„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4197-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 220030000.05.001.017906
4197-Iს
03/09/2015
ვებგვერდი, 10/09/2015
220030000.05.001.017906
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომერციული ბანკი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

კ) ლიცენზია – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინასწარი თანხმობა.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესის თანახმად;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.“.

8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონით და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.“.

  9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისათვის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.“.

10. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრედიტო კავშირს შეუძლია ასევე ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დაშვებული სხვა ინვესტიციები.“.

11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

საკრედიტო კავშირმა, საერთო რეზერვის გარდა, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. ეს რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.“.

12. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობისა.“.

13. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების შესახებ;

გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის დართული დოკუმენტების ნუსხას;

ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში.“.

14. 24-ე–26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.

2. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონით და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს. იგი ვალდებულია ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების, აგრეთვე ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ მონაცემები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს აღნიშნულ რეესტრში.

მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, თუ:

ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს და ამას დაეთანხმა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო;

ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;

გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი დოკუმენტების საფუძველზე;

დ) დადგინდა, რომ საკრედიტო კავშირი გადახდისუუნაროა;

ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;

ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;

ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. იგი იმავდროულად ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია სალიცენზიო მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს, ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.“.

15. X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ზედამხედველობა საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე

მუხლი 27. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

1. საკრედიტო კავშირების საქმიანობას ზედამხედველობს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, საკრედიტო კავშირის ნებისმიერი სახით შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, საკრედიტო კავშირის დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვასა და ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);

ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;

გ) რისკის დონეების შესახებ;

დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;

ე) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.

3. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

მუხლი 28. საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია

საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე, საკრედიტო კავშირის წევრთა უფლებებისა და ინტერესების სრული დაცვით.

მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია

1. თუ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.

2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე, როგორც ლიკვიდატორზე გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეანაბრეები;

გ) საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები.

4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, ყველა მოთხოვნა თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს.

5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმებისა და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ კანონის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისი ქმედებით ფინანსური ზარალი მიადგა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია.

2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 სექტემბერი 2015 წ.

N4197-Iს