„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2605-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220030000.05.001.020831
2605-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
220030000.05.001.020831
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. აუდიტი, სათანადო პროცედურები, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით;

გ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს საკრედიტო კავშირი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.

მუხლი 12. ინტერესთა კონფლიქტი

საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი. ამასთანავე, პირს ეკრძალება, იყოს საკრედიტო კავშირის გამგეობის წევრი, თუ:

ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან სხვა საკრედიტო კავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა;

ბ) მან კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან სხვა საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა;

გ) იგი იყო კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან სხვა საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;

დ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის მიმართ;

ე) მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2605-XIმს-Xმპ