პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • Word
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 24/12/1998
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.05.001.000.451
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1696
25/11/1998
სსმ, 6, 24/12/1998
340.120.000.05.001.000.451
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/12/1999 - 13/07/2000)

საქართველოს კანონი

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. კანონის მიზანია უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები.

2. კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში სახელმწიფოებრივი მართვის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავების, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების, გაუვნებელყოფის, განთავსების, ინფორმაციის გაცვლის, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს.

    მუხლი 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების სამარ-თლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” საქართველოს კანონები, „FAO“-ს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსი“, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატები – ქიმიური ნივთიერებების კატეგორია, რომე-ლიც მოიცავს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე სატყეო, კომუნალურ მეურნეობაში და სხვ.;

ბ) პესტიციდები – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების, სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის და საყოფაცხოვრებო მავნებლების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, აგრეთვე მცენარეთა ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები) მოსავლის აღების წინ;

გ) აგროქიმიკატები – სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირებისა და ცხოველთა დამატებითი კვებისათვის;

დ) პესტიციდის მოქმედი ნივთიერება – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მავნე ორგანიზმზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე;

ე) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია – პროცესი, რომლის საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზაციისა და რეგისტრაციის სფეროში სამეცნიერო მონაცემების კომპლექსური შეფასების შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების, შემოტანის, შენახვის, რეალიზაციის, გამოყენებისა და რეკლამის უფლებას;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელახალი რეგისტრაცია – სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განმეორებითი რეგისტრაცია;

ზ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები – პესტიციდებისა და აგრო-ქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა;

თ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტი – აუცილებელი მოთხოვნა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესისა და პირობების შესახებ;

ი) შემმუშავებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის პესტიციდს ან აგროქიმიკატს, შეისწავლის მათ აქტივობას, ტოქსიკოლოგიურ თვისებებს და გარემოზე ზემოქმედებას;

კ) დამამზადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პესტიციდს ან აგროქიმიკატს;

ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები – საქართველოს სოფლის მეურ-ნეობისა და სურსათის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ;

მ) შესაბამისი სამსახურები – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური, აგროქიმიისა და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური, ვეტერინარიის დეპარტამენტი;

ნ) ფიტოსანიტარიული მდგომარეობა – სავარგულების, ტყეებისა და მცენარეული საფარის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია მცენარეთა მავნებლების რიცხოვნობით, მცენარეთა დაავადებების გავრცელებითა და სარეველა მცენარეების არსებობით;

ო) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი – ორგანიზმთა გავრცელების, რიცხოვნობის, განვითარების ინტენსივობისა და მავნეობის მოსალოდნელი დონის დადგენა და პროგნოზი;

პ) კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები – მავნე ორგანიზმებისაგან დაცვითი ღონისძიებების სისტემა, რომლის შესაბამისად გამოიყენება არსებული ურთიერთშემავსებელი ეფექტური ხერხები და მეთოდები მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის ისეთი დონის დასადგენად, როცა გამორიცხულია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება;

ჟ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარება – მოქმედების ნორმები და სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მათი კონკრეტული სახით გამოყენების, შემუშავების, გამოცდის, ექსპერტიზის, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გაუვნებელყოფის, განთავსების, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს;

რ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენება – მათი რეგლამენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული, მიზანდასახული მოხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის, ადამიანის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის;

ს) შეფუთვა – ჭურჭელი (ტარა) დამცავი შეხვევით, რომელსაც იყენებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირებისას;

ტ) საშიშროება – ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა;

უ) რისკი – პესტიციდის ან აგროქიმიკატის საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას;

ფ) ნარჩენი რაოდენობა – პესტიციდების მოქმედი ნივთიერება ან წარმოებულნი (გარდაქმნის პროდუქტები, მეტაბოლიტები), მინარევები, ნიტრატები და ა.შ. კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში, რომელთა არსებობა გამოწვეულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებით;

ქ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ზღვრულად დასაშვები ნარჩენი რაოდენობა (ზდნრ) – ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში;

