„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1921-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 340120000.05.001.018767
1921-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
340120000.05.001.018767
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. პესტიციდების რეგისტრაციისთვის წარდგენილი მონაცემების დაცვა

1. სარეგისტრაციო ორგანო ვალდებულია რეგისტრანტის მიერ პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) რეგისტრაციისთვის პირველად წარდგენილი მონაცემები წარდგენის დღიდან შეინახოს საიდუმლოდ და დაიცვას არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების რეგისტრაციის მსურველი პირის სასარგებლოდ გამოყენება დაუშვებელია, თუ წარდგენილი არ იქნება პირველი რეგისტრანტის ოფიციალური თანხმობა აღნიშნული მონაცემების გამოყენებაზე („წვდომის წერილი“).

3. მონაცემების დაცვის პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე შეადგენს 10 წელს პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციის თარიღიდან.

4. პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციისათვის, აგრეთვე პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილების შესატანად აუცილებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინოს ცდის ან კვლევის ანგარიში შემდგომ მის სხვა მცენარეული კულტურების მიმართ გამოსაყენებლად.

5. ცდის ან კვლევის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის ან კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკის პრინციპებს.

6. ამ მუხლის მიზნებისთვის:

ა) კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა გულისხმობს მაღალი ხარისხის სისტემას, რომელიც ეხება ორგანიზაციულ პროცესს და პირობებს, რომელთა ფარგლებშიც ხდება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაკლინიკური კვლევების დაგეგმვა, ჩატარება და მონიტორინგი, ჩანაწერების გაკეთება და დაარქივება, ანგარიშის მომზადება და შემოწმება ქიმიურ ნივთიერებებზე ცდებთან დაკავშირებით;

ბ) კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) №181 და №152 სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ პრინციპებს;

გ) პესტიციდი მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებს მოიცავს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1921-რს