საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017504
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
337
13/12/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
010240030.10.003.017504
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/12/2013 - 26/12/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2013 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართ­ვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქცი­ით.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართ­ვე­­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამარ­თ­ლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2014 წლის 1 იანვრამდე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებები


მუხლი 1

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში ‑ სამი­ნის­ტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გასა­მ­ხედროებული სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსი­ლებების ფა­რ­გლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარ­ღვევაზე რეაგი­რე­ბის ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლ­წეს­რიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს.

2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.  

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამი­ნისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუ­კიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუ­წ­ყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქ­მედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10.

მუხლი 2

1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წი­ნაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკის­რებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართ­ველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლი­ცი­ის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება,  საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვე­დანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველო­ბის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქარ­თველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

მუხლი 3

სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალ­დარღვევათა, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მიზნებისა და მოქმედებების გამო­ვ­ლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა.

მუხლი 4

სამინისტროს ამოცანებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვერენი­ტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური, სამხე­დ­რო პოტენციალის და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძი­ებათა განხორციელება და სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა;

ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავ­რ­დებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზ­რუნ­ველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდ­ნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი  და დამნაშავე­ო­ბასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;

გ) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პრო­გ­ნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მიწოდება;

დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების  მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;

ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაც­ვა;

კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა;

მ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა;

ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი;

ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;

პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება;

ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილე­ბისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორ­ციელება;

რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი;

ს) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუა­ციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომა­რე­ობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და ამ მიზ­ნით სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გაცემა;

ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწ­ყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვა­ლებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწ­ნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;

უ) ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების დაცვა;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გან­ხო­რციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული და­ნიშ­ნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღ­ლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად;

ქ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება;

ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუ­ტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთია­ნი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა;

ჩ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსა­დაზვერვო საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვე­რ­ვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღ­კვე­თის მიზნით;

ც) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარ­მოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორ­მისა, აგრეთვე დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც და­იშ­ვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან;

ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;

წ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სა­ფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმიანო­ბით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვ­რებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების, აგრეთ­ვე საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა  უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფა;

ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთა­ნამ­შ­რომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონ­მდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყ­ნე­ბის შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა;

ჰ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;

1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონ­მდებ­ლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;

2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორ­ციელება.

თავი III. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები

მუხლი 5

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდ­გომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრი:

ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სა­კითხებს;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარ­მომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინი­ჭების ან/და დელეგირების შესახებ;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საე­რთა­შორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებ­რივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრუ­ლებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განე­კუ­თვნება;

დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწ­ყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტო­რიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანო­ნით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირ­თა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსა­ხურებრივ ზედამხედველობას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანა­ყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამი­ნის­ტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს;

ვ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვ­რო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დის­ციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს;

ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახს­რე­ბის მიზნობრივი გამოყენებისათვის; ახორციელებს სამინისტროს მმარ­თ­ვე­ლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტ­როს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;

ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვი­თარების დროს  უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზი­დენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორ­მა­ტი­ული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს;

ო) ქმნის სათათბირო ორგანოს ‑ კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სა­თათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობასა და საქმია­ნობის წესს, ხელმძღვანელობს მათ მუშაობას;

პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილე­ებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქ­მედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სა­ქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პრე­მიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებუ­ლებებსა და ორგანოებში ნიშნავს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებს;

რ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახუ­რე­თათვის;

ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთა­შორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთა­შო­რისო ხელშეკრულებებს;

ტ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტ­როს საქმიანობის შესახებ;

ფ) ამტკიცებს:

ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სის­ტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებუ­ლე­ბებს;

ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას;

ფ.გ) შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსა­ხურის გავლის წესსა და სამი­ნისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას;

ფ.დ) დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას, რომელსაც შეი­მუშავებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით;

ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად;

ფ.ვ) სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს;

ფ.ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიული სახელმწი­ფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;

ფ.თ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დე­ბულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მა­რე­გულირებელ დამატებით ინსტრუქციას;

ფ.ი) სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში  საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესს;

ფ.კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა­ნა­პი­რო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს;

ფ.ლ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სა­ქარ­თველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელ­სა და ატრიბუტიკას;

ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე.