ღ) აკრძალული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ყ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით პრაქტიკულად აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენება;

შ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – პრინციპი, რომლის თანახმად საერთაშორისო ვაჭრობისას არ შეიძლება აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის შემოტანა სათანადო შეთანხმების გარეშე ან სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის დარღვევით;

ჩ) საკონტროლო ღონისძიება – პესტიციდების გამოყენების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის ღონისძიება;

ც) ანტიდოტები – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არასწორი ხმარებით გამოწვეული მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებანი;

ძ) სახელმწიფო კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;

წ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრი – ახალი ან გამოყენებაში არსებული ქიმიური და მიკროორგანიზმების მიერ წარმოქმნილი ბიოლო-გიურად აქტიური ნივთიერებების, მათი პროდუქტების საინფორმაციო მონაცემთა სტანდარტიზებული სისტემა;

ჭ) რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის;

ხ) „FAO“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია;

ჯ) სარეგისტრაციო ორგანოები – მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და ზრდის რეგულატორების, აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვები დანამატებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრაციის ორგანოები (საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური, აგროქიმიისა და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური, ვეტერინარიის დეპარტამენტი).

    მუხლი 4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გავრცელება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო არხებით მიწოდების პროცესი და ქვეყნის შიგნით მათი მიმოქცევა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) პესტიციდები და აგროქიმიკატები შეიძლება გასხვისებულ ან მიმოქცეულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით, თუ ისინი არ არის ამოღებული ხმარებიდან ან მათი მიმოქცევა შეუზღუდავია;

ბ) აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა, მიმოქცევა, რომლებიც არ არის შეტანილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში;

გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვით, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, რაზედაც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობისა და აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროებისას, აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანაზე, მიმოქცევასა და გამოყენებაზე ნებართვას გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით.

3. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ხერხი, მიზანი, გამოყენების სახე, დრო, ადგილი, რაოდენობა, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებას, შემოტანას, ტრანსპორტირებას, შენახვას, რეალიზაციასა და გამოყენებას, ვალდებულნი არიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს წარუდგინონ ობიექტური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიწოდების, მიმოქცევისა და მათზე განაცხადების შესახებ.

თავი II

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში განეკუთვნება:

ა) ნორმატიული აქტების გამოცემა;

ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

გ) სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონების შესრულებაზე;

დ) ლიცენზირების წესის დადგენა;

ე) სარეგისტრაციო გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზება;

ზ) არსებული სტანდარტების მიხედვით სამეცნიერო–კვლევით და სხვა სამუშაოთა ორგანიზებისა და დაფინანსებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელება;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ქვეყნის შიგნით ინფორმაციის გავრცელება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

თავი III

სახელმწიფო მმართველობა, ზედამხედველობა და კონტროლი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

    მუხლი 6. სახელმწიფო მმართველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

1. სახელმწიფო მმართველობას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „FAO“-ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით.

3. მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შემოტანილი, გამოყენებული და ნაშთად დარჩენილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების დადგენილი წესით აღრიცხვა და მონაცემები წარუდგინონ სტატისტიკის ორგანოებს.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ვალდებულია კონტროლი გაუწიოს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვას და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს „FAO“-ს.

    მუხლი 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში გამოცდის, ექსპერტიზის ორგანიზება, სახელმწიფო რეგისტრაციის და კოორდინირების განხორციელება

1. ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, სარეგისტრაციო გამოცდისა და ექსპერტიზის ორგანიზებას, სახელმწიფო რეგისტრაციას და კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.

2. სარეგისტრაციო ორგანოები:

ა) თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ „FAO“-ს საერთაშორისო კოდექსით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით;

ბ) ახორციელებენ პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას;

გ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებენ სპეციალურ დებულებებსა და წესებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდებისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით.

