არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 220.030.000.05.001.001.117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1608
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
220.030.000.05.001.001.117
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/12/2011 - 03/09/2015)

საქართველოს კანონი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

 

თავი I ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;

ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;

გ) პაი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესატანი, რომელიც მის წევრს ანიჭებს ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს საკრედიტო კავშირის მიმართ;

დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა;

ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ვ) ხელმძღვანელი ორგანო – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა;

ზ) ინვესტიცია – შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში;

თ) ჭარბი ლიკვიდურობა – ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ;

ი) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

კ) ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;

ლ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) რეზერვები – ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას;

ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ღონისძიებები;

ო) ოჯახის წევრი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი;

პ) ახლო ნათესავი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;

ჟ) საქმიანი პარტნიორი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან – საკრედიტო კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;

რ) (ამოღებულია).

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

     მუხლი 2. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე (შემდგომში – საკრედიტო კავშირი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირებმა თავიანთ საფირმო დასახელებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა უნდა შეიტანონ ტერმინი „საკრედიტო კავშირი“. არც ერთ საკრედიტო კავშირს არა აქვს სიტყვის „ბანკი“ გამოყენების უფლება.

3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 3. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია:

ა) წევრობის ნებაყოფლობითობა;

ბ) ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება;

გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში.

2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა:

ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან;

ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე;

გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად;

დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით.

    მუხლი 4. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია

1. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

 

თავი II საკრედიტო კავშირის წევრობის პირობები, წევრთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 5. საკრედიტო კავშირის წევრად მიღება

1. საკრედიტო კავშირის წევრობა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

2. საკრედიტო კავშირის წევრად მიღებული პირი ვალდებულია საკრედიტო კავშირის წესდებით (შემდგომში – წესდება) განსაზღვრულ ვადაში და ოდენობით შეიტანოს პაი.

 

თავი III  საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობა

    მუხლი 6. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობას მართავენ საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა.

2. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა წევრები, გარდა დაქირავებული აღმასრულებელი დირექტორისა, უნდა იყვნენ იმავე საკრედიტო კავშირის წევრები. ხელმძღვანელ ორგანოში შეიძლება იყოს ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკრედიტო კავშირის ყველა წევრი ერთი ოჯახის წევრია ან მის წევრთა უმრავლესობა წარმოდგენილია ოჯახის წევრებით.

    მუხლი 7. საერთო კრება

1. საკრედიტო კავშირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული უფლებების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საკრედიტო კავშირის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საერთო კრება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც, წლიური ბალანსის სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხილვისა და დამტკიცებისათვის.

2. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა არჩევა-გადარჩევა;

გ) გამგეობის მიერ წარდგენილი საკრედიტო კავშირის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და მის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის დამტკიცება;

დ) საკრედიტო კავშირის შემოსავლების გამოყენების, აგრეთვე ზარალის დაფარვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ე) საერთო რეზერვის შექმნა, მისი მოცულობის დადგენისა და გამოყენების პროცედურების განსაზღვრა;

ვ) ფილიალების შექმნა;

ზ) საკრედიტო კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

თ) საკრედიტო კავშირის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გამოუყენებელი სახსრების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა.

4. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 60 პროცენტისა, ხოლო საგანგებო კრებას – 40 პროცენტისა. საერთო კრების განმეორებით მოწვევის შემთხვევაში იგი ჩაითვლება გადაწყვეტილებაუნარიანად, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. საერთო კრება მოიწვევა ერთიდან სამ კვირამდე დროის განმავლობაში, მისი მოწვევის თაობაზე წესდებით გათვალისწინებულ გაზეთში ან ამავე წესდებით განსაზღვრული სხვა საშუალებით განცხადების გამოქვეყნებით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭო

1. საკრედიტო კავშირის გამგეობის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 15 წევრისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობა;

ბ) თავისი ინიციატივით, საერთო კრების ან წევრთა 10 პროცენტის მოთხოვნით საკრედიტო კავშირის საქმიანობის შემოწმების მიზნით აუდიტის მოწვევა;

გ) საგანგებო კრების დაუყოვნებლივ მოწვევა საკრედიტო კავშირის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის ან მისი საქმიანობის მოსალოდნელი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განსახორციელებლად, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ანდა ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის უფლება არა აქვთ გამგეობის წევრებს.

5. სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის გარეშე საერთო კრებას წლიური ანგარიშის დამტკიცების უფლება არა აქვს.

6. სამეთვალყურეო საბჭო გასცემს თანხმობას გამგეობის თითოეული წევრისათვის სესხის გაცემის თაობაზე.

7. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საგანგებო კრების მოწვევამდე ხელმძღვანელი ორგანოს წევრს შეუჩეროს უფლებამოსილება.

8. გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭო იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 9. გამგეობა

1. გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისა. გამგეობას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისივე შემადგენლობიდან დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი.

2. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კომიტეტის არჩევა;

ბ) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განსაზღვრა;

გ) საკრედიტო კავშირში ახალი წევრის მიღება, წევრის უფლებამოსილების შეჩერება და გარიცხვა;

დ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება;

ე) საკრედიტო კავშირის წევრთათვის გასაწევი მომსახურების, მათ შორის, ანაბრების მიღების პირობებისა და წესების განსაზღვრა;

ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის თანახმად;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;

თ) წლიური ანგარიშის შედგენა და მისი საერთო კრებისათვის განსახილველად წარდგენა;

ი) ინვესტიციების განხორციელების თაობაზე პროცედურების შემუშავება;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 10. საკრედიტო კომიტეტი

1. საკრედიტო კომიტეტი არის გამგეობის წინაშე ანგარიშვალდებული სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საკრედიტო კავშირის საკრედიტო საქმიანობისთვის. იგი ვალდებულია სრული ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიურად წარუდგინოს გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოს.

2. საკრედიტო კომიტეტს ირჩევს გამგეობა 2 წლის ვადით. იგი შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან, რომელთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება წესდებით.

3. საკრედიტო კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კავშირის წევრთა განცხადებების განხილვა სესხის გამოყოფის თაობაზე და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე გამგეობის წევრთა მიერ სესხის მოთხოვნის შესახებ განცხადებების განხილვა და აღნიშნულის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოსათვის წინადადებების წარდგენა;

ბ) საკრედიტო პორტფელის პერიოდული კონტროლი და განხილვა, ყველა გირაოს ან სხვა სახის უზრუნველყოფის შეფასება, ნებისმიერ სესხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, სესხის ამოღების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ზარალის ასანაზღაურებლად ზომების მიღება;

დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ე) სესხის დაბრუნების კონტროლი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. საკრედიტო კავშირის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აგრეთვე დაქირავებულ პირებს უფლება არა აქვთ იყვნენ საკრედიტო კომიტეტის წევრები.

5. საკრედიტო კომიტეტის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება ოქმში, რომელიც ეგზავნება გამგეობას საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მ უხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 12. ინტერესთა კონფლიქტი

საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს რომელიმე ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი. ამასთან, პირს ეკრძალება იყოს საკრედიტო კავშირის გამგეობის წევრი, თუ:

ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან სხვა საკრედიტო კავშირს;

ბ) კომერციულ ბანკში ან სხვა საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება;

გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან სხვა საკრედიტო კავშირი გახდა გადახდისუუნარო;

დ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის მიმართ;

ე) მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.

 

თავი IV ანაბარი

 მუხლი 13. ანაბარი

1. საკრედიტო კავშირის მიერ მოზიდული ანაბრები არის საკრედიტო კავშირის სახსრების ფორმირების ძირითადი წყარო. იგი ანაბრებს იღებს მხოლოდ თავისი წევრებისაგან. ანაბარი შეიძლება იყოს მოთხოვნამდე ან ვადიანი, რომელზედაც შეიძლება გაიცეს შემნახველი წიგნაკი. შემნახველი წიგნაკის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს აქტივებისა და ვალდებულებების იმგვარად მართვა, რომ ანაბარზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდეს გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთს.

3. საკრედიტო კავშირმა სესხის მიმღებისაგან შეიძლება მოითხოვოს ანაბრის დაგირავება ან მისი ბლოკირება გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით.

4. საკრედიტო კავშირმა ნებისმიერ დროს შეიძლება განახორციელოს სესხის მიმღების მიმართ მისი ანაბრისა და ვადაგადაცილებული სესხის ურთიერთგაქვითვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 14. ანაბრის გატანა

ანაბრის გატანა ხდება ხელშეკრულების შესაბამისად. ანაბრის მთლიანად ან ნაწილობრივ გატანაზე საკრედიტო კავშირის წევრებს შეიძლება უარი ეთქვათ, თუ არსებობს მათი ვალდებულება საკრედიტო კავშირის მიმართ სესხის, თავდებობის ან სხვა სახით ამ ვალდებულების ფარგლებში.

 

თავი V სესხი

    მუხლი 15. სესხის გაცემის პირობები და მიზანი

1. საკრედიტო კავშირი გასცემს სესხს მხოლოდ თავის წევრებზე ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.

2. საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხი შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი. უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წევრის პაი, ანაბარი, უძრავი ან მოძრავი ქონება ან სხვა გადახდისუნარიანი პირის თავდებობა ან/და საბანკო გარანტია. გამგეობის, სამეთვალყურეო საბჭოსა და საკრედიტო კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაუდგეს თავდებად ან გასცეს გარანტია საკრედიტო კავშირის მიერ გაცემულ რომელიმე სესხზე.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 16. კონფიდენციალობა

 1. ინფორმაცია საკრედიტო კავშირის წევრის ანაბრისა და სასესხო ოპერაციის შესახებ კონფიდენციალურია და  იგი შეიძლება მიეცეს მხოლოდ საკრედიტო კავშირის შესაბამის წევრსა და მის წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

 

თავი VI ინვესტიციები

    მუხლი 17. დასაშვები ინვესტიციები

1. საკრედიტო კავშირს შეუძლია ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს ინვესტიციები:

ა) სახაზინო ვალდებულებებში;

ბ) კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით;

გ) სხვა საკრედიტო კავშირებზე მოკლევადიანი სესხების გაცემით.