2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საქართ­ვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარ­დგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამო­სილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდი­ნაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციე­ლებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია

მუხლი 7

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

გ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი);

დ) საფინანსო‑სამეურნეო დეპარტამენტი;

ე) კადრების მთავარი სამმართველო;

ვ) საექსპერტო‑კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო;

ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;

ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

მ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო);

ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი;

ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (დეპარტამენტი);

პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი);

ჟ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი);

რ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);

ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამ­მა­რ­თველო.

მუხლი 8

სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

გ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

დ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ე) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ვ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ზ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

თ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;

კ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო;

ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.

მუხლი 9

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაც­ვის სამსახური;

დ) საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტა­მენტი;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქ­მეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.

მუხლი 10

 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცა­ნე­ბია:

ა) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინის­ტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილე­ების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკით­ხებ­ზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამო­ცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურუ­ლი ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კო­ორ­დინაცია; სამინისტროში საპროტოკოლო საქმიანობის განხორციე­ლე­ბა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტ­როს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსუ­ლი ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადე­ბა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირე­ბუ­ლი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; სასამართლოებში წარ­მომადგენლობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდო­მობის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; სამო­ქა­ლაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებე­ბის დაგეგმვა და განხორციელება; ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამ­შრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთო­ბის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრე­ტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერა­ტიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამარ­თალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციუ­ლი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქ­ტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპე­რა­ტიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმე­ბა; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურ­ნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწ­მება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარ­ჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტე­მების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სა­მი­ნისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომ­სა­ხურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სახელმ­წიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი დროული წარდგენის უზრუნველყოფა; საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დანა­ყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტ­როს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება;

ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ძირითა­დი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;

ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცა­ნებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიც­ხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურ­თი­ერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპე­ტენ­ციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენ­ზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდე­ბულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით ოპერატიული დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამი­ნის­ტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუ­ნიკა­ციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა კანონმ­დებ­ლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრ­და­ზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავი­დან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალე­ბისა და სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; გარემეთვალყურეობის უზრუნველ­ყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღო­ნის­ძი­ებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებ­ზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დაწესებულებებში, ორ­გა­ნიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი მათ შესრულებაზე, დადგენი­ლი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყო­ფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა  ოფიცრებ­ის საქმიანობაზე კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება;

კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითა­დი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმ­დეგ ბრძოლა; მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ბრალდებულთა და მსჯავრდე­ბულ­თა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; არალეგალური მიგრა­ციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ლის­წი­ნებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, თავი­სუფ­ლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და  არალეგალური მიგრა­ციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძი­ებების ორგანიზება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით გარემეთვალყურეობის, პიროვნების იდენ­ტი­ფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქა­რ­თველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგე­ნილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამარ­თალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენ­ციუ­ლი ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყ­ნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყ­ნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშო­რისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრა­მები) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზ­ღ­ვარ­გარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქ­ტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელო­ბისა­თვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყ­ნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომად­გენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებე­ბის განხორციელება; სამინის­ტ­როს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავში­რი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავა­ლებათა გაცნობის უზრუნ­ველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანე­ბებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძ­ღვანელობის დავალებების შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენ­ტ­რა­ლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ტერიტორიულ დანაყოფებში, ტერიტორი­ული დანაყოფებიდან შემოსული საგამოძიებო დავალებების შესრულება, ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანა­ლი­ზი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდი­უ-ლი დახმარების საკითხთა სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაუ­ლის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინი­რე­ბუ­ლი მოქმედებების და ერთობლივად გასატა­რებელი ღონისძიებების, ცალ­კეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტუ­რულ ღონისძიებებთან და­კავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხ­მება და შესრულების მდგო­მარეობის კონტროლი, ცენტრალური კრიმინა­ლური პოლიციის დეპარ­ტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი;

ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეი­თად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მი­კუთ­ვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპ­რო­ცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხ­ლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალ­დარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო მასშტა­ბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამართალ­დამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან;

ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშე­უხებლობის უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბა­მისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფ­ლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების და­სა­ცა­ვად; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორი­ული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წეს­რიგის დაცვის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპე­რატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენ­ციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამო­ყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილე­ბისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორცი­ელება; კომპეტენციის ფარგლებში ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილ­სადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილი­სი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონა­კვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ინ­ფრას­ტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღონისძიე­ბების განხორციელება; ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაცია, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფა; საძიებო-სამაშველო სამუშაოების და ჰუმანიტარული დახმარების ღონის­ძიე­ბების განხორციელება და კოორდინაცია; კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამობი­ლიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;

ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირი­თადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის რეფორმირების სტრატეგი­უ­ლი გეგმის შემუშავება; ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მათ საქმიანობაში თანა­მედროვე მენეჯმენტის ფორმებისა და მეთოდების დანერგვა; კანონმ­დებ­ლობის სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან მისი ჰარმონი­ზა­ციის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემაში საზოგადოების თანამონა­წი­ლეობის ფორმების შემუშავება სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშ­ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით; მსოფლიოს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების მოწინავე პრაქტიკის დანერგვის მიზნით სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საზოგადოებრივი განვითარების ადეკვატურად სამინისტროს სისტემის უწყვეტი და დინამიკური განვი­თარების გეგმის შემუშავება;

პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითა­დი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუ­ციური წყობილებისა და სუვერენიტეტის  უცხო ქვეყნის სპეციალური სამ­სახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედები­სა­გან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სახელ­მწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა;  გარემეთვალყურეობის უზრუნვე­ლ­ყოფა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძ­ვლებითა და წესით სისხლის-სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცი­ლებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორ­ციელება; განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანო­ებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, მათ მიერ მო­წო­დებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;

ჟ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცა­ნებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გა­მოძიება; საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფ­ციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;  კორუფციული სამართალ­დარ­ღვევის ჩამდენ პირთა მიმართ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარ­ღვე­ვათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონის­ძიებების განხორციელება;

რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამო­ცანებია: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამარ­თლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამო­ცანებია: დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგა­რე­თის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომ­ზადება, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საე­რთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ტ) სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენი­სა­თვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავე­ბულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორცი­ელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამი­ანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა.


40. 19/03/2026 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 116 - ვებგვერდი, 20/03/2026 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 26/12/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 594 - ვებგვერდი, 29/12/2025 38. 04/09/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 395 - ვებგვერდი, 04/09/2025 37. 15/08/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 355 - ვებგვერდი, 18/08/2025 36. 07/07/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 249 - ვებგვერდი, 08/07/2025 35. 25/06/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 232 - ვებგვერდი, 26/06/2025 34. 27/02/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 55 - ვებგვერდი, 27/02/2025 33. 21/02/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 42 - ვებგვერდი, 24/02/2025 32. 18/04/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 144 - ვებგვერდი, 18/04/2024 31. 23/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 421 - ვებგვერდი, 23/10/2023 30. 22/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 474 - ვებგვერდი, 23/09/2021 29. 29/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 278 - ვებგვერდი, 30/04/2020 28. 28/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 57 - ვებგვერდი, 30/01/2020 27. 14/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 544 - ვებგვერდი, 14/11/2019 26. 25/03/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 156 - ვებგვერდი, 26/03/2019 25. 05/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 05/02/2019 24. 22/01/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 23/01/2019 23. 31/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 448 - ვებგვერდი, 03/09/2018 22. 03/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 391 - ვებგვერდი, 06/08/2018 21. 29/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 153 - ვებგვერდი, 29/03/2018 20. 15/02/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 78 - ვებგვერდი, 16/02/2018 19. 05/02/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 57 - ვებგვერდი, 05/02/2018 18. 11/01/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 12/01/2018 17. 29/12/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 600 - ვებგვერდი, 29/12/2017 16. 22/11/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 499 - ვებგვერდი, 22/11/2017 15. 20/11/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 497 - ვებგვერდი, 20/11/2017 14. 13/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 128 - ვებგვერდი, 14/03/2017 13. 29/11/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 524 - ვებგვერდი, 30/11/2016 12. 29/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 452 - ვებგვერდი, 30/09/2016 11. 07/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 114 - ვებგვერდი, 10/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 24/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 509 - ვებგვერდი, 25/09/2015 9. 30/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 384 - ვებგვერდი, 31/07/2015 8. 25/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 221 - ვებგვერდი, 25/05/2015 7. 25/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 696 - ვებგვერდი, 26/12/2014 6. 20/10/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 593 - ვებგვერდი, 21/10/2014 5. 06/08/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 470 - ვებგვერდი, 07/08/2014 4. 14/04/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 294 - ვებგვერდი, 15/04/2014 3. 04/04/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 268 - ვებგვერდი, 07/04/2014 2. 12/03/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 221 - ვებგვერდი, 19/03/2014 1. 26/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 376 - ვებგვერდი, 27/12/2013