    მუხლი 9. სარეგისტრაციო ორგანოების ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. სარეგისტრაციო ორგანოები განსაზღვრავენ საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს, კონტროლის მეთოდებს, ორგანიზებას და კოორდინირებას უწევენ სარეგისტრაციო გამოცდებს, ექსპერტიზას, ატარებენ სახელმწიფო რეგისტრაციას და გასცემენ სარეგისტრაციო მოწმობებს, ადგენენ ამკრძალავ სიებს და აწარმოებენ სახელმწიფო კატალოგს, ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სარეგისტრაციო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) განიხილავენ ფიზიკური და იურიდიული პირების წინადადებებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის შესახებ, ახორციელებენ რეგისტრაციაზე განაცხადის პირველად ექსპერტიზას და საგამოცდო მასალების ექსპერტიზას;

ბ) ახორციელებენ სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზებას საგამოცდო ქსელში, მათ კოორდინაციას და მეთოდურ უზრუნველყოფას, სამეცნიერო დაწესებულებების, ლაბორატორიების საგამოცდო ქსელში ჩართვას;

გ) კრძალავენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებას მათი ადამიანისა და გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების (საშიშროების) გამოვლენისას;

დ) ეკონომიკურად ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების შერჩევის მიზნით განიხილავენ ადრე რეგისტრირებულ და პრაქტიკაში აპრობირებულ პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და მათი გამოყენების რეგლამენტებს, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ სადემონსტრაციო გამოცდების ჩატარებას და შეაქვთ სათანადო შესწორებები, ატარებენ პერსპექტიული საშუალებების ხელახალ რეგისტრაციას;

ე) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და მწარმოებელი ფირმების საქმიანობის შედეგების მიხედვით 5 წელიწადში ერთხელ განაახლებენ და აქვეყნებენ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სფეროში გამოსაყენებელი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიებს მათი გამოყენების რეგლამენტებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, გარემოს ობიექტებში ჰიგიენური ნორმების ჩვენებით, ხოლო მათი აკრძალვის შემთხვევაში იღებენ ხმარებიდან. საჭიროებისას აქვეყნებენ დამატებით სიებს, დროებით აკრძალვებს ან შეზღუდვებს გამოყენების რეგლამენტებთან დაკავშირებით არსებული მონაცემების დაზუსტებამდე;

ვ) განსაზღვრავენ და აქვეყნებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემტანი ტექნიკური საშუალებების სიას;

ზ) ამუშავებენ და ამტკიცებენ ერთიან მეთოდიკას, უზრუნველყოფენ კვლევებში თანამედროვე ტექნიკისა და სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ დებულებებს, ინსტრუქციებს, წესებს, მეთოდურ მითითებებს, სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ პირობებს;

ი) პესტიციდების, აგროქიმიკატების და ტექნიკური საშუალებების მწარმოებელ უცხო ქვეყნების იურიდიულ პირებთან ამყარებენ საქმიან კონტაქტებს;

კ) იღებენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საქართველოში ახალი მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატული ფორმების, აგროქიმიკატების წარმოებაზე ან მათ აკრძალვაზე;

ლ) მონაწილეობენ პესტიციდების, აგროქიმიკატებისა და ტექნიკურ საშუალებათა რეგლამენტების სწორად გამოყენების პროპაგანდის უზრუნველყოფაში.

    მუხლი 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდები

1. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება) და აგროქიმიკატი, გამონაკლისის გარდა, რომელსაც ადგენენ სარეგისტრაციო ორგანოები, ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს, რომელთა ორგანიზებას, კოორდინაციას და მეთოდურ უზრუნველყოფას ახორციელებენ სარეგისტრაციო ორგანოები.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდებს ახორციელებს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი და სხვა შესაბამის დაწესებულებათა ლაბორატორიების ქსელი, რომელსაც აქვს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.

3. სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს:

ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ეფექტურობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას, ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას;

გ) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას;

დ) სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ექსპერტიზას.

4. ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც განაცხადი აქვთ შეტანილი პესტიციდის ან აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციაზე, ვალდებულნი არიან უფასოდ წარადგინონ იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები, რომლებმაც უნდა გაიაროს სახელმწიფო რეგისტრაცია.

5. სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდები ტარდება სახელმწიფოს ან რეგისტრანტის ხარჯზე ხელშეკრულების შესაბამისად.

6. სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევარები ვალდებულნი არიან მინიმუმამდე დაიყვანონ ცხოველებზე ექსპერიმენტების რაოდენობა.

    მუხლი 11. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ექსპერტიზა

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ექსპერტიზა მოიცავს: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სამეურნეო-ეკონომიკური ეფექტურობის, გამოყენების რეგლამენტების ექსპერტიზას, ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ჰიგიენურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას, რომელთაც ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფები.

2. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო ორგანოები იწვევენ შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფილის ექსპერტებს.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ექსპერტიზა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) ჩატარების აუცილებლობას;

ბ) დასკვნების მეცნიერულ დასაბუთებას;

გ) ექსპერტთა დამოუკიდებლობას უფლებამოსილების განხორციელებისას.

4. სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ექსპერტიზის წესს განსაზღვრავენ და ჩატარების ორგანიზებას ახორციელებენ სარეგისტრაციო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

6. ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთაც შეტანილი აქვთ განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე, აგრეთვე მათ შემმუშავებლებს, უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ექსპერტიზაში.

7. საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

8. თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას, სარეგისტრაციო ორგანოები უფლებამოსილნი არიან აკრძალონ ისინი.

9. მოპოვებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ სავალდებულოა გაეგზავნოს „FAO“-ს, რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

    მუხლი 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია

1. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. „FAO“-ს საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი „რისკი/სარგებელი“, რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.

2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენენ სარეგისტრაციო ორგანოები. ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება 5 წლით. სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების ან აგროქიმიკატების განმეორებითი რეგისტრაცია.

3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა, თუ მოსალოდნელია დამამზადებლის მიერ პესტიციდების ან აგროქიმიკატების მიმოქცევიდან ამოღება, წარმოების შეწყვეტა, გვიანდება განმეორებით რეგისტრაციაზე წარდგენა, წარდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი, წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა.

4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია ახალი მონაცემები პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ, რომელიც ადრე არ იყო ცნობილი. ცნობებს შეზღუდვაზე სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. შეტყობინებას მიღებულ საკონტროლო ღონისძიებებზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.

5. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს:

ა) შემმუშავებელმა;

ბ) დამამზადებელმა;

გ) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციას.

6. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრანტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის წარადგინონ:

ა) ცნობები განმცხადებლის შესახებ;

ბ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება;

გ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ;

დ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების სფეროსა და მისი ეფექტურობის შესახებ;

ე) მონაცემები პესტიციდით ან აგროქიმიკატით ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ბუნებრივი ბალანსისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ;

ვ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების შესახებ;

ზ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების ინსტრუქცია;

თ) მონაცემები მარკირებისა და შეფუთვის სახის შესახებ;

ი) მონაცემები ანალიზის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიმედოდ განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი რაოდენობა.

7. თუ გამოცდა აჩვენებს, რომ პესტიციდი და აგროქიმიკატი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნებს და გამოირჩევა ეფექტურობით, არ ეწინააღმდეგება ადამიანის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს, არ ახდენს ბუნების ბალანსზე მავნე ზეგავლენას, რომლის აღმოფხვრა არსებული მეცნიერული დონის გათვალისწინებით შეუძლებელია, ისინი გატარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში.

8. სარეგისტრაციო ორგანოები ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე გასცემენ დამტკიცებული ფორმის სარეგისტრაციო მოწმობას რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ.

9. პესტიციდი ან აგროქიმიკატი, რომლის მოხმარება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე (სოფლის, სატყეო და კომუნალურ მეურნეობებში, სამკურნალო მცენარეებზე და ეთერზეთოვან კულტურებზე), შეაქვთ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც მოიცავს მათი გამოყენების რეგლამენტებს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების მიხედვით), ჰიგიენურ ნორმატივებს და გარემოსდაცვით ნორმებს.

10. სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება: პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც ექსპორტისათვის არის განკუთვნილი ან საბაჟო ტვირთის სახით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, დეკორატიული მცენარეების ასაჭრელი ყვავილებისათვის განკუთვნილი ზრდის რეგულატორები, საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო სანიტარიული მიზნებისათვის.

12. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს უფლება აქვთ ნებართვა გასცენ არარეგისტრირებული პესტიციდების ან აგროქიმიკატების შემოტანაზე, თუ:

ა) ისინი განკუთვნილია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის;

ბ) შეიქმნება კონკრეტული (განსაკუთრებით საშიში) მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროება.

    მუხლი 13. პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც გასცემენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და აღნიშნულ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 14. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სტანდარტიზაცია და სერტიფიკაცია

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების დამზადება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამის დაწესებულებებთან შეთანხმებული სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2. პესტიციდები და აგროქიმიკატები ექვემდებარება სერტიფიკაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი ხარისხის, სისუფთავის შემოწმების შესახებ „FAO“-ს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით.

თავი IV

საერთო მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

    მუხლი 15. ახალი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავება

1. ახალი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავებისას გამოიყენება ისეთი მეთოდები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების საშიშროებას.

2. შემმუშავებელი ვალდებულია სრულად შეისწავლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურობა, ტოქსიკოლოგიური თვისებები და მათი გავლენა გარემოზე.

    მუხლი 16. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და „FAO“-ს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) დაიცვას ტექნოლოგიური დისციპლინა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები;

გ) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო ვაჭრობისათვის და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოება;

დ) დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის, მარკირებისა და შენახვის საერთაშორისო მოთხოვნები;

ე) სისტემატურად შეამოწმოს სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სისუფთავე და ხარისხი;

ვ) უზრუნველყოს ანალიტიკური სტანდარტების გამოშვება სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, კვების პროდუქტებში, სამკურნალო ნედლეულში და გარემოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რაოდენობის კონტროლისათვის;

ზ) შეწყვიტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია და საკუთარი სახსრებით მოახდინოს მათი უტილიზაცია, თუ შეუძლებელი ხდება აღნიშნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება, ტრანსპორტირება და შენახვა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა და წესის შესრულებისა;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებაში არსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რაოდენობის შესახებ;

ი) აწარმოოს პესტიციდები და აგროქიმიკატები რეალური საჭიროების მიხედვით.

2. აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება, რომელთაც არა აქვთ გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებაზე ნებართვას გასცემენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

4. თუ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება პესტიციდის ან აგროქიმიკატის წარმოების შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის თაობაზე.

    მუხლი 17. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრი უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საინფორმაციო ქსელში.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მათ რეგისტრაცია-აღწერას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში აკრძალული და მკაცრად შეზღუდული ქიმიკატების შესახებ, ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

3. რეესტრში მოცემული ძირითადი ინფორმაცია მოიცავს ცნობებს ქიმიური ნივთიერებების, მიკროორგანიზმების მიერ წარმოქმნილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების თვისებების, ეფექტების, ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ, მონაცემებს დამამზადებლების, მიმწოდებლების, მომხმარებლების, გამოყენებული ნივთიერებების კატეგორიების, რაოდენობის, გამოყენების მიზნებისა და სფეროს თაობაზე, უსაფრთხოების წესების, საგანგებო სიტუაციებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ და სხვა.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების ერთიან სახელმწიფო რეესტრში შეიტანება მონაცემები სასიცოცხლო ციკლის შესახებ ნივთიერებების შექმნა-დამზადებიდან საბოლოო განთავსებამდე.

5. დამამზადებლები, იმპორტიორები, შემნახველები, რეალიზატორები, მომხმარებლები და სხვა პირები ვალდებულნი არიან სარეგისტრაციო ორგანოში წარადგინონ ინფორმაცია წარმოებული, იმპორტირებული და გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ დადგენილი ფორმითა და მოცულობით.

6. მოპოვებული მონაცემები უსაფრთხოების ზომების შესახებ უნდა მიაწოდონ ყველა იმ პირს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან.

7. რეესტრში ცალკე აღირიცხება მონაცემები აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ.

