არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.290.000.05.001.000.278
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1012
28/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.290.000.05.001.000.278
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/09/2013 - 29/07/2014)

 

საქართველოს კანონი

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის საფუძველზე ეს კანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებასა და სამხედრო ვალდებულებას შორის გონივრულ და ჰუმანურ კომპრომისს.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური თავისი ხასიათით უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში არსებულ სირთულეებს. მისი ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ გაწვევით სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობას.

3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას აწარმოებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია.

4. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, და მისი ოჯახი სარგებლობენ გაწვევით სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით.

5. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადა მოქალაქეს ეთვლება საერთო და სპეციალურ შრომით სტაჟში. მის სოციალურ დაცვას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ყოფნისას უზრუნველყოფს კანონმდებლობა.

    მუხლი 4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი მოქალაქე

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიწვევენ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე.

    მუხლი 5. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახეები და გავლის ადგილები

1. მოქალაქე არსამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:

ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში;

ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;

გ) ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ;

დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში;

ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში.

2. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მიერ მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილი და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობისათვის საქართველოს მოქალაქეების გამწესება ჩაითვლება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად.

3. მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს სხვა სამსახურებსა თუ არასამხედრო-შრომით ფორმირებებშიც, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს საქართველოს სამხედრო ძალების სამშენებლო, სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე.

4. საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება დასაქმდეს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაზე, მოსავლის აღების დროს სეზონურ სამუშაოზე და სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე.

5. შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაინტერესებული ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ადგენს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია, რომლის კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონით და მის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებით.

6. მოქალაქეს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს ეძლევა შესაბამისი საბუთი, რომელშიც აღნიშნულია შრომის სახეობა და ადგილი, სადაც მან უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1384  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 6. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა და უფლებამოსილი სამინისტრო

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 18 თვე.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დასაწყისად ითვლება შესაბამისი მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი.

3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული უფლებამოსილი სამინისტრო, ხოლო ამ სამინისტროს ხელმძღვანელი არის ამ კანონით განსაზღვრული „შესაბამისი მინისტრი“.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

 

თავი II. სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის თანამიმდევრობა

    მუხლი 7. განცხადება სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

მოქალაქე, რომელმაც უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და აქვს ამ ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში განცხადებით მიმართოს თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევ კომისიას.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 8. განცხადების განხილვა გამწვევი კომისიის მიერ

1. თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია შეისწავლის წვევამდელის პირად საქმეს და მოიძიებს მასალებს, რომლებითაც დასტურდება მის მიერ მოყვანილი არგუმენტის სისწორე.

2. განმცხადებელს უფლება აქვს, დაესწროს თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.

3. თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც მის პირად საქმესთან ერთად საბოლოო დასკვნისათვის ეგზავნება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას.

4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს მოქალაქის განცხადების, პირადი საქმისა და თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიის დასკვნის მიღებიდან ერთ თვეში.

5. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ბრძანებას გამოსცემს შესაბამისი მინისტრი მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

6. თუ კომისია დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ხოლო შესაბამისი მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 9. თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია

თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია ადგენს მოქალაქის პირად საქმეს.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 10. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია

1. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია:

ა) უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად მოქალაქის გაგზავნას კომისიის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილზე;

ბ) აწარმოებს მოქალაქის გაწვევას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში;

გ) ხელმძღვანელობს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებას და აკონტროლებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის, მისი გავლისა და ორგანიზების სფეროებში თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიის მუშაობას;

დ) დაინტერესებული ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად ადგენს შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ე) ანაწილებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილებს;

ვ) იხილავს თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიიდან, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიიდან შემოსულ განცხადებებსა და მოქალაქეთა საჩივრებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

თ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

2. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს, აგრეთვე საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს (საკუთრების ფორმის მიუხედავად) შესთავაზოს მუშახელი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის.

3. საქართველოს სამინისტროები და უწყებები, აგრეთვე საწარმოები, ორგანიზაციები დაწესებულებები (საკუთრების ფორმის მიუხედავად), დაინტერესების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ყოველწლიურად მიაწოდონ მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას სათანადო მონაცემები არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 101 . არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის  ორგანიზაციული უზრუნველყოფა

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს უფლებამოსილი სამინისტროს კომპეტენტური სამსახური.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 11. სადავო საკითხების გადაწყვეტა

მოქალაქეს, რომელსაც უარი ეთქვა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია 10 დღის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი მინისტრის ბრძანება. სასამართლო ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მინისტრის ბრძანების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

 

თავი III. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა

    მუხლი 12. მოქალაქის გაწვევა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში

1. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია აფორმებს წვევამდელს და აძლევს გაწვევის საბუთს, სადაც აღნიშნულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი და გამოცხადების თარიღი.

2. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. სწავლის დრო მას ეთვლება არასამხედრო სამსახურად.

3. საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების ადმინისტრაციას, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას, არა აქვს უფლება უარი უთხრას მიღებაზე მოქალაქეს, რომელიც გამოცხადდა კომისიის მიერ გაცემული გაწვევის საბუთით.

4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე კომპეტენტური სამსახური არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოქალაქის დასაქმების შესახებ ხელშეკრულებას დებს დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

    მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1384  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 14. იმ მოქალაქის უფლებები, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს

1. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

2. მოქალაქე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც წესი, გადის თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. მოქალაქეს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, არა აქვს უფლება ეკავოს ხელმძღვანელი ან მატერიალურად პასუხსაგები თანამდებობა, მოსთხოვოს ადმინისტრაციას უფრო მაღალი ხელფასი, მონაწილეობა მიიღოს გაფიცვებში.

4. ადმინისტრაციას, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიასთან შეუთანხმებლად, უფლება არა აქვს გაანთავისუფლოს ან გადაიყვანოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურე სხვა სამსახურში.

    მუხლი 15. პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას

მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სამართალდარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 16. პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდებისათვის

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება, სამსახურის შეწყვეტა, საპატიო მიზეზის გარეშე სამუშაო ადგილის მიტოვება, გაცდენა ან გამოუცხადებლობა არასამხედრო სამსახურის გასავლელად დანიშვნის, გადაყვანის, მივლინებაში გაგზავნის, შვებულებიდან ან საავადმყოფოდან დაბრუნების დროს, ისჯება გაცდენილი დღეების გაორმაგებით. ამ გადაწყვეტილების მიღების და გაფორმების უფლება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმებით აქვს იმ საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც მოქალაქე გადის არასამხედრო სამსახურს.

2. შრომის დისციპლინის სისტემატური დარღვევისათვის ადმინისტრაციას შეუძლია მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადა გაუხანგრძლივოს 3 თვით, რის შესახებაც 10 დღის განმავლობაში აცნობებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას.

    მუხლი 17. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა

1. მოქალაქე, რომელსაც გაუვიდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის ამ კანონით დაწესებული ვადა, სამსახურიდან თავისუფლდება და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის თადარიგში.

2. მოქალაქე, რომელიც განთავისუფლდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში გამოცხადდეს თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.

3. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ვადამდე დაითხოვონ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ვადამდე ითხოვენ სამხედრო სამსახურიდან, ან შეიძლება პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან გადაიყვანონ სამხედრო სამსახურში. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში უკვე გავლილი ვადა სამხედრო სამსახურად არ ჩაითვლება.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 18. სამსახური რეზერვში

1. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რეზერვში ირიცხება 50 წლის ასაკამდე.

2. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და ჩარიცხულია რეზერვში, შეიძლება გაიწვიონ სტიქიური უბედურებების და ავარიების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებზე, ასევე მობილიზაციის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. გაწვევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

 

თავი III1. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

    მუხლი 181. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნეს.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და განახორციელოს ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებები.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

    მუხლი 182 . ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების იურიდიული ძალის შენარჩუნება

საქართველოს მთავრობის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრა არ იწვევს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების ავტომატურ შეწყვეტას.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 20. ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 435);

ბ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 436);

გ) „მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დროებითი დებულების სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 437);

დ) „მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დროებითი დებულება“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 438).

    მუხლი 21. მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1998 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

ა) მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულება და შემადგენლობა;

ბ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულება.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრა.

3. უფლებამოსილმა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აქტების გამოცემამდე მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

№1012–Iს

12. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4071-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 11. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4072-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 10. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3584-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 9. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2626-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 8. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2039-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 7. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1255-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 6. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2557-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 5. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1384-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4962-რს - ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011 3. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4304 - სსმ, 51, 31/12/2006 2. 18/05/2002 - საქართველოს კანონი - 1468 - სსმ, 15, 03/06/2002 1. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 644 - სსმ, 49, 18/12/2000
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.