არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • Word
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 220.030.000.05.001.001.117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1608
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
220.030.000.05.001.001.117
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/07/2002 - 14/03/2008)

საქართველოს კანონი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;

ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;

გ) პაი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესატანი, რომელიც მის წევრს ანიჭებს ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს საკრედიტო კავშირის მიმართ;

დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა;

ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ვ) ხელმძღვანელი ორგანო – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა;

ზ) ინვესტიცია – შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში;

თ) ჭარბი ლიკვიდურობა – ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ;

ი) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

კ) ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;

ლ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) რეზერვები – ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას;

ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ღონისძიებები;

ო) ოჯახის წევრი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი;

პ) ახლო ნათესავი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;

ჟ) საქმიანი პარტნიორი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან – საკრედიტო კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი.

    მუხლი 2. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე (შემდგომში – საკრედიტო კავშირი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირებმა თავიანთ საფირმო დასახელებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა უნდა შეიტანონ ტერმინი „საკრედიტო კავშირი“. არც ერთ საკრედიტო კავშირს არა აქვს სიტყვის „ბანკი“ გამოყენების უფლება.

3. არავის არ აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

    მუხლი 3. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია:

ა) წევრობის ნებაყოფლობითობა;

ბ) ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება;

გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში.

2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა:

ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან;

ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე;

გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად;

დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით.

    მუხლი 4. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია

1. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია შეატყობინოს ეროვნულ ბანკს სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

თავი II

საკრედიტო კავშირის წევრობის პირობები, წევრთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 5. საკრედიტო კავშირის წევრად მიღება

1. საკრედიტო კავშირის წევრობა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

2. საკრედიტო კავშირის წევრად მიღებული პირი ვალდებულია საკრედიტო კავშირის წესდებით (შემდგომში – წესდება) განსაზღვრულ ვადაში და ოდენობით შეიტანოს პაი.

თავი III

 საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობა

    მუხლი 6. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები

1. საკრედიტო კავშირის საქმიანობას მართავენ საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა.

2. საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა წევრები, გარდა დაქირავებული აღმასრულებელი დირექტორისა, უნდა იყვნენ იმავე საკრედიტო კავშირის წევრები. ხელმძღვანელ ორგანოში შეიძლება იყოს ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკრედიტო კავშირის ყველა წევრი ერთი ოჯახის წევრია ან მის წევრთა უმრავლესობა წარმოდგენილია ოჯახის წევრებით.

    მუხლი 7. საერთო კრება

1. საკრედიტო კავშირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული უფლებების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საკრედიტო კავშირის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საერთო კრება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც, წლიური ბალანსის სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხილვისა და დამტკიცებისათვის.

2. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა არჩევა-გადარჩევა;

გ) გამგეობის მიერ წარდგენილი საკრედიტო კავშირის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და მის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის დამტკიცება;

დ) საკრედიტო კავშირის შემოსავლების გამოყენების, აგრეთვე ზარალის დაფარვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ე) საერთო რეზერვის შექმნა, მისი მოცულობის დადგენისა და გამოყენების პროცედურების განსაზღვრა;

ვ) ფილიალების შექმნა;

ზ) საკრედიტო კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

თ) საკრედიტო კავშირის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გამოუყენებელი სახსრების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა.

4. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 60 პროცენტისა, ხოლო საგანგებო კრებას – 40 პროცენტისა. საერთო კრების განმეორებით მოწვევის შემთხვევაში იგი ჩაითვლება გადაწყვეტილებაუნარიანად, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. საერთო კრება მოიწვევა ერთიდან სამ კვირამდე დროის განმავლობაში, მისი მოწვევის თაობაზე წესდებით გათვალისწინებულ გაზეთში ან ამავე წესდებით განსაზღვრული სხვა საშუალებით განცხადების გამოქვეყნებით.

    მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭო

1. საკრედიტო კავშირის გამგეობის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 15 წევრისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობა;

ბ) თავისი ინიციატივით, საერთო კრების ან წევრთა 10 პროცენტის მოთხოვნით საკრედიტო კავშირის საქმიანობის შემოწმების მიზნით აუდიტის მოწვევა;

გ) საგანგებო კრების დაუყოვნებლივ მოწვევა საკრედიტო კავშირის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის ან მისი საქმიანობის მოსალოდნელი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განსახორციელებლად, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ანდა ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის უფლება არა აქვთ გამგეობის წევრებს.

5. სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის გარეშე საერთო კრებას წლიური ანგარიშის დამტკიცების უფლება არა აქვს.

6. სამეთვალყურეო საბჭო გასცემს თანხმობას გამგეობის თითოეული წევრისათვის სესხის გაცემის თაობაზე.

7. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საგანგებო კრების მოწვევამდე ხელმძღვანელი ორგანოს წევრს შეუჩეროს უფლებამოსილება.

8. გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭო იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 9. გამგეობა

1. გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისა. გამგეობას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისივე შემადგენლობიდან დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი.

2. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კომიტეტის არჩევა;

ბ) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განსაზღვრა;

გ) საკრედიტო კავშირში ახალი წევრის მიღება, წევრის უფლებამოსილების შეჩერება და გარიცხვა;

დ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება;

ე) საკრედიტო კავშირის წევრთათვის გასაწევი მომსახურების, მათ შორის, ანაბრების მიღების პირობებისა და წესების განსაზღვრა;

ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის თანახმად;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;

თ) წლიური ანგარიშის შედგენა და მისი საერთო კრებისათვის განსახილველად წარდგენა;

ი) ინვესტიციების განხორციელების თაობაზე პროცედურების შემუშავება;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 10. საკრედიტო კომიტეტი

1. საკრედიტო კომიტეტი არის გამგეობის წინაშე ანგარიშვალდებული სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საკრედიტო კავშირის საკრედიტო საქმიანობისთვის. იგი ვალდებულია სრული ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიურად წარუდგინოს გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოს.

2. საკრედიტო კომიტეტს ირჩევს გამგეობა 2 წლის ვადით. იგი შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან, რომელთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება წესდებით.

3. საკრედიტო კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკრედიტო კავშირის წევრთა განცხადებების განხილვა სესხის გამოყოფის თაობაზე და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე გამგეობის წევრთა მიერ სესხის მოთხოვნის შესახებ განცხადებების განხილვა და აღნიშნულის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოსათვის წინადადებების წარდგენა;

ბ) საკრედიტო პორტფელის პერიოდული კონტროლი და განხილვა, ყველა გირაოს ან სხვა სახის უზრუნველყოფის შეფასება, ნებისმიერ სესხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, სესხის ამოღების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ზარალის ასანაზღაურებლად ზომების მიღება;

დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ე) სესხის დაბრუნების კონტროლი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. საკრედიტო კავშირის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აგრეთვე დაქირავებულ პირებს უფლება არა აქვთ იყვნენ საკრედიტო კომიტეტის წევრები.

5. საკრედიტო კომიტეტის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება ოქმში, რომელიც ეგზავნება გამგეობას საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის.

    მუხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.

    მუხლი 12. ინტერესთა კონფლიქტი

საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს რომელიმე ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ან გამგეობის წევრი. ამასთან, პირს ეკრძალება იყოს საკრედიტო კავშირის გამგეობის წევრი, თუ:

ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან სხვა საკრედიტო კავშირს;

ბ) კომერციულ ბანკში ან სხვა საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება;

გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან სხვა საკრედიტო კავშირი გახდა გადახდისუუნარო;

დ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის ან სხვა საკრედიტო კავშირის მიმართ;

ე) მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.

თავი IV

ანაბარი

 მუხლი 13. ანაბარი

1. საკრედიტო კავშირის მიერ მოზიდული ანაბრები არის საკრედიტო კავშირის სახსრების ფორმირების ძირითადი წყარო. იგი ანაბრებს იღებს მხოლოდ თავისი წევრებისაგან. ანაბარი შეიძლება იყოს მოთხოვნამდე ან ვადიანი, რომელზედაც შეიძლება გაიცეს შემნახველი წიგნაკი. შემნახველი წიგნაკის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს აქტივებისა და ვალდებულებების იმგვარად მართვა, რომ ანაბარზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდეს გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთს.