8. მონაცემები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებების, მიკროორგანიზმების მიერ წარმოქმნილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და მათი პროდუქტების შესახებ ინახება განუსაზღვრელი ვადით.

    მუხლი 18. ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების შესახებ

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების შესახებ მომხმარებელისათვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით პირები, რომელთაც შეტანილი აქვთ განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სარეგისტრაციო ორგანოებისათვის რეკომენდაციების მიწოდება მათი ტრანსპორტირების, ეფექტური გამოყენების და შენახვის შესახებ, აგრეთვე ცნობები ტარის ეტიკეტისა და მარკირების თაობაზე.

2. რეკომენდაციებისა და ტარის ეტიკეტის ფორმისა და დამტკიცების წესს ადგენენ სარეგისტრაციო ორგანოები.

3. მწარმოებლის, იმპორტიორის (მიმწოდებლის) და რეალიზატორის მიერ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევაში გაშვება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას მოჰყვება რეკომენდაციები მათი გამოყენების, ტრანსპორტირებისა და შენახვის შესახებ და თუ ტარის ეტიკეტი მარკირებულია დადგენილი საერთაშორისო წესების მიხედვით.

4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციისა და გამოყენების რეკლამა უნდა უპასუხებდეს „FAO“-ს საერთაშორისო ნორმებს და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

    მუხლი 19. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირება

1. „FAO“-ს საერთაშორისო ინსტრუქციების თანახმად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევისას ჭურჭელზე (ტარაზე) რამდენიმე საერთაშორისო ენაზე მითითებული უნდა იყოს:

ა) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება;

ბ) დანიშნულება;

გ) სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი;

დ) მწარმოებლის სრული სახელწოდება, რეკვიზიტები;

ე) მოქმედი ნივთიერება და მისი რაოდენობა;

ვ) გამოშვებული პარტიის ვარგისიანობის ვადა;

ზ) ინსტრუქცია პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების წესის შესახებ;

თ) პესტიციდების უსაფრთხოების კლასი და საშიშროების ნიშანი;

ი) ანტიდოტები;

კ) შეზღუდვები.

2. ჭურჭელზე (ტარაზე) გამოყენებული უნდა იქნეს გამაფრთხილებელი სიმბოლო, პიქტოგრამა და წერილობითი გამაფრთხილებელი ინსტრუქცია.

3. პესტიციდის ან აგროქიმიკატის ჭურჭელზე (ტარაზე) რამდენიმე საერთაშორისო ენაზე მითითებული უნდა იყოს მისი ხელახალი გამოყენების დაუშვებლობა და ინსტრუქცია ჭურჭლის უსაფრთხო უტილიზაციისა და გაუვნებელყოფის შესახებ.

4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმწოდებელი და რეალიზატორი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი გამოყენების რეკომენდაციების და ტარის ეტიკეტის თარგმნა ქართულ ენაზე, რომლის იდენტურობაზე პასუხისმგებელნი არიან სარეგისტრაციო ორგანოები.

5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვისა და მარკირების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

6. მარკირების წესების დაცვაზე კონტროლი ევალებათ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 20. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირება, მათ შორის, სატრანზიტო გადაზიდვა, ნებადართულია მხოლოდ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური მოთხოვნების დაცვა.

    მუხლი 21. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვა

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვა ნებადართულია მხოლოდ მათ შესანახად გამიზნულ სპეციალურ საცავებში, სადაც დასაქმებული უნდა იყვნენ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები.

2. აკრძალულია პესტიციდების შეუფუთავად შენახვა.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვისას აუცილებელია ისეთი პირობების დაცვა, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

4. მოთხოვნებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვისა და შენახვის წესის შესახებ “FAO”-ს მითითებების შესაბამისად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 22. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია

1. პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევიან პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით საბითუმო და საცალო ვაჭრობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, უფლება აქვთ შეიძინონ, დაასაწყობონ, გაყიდონ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებსაც გავლილი აქვთ სახელმწიფო რეგისტრაცია და შეტანილი არიან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში.

2. აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების რეალიზაციის ნებართვა გაიცემა მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის მქონე პირზე.

