არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 220.030.000.05.001.001.117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1608
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
220.030.000.05.001.001.117
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/09/2015 - 28/10/2015)

საქართველოს კანონი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

 

თავი I ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;

ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;

გ) პაი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესატანი, რომელიც მის წევრს ანიჭებს ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს საკრედიტო კავშირის მიმართ;

დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა;

ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ვ) ხელმძღვანელი ორგანო – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა;

ზ) ინვესტიცია – შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში;

თ) ჭარბი ლიკვიდურობა – ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ;

ი) კომერციული ბანკი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

კ) ლიცენზია – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;

ლ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) რეზერვები – ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას;

ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები;

ო) ოჯახის წევრი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი;

პ) ახლო ნათესავი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;

ჟ) საქმიანი პარტნიორი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან – საკრედიტო კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;

რ) (ამოღებულია).

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

     მუხლი 2. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე (შემდგომში – საკრედიტო კავშირი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირებმა თავიანთ საფირმო დასახელებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა უნდა შეიტანონ ტერმინი „საკრედიტო კავშირი“. არც ერთ საკრედიტო კავშირს არა აქვს სიტყვის „ბანკი“ გამოყენების უფლება.

3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 3. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია:

ა) წევრობის ნებაყოფლობითობა;

ბ) ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება;

გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში.

2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა:

ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან;

ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე;

გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად;

დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით.

    მუხლი 4. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია

1. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

 

თავი II საკრედიტო კავშირის წევრობის პირობები, წევრთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 5. საკრედიტო კავშირის წევრად მიღება

1. საკრედიტო კავშირის წევრობა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

2. საკრედიტო კავშირის წევრად მიღებული პირი ვალდებულია საკრედიტო კავშირის წესდებით (შემდგომში – წესდება) განსაზღვრულ ვადაში და ოდენობით შეიტანოს პაი.

 

თავი III  საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობა

    მუხლი 6. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობას მართავენ საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა.

2. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა წევრები, გარდა დაქირავებული აღმასრულებელი დირექტორისა, უნდა იყვნენ იმავე საკრედიტო კავშირის წევრები. ხელმძღვანელ ორგანოში შეიძლება იყოს ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკრედიტო კავშირის ყველა წევრი ერთი ოჯახის წევრია ან მის წევრთა უმრავლესობა წარმოდგენილია ოჯახის წევრებით.

    მუხლი 7. საერთო კრება

1. საკრედიტო კავშირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული უფლებების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საკრედიტო კავშირის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საერთო კრება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც, წლიური ბალანსის სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხილვისა და დამტკიცებისათვის.

2. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა არჩევა-გადარჩევა;

გ) გამგეობის მიერ წარდგენილი საკრედიტო კავშირის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და მის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის დამტკიცება;

დ) საკრედიტო კავშირის შემოსავლების გამოყენების, აგრეთვე ზარალის დაფარვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ე) საერთო რეზერვის შექმნა, მისი მოცულობის დადგენისა და გამოყენების პროცედურების განსაზღვრა;

ვ) ფილიალების შექმნა;

ზ) საკრედიტო კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

თ) საკრედიტო კავშირის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გამოუყენებელი სახსრების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინასწარი თანხმობა.

4. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 60 პროცენტისა, ხოლო საგანგებო კრებას – 40 პროცენტისა. საერთო კრების განმეორებით მოწვევის შემთხვევაში იგი ჩაითვლება გადაწყვეტილებაუნარიანად, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. საერთო კრება მოიწვევა ერთიდან სამ კვირამდე დროის განმავლობაში, მისი მოწვევის თაობაზე წესდებით გათვალისწინებულ გაზეთში ან ამავე წესდებით განსაზღვრული სხვა საშუალებით განცხადების გამოქვეყნებით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭო

1. საკრედიტო კავშირის გამგეობის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 15 წევრისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობა;

ბ) თავისი ინიციატივით, საერთო კრების ან წევრთა 10 პროცენტის მოთხოვნით საკრედიტო კავშირის საქმიანობის შემოწმების მიზნით აუდიტის მოწვევა;

გ) საგანგებო კრების დაუყოვნებლივ მოწვევა საკრედიტო კავშირის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის ან მისი საქმიანობის მოსალოდნელი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განსახორციელებლად, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ანდა ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის უფლება არა აქვთ გამგეობის წევრებს.

5. სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის გარეშე საერთო კრებას წლიური ანგარიშის დამტკიცების უფლება არა აქვს.

6. სამეთვალყურეო საბჭო გასცემს თანხმობას გამგეობის თითოეული წევრისათვის სესხის გაცემის თაობაზე.

7. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საგანგებო კრების მოწვევამდე ხელმძღვანელი ორგანოს წევრს შეუჩეროს უფლებამოსილება.

8. გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭო იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 9. გამგეობა

1. გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისა. გამგეობას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისივე შემადგენლობიდან დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი.

2. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კომიტეტის არჩევა;

ბ) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განსაზღვრა;

გ) საკრედიტო კავშირში ახალი წევრის მიღება, წევრის უფლებამოსილების შეჩერება და გარიცხვა;

დ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება;

ე) საკრედიტო კავშირის წევრთათვის გასაწევი მომსახურების, მათ შორის, ანაბრების მიღების პირობებისა და წესების განსაზღვრა;

ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესის თანახმად;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;

თ) წლიური ანგარიშის შედგენა და მისი საერთო კრებისათვის განსახილველად წარდგენა;

ი) ინვესტიციების განხორციელების თაობაზე პროცედურების შემუშავება;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 10. საკრედიტო კომიტეტი

1. საკრედიტო კომიტეტი არის გამგეობის წინაშე ანგარიშვალდებული სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საკრედიტო კავშირის საკრედიტო საქმიანობისთვის. იგი ვალდებულია სრული ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიურად წარუდგინოს გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოს.

2. საკრედიტო კომიტეტს ირჩევს გამგეობა 2 წლის ვადით. იგი შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან, რომელთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება წესდებით.

3. საკრედიტო კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კავშირის წევრთა განცხადებების განხილვა სესხის გამოყოფის თაობაზე და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე გამგეობის წევრთა მიერ სესხის მოთხოვნის შესახებ განცხადებების განხილვა და აღნიშნულის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოსათვის წინადადებების წარდგენა;

ბ) საკრედიტო პორტფელის პერიოდული კონტროლი და განხილვა, ყველა გირაოს ან სხვა სახის უზრუნველყოფის შეფასება, ნებისმიერ სესხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, სესხის ამოღების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ზარალის ასანაზღაურებლად ზომების მიღება;

დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ე) სესხის დაბრუნების კონტროლი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. საკრედიტო კავშირის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აგრეთვე დაქირავებულ პირებს უფლება არა აქვთ იყვნენ საკრედიტო კომიტეტის წევრები.

5. საკრედიტო კომიტეტის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება ოქმში, რომელიც ეგზავნება გამგეობას საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 12. ინტერესთა კონფლიქტი

საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს რომელიმე ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი. ამასთან, პირს ეკრძალება იყოს საკრედიტო კავშირის გამგეობის წევრი, თუ:

ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან სხვა საკრედიტო კავშირს;

ბ) კომერციულ ბანკში ან სხვა საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება;

გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან სხვა საკრედიტო კავშირი გახდა გადახდისუუნარო;

დ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის მიმართ;

ე) მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.

 

თავი IV ანაბარი

 მუხლი 13. ანაბარი

1. საკრედიტო კავშირის მიერ მოზიდული ანაბრები არის საკრედიტო კავშირის სახსრების ფორმირების ძირითადი წყარო. იგი ანაბრებს იღებს მხოლოდ თავისი წევრებისაგან. ანაბარი შეიძლება იყოს მოთხოვნამდე ან ვადიანი, რომელზედაც შეიძლება გაიცეს შემნახველი წიგნაკი. შემნახველი წიგნაკის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს აქტივებისა და ვალდებულებების იმგვარად მართვა, რომ ანაბარზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდეს გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთს.

3. საკრედიტო კავშირმა სესხის მიმღებისაგან შეიძლება მოითხოვოს ანაბრის დაგირავება ან მისი ბლოკირება გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით.

4. საკრედიტო კავშირმა ნებისმიერ დროს შეიძლება განახორციელოს სესხის მიმღების მიმართ მისი ანაბრისა და ვადაგადაცილებული სესხის ურთიერთგაქვითვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 14. ანაბრის გატანა

ანაბრის გატანა ხდება ხელშეკრულების შესაბამისად. ანაბრის მთლიანად ან ნაწილობრივ გატანაზე საკრედიტო კავშირის წევრებს შეიძლება უარი ეთქვათ, თუ არსებობს მათი ვალდებულება საკრედიტო კავშირის მიმართ სესხის, თავდებობის ან სხვა სახით ამ ვალდებულების ფარგლებში.

 

თავი V სესხი

    მუხლი 15. სესხის გაცემის პირობები და მიზანი

1. საკრედიტო კავშირი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონით და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.

2. საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხი შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი. უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წევრის პაი, ანაბარი, უძრავი ან მოძრავი ქონება ან სხვა გადახდისუნარიანი პირის თავდებობა ან/და საბანკო გარანტია. გამგეობის, სამეთვალყურეო საბჭოსა და საკრედიტო კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაუდგეს თავდებად ან გასცეს გარანტია საკრედიტო კავშირის მიერ გაცემულ რომელიმე სესხზე.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 16. კონფიდენციალობა

1. ინფორმაცია საკრედიტო კავშირის წევრის ანაბრისა და სასესხო ოპერაციის შესახებ კონფიდენციალურია და  იგი შეიძლება მიეცეს მხოლოდ საკრედიტო კავშირის შესაბამის წევრსა და მის წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისათვის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

 

თავი VI ინვესტიციები

    მუხლი 17. დასაშვები ინვესტიციები

1. საკრედიტო კავშირს შეუძლია ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს ინვესტიციები:

ა) სახაზინო ვალდებულებებში;

ბ) კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით;

გ) სხვა საკრედიტო კავშირებზე მოკლევადიანი სესხების გაცემით.

2. საკრედიტო კავშირს შეუძლია ასევე ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დაშვებული სხვა ინვესტიციები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციების სახეობათა მიხედვით ერთ საწარმოში ინვესტირებული თანხების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 15 პროცენტს.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინვესტიციები ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 30 პროცენტს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ლიმიტების გადაჭარბება დასაშვებია საერთო კრების გადაწყვეტილებით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

 

თავი VII რეზერვები

    მუხლი 18. საერთო რეზერვი

საკრედიტო კავშირი ვალდებულია შექმნას საერთო რეზერვი. საერთო რეზერვი იქმნება წლიური მოგებიდან ანარიცხებით, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს გასანაწილებელი მოგების 90 პროცენტზე ნაკლები.

    მუხლი 19. საერთო რეზერვის გამოყენება

საერთო რეზერვი პირველ რიგში გამოიყენება საკრედიტო კავშირის ზარალის დასაფარავად.

    მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

საკრედიტო კავშირმა, საერთო რეზერვის გარდა, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. ეს რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

 

თავი VIII კაპიტალი და დივიდენდები

    მუხლი 21. საკრედიტო კავშირის კაპიტალი

1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება საწესდებო კაპიტალის, დამატებითი ფულადი შესატანების, ფულადი შემოწირულობების, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვის და გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისაგან.

2. საწესდებო კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა, ასევე მისი შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით.

3. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობისა.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 22. დივიდენდები

1. პაის შეიძლება დაერიცხოს დივიდენდები. დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ სრულად გადახდილ პაის. დივიდენდის ოდენობას განსაზღვრავს საერთო კრება გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებების განხილვის შემდეგ.

2. პაის დივიდენდები დაერიცხება მის პროპორციულად. სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შესატანები მოგების განაწილებისას გაითვალისწინება შეტანის მომენტიდან განვლილი დროის პროპორციულად.

3. პაის დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ საერთო რეზერვში კანონით დადგენილი ანარიცხების განხორციელების შემდეგ, ფინანსური წლის შედეგების შესაბამისად. დივიდენდების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გასანაწილებელი მოგების 10 პროცენტს.

 

თავი IX ლიცენზირება

    მუხლი 23. შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების შესახებ;

გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის დართული დოკუმენტების ნუსხას;

ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების (მათ შორის, წესდების) დედნები ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა განცხადებული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე საკუთრებას ან სხვა უფლებას, რომელშიც განთავსებული იქნება საკრედიტო კავშირი;

ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა  ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;

ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში.

3. (ამოღებულია – 20.12.2011, №5528).

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.

2. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონით და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს. იგი ვალდებულია ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების, აგრეთვე ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ მონაცემები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს აღნიშნულ რეესტრში.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, თუ:

ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს და ამას დაეთანხმა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო;

ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;

გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი დოკუმენტების საფუძველზე;

დ) დადგინდა, რომ საკრედიტო კავშირი გადახდისუუნაროა;

ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;

ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;

ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. იგი იმავდროულად ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია სალიცენზიო მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს, ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

 

თავი X. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ზედამხედველობა საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე 

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 27. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

1. საკრედიტო კავშირების საქმიანობას ზედამხედველობს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, საკრედიტო კავშირის ნებისმიერი სახით შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, საკრედიტო კავშირის დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვასა და ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);

ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;

გ) რისკის დონეების შესახებ;

დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;

ე) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.

3. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 28. საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია

საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე, საკრედიტო კავშირის წევრთა უფლებებისა და ინტერესების სრული დაცვით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია

1. თუ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.

2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე, როგორც ლიკვიდატორზე გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეანაბრეები;

გ) საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები.

4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, ყველა მოთხოვნა თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს.

5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმებისა და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

    მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ კანონის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისი ქმედებით ფინანსური ზარალი მიადგა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია.

2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის კანონი  №4197  - ვებგვერდი,  10.09. 2015 წ.

 

თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 31. გარდამავალი დებულება

ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საკრედიტო კავშირები ვალდებულნი არიან კანონის ამოქმედებისთანავე შესაბამისი საბანკო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 32. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1608-Iრს

16. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2605-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 15. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2141-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 14. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1334-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 13. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 885-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 12. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5233-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 11. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4588-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 10. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4239-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 9. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3297-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 8. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1896-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 448-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 6. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4462-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 5. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4197-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 4. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1967 - სსმ, 35, 19/11/2009 2. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1680 - სსმ, 29, 12/10/2009 1. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5925 - სსმ, 7, 26/03/2008