„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 448-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 220030000.05.001.018333
448-IIს
10/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
220030000.05.001.018333
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას;

კ)  ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო  საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც დასახელებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის  წინასწარი თანხმობა.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დამტკიცება;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების  საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით გამოყენება;“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გარე აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.“.

8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.“.

9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.“.

10. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრედიტო კავშირს შეუძლია ასევე ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული სხვა სახის ინვესტიციები.“.

11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

საკრედიტო კავშირმა, საერთო რეზერვის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. აღნიშნული რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.“.

12. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირებს პერიოდულად უდგენს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობისა.“.

13. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების შესახებ;

გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხას;

ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში.“.

14. 24-ე−26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და მას გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს. იგი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის გაუქმების, აგრეთვე ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ მონაცემები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში.

მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ:

ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს ეროვნული ბანკი დაეთანხმა მიმართვას;

ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;

გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი დოკუმენტაციის საფუძველზე;

დ) დადგინდა საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;

ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;

ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;

ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და  სხვა ბეჭდვით ორგანოებში. იმავდროულად, იგი ეგზავნება საკრედიტო კავშირს. საკრედიტო კავშირი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა საქართველოს ეროვნულ ბანკს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში საკრედიტო კავშირი ყველა ვალდებულების განაღდებამდე ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

15. X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

მუხლი 27. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა

1. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიის გაცემასა და გაუქმებას, საკრედიტო კავშირის ნებისმიერი სახით შემოწმებას, შესაბამის რეგულირებას, მისთვის შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, საკრედიტო კავშირის დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვას და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);

ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;

გ) რისკის დონეების შესახებ;

დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

მუხლი 28. საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია

საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული  ბანკის  წინასწარი  თანხმობის  საფუძველზე, მისი სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე, საკრედიტო კავშირის წევრთა უფლებებისა და ინტერესების სრულად დაცვით.

მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაცია

1. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობის შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.

2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე, როგორც ლიკვიდატორზე, გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეანაბრეები;

გ) საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები.

4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, ყველა მოთხოვნა თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს.

5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმებისა და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევებში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, აგრეთვე ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია.

2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 მარტი 2017 წ.

N448-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.