3. პესტიციდებით და აგროქიმიკატებით საცალო ვაჭრობა ხორციელდება სპეციალიზებული ქსელის მეშვეობით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

4. თუ პესტიციდების ან აგროქიმიკატების რეალიზატორს არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია პესტიციდების ან აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების შესახებ მომხმარებლისათვის სათანადო ახსნა-განმარტების მისაცემად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ მას ეკრძალება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია.

5. უხარისხო და ვადაგასული პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით რეალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინსპექტორები სათანადო დოკუმენტების წარდგენისას უფლებამოსილნი არიან აიღონ სინჯები, ჩაატარონ საკონტროლო ანალიზები და უარყოფითი შედეგების მიღებისას შეაჩერონ მათი რეალიზაცია.  

6. ნებართვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების დაფასოებასა და გაყიდვაზე გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

    მუხლი 23. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გაუვნებელყოფა და განთავსება

1. უვარგისი და აკრძალული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, მათი ჭურჭლის (ტარის) გაუვნებელყოფა და განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, მათი ტარის განადგურების მეთოდებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს „FAO“-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავიანთი სახსრებით განახორციელონ გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩაბარება გაუვნებელყოფისა და განთავსების მიზნით.

4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, მათი ტარის გაუვნებელყოფასა და განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

    მუხლი 24. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტი

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ხელშეკრულებას პესტიციდების ან აგროქიმიკატების ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების შესახებ თან უნდა ერთვოდეს სარეგისტრაციო მოწმობა, რომელსაც გასცემენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტის ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. შემოსატანი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საჭირო ასორტიმენტს და რაოდენობას, ფიტოსანიტარიული სიტუაციისა და ნიადაგის ნაყოფიერების ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, აწესრიგებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. გარემოში ნარჩენების დაგროვებას და დაბინძურების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

5. აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტზე ნებართვის გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.

6. აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების ექსპორტ-იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

    მუხლი 25. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენება და უსაფრთხო მოხმარება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების წესს განსაზღვრავენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის, ნიადაგების ნაყოფიერების ფაქტობრივი მდგომარეობისა და აგროქიმიკატების მიმართ მცენარეთა ოპტიმალური კვების მოთხოვნების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის კვების რაციონის გათვალისწინებით, სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, რომელიც მოიცავს აგრონომიული, აგროქიმიური და მცენარეთა კომპლექსური დაცვის საფუძვლების და პრინციპების, აგრეთვე ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო გამოყენების წესების ცოდნას.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების პროპაგანდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულყოფის, მცენარეთა და ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ნიადაგების ნაყოფიერების ასამაღლებლად, ფერმერებისათვის სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ რეკომენდაციების მიცემა, მომხმარებლებში საცნობარო-სასწავლო მასალების გავრცელება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორი და უვნებელი გამოყენების შესახებ.

4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების სქემა მოიცავს: მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაციას, ხარჯვის ნორმას, გამოყენების დროს, ჯერადობას, შეტანის ვადებს, მეთოდებს, ადგილებს, ხერხებს, დანამატებს, შემტან ტექნიკას, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდს.

5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ დადგენილი გამოყენების რეგლამენტებისა და წესების დაცვა, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს უფლება აქვთ ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე შეაჩერონ მცენარეთა დაცვის და აგროქიმიური სამუშაოები.

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მიერ მკაცრი კონტროლის დაწესება დასაცავ კულტურებში, ნიადაგში, წყალსა და გარემოს სხვა ობიექტებში, კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ცხოველთა საკვებში მათი ნარჩენი რაოდენობის შემცველობაზე.

8. აკრძალულია ისეთი კვების პროდუქტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ცხოველთა საკვების რეალიზაცია, რომლებშიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის შემცველობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას.

9. კვების პროდუქტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ცხოველთა საკვების რეალიზაცია ხდება სპეციალური სერტიფიკატით, რომელსაც გასცემენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი ლაბორატორიები.