3. საკრედიტო კავშირმა სესხის მიმღებისაგან შეიძლება მოითხოვოს ანაბრის დაგირავება ან მისი ბლოკირება გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით.

4. საკრედიტო კავშირმა ნებისმიერ დროს შეიძლება განახორციელოს სესხის მიმღების მიმართ მისი ანაბრისა და ვადაგადაცილებული სესხის ურთიერთგაქვითვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 14. ანაბრის გატანა

ანაბრის გატანა ხდება ხელშეკრულების შესაბამისად. ანაბრის მთლიანად ან ნაწილობრივ გატანაზე საკრედიტო კავშირის წევრებს შეიძლება უარი ეთქვათ, თუ არსებობს მათი ვალდებულება საკრედიტო კავშირის მიმართ სესხის, თავდებობის ან სხვა სახით ამ ვალდებულების ფარგლებში.

თავი V

სესხი

    მუხლი 15. სესხის გაცემის პირობები და მიზანი

1. საკრედიტო კავშირი გასცემს სესხს მხოლოდ თავის წევრებზე ამ კანონისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.

2. საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხი შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი. უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წევრის პაი, ანაბარი, უძრავი ან მოძრავი ქონება ან სხვა გადახდისუნარიანი პირის თავდებობა ან/და საბანკო გარანტია. გამგეობის, სამეთვალყურეო საბჭოსა და საკრედიტო კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაუდგეს თავდებად ან გასცეს გარანტია საკრედიტო კავშირის მიერ გაცემულ რომელიმე სესხზე.

    მუხლი 16. კონფიდენციალობა

1. ინფორმაცია საკრედიტო კავშირის წევრის ანაბრისა და სასესხო ოპერაციის შესახებ საკრედიტო კავშირის არაწევრი პირებისათვის კონფიდენციალურია. იგი მათზე გაიცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

2. საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.

თავი VI

ინვესტიციები

    მუხლი 17. დასაშვები ინვესტიციები

1. საკრედიტო კავშირს შეუძლია ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით განახორციელოს ინვესტიციები:

ა) სახაზინო ვალდებულებებში;

ბ) კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით;

გ) სხვა საკრედიტო კავშირებზე მოკლევადიანი სესხების გაცემით.

2. საკრედიტო კავშირს ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით შეუძლია ასევე განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული სხვა სახის ინვესტიციები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციების სახეობათა მიხედვით ერთ საწარმოში ინვესტირებული თანხების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 15 პროცენტს.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინვესტიციები ერთობლივად არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 30 პროცენტს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ლიმიტების გადაჭარბება დასაშვებია საერთო კრების გადაწყვეტილებით.

თავი VII

რეზერვები

    მუხლი 18. საერთო რეზერვი

საკრედიტო კავშირი ვალდებულია შექმნას საერთო რეზერვი. საერთო რეზერვი იქმნება წლიური მოგებიდან ანარიცხებით, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს გასანაწილებელი მოგების 90 პროცენტზე ნაკლები.

    მუხლი 19. საერთო რეზერვის გამოყენება

საერთო რეზერვი პირველ რიგში გამოიყენება საკრედიტო კავშირის ზარალის დასაფარავად.

    მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

საერთო რეზერვის გარდა საკრედიტო კავშირმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. აღნიშნული რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.

თავი VIII

კაპიტალი და დივიდენდები

    მუხლი 21. საკრედიტო კავშირის კაპიტალი

1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება საწესდებო კაპიტალის, დამატებითი ფულადი შესატანების, ფულადი შემოწირულობების, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვის და გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისაგან.

2. საწესდებო კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა, ასევე მისი შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით.

3. ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობისა.

