არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • Word
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.290.000.05.001.000.278
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1012
28/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.290.000.05.001.000.278
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/11/1997 - 05/12/2000)

�საქართველოს კანონი

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. კანონის მიზანი

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის საფუძველზე ეს კანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებასა და სამხედრო ვალდებულებას შორის გონივრულ და ჰუმანურ კომპრომისს.

��� მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

��� მუხლი 3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური თავისი ხასიათით უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში არსებულ სირთულეებს. მისი ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ გაწვევით სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობას.

3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას აწარმოებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია.

4. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, და მისი ოჯახი სარგებლობენ გაწვევით სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით.

5. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადა მოქალაქეს ეთვლება საერთო და სპეციალურ შრომით სტაჟში. მის სოციალურ დაცვას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ყოფნისას უზრუნველყოფს კანონმდებლობა.

��� მუხლი 4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი მოქალაქე

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიწვევენ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე.

��� მუხლი 5. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახეები და გავლის ადგილები

1. მოქალაქე არსამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:

ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში;

ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;

გ) ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ;

დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში;

ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში.

2. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მიერ მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილი და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობისათვის საქართველოს მოქალაქეების გამწესება ჩაითვლება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად.

3. საქართველოს მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს სხვა სამსახურებსა თუ არასამხედრო-შრომით ფორმირებებშიც, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება დასაქმდეს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაზე, მოსავლის აღების დროს სეზონურ სამუშაოზე და სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე.

5. შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაინტერესებული ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ადგენს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია, რომლის კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონით და მის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებით.

6. მოქალაქეს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს ეძლევა შესაბამისი საბუთი, რომელშიც აღნიშნულია შრომის სახეობა და ადგილი, სადაც მან უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.

��� მუხლი 6. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 36 თვე.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დასაწყისად ითვლება გაწვევის ადგილიდან მიღებულ საბუთში მითითებული თარიღი.

თავი II

სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის თანამიმდევრობა

��� მუხლი 7. განცხადება სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

მოქალაქე, რომელმაც უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება და აქვს სამხედრო სამსახურის გაუვლელობის ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში განცხადებით მიმართავს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიას.

��� მუხლი 8. განცხადების განხილვა გამწვევი კომისიის მიერ

1. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია შეისწავლის წვევამდელის პირად საქმეს და მოიძიებს მასალებს, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მოყვანილი არგუმენტის სისწორეს.

2. განმცხადებელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.

3. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა.

4. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია ვალდებულია განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში მოქალაქის განცხადება და კომისიის დასკვნა შესაბამის მასალებთან ერთად გადაუგზავნოს გადაწყვეტილების მისაღებად მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას.

5. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისიის დასკვნისა და მოქალაქის განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში, იღებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია.

6. თუ კომისია დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ის ჩაირიცხება არასამხედრო სამსახურში.

��� მუხლი 9. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია

რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია ადგენს მოქალაქის პირად საქმეს.

��� მუხლი 10. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია

1. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია:

ა) უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად მოქალაქის გაგზავნას კომისიის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილზე;

ბ) აწარმოებს მოქალაქის გაწვევას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში;

გ) ხელმძღვანელობს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაციას და არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურში გაწვევის, გავლის და ორგანიზაციის სფეროში აკონტროლებს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიათა მუშაობას;

დ) დაინტერესებული ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად ადგენს შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ე) ანაწილებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილებს;

ვ) იხილავს რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისიიდან შემოსულ განცხადებებსა და მოქალაქეთა საჩივრებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

თ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის ან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან სამხედრო სამსახურში გადაყვანის საკითხზე.

2. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს, აგრეთვე საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს (საკუთრების ფორმის მიუხედავად) შესთავაზოს მუშახელი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის.

3. საქართველოს სამინისტროები და უწყებები, აგრეთვე საწარმოები, ორგანიზაციები დაწესებულებები (საკუთრების ფორმის მიუხედავად), დაინტერესების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ყოველწლიურად მიაწოდონ მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას სათანადო მონაცემები არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ.

��� მუხლი 11. სადავო საკითხების გადაწყვეტა

მოქალაქეს, რომელსაც უარი ეთქვა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია 10 დღის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლო ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს საკითხი და გამოიტანოს გადაწყვეტილება კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

თავი III

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა

��� მუხლი 12. მოქალაქის გაწვევა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში

1. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია აფორმებს წვევამდელს და აძლევს გაწვევის საბუთს, სადაც აღნიშნულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი და გამოცხადების თარიღი.

2. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. სწავლის დრო მას ეთვლება არასამხედრო სამსახურად.

3. საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების ადმინისტრაციას, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას, არა აქვს უფლება უარი უთხრას მიღებაზე მოქალაქეს, რომელიც გამოცხადდა კომისიის მიერ გაცემული გაწვევის საბუთით.

4. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოქალაქის დასაქმების თაობაზე დებს ხელშეკრულებას დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან.

��� მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით.

��� მუხლი 14. იმ მოქალაქის უფლებები, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს

1. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

2. მოქალაქე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც წესი, გადის თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. მოქალაქეს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, არა აქვს უფლება ეკავოს ხელმძღვანელი ან მატერიალურად პასუხსაგები თანამდებობა, მოსთხოვოს ადმინისტრაციას უფრო მაღალი ხელფასი, მონაწილეობა მიიღოს გაფიცვებში.

4. ადმინისტრაციას, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიასთან შეუთანხმებლად, უფლება არა აქვს გაანთავისუფლოს ან გადაიყვანოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურე სხვა სამსახურში.

��� მუხლი 15. პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას

მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სამართალდარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

��� მუხლი 16. პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდებისათვის

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება, სამსახურის შეწყვეტა, საპატიო მიზეზის გარეშე სამუშაო ადგილის მიტოვება, გაცდენა ან გამოუცხადებლობა არასამხედრო სამსახურის გასავლელად დანიშვნის, გადაყვანის, მივლინებაში გაგზავნის, შვებულებიდან ან საავადმყოფოდან დაბრუნების დროს, ისჯება გაცდენილი დღეების გაორმაგებით. ამ გადაწყვეტილების მიღების და გაფორმების უფლება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმებით აქვს იმ საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც მოქალაქე გადის არასამხედრო სამსახურს.

2. შრომის დისციპლინის სისტემატური დარღვევისათვის ადმინისტრაციას შეუძლია მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადა გაუხანგრძლივოს 3 თვით, რის შესახებაც 10 დღის განმავლობაში აცნობებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას.

��� მუხლი 17. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა

1. მოქალაქე, რომელსაც გაუვიდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის ამ კანონით დაწესებული ვადა, სამსახურიდან თავისუფლდება და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის თადარიგში.

2. მოქალაქე, რომელიც განთავისუფლებულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, მოვალეა ვადის გასვლიდან 5 დღეში გამოცხადდეს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიაში აღრიცხვაზე დასადგომად. ამის შესახებ გამწვევი კომისია აკეთებს სათანადო ჩანაწერს მის სააღრიცხვო ბარათში.

3. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ვადამდე დაითხოვონ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ვადამდე ითხოვენ სამხედრო სამსახურიდან, ან შეიძლება პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან გადაიყვანონ სამხედრო სამსახურში. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში უკვე გავლილი ვადა სამხედრო სამსახურად არ ჩაითვლება.

��� მუხლი 18. სამსახური რეზერვში

1. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რეზერვში ირიცხება 50 წლის ასაკამდე.

2. მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და ჩარიცხულია რეზერვში, შეიძლება გაიწვიონ სტიქიური უბედურებების და ავარიების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებზე, ასევე მობილიზაციის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. გაწვევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

��� მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

��� მუხლი 20. ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ� საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე� საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 435);

ბ) �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ� საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 436);

გ) �მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დროებითი დებულების სამოქმედოდ შემოღების თაობაზე� საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 437);

დ) �მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დროებითი დებულება� (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 438).

��� მუხლი 21. მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხა

1. საქართველოს პრეზიდენტმა 1997 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი �აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1998 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

ა) მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულება და შემადგენლობა;

ბ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულება.

 

საქართველოს პრეზიდენტი �� ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

№1012�Iს

14. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3816-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 13. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3502-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 12. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4071-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 11. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4072-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 10. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3584-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 9. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2626-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 8. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2039-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 7. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1255-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 6. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2557-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 5. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1384-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4962-რს - ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011 3. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4304 - სსმ, 51, 31/12/2006 2. 18/05/2002 - საქართველოს კანონი - 1468 - სსმ, 15, 03/06/2002 1. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 644 - სსმ, 49, 18/12/2000