10. პესტიციდები და აგროქიმიკატები არ შეიძლება გამოიყენონ უშუალოდ ღია წყალსაცავების, წყალსატევების ახლოს ან ზღვის პირას სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევით.

11. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მაღალი ტექნიკური დონე, შრომის კულტურა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

12. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მიწათმოქმედთა სწავლების ორგანიზება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების, ტექნიკურ საშუალებათა ექსპლუატაციის, შენახვა-ტრანსპორტირების, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნიკის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

13. სოფლის მეურნეობის პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნაშთის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით მეურნე ვალდებულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებამდე გაეცნოს სათანადო საინფორმაციო მასალებს და შეასრულოს ინსტრუქციები მავნე ორგანიზმებთან კომპლექსური დაცვითი ღონისძიებების გატარებისას პესტიციდების ოპტიმალურ გამოყენებაზე, ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლებისა და ცხოველთა საკვების გამდიდრების დროს, აგრეთვე მცენარეთა ბალანსირებულ კვებაში აგროქიმიკატების გამოყენებაზე მოთხოვნისთანავე მიაწოდოს შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ.

14. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს უფლება აქვთ შეამოწმონ მეურნის მიერ გამოყენებული საშუალებების ვარგისიანობა და, თუ ისინი არ უპასუხებენ დადგენილ სტანდარტებს, აკრძალონ მათი გამოყენება.

15. სოფლის მეურნეობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შრომის უსაფრთხოების საერთო წესების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს ინსტრუქციას, რომელიც აუცილებელია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან.

    მუხლი 26. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენება სპეციალური ტექნიკური საშუალებებით

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენება ხორციელდება სპეციალური ტექნიკური საშუალებებით.

2. ტექნიკური საშუალებების პირველად გამოყენებამდე დამამზადებელი, სავაჭრო წარმომადგენელი ან იმპორტიორი ვალდებულია სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინოს შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) დამამზადებლის, სავაჭრო წარმომადგენლის ან იმპორტიორის სრულ სახელწოდებას;

ბ) მანქანის ტიპის სახელწოდებას, აღწერილობას, მისი გამოყენების სფეროს და ინსტრუქციას;

გ) შეფასებისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

3. სარეგისტრაციო ორგანოები ადგენენ იმ ტექნიკური საშუალებების სიას, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაცვისათვის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პარაზიტებისაგან დასაცავად, აგროქიმიკატების შესატანად მცენარეთა კვების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით.

4. სარეგისტრაციო ორგანოებს უფლება აქვთ დამამზადებლისაგან, სავაჭრო წარმომადგენლისაგან ან იმპორტიორისაგან ექსპერტიზის მიზნით, დადგენილი წესის მიხედვით, მოითხოვონ ახალი ტიპის ტექნიკური საშუალების ნიმუში. თუ ექსპერტიზის შედეგები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, სარეგისტრაციო ორგანოები უფლებამოსილნი არიან აკრძალონ ტექნიკის ამ ერთეულის საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაცია.

5. სოფლის მეურნეობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემტან ტექნიკურ საშუალებათა ტექნიკურ მდგომარეობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს უფლება აქვთ საკონტროლო საშუალებების გამოყენებით ჩაატარონ მიწათმოქმედთა მიერ გამოყენებული ტექნიკური საშუალებების შემოწმება, მოითხოვონ აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა, ხოლო მათი სრული ამორტიზაციის შემთხვევაში, აკრძალონ ექსპლუატაცია.

თავი V

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 27. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 28. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის შესახებ;

ბ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტის წესის შესახებ;

გ) სოფლისა და სატყეო მეურნეობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია;

დ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისა და რეგისტრაციის დებულება.

თავი VII

დასკვნითი დებულება

    მუხლი 29. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 25 ნოემბერი

№1696-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999  წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

 

 

12. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3067-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 11. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1921-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 10. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1694-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 9. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4957-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 8. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 482-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 7. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6167-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 6. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4411-Iს - ვებგვერდი, 110317041, 17/03/2011 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4312 - სსმ, 4, 12/01/2007 4. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2581 - სსმ, 59, 31/12/2005 3. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2182 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას