მომზადება, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში გაივლის. სწავლის დრო პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში ეთვლება.

3. ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სფეროებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაბამის სუბიექტებს, რომლებმაც სახელმწიფო კომისიას სათანადო მოთხოვნები გაუგზავნეს, არ აქვთ უფლება, სამსახურში მიღებაზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც გამოცხადდნენ სახელმწიფო კომისიის მიერ გაცემული გაწვევის შესახებ დოკუმენტის ან შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

4. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი სამსახური შესაბამის, დაინტერესებულ სუბიექტთან დებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების თაობაზე ხელშეკრულებას.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2626  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი 

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. 

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1384  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2626  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4072 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

     მუხლი 14. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს

1. პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

2. პირი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც წესი, გადის თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე ეძლევა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით, ნამუშევარი დღეების პროპორციულად.

4. პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, არ აქვს უფლება, ეკავოს ხელმძღვანელი ან მატერიალურად პასუხსაგები თანამდებობა, შესაბამის სუბიექტს მოსთხოვოს უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება (ხელფასი), მონაწილეობა მიიღოს გაფიცვაში.

5. შესაბამის სუბიექტს სახელმწიფო კომისიასთან შეუთანხმებლად არ აქვს უფლება, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან გაათავისუფლოს ან სხვა სამსახურში გადაიყვანოს.

6. პირი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობის დროს მხოლოდ დამხმარე ფუნქციებსა და მოვალეობებს ასრულებს.

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2626  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

     მუხლი 15. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში

1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო წახალისებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესები − საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული წახალისების სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია:

ა) გაფრთხილება ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება;

ბ) შრომის ანაზღაურების (ხელფასის) 50 პროცენტამდე დაქვითვა ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

     მუხლი 16. პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები

1. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. პირს საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენილი დღეები არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში არ ჩაეთვლება.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

     მუხლი 17. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა

1. პირი, რომელმაც დაამთავრა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური (დაასრულა მისი გავლის ვადა), ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში.

2. პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, ვალდებულია დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.

3. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ვადამდე იქნეს დათხოვნილი სამსახურიდან იმ მიზეზით, რომლითაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვადამდე დაითხოვება პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან, ან იგი შეიძლება პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა სამხედრო სამსახურის ვადაში არ ჩაეთვლება.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1255 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

     მუხლი 18. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი

1. პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, მის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე.

2. პირი, რომელიც ჩაირიცხა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, შეიძლება გაწვეულ იქნეს არასაბრძოლო მიზნებისთვის − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, აგრეთვე მობილიზაციის დროს.

3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის აღრიცხვას, გაწვევას, გამოძახებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი საბრძოლო მომზადების გავლას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის  კანონი №2039  – ვებგვერდი, 26.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3584  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

 

თავი III1. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

    მუხლი 181. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნეს.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და განახორციელოს ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებები.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

    მუხლი 182 . ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების იურიდიული ძალის შენარჩუნება

საქართველოს მთავრობის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრა არ იწვევს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების ავტომატურ შეწყვეტას.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

   მუხლი 183. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 

1. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა.

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2626  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4071 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

     მუხლი 184. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები გარდამავალ პერიოდში

1. 2024 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით განსაზღვრული გამწვევი კომისიის უფლებებს ახორციელებს და მის მოვალეობებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისია.

2. პირი, რომელმაც უნდა გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და რომელსაც შესაბამისი ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოსახდელად აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო  სამსახურში გაწვევის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 დღის ვადაში სათანადო განცხადებით მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევ კომისიას.

3. პირი, რომელიც 2024 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში აღრიცხვაზე დასადგომად.

4. 2025 წლის 1 იანვრამდე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა 12 თვეა.

5. პირი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გავლილი აქვს 12 თვის ვადით, დათხოვნილი იქნება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 20. ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 435);

ბ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 436);

გ) „მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დროებითი დებულების სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 437);

დ) „მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დროებითი დებულება“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 438).

    მუხლი 21. მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1998 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

ა) მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულება და შემადგენლობა;

ბ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულება.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრა.

3. უფლებამოსილმა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აქტების გამოცემამდე მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

№1012–Iს

14. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3816-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 13. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3502-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 12. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4071-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 11. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4072-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 10. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3584-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 9. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2626-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 8. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2039-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 7. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1255-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 6. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2557-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 5. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1384-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4962-რს - ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011 3. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4304 - სსმ, 51, 31/12/2006 2. 18/05/2002 - საქართველოს კანონი - 1468 - სსმ, 15, 03/06/2002 1. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 644 - სსმ, 49, 18/12/2000