    მუხლი 22. დივიდენდები

1. პაის შეიძლება დაერიცხოს დივიდენდები. დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ სრულად გადახდილ პაის. დივიდენდის ოდენობას განსაზღვრავს საერთო კრება გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებების განხილვის შემდეგ.

2. პაის დივიდენდები დაერიცხება მის პროპორციულად. სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შესატანები მოგების განაწილებისას გაითვალისწინება შეტანის მომენტიდან განვლილი დროის პროპორციულად.

3. პაის დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ საერთო რეზერვში კანონით დადგენილი ანარიცხების განხორციელების შემდეგ, ფინანსური წლის შედეგების შესაბამისად. დივიდენდების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გასანაწილებელი მოგების 10 პროცენტს.

თავი IX

 ლიცენზირება

    მუხლი 23. შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების თაობაზე;

გ) განცხადების წარდგენის თარიღსა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის თანდართული საბუთების ნუსხას;

ე) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სასამართლოში რეგისტრირებული წესდებისა და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე საკუთრებას ან სხვა უფლებას, რომელშიც განთავსებული იქნება საკრედიტო კავშირი;

ე) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.

3. თუ საკრედიტო კავშირმა ვერ მიიღო ლიცენზია, მას არ უბრუნდება გადახდილი მოსაკრებელი.

    მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.

2. ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. ეროვნული ბანკი აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს და ვალდებულია მონაცემები ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების, აგრეთვე ასლის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში.

    მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა ეროვნულ ბანკს და ამას დაეთანხმა ეროვნული ბანკი;

ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;

გ) დადგინდება, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი საბუთების საფუძველზე;

დ) დადგინდება საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;

ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;

ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;

ზ) საკრედიტო კავშირს აღარა აქვს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია სამეწარმეო რეესტრიდან;

ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

    მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. გადაწყვეტილება საკრედიტო კავშირის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოში, იმავდროულად იგი ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია სალიცენზიო მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს ეროვნულ ბანკს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. საკრედიტო კავშირს ლიცენზიის გაუქმების დღიდან ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული საქმიანობა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის გაუქმების დღიდან ვალდებულია უმოკლეს ვადაში გაანაღდოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი, რომელიც ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ ეროვნული ბანკი.

თავი X

 ეროვნული ბანკის ზედამხედველობა საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე

    მუხლი 27. ზედამხედველობა

1. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, ნებისმიერი სახით შემოწმებას და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვასა და ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით ეროვნული ბანკი გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);

ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;

გ) რისკის დონეების შესახებ;

დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;

ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.

3. ეროვნული ბანკი პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ეროვნული ბანკი ატარებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

    მუხლი 28. რეორგანიზაცია

საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე და მისი წევრების უფლებებისა და ინტერესების სრულად დაცვით.

    მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია

1. თუ ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრების ანაბრებს, ბანკი უფლებამოსილია ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.

2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე როგორც ლიკვიდატორზე გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულებები საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეანაბრეები;

გ) სხვა მოთხოვნები საკრედიტო კავშირის მიმართ.

4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.

5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმის და მართვის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

    მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ კანონის, ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საკრედიტო კავშირების მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) გააუქმოს საკრედიტო კავშირის ლიცენზია.

2. ამ მუხლის შესაბამისად გადახდევინებული საჯარიმო თანხები შეიტანება ეროვნული ბანკის შემოსავალში.

 

თავი XI

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 31. გარდამავალი დებულება

ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი საკრედიტო კავშირები ვალდებულნი არიან კანონის ამოქმედებისთანავე შესაბამისი საბანკო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 32. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1608-Iრს

 

 

16. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2605-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 15. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2141-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 14. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1334-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 13. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 885-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 12. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5233-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 11. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4588-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 10. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4239-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 9. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3297-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 8. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1896-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 448-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 6. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4462-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 5. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4197-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 4. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1967 - სსმ, 35, 19/11/2009 2. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1680 - სსმ, 29, 12/10/2009 1. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5925 - სსმ, 7, 26/03/2008