2. საკრედიტო კავშირს ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით შეუძლია ასევე განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული სხვა სახის ინვესტიციები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციების სახეობათა მიხედვით ერთ საწარმოში ინვესტირებული თანხების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 15 პროცენტს.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინვესტიციები ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 30 პროცენტს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ლიმიტების გადაჭარბება დასაშვებია საერთო კრების გადაწყვეტილებით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

 

თავი VII რეზერვები

    მუხლი 18. საერთო რეზერვი

საკრედიტო კავშირი ვალდებულია შექმნას საერთო რეზერვი. საერთო რეზერვი იქმნება წლიური მოგებიდან ანარიცხებით, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს გასანაწილებელი მოგების 90 პროცენტზე ნაკლები.

    მუხლი 19. საერთო რეზერვის გამოყენება

საერთო რეზერვი პირველ რიგში გამოიყენება საკრედიტო კავშირის ზარალის დასაფარავად.

    მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

საერთო რეზერვის გარდა, საკრედიტო კავშირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. აღნიშნული რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

 

თავი VIII კაპიტალი და დივიდენდები

    მუხლი 21. საკრედიტო კავშირის კაპიტალი

1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება საწესდებო კაპიტალის, დამატებითი ფულადი შესატანების, ფულადი შემოწირულობების, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვის და გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისაგან.

2. საწესდებო კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა, ასევე მისი შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობისა.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 22. დივიდენდები

1. პაის შეიძლება დაერიცხოს დივიდენდები. დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ სრულად გადახდილ პაის. დივიდენდის ოდენობას განსაზღვრავს საერთო კრება გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებების განხილვის შემდეგ.

2. პაის დივიდენდები დაერიცხება მის პროპორციულად. სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შესატანები მოგების განაწილებისას გაითვალისწინება შეტანის მომენტიდან განვლილი დროის პროპორციულად.

3. პაის დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ საერთო რეზერვში კანონით დადგენილი ანარიცხების განხორციელების შემდეგ, ფინანსური წლის შედეგების შესაბამისად. დივიდენდების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გასანაწილებელი მოგების 10 პროცენტს.

 

თავი IX ლიცენზირება

    მუხლი 23. შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების თაობაზე;

გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხას;

ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს .

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების (მათ შორის, წესდების) დედნები ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა განცხადებული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე საკუთრებას ან სხვა უფლებას, რომელშიც განთავსებული იქნება საკრედიტო კავშირი;

ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა  ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;

ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.

3. (ამოღებულია – 20.12.2011, №5528).

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზედაც გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს და ვალდებულია, მონაცემები ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების, აგრეთვე ასლის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ:

ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ამას დაეთანხმა საქართველოს ეროვნული ბანკი;

ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;

გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი საბუთების საფუძველზე;

დ) დადგინდა საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;

ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;

ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;

ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან ;

ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში; იგი იმავდროულად ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია, სალიცენზიო მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. საკრედიტო კავშირს ლიცენზიის გაუქმების დღიდან ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

 

თავი X საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობა საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე 

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 27. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობა

1. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, ნებისმიერი სახით შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვასა და ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);

ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;

გ) რისკის დონეების შესახებ;

დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 28. საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია

საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე და მის წევრთა უფლებებისა და ინტერესების სრულად დაცვით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია

1. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.

2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე როგორც ლიკვიდატორზე გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც ვალდებულებები საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეანაბრეები;

გ) სხვა მოთხოვნები საკრედიტო კავშირის მიმართ.

4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.

5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმების და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

    მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) გააუქმოს საკრედიტო კავშირის ლიცენზია.

2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

 

თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 31. გარდამავალი დებულება

ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საკრედიტო კავშირები ვალდებულნი არიან კანონის ამოქმედებისთანავე შესაბამისი საბანკო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 32. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1608-Iრს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32

2. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163

3. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1967 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.256

4 . საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

16. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2605-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 15. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2141-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 14. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1334-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 13. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 885-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 12. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5233-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 11. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4588-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 10. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4239-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 9. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3297-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 8. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1896-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 448-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 6. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4462-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 5. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4197-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 4. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1967 - სსმ, 35, 19/11/2009 2. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1680 - სსმ, 29, 12/10/2009 1. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5925 - სსმ, 7, 26/03/2008