,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5925
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 26/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.05.001.003.164
  • Word
5925
14/03/2008
სსმ, 7, 26/03/2008
220.090.000.05.001.003.164
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

              მუხლი 1.  „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომერციული ბანკი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

კ) ლიცენზია – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ღონისძიებები;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე (შემდგომში – საკრედიტო კავშირი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არავის არ აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს სააგენტოს.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია სააგენტოს წინასწარი თანხმობა.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება სააგენტოს მიერ დადგენილი წესის თანახმად;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს სააგენტოს მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.“.

8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირი გასცემს სესხს მხოლოდ თავის წევრებზე ამ კანონისა და სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.“.

9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.“.

10. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრედიტო კავშირს ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით შეუძლია ასევე განახორციელოს სააგენტოს მიერ დაშვებული სხვა სახის ინვესტიციები.“.

11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

საერთო რეზერვის გარდა, საკრედიტო კავშირმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. აღნიშნული რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.“.

12. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ სააგენტოს თანხმობით, მაგრამ არანაკლებ სააგენტოს მიერ დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობისა.“.

13. 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების თაობაზე;

გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხას;

ე) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სასამართლოში რეგისტრირებული წესდებისა და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე საკუთრებას ან სხვა უფლებას, რომელშიც განთავსებული იქნება საკრედიტო კავშირი;

ე) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.“.

14. 24-ე–26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზედაც მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.

2. სააგენტო ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. სააგენტო აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს და ვალდებულია, მონაცემები ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების, აგრეთვე ასლის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში.

    მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ სააგენტო იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა სააგენტოს და ამას დაეთანხმა სააგენტო;

ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;

გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი საბუთების საფუძველზე;

დ) დადგინდა საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;

ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;

ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;

ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია სამეწარმეო რეესტრიდან;

ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

    მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება სააგენტოსა და სხვა ბეჭდვით ორგანოში; იგი იმავდროულად ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია, სალიცენზიო მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს სააგენტოს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. საკრედიტო კავშირს ლიცენზიის გაუქმების დღიდან ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სააგენტო, რომელიც ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ სააგენტო.“.

15. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააგენტოს ზედამხედველობა საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე“.

16. 27-ე და 28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 27. ზედამხედველობა

1. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, ნებისმიერი სახით შემოწმებას და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვასა და ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით სააგენტო გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);

ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;

გ) რისკის დონეების შესახებ;

დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;

ე) სააგენტოს მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.

3. სააგენტო პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და სააგენტოს ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით სააგენტო ატარებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

    მუხლი 28. რეორგანიზაცია

საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე და მისი წევრების უფლებებისა და ინტერესების სრულად დაცვით.“.

17. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სააგენტოს მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრების ანაბრებს, ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულებები საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმის და მართვის წესს განსაზღვრავს სააგენტო.“.

18. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ კანონის, სააგენტოს ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირების მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) გააუქმოს საკრედიტო კავშირის ლიცენზია.

2. ამ მუხლის შესაბამისად გადახდევინებული საჯარიმო თანხები შეიტანება სააგენტოს შემოსავალში.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი.

2008 წლის 14 მარტი.

№5925–Iს